არჩილ ცაგარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩილ ცაგარელი
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1913(1913-12-05)
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 ნოემბერი, 1988(1988-11-25) (74 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია

არჩილ ლუკას ძე ცაგარელი (დ. 5 დეკემბერი, 1913 — გ. 25 ნოემბერი, 1988) — ქართველი გეოლოგი და პედაგოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). სკკპ წევრი 1954 წლიდან. იგი მიეკუთვნება გამოჩენილ ქართველ გეოლოგთა იმ პირველ თაობას, რომელთაც მათი მასწავლებლების ალექსანდრე ჯანელიძის, ალექსანდრე თვალჭრელიძისა და კალისტრატე გაბუნიას ხელმძღვანელობით ქართული გეოლოგიური სკოლის ჩამოყალიბება და წარმატება განაპირობეს საერთაშორისო სამეცნიერო სარბიელზე. არჩილ ცაგარელმა 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1951 წელს — სადოქტორო დისერტაცია. მისი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მთავრობის ჯილდოებით იყო დაფასებული. მის მიერ შესწავლილი ან შესასწავლად დასახული მეზოზოურისა თუ მეოთხეული გეოლოგიის მრავალი საკითხი დღესაც აქტუალურია და ძალზედ მნიშვნელოვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილ ცაგარელმა 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წარმატებით დაიცვა გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის (1940) და დოქტორის (1951) სამეცნიერო ხარისხები და მიენიჭა ჯერ დოცენტის (1946), შემდეგ პროფესორის (1954) წოდება. 1961 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად იქნა არჩეული, ხოლო 1969 წელს აკადემიკოსად. არჩილ ცაგარელის მეცნიერული მოღვაწეობა ძირითადად ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტთან არის დაკავშირებული, სადაც ის თითქმის ნახევარი საუკუნე მუშაობდა. 1951 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა რეგიონული გეოლოგიის განყოფილებას, 1976-80 წლებში შეთავსებით ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეთხეულ განყოფილებას, 1979-81 წლებში იყო ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1981-88 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. ვრცელი იყო არჩილ ცაგარელის მეცნიერული კვლევის ინტერესები, დაკავშირებული საქართველოს და საერთოდ კავკასიის გეოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან დარგებთან, როგორიცაა რეგიონული გეოლოგია და ტექტონიკა, პალეონტოლოგია და სტრატიგრაფია, მეოთხეული გეოლოგია და გეომორფოლოგია, ნეოტექტონიკა და გეოლოგიური აგეგმვა. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები აისახა 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, რომელთა შორის 7 მონოგრაფიაა.[1]

მრავალმხრივ სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ცაგარელი დიდი ხნის განმავლობაში ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრას განაგებდა 1970–88 წლებში. 1939–40 წლებში ასწავლიდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1941-42 და 1945–53 წლებში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში, ხოლო 1943-45 წლებში გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების საქმეს. მისი ლექციები გამოირჩეოდა ლაკონურობით, მაღალი მეცნიერული დონით, და როგორც წესი, უახლესი მსოფლიო მეცნიერული ლიტერატურის მიღწევების ანალიზით. მის მოწაფეთა შორის მრავალია მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.[1]

ცაგარელის შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის, მეოთხეული გეოლოგიისა და რეგიონული გეოლოგიის საკითხებს. კავკასია და კერძოდ საქართველო, ზედაცარცულის სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის თვალსაზრისით მთელს ალპურ ზოლში დღეს ერთ-ერთი კარგად შესწავლილი რეგიონია და ეს გარემოება, პირველ ყოვლისა არჩილ ცაგარელის სახელთან არის დაკავშირებული. მან პირველმა შექმნა საქართველოს რეგიონის ზედაცარცული ნალექების დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილების სქემა. მისი 1949 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფია, სახელწოდებით „საქართველოს ზედაცარცული ფაუნა“, წარმოადგენს შემაჯამებელი ხასიათის პალეონტოლოგიურ ნაშრომს, რომელშიც მოცემულია საქართველოში იმ დროისათვის ცნობილი გვიანცარცული ფაუნის 102 სახეობის დეტალური პალეონტოლოგიური აღწერები და გაანალიზებულია მათი სტრატიგრაფიული მნიშვნელობის საკითხი. ძირითადად, სწორედ ეს მონაცემები დაედო საფუძვლად აღნიშნულ ბიოსტრატიგრაფიული დანაწილების სქემას და მის მიერვე განხორციელებულ (1954, 1964) საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ზედაცარცული ზონების ბიოსტრატიგრაფიულ კორელაციას. ნიშანდობლივია, რომ არჩილ ცაგარელის, როგორც პალეონტოლოგის, დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ იგი არის მსოფლიოში ცნობილი „პალეონტოლოგიის საფუძვლების“ სახელწოდებით 1959–63 წლებში გამოქვეყნებული მრავალტომეულის ერთ-ერთი ძირითადი თანაავტორი.[1] ამ პერიოდიდან დაწყებული არჩილ ცაგარელი ფაქტობრივად კავკასიის მეზოზოური ნალექების ერთ-ერთი აღიარებული მკვლევარი ხდება. რეგიონული ტიპის გეოლოგიურ კვლევებში არჩილ ცაგარელის დიდ პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კავკასიის ტერიტორიაზე უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით თუ აქტიური მონაწილეობით შედგენილია რამდენიმე ათეული სხვადასხვა მასშტაბიანი გეოლოგიური რუკა და ლითოლოგიურ-პალეოგეოგრაფიული ატლასი. თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში არჩილ ცაგარელი გატაცებული იყო კავკასიის რეგიონის გეომორფოლოგიისა და ნეოტექტონიკის საკითხების შესწავლით. მეოთხეულ სისტემას მიუძღვნა მან 1964 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს მთელი მეოთხეული ნალექების პირველ შემაჯამებელ მონოგრაფიულ გამოკვლევას წარმოადგენს. არჩილ ცაგარელი დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ეროზიულ-დენუდაციური ზედაპირების გენეზისის საკითხს, რომელსაც განიხილავდა ახალგაზრდა ტექტონიკური მოძრაობების ფონზე.[2]

პირველმა შეაჯამა და თანამედროვე დონეზე განაზოგადა საქართველოს ზედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხები. შეიმუშავა კავკასიის განვითარების ნეოტექტონიკური ეტაპის ახალი სქემა. შემოგვთავაზა კავკასიის ალპური მოძრაობების ქრონოლოგია, დაადგინა მისი ასაკი. თანაავტორი და თანარედაქტორია საქართველოს გეოლოგიის შესახებ შექმნილი პირველი განმაზოგადებელი ნაშრომისა, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა (1973). ნიშანდობლივია, რომ არჩილ ცაგარელის, როგორც პალეონტოლოგის, დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ იგი არის მსოფლიოში ცნობილი „პალეონტოლოგიის საფუძვლების“ სახელწოდებით 1959–63 წლებში გამოქვეყნებული მრავალტომეულის ერთ-ერთი ძირითადი თანაავტორი. რეგიონული ტიპის გეოლოგიურ კვლევებში არჩილ ცაგარელის დიდ პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კავკასიის ტერიტორიაზე უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით თუ აქტიური მონაწილეობით შედგენილია რამდენიმე ათეული სხვადასხვა მასშტაბიანი გეოლოგიური რუკა და ლითოლოგიურ-პალეოგეოგრაფიული ატლასი.[3]

არჩილ ცაგარელი იყო მრავალი რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების უშუალო მონაწილე და ხელმძღვანელ-ორგანიზატორი, იყო სსრკ გეოლოგთა ნაციონალური კომიტეტის და საუწყებათაშორისო სტრატიგრაფიული კომიტეტის წევრი, ამ კომიტეტის საქართველოს კომისიის თავმჯდომარე, სსრკ მეოთხეული პერიოდის შემსწავლელი კომისიის წევრი და ამავე კომისიის თავმჯდომარე საქართველოში, საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი. არჩილ ცაგარელის მოღვაწეობას საერთაშორისო აღიარება ჰპოვა — იგი იყო გეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის სტრატიგრაფიული კომისიის წევრი და ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (1975). არჩილ ცაგარელის ნაყოფიერი, მეცნიერული, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღინიშნა მრავალი ჯილდოთი. იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.[3]

საყურადღებოა, რომ გეოლოგიის გარდა ჰქონდა ინტერესების ფართო სფერო, რომელთა შორის იყო ლიტერატურა, მუსიკა და სპორტი. ცაგარელმა ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა ფრანგი კლასიკოსების ონორე დე ბალზაკისა და პროსპერ მერიმეს მხატვრული ნაწარმოებები. სრულყოფილად ფლობდა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.[3]

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, ხალხთა მეგობრობის ორდენით, აგრეთვე მედლებით.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ცარცული ინოცერამები, გეოლოგიის ინსტიტუტის შრომები. თბილისი, 1942. ტ. 1, 1942, გვ. 93–205
  • Верхний мел Грузии. Тбилиси : Изд-во АН Груз. ССР, 1954, стр. 462
  • Стратиграфия юрской системы / [Ред. коллегия: А. Л. Цагарели (отв. ред.) и др.]. - Тбилиси : Изд-во Акад. наук Груз. ССР, 1962. стр. 378
  • Геология СССР. Том 10. Грузинская ССР. Часть 1. Геологическое описание (в соавторстве), Москва: 1964, стр. 656
  • Вопросы геологии Грузии: к XXII сессии Международного геологического конгресса / [редкол.: А. Л. Цагарели (глав. ред.)]. Тбилиси: Мецниереба, 1964, стр. 477
  • Отчет о командировке во Францию и Швейцарию / Акад. А. Л. Цагарели ; АН СССР. ВИНИТИ. Москва: 1974, стр. 17
  • Вопросы стратиграфии и палеонтологии мела Грузии / Ред. А. Л. Цагарели. - Тбилиси : Мецниереба, 1975, обл. 1976. стр. 106
  • Неотектоника Грузии, Тектоника и металлогения Кавказа (в соавторстве), вып. 86, 1984, стр. 185–265

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე N1. თბილისი, 1989. ტ. 134, გვ. 218–220
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-09. ციტირების თარიღი: 2020-11-20.
  3. 3.0 3.1 3.2 საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2014. 2 მაისი, N86 (7467), 5 გვ.