არქილოქე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქილოქე (Archilochos), ძვ. წ. VII საუკუნის ბერძენი პოეტი. არისტოკრატისა და მხევლის უკანონო ვაჟი. მკვიდრი კ. პაროსისა, სადაც გაატარა სიცოცხლის მეტი ნაწილი. იბრძოდა როგორც დაქირავებული ჯარისკაცი. დაიღუპა პაროსელთა და ნაქსოსელთა შეტაკებაში.

მისი შემოქმედება, რომელმაც ფრაგმენტების სახით მოაღწია, გვაცვიფრებს ჟანრობრივი და რიტმული მრავალფეროვნებით. წერდა ელეგიებს, ჰიმნებს, იგავებს, ეპოდებს. არქილოქე ითვლება იამბიკური პოეზიის მამათავრად. მის სახელთანაა დაკავშირებული ლირიკული სტროფის რამდენიმე სახე, დაქტილურ-ტროქეული ლექსის თავისებური ფორმა და მუსიკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების მთელი რიგი სიახლენი.

არქილოქე პირველი პოეტია, რომელმაც საკუთარი ვნებანი, პირადი სიხარული თუ ტკივილები პოეზიის საგნად აქცია. მხიარული და გონებამახვილი, მიამიტი და სარკასტი, მეომარი და მიჯნური ფატალისტი და ჰედონისტი - ასეთია მისივე ლექსების მიხედვით არქილოქეს ლიტერატურული პორტრეტი. პლატონი "ბრძენთა ბრძენს" უწოდებს მას. არქილოქეს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ბერძნულ ტრაგედიისა და კომედიოგრაფიის განვითარებაზე, არქილოქეს ნაწარმოებებს ასწავლიდნენ სკოლებში, მის ლირიკულ ლექსებს ისევე ასრულებდნენ რაფსოდები, როგორც ჰომეროსისა და ჰესიოდეს ეპიკურ ქმნილებებს. მისგან სწავლობდნენ ჰორაციუსი და კატულუსი. ძვ. ბერძნები ჰომეროსის გვერდით იხსენიებდნენ. არქილოქეს სახელს და მის სადიდებლად საკურთხეველიც კი ააგეს. ამ საკურთხეველის ნანგრევებზე შემორჩენილმა წარწერებმა არქილოქეს ბიოგრაფია და ლექსთა ნაწყვეტები შემოგვინახა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრეგვაძე ბ., ქსე, ტ. 1, გვ. 602, თბ., 1975