ანთროპომეტრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანთროპომეტრია (ბერძნული antropos - ადამიანი და metreo – ვზომავ), ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდურ ხერხთა ერთობლიობა - ადამიანის მთელი სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების გაზომვა და აღწერა (ანთროსკოპია) და მათი ცვალებადობის რაოდენობრივი დახასიათება. მასობრივი ანთროპოლოგიური გამოკვლევები საშუალებას იძლევა შეფასდეს და ერთიმეორეს შეედაროს განსხვავებული რასობრივი, ასაკობრივი, პროფ., სქესობრივი ჯგუფების ნიშან-თვისებათა ცვალებადობა. ანთროპომეტრია, როგორც მეცნიერული მეთოდიკა XIX ს-ში ჩამოყალიბდა და დაკავშირებულია ფრანგ ანთროპოლოგ პ. ბროკას სახელთან. განასხვავებენ განზომილებითსა და აღწერილობითს ნიშან-თვისებებს. განზომილებითი ნიშან-თვისებები განისაზღვრება სპეციალური ანთროპოლოგიური ხელსაწყოებით (ანთროპომეტრი, განივმზომი, მცოცავი ფარგლები და სხვ.), ხოლო აღწერილობითი ნიშან-თვისებები (სხეულის ნაწილთა ან სახის ნაკვეთების ფორმა, კანის, თმისა და თვალის ფერი და სხვ.) - ზუსტი განმასხვავებელი კრიტერიუმების საფუძველზე შედგენილი სკალირების, მულაჟების, სქემების მეოხებით. ანთროპომეტრიაში შეიმჩნევა ტენდენცია შეიცვალოს აღწერილობითი ნიშან-თვისებები უფრო ზუსტი განზომილებითი ნიშან-თვისებებით და დაინერგოს ანალიზის თანამედროვე მეთოდები (რენტგენი, ულტრაბგერა, ნიშანდებული ნაერთები). ანთროპომეტრიული მეთოდიკის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კონკრეტულ ამოცანებს ისახავს კვლევა. განზომილებათა საფუძველზე იგება სკალები, რომელთა საშუალებით განისაზღვრება ცალკეული ინდივიდების თუ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ფიზიკური განვითარების დონე. დაგროვილი მონაცემები მუშავდება ვარიაციულ-სტატისტიკური (იხ. ბიომეტრია) მეთოდით და ცხრილებად, გრაფიკებად და სქემებად ფორმდება. ანთროპომეტრიულ მონაცემებს იყენებენ მასობრივი წარმოების საგნების (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) სტანდარტიზაციისთვის, სამუშაო ადგილების რაციონალურად მოსაწყობად, აგრეთვე კრიმინალისტიკაში (მაგ., ბრალდებულის ან დაზარალებულის ასაკის განსაზღვრისას, გვამის ამოსაცნობად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 462, თბ., 1975