ანა მარი ორლეანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა მარი ორლეანელი
Anne Marie d'Orléans
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 10 აპრილი 1684
მმართ. დასასრული: 26 აგვისტო 1728
წინამორბედი: მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი
მემკვიდრე: პოლიქსენა ჰესენ-როტენბურგელი
სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 აპრილი 1713
მმართ. დასასრული: 26 აგვისტო 1728
წინამორბედი: მარია ლუიზა სავოიელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
სარდინიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 აგვისტო 1720
მმართ. დასასრული: 26 აგვისტო 1728
წინამორბედი: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
მემკვიდრე: პოლიქსენა ჰესენ-როტენბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 აგვისტო 1669
დაბ. ადგილი: შატო დე სენ-კლოდი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 26 აგვისტო 1728 (58 წლის)
გარდ. ადგილი: ვილა დელა რეჯინა, პიემონტი
მეუღლე: ვიტორიო ამადეო II სავოიელი
შვილები: 1.მარია ადელაიდა, საფრანგეთის დოფინი
2.მარია ლუიზა, ესპანეთის დედოფალი
3.ვიტორიო ამადეო, პიემონტის პრინცი
4.კარლო ემანუელე III, სარდინიის მეფე
დინასტია: ორლეანები
მამა: ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი
დედა: ჰენრიეტა ინგლისელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ანა მარი ორლეანელი (ფრანგ. Anne Marie d'Orléans; იტალ. Anna Maria di Orléans; დ. 27 აგვისტო, 1669 — გ. 26 აგვისტო, 1728) — ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ჰენრიეტა ინგლისელის ნაბოლარა ქალიშვილი. ლუი XIV-ის ძმის შვილი. სავოიის ჰერცოგინია 1684-1728, სიცილიის დედოფალი 1713-1728 და სარდინიის დედოფალი 1720-1728 წლებში როგორც ვიტორიო ამადეო II-ის მეუღლე. 1686 წლიდან იყო თავისი ქმრის რეგენტი როცა იგი ესპანური მემკვიდრეობისათვის იბრძოდა. იგი ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურაა ბრიტანეთის ისტორიაშიც, ვინაიდან მონაწილეობა მიიღო იაკობიტურ მემკვიდრეობის ბრძოლაში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა მარი დაიბადა 1669 წლის 27 აგვისტოს. მისი მშობლები იყვნენ ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I და მისი პირველი ცოლი, ჰენრიეტა ინგლისელი. მისი მშობლები ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. მამის ხაზით ბიძად ერგებოდა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIV, ხოლო დედის ხაზით მისი ბიძა იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ II. ანა მარის ჰყავდა მხოლოდ ერთი უფროსი და, პრინცესა მარი ლუიზი. მისი დაბადებიდან რამდენიმე თვეში დედამისი მოწამლეს, ხოლო ჰერცოგმა ფილიპმა ძალიან მალევე მეორედ იქორწინა 19 წლის ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელზე. იგი საოცარი ქალი იყო და თავისი შვილებივით ზრდიდა ფილიპის გოგონებს. იგი მათ ისე სიყვარულით ეპყრობოდათ, როგორსაც მათი ღვიძლი დედა საერთოდ არ ამჟღავნებდა. მალე ანა მარის შეეძინა უმცროსი და-ძმაც. როგორც კი წამოიზარდნენ ლუი XIV-მ ანა მარისა და მისი დის სარფიანად გათხოვებაზე დაიწყო ფიქრი. 1679 წელს მარი ლუიზი მიათხოვეს ესპანეთის ავადმყოფ მეფე კარლ II-ს, ამის შემდეგ კი ანა მარის ჯერიც დადგა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის გავლენის იტალიურ სახელმწიფოებზე შესანარჩუნებლად ლუიმ გადაწყვიტა ანა მარის მითხოვება სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II-ზე. ამ დროს ანა მარიც და ვიტორიო ამადეოც 14 წლისანი იყვნენ. ვიტორიოს მცირეწლოვანებიდან გამომდინარე სავოიას დედამისი, რეგენტი მარია იოანა მართავდა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ქორწინებას.

საქორწინო ხელშეკრულების ხელისმოწერიდან რამდენიმე დღეში, 1684 წლის 10 აპრილს, ვერსალში შედგა ანა მარისა და ვიტორიო ამადეოს მარიონეტული ქორწინება, სადაც ვიტორიოს ანა მარის ბიძაშვილი, მეინის ჰერცოგი ლუი ავგუსტ ბურბონი განასახიერებდა. მზითვებში ლუიმ თავის ძმიშვილს 900 000 ლივრი გაატანა.

ორლეანის ჰერცოგმა თავისი ქალიშვილი 18 კილომეტრის მანძილზე გააცილა, რის შემდეგაც ვერსალში დაბრუნდა. 6 მაისს ანა მარი თავის მეუღლეს პირველად შეხვდა შამბრეში, ორი დღის შემდეგ კი წყვილი დიდი ზეიმით შევიდა ტურინში. მათ ჯვარი გრენობლის არქიეპისკოპოსმა დასწერა.

ანა მარიმ თავისი 44-წლიანი ქორწინებიდან ცხრა შვილი გააჩინა. პირველად მარია ადელაიდა 1685 წელს, რომელიც საფრანგეთის დოფინზე გაათხოვეს და მისი ვაჟი მეფე ლუი XV გახდა. მესამე ქალიშვილი - მარია ლუიზა მიათხოვეს ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს, ხოლო მისი მერვე შვილი - კარლო ემანუელე III მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა. დანარჩენი შვილები ან ადრეულ ასაკში დაიღუპნენ, ან დაბადებისას გარდაიცვალნენ.

1689 წლიდან 1700 წლამდე, ვიტორიოს უცვლელი საყვარელი ჰყავდა ჟანა ბაპტისტ დ'ალბრე დე ლუენის სახით, თუმცა წლების შემდეგ იგი მობეზრდა და კვლავ ანა მარის დაუბრუნდა. ვიტორიოს ჟანასთან ორი ბავშვი შეეძინა, რომლებიც ჩვილობაშივე საშინელი დაავადებით გარდაიცვალნენ. სწორედ მათმა გარდაცვალებამ აუცრუა გული ვიტორიოს საყვარელზე.

ჰერცოგინია და დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავოიაში ჩასვლიდან მალევე, ანა მარიმ თავისი დედამთილი, გავლენიანი რეგენტი მარია იოანა პრო-ფრანგული პოლიტიკის მატარებლად აქცია, რამაც სავოია საფრანგეთის უერთგულეს მოკავშირედ გახადა. თავად მარია იოანა კი ამის შესახებ ვერც ხვდებოდა. მას მოსწონდა ანა მარი ორლეანელი. მარია იოანა ხშირად აქებდა რძალს მისი თავმდაბლობის, ერთგულებისა და მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის. დედამთილის გავლენით მისი და ვიტორიოს ქორწინება უფრო მყარი გახდა, თუმცა ვიტორიო გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა დედამისს, რომელიც პრო-ფრანგული პოლიტიკის გამტარებელი იყო.

ანა მარისა და ვიტორიო ამადეოს პირადი ურთიერთობა თანდათან გაცივდა, მიზეზი კი ვიტორიოს ხშირი ღალატი და ანა მარის მიერ წლების მანძილზე ვაჟის ვერ გაჩენა იყო. 1686 წელს ვიტორიო სამოგზაუროდ წავიდა, რა დროსაც სავოიის რეგენტად ანა მარი დაინიშნა. მან ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს თავი კარგად გაართვა.

1700 წელს გარდაიცვალა ანა მარის სიძე, ესპანეთის მეფე კარლ II, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. კარლს ორი და ჰყავდა - მარია ტერეზა და მარგარიტა ტერეზა. მარია ტერეზა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ცოლი იყო, ხოლო მარგარიტა ტერეზა საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ს. ამრიგად ლუიმ და ლეოპოლდმა ესპანეთზე განაცხადეს პრეტენზია, რის გამოც დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ანა მარისთან ქორწინების გამო ვიტორიო და სრულიად სავოია საფრანგეთის მოკავშირე იყო, ამ ომში სავოიამ საფრანგეთის მტრებს დაუჭირა მხარი. ამ დროს ვიტორიო საომრად წავიდა, ხოლო რეგენტად ანა მარი დაინიშნა. ღალატისათვის ლუი XIV-მ სავოიელების დასჯა გადაწყვიტა, რის გამოც ტურინის ასაღებად დიდი ფრანგული ლაშქარი გაგზავნა, რომელსაც ანა მარის ნახევარ-ძმა მეთაურობდა. ანა მარი თავის შვილებთან ერთად სასწრაფოდ გაიქცა გენუაში. სწორედ ამ დროს ფრანგები შეიჭრნენ ესპანეთში და ლუის შვილიშვილი, ფილიპე V დასვეს ტახტზე.

1713 წელს უტრეხტის ხელშეკრულებით ომი დასრულდა და ესპანეთის მეფედ ფილიპე V გამოცხადდა. ამავე ხელშეკრულების მიხედვით ვიტორიო ამადეომ მიიღო ესპანეთის საკუთრებაში შემავალი სიცილია და თავი მის მეფედ გამოაცხადა. როცა ვიტორიო სიცილიაში მიდიოდა მეფედ საკურთხებლად ფიქრობდა ანა მარის სავოიაში რეგენტად დატოვებას, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა, რეგენტად დედამისი დასვა და ცოლი თან წაიყვანა სიცილიაში. სწორედ აქ ისინი სიცილიის მეფე-დედოფლად ეკურთხნენ.

1715 წელს ანა მარისა და ვიტორიო ამადეოს უფროსი ვაჟი გარდაიცვალა, რამაც ისინი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. მდგომარეობიდან გამოსასვლელად ისინი ტურინს გაეცალნენ, რეგენტად კი კვლავ მარია იოანა დაინიშნა. 1720 წელს ვიტორიომ სიცილია ავსტრიის ერცჰერცოგს გაუცვალა სარდინიაში. აქედან მოყოლებული იგი და მისი შთამომავლები სარდინიის მეფეები იყვნენ, მაგრამ თავად ვიტორიომ სიცილიის მეფის წოდება შეინარჩუნა (მხოლოდ ფორმალურად, მას სიცილიაში არანაირი ძალაუფლება აღარ ჰქონდა).

დედოფალი ანა მარი გარდაიცვალა 1728 წლის 26 აგვისტოს, თავისი 59-ე დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე. იგი დაკრძალეს ტურინში მდებარე სუპერჯას ბაზილიკაში. ასევე იქ არის დაკრძალული მისი მეუღლეც და ყველა შვილი, გარდა მარია ადელაიდასა და მარია ლუიზასი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია ადელაიდა (დ. 6 დეკემბერი 1685 - გ. 12 თებერვალი 1712), მიათხოვეს საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს, მათი ვაჟი კი საფრანგეთის მეფე ლუი XV გახდა;
  2. მარია ანა (დ. 14 აგვისტო 1687 - გ. 5 აგვისტო 1690), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. მარია ლუიზა (დ. 17 დეკემბერი 1688 - გ. 14 თებერვალი 1714), ცოლად შერთეს ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს;
  4. მკვდარშობილი გოგონა (6 ივნისი 1690);
  5. მკვდარშობილი გოგონა (19 ივლისი 1691);
  6. მკვდარშობილი ვაჟი (9 ნოემბერი 1697);
  7. ვიტორიო ამადეო (დ. 6 მაისი 1699 - გ. 22 მარტი 1715), პიემონტის პრინცი, გარდაიცვალა ახალგაზრდა და დაუქორწინებელი, უშვილოდ;
  8. კარლო ემანუელე III (დ. 27 აპრილი 1701 - გ. 20 თებერვალი 1773), სარდინიის მეფე და სავოიის ჰერცოგი, იქორწინა სამჯერ: I. ანა კრისტინა პფალცელზე, II. პოლიქსენა ჰესენ-როტენბურგელზე და III. ელიზაბეთ ტერეზა ლოთარინგიელზე, სამივე ცოლთან ჰყავდა 10 შვილი;
  9. ემანუელე ფილიბერტი (დ. 1 დეკემბერი 1705 - გ. 19 დეკემბერი 1705), კაბლეს ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილობაში;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dizionario Biografico degli Italiani - Volume 3 (1961).
  • Williams, H. Noel. "A Rose of Savoy, Marie Adelaide of Savoy, duchesse de Bourgogne, Mother of Louis XV". InternetArchive.org. Retrieved 2009-12-15.
  • Clarissa Campbell Orr: Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press (2004).
  • Dizionario Biografico degli Italiani - Volume 3 (1961).
  • Pevitt, Christine. Philippe, Duc d'Orléans: Regent of France Weidenfeld & Nicolson, London, 1997, p.133.
  • Fraser, Antonia. Love and Louis XIV Anchor Books, 2006. pp. 70–71.