ალისა ბრიტანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალისა ბრიტანელი
ჰესენის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 13 ივნისი, 1877
მმართ. დასასრული: 14 დეკემბერი, 1878
წინამორბედი: მატილდა კაროლინა ბავარიელი
მემკვიდრე: ვიქტორია მელიტა საქსენ-კობურგ-გოთელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აპრილი, 1843
დაბ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი: 14 დეკემბერი, 1878, (35 წლის)
გარდ. ადგილი: დარმშტადტი, გერმანია
დაკრძ. ადგილი: 18 დეკემბერი, 1878
დარმშტადტი, გერმანია
მეუღლე: ლუდვიგ IV, ჰესენის დიდი ჰერცოგი
შვილები: ვიქტორია, ბატენბერგის პრინცესა
ელიზაბეთი, რუსეთის დიდი მთავარი
ირინე
ერნესტ ლუდვიგი, ჰესენის დიდი ჰერცოგი
ფრიდრიხი
ალიქსა, რუსეთის იმპერატრიცა
მარია
სრული სახელი: ალისა მაუდ მერი
დინასტია: საქსენ-კობურგ-გოთა
მამა: ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
დედა: ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
რელიგია: ჯერ ანგლიკანიზმი
შემდეგ ლუთერანიზმი

ალისა ბრიტანელი (ინგლ. Princess Alice of United Kingdom, გერმ. Alice von Großbritannien; დ. 25 აპრილი, 1843, ლონდონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო — გ. 14 დეკემბერი, 1878, დარმშტადტი, გერმანიის იმპერია) — საქსენ-კობურგის და გოთას დინასტიის წარმომადგენელი. ჰესენის დიდი ჰერცოგინია 1877-1878 წლებში. ჰერცოგ ლუდვიგ IV-ის მეუღლე. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის მესამე შვილი. მეფე ედუარდ VII-ის და, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის დეიდა და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სიდედრი. იგი დედოფალი ვიქტორიას ცხრა შვილიდან პირველი გარდაიცვალა.

ალისამ ბავშვობა მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად გაატარა, რომლებთან ერთადაც მოგზაურობდა ხოლმე ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეში. მას განათლება მამის ახლო მეგობარმა, ბარონმა სტოკმარმა მისცა და შეასწავლა ხელსაქმე, პრაქტიკული საქმიანობა და ისეთი ენები, როგორებიცაა: ფრანგული და გერმანული. როდესაც 1861 წელს მამამისი, პრინცი ალბერტი დაავადდა, ალისა მას სიკვდილამდე, როგორც მედდა ისე უვლიდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ დედოფალი ვიქტორია ექვსი თვით გლოვას მიეცა, რა დროსაც სწორედ ალისა ასრულებდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის მოვალეობებს. 1862 წლის 1 ივლისს, როდესაც სამეფო კარი ჯერ კიდევ გლოვის პერიოდში იყო, ალისა დაქორწინდა გერმანელ პრინც ლუდვიგ ჰესენელზე, ჰესენის დიდი ჰერცოგის ვაჟსა და პირველ მემკვიდრეზე. მოკრძალებული ქორწილი ოსბორნის სახლში ჩატარდა, რომელსაც დედოფალმა უწოდა „უფრო დაკრძალვა, ვიდრე ქორწილი“. პრინცესა ალისას დარმშტადტში ცხოვრება არ ყოფილა ბედნიერი გაღატაკების, ოჯახური ტრაგედიებისა და ქმარსა და დედას შორის ურთიერთობის გაუარესების გამო.

ფლორენს ნაიტინგეილის საქმიანობამ ალისა შთააგონა, რომელსაც ისედაც ყოველთვის ჰქონდა მისწრაფება საექთნო საქმისაკენ. მას შემდეგ, რაც ჰესენი ავსტრია-პრუსიის ომში ჩაება და დარმშტადტი დაჭრილი ჯარისკაცებით გადაივსო, ორსული ალისა ზრუნავდა საველე საავადმყოფოების მოწესრიგებაზე. მისმა საქმიანობამ დედოფალი ვიქტორია დაინტერესდა ალისას სამედიცინო და განსაკუთრებით გინეკოლოგიური ნიჭით. მან 1871 წელს ალისას ახლადგათხოვილ დას, ლუიზას მისწერა: „ნუ მიბაძავთ ალისას. იყავით ჩუმად და ძალიან ფრთხილად თქვენს ინტერესებთან დაკავშირებით“. 1877 წელს ქმრის ტახტზე ასვლით ალისა ჰესენის დიდი ჰერცოგინია გახდა. 1878 წელს ჰესენის სამეფო კარს დიპტერიის ეპიდემია მოედო. იმ წელს ჯერ ალისას ქალიშვილი, შემდეგ კი თავად 35 წლის ალისაც გარდაიცვალა დიპტერიით.

მოგვიანებით ალისას ორი ქალიშვილი რუსეთის საიმპერატორო კარზე გათხოვდა, თუმცა ორივე მათგანი 1918 წელს ბოლშევიკებმა სასტიკად დახოცეს. ასევე ალისას შთამომავალია დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისა დაიბადა 1843 წლის 25 აპრილს ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და მისი ქმრის, პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის რიგით მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. იგი 1843 წლის 2 ივნისს, ბუკინგემის სასახლეშივე მონათლეს. ნათლობის ცერემონიალი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა უილიამ ჰოულიმ ჩაატარა. როგორც ცნობილია, მის დაბადებას სქესის გამო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც პრინცმა ალბერტმა მეორე ქალიშვილის დაბადების გამო „მისალოცი და სამძიმარი ბარათები“ მიიღო. მისი ნათლიები იყვნენ: ჰანოვერის მეფე ერნესტ ავგუსტ I (დედამისის ბიძა მამის მხრიდან, წარმოადგენდა კემბრიჯის ჰერცოგი), პრინცესა ფეოდორა ჰოენლოჰ-ლანგენბურგელი (დედამისის ნახევარ-და დედის მხრიდან, წარმოადგენდა კენტის ჰერცოგინია, რომელიც ასევე მისი ღვიძლი ბებია იყო დედის ხაზით), საქსენ-კობურგ-გოთას კრონპრინცი ერნესტი (შემდეგში მთავარი ერნესტ II, მამამისის ღვიძლი ძმა და დედის ბიძაშვილი, წარმოადგენდა მეკლენბურგ-შტრელიცის დიდი ჰერცოგი) და პრინცესა სოფია მატილდა გლოსტერელი (მისი ბიძაშვილი დედის მხრიდან).

პრინცესა ალისა და მისი უფროსი და, პრინცესა ვიქტორია 1856 წელს.

ალისას გაჩენამ მისი მშობლები აიძულა, რომ უფრო დიდი, ოჯახური რეზიდენცია ეპოვნათ. ბუკინგემის სამეფო სასახლე არ იყო მდიდარი კერძო აპარტამენტებით, რომლებიც დედოფლის სწრაფად მზარდ ოჯახს ნამდვილად სჭირდებოდა, ამიტომაც 1844 წელს ვიქტორიამ და ალბერტმა ოსბორნის სახლი შეიძინეს კუნძულ უაითზე, ინგლისის სამხრეთში, საფრანგეთთან ახლოს. აქ ალისა მამისა და მისი მეგობრის, ბარონ სტოკმარისაგან კარგ განათლებას იღებდა. ოსბორნში ცხოვრებისას ალისას და მის და-ძმებს ისეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ასწავლიდნენ, როგორებიცაა: სახლის მოვლა, სამზარეულოში მოქცევა, მებაღეობა და დურგლობა, ასევე მათ ყოველდღიურ გაკვეთილებში შედიოდა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. ვიქტორია და ალბერტი ცდილობდნენ თავიანთი შვილები, ანუ მომავალი მონარქები, ოჯახურ ფასეულობებზე დაყრდნობით აღეზარდათ. ცნობილია, რომ ალისას ძალიან მოსწონდა სამეფო კარის გარეთ არსებული სამყარო. ბალმოარიალის სასახლეში (მათი რეზიდენცია შოტლანდიაში) ყოფნისას პრინცესა ალისა ხშირად გადიოდა ქალაქში და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივებთან და ჩამოსულ ვაჭრებთან. 1854 წელს, ყირიმის ომის დროს, 11 ალისამ დედასთან და უფროს დასთან ერთად დაათვალიერა ჰოსპიტალები და თანადგომა გამოუცხადა დაჭრილ ჯარისკაცებს. როგორც ცნობილია, მას და-ძმებს შორის განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარი ჰქონდა, თუმცა ასევე გამოირჩეოდა ტემპერამენტიანი და ენაწყლიანი ხასიათით. ბავშვობაში მას ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა თავის უფროს ძმასთან, უელსის პრინც ედუარდთან (მომავალში მეფე ედუარდ VII) და ასევე უფროს დასთან, სამეფო პრინცესა ვიქტორიასთან ჰქონდა. 1858 წელს ვიქტორიასა და პრუსიის პრინც ფრიდრიხის ქორწინებამ ძალიან დაამწუხრა ალისა, რადგან ამის შემდეგ მისი საყვარელი და გერმანიაში გადასახლდა.

ოჯახის მომვლელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისა 1859 წელს

ალისას უდიდესმა თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის გრძნობამ იგი თანდათან უმცროსი და-ძმების აღმზრდელად აქცია. მას შემდეგ, რაც ბებიამისი, კენტის ჰერცოგინია ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი 1861 წლის 16 მარტს გარდაიცვალა, ალისას უფრო მეტი მოვალეობა დაეკისრა. თავის დროზე იგი საკმაოდ ახლოს იყო ბებიასთან, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ალისა ვიქტორიას ხშირად სტუმრობდა, მისთვის ფორტეპიანოზე უკრავდა და სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში მის ექიმებსაც ის კურირებდა. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ვიქტორია დედასთან ახლოს არასოდეს ყოფილა, მისმა გარდაცვალებამ მას გული მაინც დასწყვიტა და დაამწუხრა, რის გამოც პრინცმა ალბერტმა ალისას მითითება მისცა: „წადი და დედაშენს ნუგეში ეცი.“ მალევე დედოფალმა თავის ბიძას, ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ს წერილი მისწერა, სადაც მისი დის გარდაცვალებას ამცნობდა და ასევე წერდა: „...ჩემი საყვარელი ალისა ისეთი ნაზი, მოსიყვარულე და მზრუნველი იყო ამ დროს ჩემს მიმართ.“

სულ რამდენიმე თვეში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. 1861 წლის 14 დეკემბერს თავად პრინცი ალბერტი გარდაიცვალა, 42 წლის ასაკში. საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ გაანადგურა დედოფალი ვიქტორია და იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, რის გამოც უდიდესი პასუხისმგებლობა ისევ ალისაზე გადავიდა. მან თავის ძმას უელსში საიდუმლოდ გაუგზავნა ტელეგრაფა და ამცნო მამის დაღუპვის შესახებ. საიდუმლოდ იმიტომ, რომ დედოფალმა მას ედუარდის მოწვევა აუკრძალა, რადგან ალბერტის გარდაცვალებაში მას ადანაშაულებდა. ამასთან, პრინცის დაღუპვის შემდეგ სამეფო კარზე ხანგრძლივი გლოვის პერიოდი დაიწყო. დედოფალი ვიქტორია შემდეგი ექვსი თვე ისეთ ღრმა დეპრესიაში იყო, რომ მოვალეობებს ვერ ასრულებდა, ამიტომაც ალისამ შეითავსა მისი არაოფიციალური მდივნის მოვალეობებიც და ფაქტობრივად დედოფლის უფლება-მოვალეობებით მართავდა დიდი ბრიტანეთის იმპერიას ამ ექვსი თვის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ალისა ხვდებოდა მინისტრებს, ხელს აწერდა დოკუმენტებს და ასრულებდა დედოფლის ყველა მოვალეობას, რაშიც მას მისი უმცროსი და, პრინცესა ლუიზა ეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა ჰელენიც ცდილობდა დების დახმარებას, მას ეს საქმე არ გამოსდიოდა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქორწინო მოლაპარაკებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისა 1861 წლის ივნისში

1858 წელს, პრინცესა ვიქტორიას ერთობ სარფიანად გათხოვების შემდეგ, უკვე 1860 წლიდან, დედოფალმა ვიქტორიამ ალისას დაქორწინებაზეც დაიწყო ფიქრი. შესაძლოა ითქვას, რომ დედოფალი ვიქტორია იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მონარქი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილები სიყვარულით დაოჯახდებოდნენ. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათ ნებისმიერ პიროვნებაზე დაქორწინება შეეძლოთ, არამედ დედოფალი შეარჩევდა რამდენიმე კანდიდატს, მათგან კი თავად უნდა აერჩიათ. მალევე დედოფალმა თავის პრუსიის სამეფო კარზე გათხოვილ უფროს ქალიშვილს დაავალა, რომ ალისასთვის შესაფერისი უცოლო ევროპელი პრინცების სია შეედგინა. პრინცესა ვიქტორიამ ბევრი იშრომა და უმცროსი დისთვის ორი დიდი კანდიდატი შეარჩია. პირველი ეს იყო ნიდერლანდების მეფე ვილემ III-ისა და დედოფალ სოფია ვიურტემბერგელის უფროსი ვაჟი, ორანის პრინცი ვილემი, ხოლო მეორე კი თავად ვიქტორიას ქმრის, პრინცი ფრიდრიხის ბიძაშვილი, პრინცი ალბერტ პრუსიელი იყო, პრინცი ალბერტისა და პრინცესა მარიანა ნიდერლანდელის ვაჟი, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის უფროსი ვაჟი.

პრინცი ლუდვიგი 1860 წელს

ორანის პრინცმა თავიდანვე გამოთქვა უკმაყოფილება და არ მოისურვა ალისაზე დაქორწინება, თუმცა მშობლების ძალდატანების გამო ვილემი უინძორის სასახლეში ჩავიდა. აქ დედოფალმა ვიქტორიამ ის და ალისა ერთმანეთს შეახვედრა, თუმცა ქორწინებაზე პრინცესის მხრიდანაც უარი წამოვიდა, რადგან პრინცი თავისთვის შეუფერებლად მიიჩნია. მიუხედავად ორმხრივი უარისა, დედოფალი ვიქტორია და დედოფალი სოფია გაცხარებულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ვიქტორიას ძალიან უნდოდა, რომ ალისა ნიდერლანდების დედოფალი გამხდარიყო, სოფიას კი სურდა ბრიტანეთთან ალიანსი შეექმნა. ამ ქორწინებას მიემხრო ალისას მამაც, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო იმ დროისათვის, რადგან მათმა სიძემ, პრინცმა ფრიდრიხმა განაცხადა, რომ მისი ბიძაშვილი ალბერტი ალისასთვის შეუფერებელი იყო.

ამგვარად, პრუსიელებთან და ნიდერლანდელებთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ალისასთვის ახალი საქმრო იპოვეს, პრინცი ლუდვიგ ჰესენელის სახით. იგი იყო ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ III-ის ძმისწული. ვინაიდან დიდი ჰერცოგი უშვილო იყო, პრინცი ლუდვიგი ტახტის პირველი მემკვიდრე ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს კანდიდატურაც ალისას დამ, ვიქტორიამ წამოაყენა. სასიძოს შესაფასებლად პრინცესა ვიქტორია თავად გაემგზავრა ბერლინიდან ჰესენში, სადაც მას გულთბილად დახვდა ლუდვიგის და, პრინცესა ანა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორიას იმდენად მოეწონა ანა, რომ მოგვიანებით იგი უელსის პრინც ედუარდის ერთ-ერთი საცოლეც კი გახდა. გარდა პრინცესა ანასი, ვიქტორიაზე საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა როგორც ლუდვიგმა, ისე მისმა ძმამ, პრინცმა ჰაინრიხმა. ამის გამო, 1860 წელს ორივე პრინცი მიიწვიეს უინძორში, სადაც პირველად სწორედ დედოფალმა შეათვალიერა მომავალი სასიძოები. ვინაიდან დედოფალსაც ორივე ძმა ძალიან მოეწონა, საბოლოო არჩევანი ალისაზე იყო. საბოლოოდ, პრინცესა ალისამ თავისი არჩევანი პრინც ლუდვიგზე შეაჩერა, რომელიც ძალიან მოეწონა. მალევე, მან პრინცისგანაც მიიღო საპასუხო გრძნობა.

ნიშნობა და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისა 1861 წელს.

დედოფლისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, 1861 წლის 30 აპრილს პრინცესა ალისა პრინც ლუდვიგზე დაინიშნა. დედოფალმა ვიქტორიამ დაარწმუნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლორდი პალმერსტონი, რომ ალისასთვის გათხოვების შემდეგ ყოველთვიური პენსიის სახით 30,000 ფუნტი მიეცა (2020 წლის მდგომარეობით უდრის 2,820,000 £). მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, პრინცმა ალბერტმა მაინც უკმაყოფილოდ აღნიშნა, რომ „ამ თანხით მას დიდი საქმეების კეთება არ შეეძლება.“ პრინცი ალბერტი ფიქრობდა, რომ თუკი მისი უფროსი ქალიშვილი ვიქტორია, პრუსიისა და გერმანიის მომავალი დედოფალი, ბერლინის მდიდრულ სამეფო კარზე გაჭირვებით ცხოვრობდა, გაღატაკებულ დარმშტადტში ალისას ეს თანხა კიდევ უფრო არ ეყოფოდა. ამასთან ერთად, დარმშტადტში მდებარე დიდი ჰერცოგის სასახლე ალისასთვის შეუფერებელი იყო. ამის გამო დედოფალმა ქორწილამდე ახლის აშენება მოითხოვა, თუმცა დარმშტადტის ღარიბი მოსახლეობა ამას ვერ გასწვდა. დედოფლის ასეთმა მოთხოვნებმა დარმშტადტელებს ალისა ჯერ კიდევ მანამდე შეაძულა, სანამ ქალაქში ჩავიდოდა.

პრინცესა ალისა თავის საქორწინო კაბაში, 1862 წელი.

ნიშნობასა და ქორწილს შორის არსებულ შუალედში, 1861 წლის 14 დეკემბერს პრინცი ალბერტი გარდაიცვალა. მწუხარებაში ჩავარდნილმა დედოფალმა ქორწილი გადადო. გახანგრძლივებული გლოვის გამო, ბრიტანელებმა ვერ მოახერხეს პრინცესის ქორწილისათვის ჯეროვნად მომზადება, განსხვავებით პრინცესა ვიქტორიასა და პრინცი ფრიდრიხის პომპეზური ქორწილისგან. 1862 წლის 1 ივლისს ალისა და ლუდვიგი დაქორწინდნენ ოსბორნის სახლის სასადილო ოთახში, რომელიც სახელდახელოდ გადააკეთეს სამლოცველოდ. ქორწილში დედოფალი ვიქტორია უხალისოდ იყო, ისევე, როგორც ალისას ძმები. იგი საკურთხევლამდე ბიძამისმა, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგმა ერნესტ II-მ მიიყვანა. პრინცესას სულ ოთხი მეჯვარე ჰყავდა, აქედან სამი მისი და იყო (პრინცესა ჰელენი, პრინცესა ლუიზა და პრინცესა ბეატრისი), ხოლო ერთი მისი მული, პრინცესა ანა ჰესენელი. ცერემონიისას პატარძალს უბრალო, ძალიან სადა თეთრი კაბა ეცვა, ხელში ფორთოხლისფერი მინდვრის ყვავილების თაიგული ეკავა, ხოლო თავზე ფატის დასაჭერად დიადემა ჰქონდა მოთავსებული. დედოფალი ვიქტორია, რომელიც ჯვრისწერას სავარძელში მჯდომი, ძაძებში გამოწყობილი ესწრებოდა, მთელი ცერემონიის განმავლობაში ცდილობდა ცრემლების შეკავებას. ჯვრისწერისას პირდაპირ ატირდნენ ალისას ძმები, პრინცი ედუარდი და პრინცი ალფრედი. ამ დღეს ოსბორნში საშინელი ამინდი დაემთხვა და ძლიერმა ქარმა ეზოში გაკეთებული დეკორაციები მთლიანად მოშალა. ამის გამო დედოფალმა ვიქტორიამ თავის უფროს ქალიშვილთან, ბერლინში გაგზავნილ წერილში ალისას ქორწილზე დაწერა: „ეს უფრო დაკრძალვა იყო, ვიდრე ქორწილი“. მოგვიანებით პრინცი ალფრედიც წერდა: „ეს იყო ყველაზე სევდიანი დღე ჩემს ცხოვრებაში.“ მშობლებისგან სახსოვრის სახით დედოფალმა ვიქტორიამ ალისას ოქროს ბრილიანტისთვლიანი სამაჯური აჩუქა. მის სხვა საქორწინო საჩუქრებს შორის იყო ტიარაც, რომელიც ალისას მამამისმა დაუტოვა. ამ ცერემონიას საფრანგეთის ელჩმა ჟერარ ნოელმა უწოდა: „თანამედროვე ეპოქის ყველაზე სევდიანი ქორწილი“. ამის გამო ზეიმი შუადღის ოთხი საათისთვის უკვე დასრულებული იყო, რის შემდეგაც წყვილი სენ-კლერში გაემგზავრა თაფლობის თვეში. წყვილს თან გაჰყვა ლედი ჩერჩილი, გენერალი სეიმური და ბარონი უესტერველერი.

როგორც ცნობილია, ქორწინების შემდეგ ალისა დედას გაუუცხოვდა, რაც დედოფალს არ მოსწონდა. მაშინ, როცა ვიქტორია წყვილს სენ-კლერში ეწვია, ალისა ცდილობდა, რომ თავისი ბედნიერება დედისათვის დაემალა, რადგან ფიქრობდა, რომ იგი მისი ბედნიერების გამო ეჭვიანობდა.

ჰესენის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარმშტადტში დასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისა და პრინცი ლუდვიგი 1863 წლის მაისში

ალისა და ლუდვიგი 1862 წლის 12 ივლისს გემით ჩავიდნენ გერმანიის ქალაქ ბინგენში, სადაც მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ხალხი დიდი ზეიმით დახვდათ. მას შემდეგ, რაც ქალაქის ოფიციალურ პირებს გაეცნენ, პრინცმა და პრინცესამ ერთად ისაუზმა, შემდეგ კი მატარებლების სადგურისკენ წავიდნენ. ბინგენიდან ისინი მატარებლიც მაინცამდე ჩავიდნენ, სადაც სასაუზმოდ შეჩერდნენ და მალევე განაგრძეს გზა. რაინის ხეობისა და გუსტავსბურგის გავლის შემდეგ, ახლადდაქორწინებულები ჩავიდნენ ჰესენის დიდი საჰერცოგოს დედაქალაში — დარმშტადტში. აქაურები წყვილს დიდი ენთუზიაზმით შეეგებნენ. ამასთან დაკავშირებით ალისა დედას სწერდა: „მე მჯერა, რომ ხალხი ასე გულთბილად არასდროს არავის დახვედრია.“ ასევე პრინცესა ჰელენი, რომელიც დას თან ახლდა ქალაქში შესვლისას, დედოფალს ასეთ რამეს სწერდა: „არაფერი შეიძლება იმაზე უფრო მომხიბლავი იყოს, როგორიც მისი დარმშტადტში შესვლა იყო.“ მიუხედავად კარგი დახვედრისა, პრინცესა ალისას დიდი დრო დასჭირდა ახალ გარემოსთან შესაგუებლად. მას გამუდმებით ენატრებოდა სახლი და ვერ წარმოედგინა, რომ ინგლისი ასე შორს იყო, რომ აღარც მამამისი იყო ცოცხალი და რომ ვეღარ შეძლებდა დედის დამშვიდებას. ამასთან დაკავშირებით დედოფალი ვიქტორია ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამბობდა:

ვიკიციტატა
„უკვე თითქმის ორი კვირაა, რაც ჩვენმა საყვარელმა ალისამ დაგვტოვა და შეუძლებელია თქვა - იმდენად რამდენადაც ის მენატრება - საყვარელი და ძვირფასი, საოცრად კომფორტული და უბადლო დამხმარე, მე ის უზომოდ მენატრება, ვერც კი ვიგრძენი როგორ წავიდა, ახლა კი უკვე მარტო ვარ. მიუხედავად ამ საშინელი დანაკლისისა, ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი უკვე უკან დარჩა.“

ალისას დარმშტადტში ჩასვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ დიდ ჰერცოგს არ სურდა მისთვის ახალი სასახლის აგება, როგორც ამას ბრიტანელები მოითხოვდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჰესენს არ ჰქონდა ახალი სასახლის მშენებლობისათვის საჭირო სახსრები. მან წყვილს დარმშტადტის ძველ უბანში აჩუქა სახლი, რომელიც თხელი კედლებითა და ცუდი გათბობის სისტემით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი გარემო ალისასთვის შეუფერებელი იყო, იგი ცდილობდა არსებულთან შეგუებას და ჰესენში დამკვიდრებას. სამეფო კარის მხატვარ პაულ ვებერისაგან მან მალევე ისწავლა ხატვა, რაც მის ერთ-ერთ საყვარელ თავშესაქცევად იქცა.

1863 წელს პრინცესა ალისამ დატოვა ჰესენი და დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა, რათა დასწრებოდა თავისი ძმის, უელსის პრინც ედუარდისა და პრინცესა ალექსანდრა დანიელის ქორწინებას, რომელიც იყო დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის ასული, ასევე და რუსეთის იმპერატრიცა დაგმარ დანიელისა, საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ისა. ალექსანდრა ასევე დეიდად და მამიდად ერგებოდა რუსეთის, დანიის, შვედეთის, საბერძნეთის, ნორვეგიისა და სხვა მრავალი ევროპული სახელმწიფოს მონარქს, მათ შორის ალისას მომავალ სიძეს, იმპერატორ ნიკოლოზ II-ს.

პრინცესა ალისა 1860-იან წლებში

ამ ვიზიტისას, 1863 წლის 5 აპრილს ალისამ თავისი პირველი შვილი, პრინცესა ვიქტორია ალბერტა ელისაბედ მატილდა მარია გააჩინა. ვინაიდან ბავშვის მონათვლას ვერ გადადებდნენ, ალისა ქალიშვილთან ერთად სასწრაფოდ დააბრუნეს დარმშტადტში, რის გამოც ვერ მოახერხა ძმის ქორწილზე დასწრება. ამის შემდეგ ალისასა და დედამისს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, რაც მათი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ჰესენში ჩასვლიდან მალევე, 1863 წლის მაისში დიდმა ჰერცოგმა ლუდვიგ III-მ ალისასა და მის ქმარს დარმშტადტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახალი რეზიდენცია აჩუქათ კრანიხშტაინის სასახლის სახით. აქ იგი მეორედ დაორსულდა და 1864 წლის 1 ნოემბერს გააჩინა მეორე გოგონაც, პრინცესა ელიზაბეთის სახით, რომელსაც ოჯახში „ელას“ უწოდებდნენ. ალისამ გადაწყვიტა, რომ თავისი ქალიშვილი ძუძუთი გამოეკვება, რამაც დიდად შეაწუხა დედოფალი ვიქტორია. დედოფლის უკმაყოფილებას ისიც აღრმავებდა, რომ ლუდვიგთან და ქალიშვილებთან ერთად ბედნიერად მცხოვრები ალისა საერთოდ აღარ ჩადიოდა ინგლისში.

ავსტრია-პრუსიის ომი და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1866 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა პრუსიის მეფე ვილჰელმ I-ს მოუწოდა, რომ შლეზვიგ-ჰოლშტაინის ადმინისტრაცია მთლიანად ავსტრიელებისათვის დაეთმო. საქმე ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც ეს რეგიონი დანიას წაართვეს, მას ორივე მონარქი ერთობლივად მართავდა, რაც ახალი კონფლიქტის წინა პირობა გახდა. იმპერატორის მოწოდება პრუსიაში უარყვეს და საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ბისმარკმა ავსტრიის მიერ მართულ ჰოლშტაინში ჯარები გააგზავნა. ყოველივე ამას მოჰყვა ავსტრია-პრუსიის ომის დაწყება, რომელშიც ჰესენი ავსტრიას მიემხრო. ლუდვიგ III-ის ამ მოქმედებამ, ალისა ტექნიკურად თავისი დედისა და უფროსი დის მტრად გადააქცია.

პრინცესა ალისა ქმართან და უფროს ქალიშვილებთან ერთად 1866-67 წლებში.

ალისამ, რომელიც ამ დროს მესამე ბავშვზე იყო ორსულად, როდესაც დაინახა, რომ პრუსიელების ჯარმა მთელი ჰესენი დაიკავა, რომელსაც მისი ქმარი იცავდა, თავისი შვილები დედოფალ ვიქტორიას გაუგზავნა ინგლისში, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. მიუხედავად ორსულობისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა, მან ყველას მოლოდინები გადააჭარბა, როდესაც ბადენის ფრონტზე საველე საავადმყოფოები გახსნა. იმავე წლის 11 ივლისს მან გოგონა გააჩინა, სახელად ირინე. ამის პარალელურად პრუსიელებმა აიღეს დარმშტადტი და დიდ ჰერცოგს უპირობო დანებება მოსთხოვეს. ლუდვიგ III იძულებული გახდა, რომ პირობები მიეღო და თანამდებობის შენარჩუნების მიზნით პრუსიის მხარეს გადავიდა, რამაც ლუდვიგის ანტი-პრუსიული იდეოლოგიის მატარებელი ძმის, პრინცი ალექსანდრეს განრისხება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ალისამ გააცნობიერა, რომ გერმანიის გაერთიანება ახლოს იყო და რომ ეს პროცესი მხოლოდ პრუსიის მეთაურობით თუ განხორციელდებოდა, რის გამოც თავადაც მალევე გადავიდა მეორე მხარეს, რასაც მისი დასთან შერიგება მოჰყვა.

ომის პერიოდში ალისა და ლუდვიგი ხშირად კონტაქტობდნენ. იგი ქმარს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. როდესაც პრუსიელებმა დარმშტადტი დაიკავეს, ქალაქში საშინელი პანიკა დაიწყო, რა დროსაც ალისას ლუდვიგის გაგზავნილი ჯარისკაცები იცავდნენ. სწორედ მათ უზრუნველყვეს პრინცესისა და მისი ჩვილი ბავშვის დედაქალაქიდან საიდუმლოდ გაყვანა. რამდენიმე კვირაში ლუდვიგმა შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც ჰესენი და პრუსია დაზავდნენ. ისინი დარმშტადტში მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ წყვილი ქალაქის საავადმყოფოს ეწვია და მოინახულა დაჭრილები. ვინაიდან ალისა ფლორენს ნაიტინგეილის ახლო მეგობარი იყო, მისი ფონდიდან პრინცესამ დიდი შემოწირულობა მიიღო, რომელიც ჰესენში ახალი ჰოსპიტალების გახსნას მოხმარდა, სადაც ომში დაჭრილებს უფასოდ მკურნალობდნენ.

პრინცესა ალისა დაახლოებით 1875 წელს.

მიუხედავად ომის დასრულებისა და დადებული ზავისა, ჰესენში პრუსიული ჯარები განლაგდა, რაც ალისას ძალიან აწუხებდა. მისი და მისი დის, პრინცესა ვიქტორიას დამსახურებით ოფიციალურმა ბერლინმა ჰესენში ახალი რკინიგზა გაიყვანა და დამატებით, ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციის სახით სამი მილიონი ფლორინიც გადაუხადეს. როგორც შემდგომში დედასთან მიწერილი წერილებიდან გაირკვა, პრინცესა ვიქტორია ძალიან ღელავდა თავისი დის „დაჩაგრული პოზიციის“ გამო და ყველაფერს აკეთებდა ამის შესამსუბუქებლად. ალისას მდგომარეობაზე გავლენა იქონია რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მაც, რომელმაც პრუსიის მეფეს მოსთხოვა ლუდვიგ III-ისა და მისი მემკვიდრეებისათვის შეენარჩუნებინა დიდი ჰერცოგის ტახტი. ეს უფრო იმან გამოიწვია, რომ ალექსანდრე II-ის მეუღლე, რუსეთის იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნა იყო ალისას ქმრის მამიდა, რამაც დიდი ალბათობით გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ საქმეში. მიუხედავად ყველაფრისა, ალისა გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ პრინცესა ვიქტორია ჩავიდა ჰომბურგში, რომელიც ომამდე ჰესენს ეკუთვნოდა, ომის შემდეგ კი — პრუსიას.

რელიგიური რწმენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისა გერმანიაში ჩასვლიდან მალევე დამეგობრდა თეოლოგ დავიდ ფრიდრიხ შტრაუსთან. იმ პერიოდში იგი ჯერ კიდევ საკამათო და უარყოფითი ფიგურა იყო. 1835 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი „იესოს ცხოვრება“, რომელიც იმას ამტკიცებდა, რომ იესოს სასწაულები არაეფექტური მითებია და რომ ბიბლია არ შეიძლება სიტყვასიტყვით იქნეს განმარტებული, როგორც ღვთის სიტყვა. ეს ნაშრომი კათოლიკურმა, მართლმადიდებლურმა და ლუთერანულმა ეკლესიებმა მაშინვე გამოაცხადეს ერესად. რამდენადაც ცნობილია, ალისას შეხედულებები შტრაუსისას ემთხვეოდა. პრინცესა მიიჩნევდა, რომ თანამედროვე, ანუ ვიქტორიანული საზოგადოება ღმერთს „ადრეული ქრისტიანებისაგან განსხვავებულად“ წარმოიდგენდა. ამის გამო ალისა და შტრაუსი თანამშრომობდნენ, რის გამოც იგი ხშირად სტუმრობდა სასახლეს, რაც პრინც ლუდვიგს დიდად არ მოსწონდა. 1870 წელს შტრაუსს სურდა, რომ ვოლტერისეული რამდენიმე ლექცია ალისასთვის მიეძღვნა, თუმცა შეეშინდა. თეოლოგისა და პრინცესის ურთიერთობის ამბავმა თავად გერმანიისა და პრუსიის დედოფალ ავგუსტას ყურამდეც მიაღწია (ალისას დის, ვიქტორიას დედამთილი), რომელმაც ჰესენის პრინცესას „ათეისტი“ შეარქვა.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისა

1873 წლის 29 მაისს ალისას ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი 2 წლის ვაჟი, პრინცი ფრიდრიხი ფანჯრიდან, 20 ფუტის სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ვინაიდან დედისაგან ალისას ჰემოფილიის გენი ჰქონდა, რომელიც ყველა თავის შვილსა და შვილიშვილს გადასცა, მართალია ბავშვი დაცემის შემდეგ გონს მოვიდა, მაგრამ სისხლდენა ვერაფრით შეუჩერეს და გარდაიცვალა. ცნობილია, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ ალისა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რომლიდანაც ბოლომდე არასოდეს გამოსულა. ამ ამბიდან ორ თვეში მან დედოფალ ვიქტორიას ასეთი რამ მისწერა:

ვიკიციტატა
„მოხარული ვარ, რომ შენ ჩემი ძვირფასი ბიჭის პატარა ფერადი სურათი გაქვს, რადგან მას ვერასოდეს იხილავთ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თითქოს უფრო დავდაბლდი და თავს საშინლად ვგრძნობ, ის ახლა ისე მენატრება, როგორც არასოდეს, ეს გრძნობა კი არასოდეს მიდის.“

თავად დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილის, რომელიც არასოდეს ენახა, გარდაცვალება დიდად არ განუცდია, რადგან სამეფო კარი მთლიანად კონცენტრირებული იყო ალისას ძმის, პრინცი ალფრედისა და დიდ მთავარ მარია ალექსანდროვნა რომანოვას ქორწინებაზე, რომელიც იყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას ასული და ამასთან იმპერატორ ალექსანდრე III-ის და. ვინაიდან იმპერატორმა ქალიშვილის ინგლისში, შესამოწმებლად გაგზავნაზე უარი თქვა, ალფრედი და მარია ერთმანეთს შუაში — გერმანიაში შეხვდნენ. ალისამ მხარი დაუჭირა ამ ქორწინების იდეას და დედასთან გაგზავნილ წერილში კიდევ აღნიშნა, თუ როგორ ენატრებოდა ფრიდრიხი.

ფრიდრიხის გარდაცვალებამ ალისა კიდევ უფრო დააახლოვა თავის დანარჩენ შვილებს. 1875 წელს მან გლოვა დაასრულა და კვლავ შეუდგა თავისი წოდებრივ-წარმომადგენლობითი მოვალეობების შესრულებას. ასევე აქტიური ურთიერთობა შეინარჩუნა რეფორმატორ ოქტავია ჰილთან. თუმცაღა, ამ წლების განმავლობაში ალისას ქმართან ურთიერთობა გაუფუჭდა. საშვილოსნოს არეში გახშირებული ტკივილების გამო, 1876 წელს იგი ბრიტანეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, სადაც იგი თავის საყვარელ ბალმორიალის სასახლეში გაჩერდა. იმავე წლის 3 ოქტომბერს მან ლუდვიგს სასოწარკვეთილი წერილი გაუგზავნა:

ვიკიციტატა
„მე ვოცნებობდი ნამდვილ პარტნიორობაზე, რადგან ამის გარდა ცხოვრებაში არაფერი მქონია, რაც დარმშტადტში გამაძლებინებდა... ასე რომ, ბუნებრივია, მწარედ იმედგაცრუებული ვარ საკუთარ თავთან, როდესაც უკან ვიყურები და ვხედავ, რომ მიუხედავად დიდი ამბიციების, კარგი ზრახვებისა და რეალური ძალისხმევისა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი იმედები მთლიანად გადაწურულია... თქვენ, ჩემო ძვირფასო, ამბობთ, რომ მიზანმიმართულად არასოდეს მაწყენინებდით... მხოლოდ იმას ვნანობ, რომ რაიმე განზრახვა ან სურვილი არ მაქვს, უფრო სწორად - გამჭრიახობა, რომელიც მეტად გამომადგებოდა. და ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დრო ჩემთან ერთად უნდა გაატაროთ, თუმცა იმავდროულად, თქვენ ისედაც არ გსურდათ ჩემთვის რამის გაზიარება. მაგრამ ჩემგან ამ საკითხებზე საუბარი არასწორია. თქვენი წერილები ისეთი ძვირფასი და თბილია - მაგრამ ასევე ცარიელი და ცივი. მათი საშუალებით ვგრძნობ, შენზე გაცილებით უფრო ცოტა რამ ვიცი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა. წვიმა - მშვენიერი ამინდი - რაღაცები რაც გადაგვხდა - ეს არის ის ყველაფერი, რაზეც ოდესმე გვისაუბრია - ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი პირადი ერთმანეთს მოწყვეტილია. შენთან... შენთან... ვცდილობ ვისაუბრო უფრო სერიოზულ რამეზე, მაგრამ ამის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. რეალურად ჩვენი სულები არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს - ცალ-ცალკე ვართ... და ამიტომ ვგრძნობ, რომ ნამდვილი მეგობრობა ჩვენთვის შეუძლებელია - იმიტომ, რომ ჩვენი აზრები არასოდეს დაემთხვევა... მე ძალიან მიყვარხარ, ჩემო ძვირფასო მეუღლევ, და ამიტომაც, კიდევ უფრო სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ცხოვრება ასეთი არასრულფასოვანია... მაგრამ შენ ამას განზრახულად არ აკეთებ - ამას არასოდეს ვიფიქრებდი, არასოდეს...“
ალისა 1871 წელს

მეორე დღეს ალისამ ლუდვიგს გაცილებით მოკლე წერილი მისწერა, რომელშიც იწერებოდა, რომ მოუთმენლად ელოდა მასთან შეხვედრას და იმედოვნებდა, რომ „ჩემი წერილი არ შეგაწუხებთ - მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ადამიანები უფრო გულწრფელად ისაუბრებენ თავიანთ გრძნობებზე.“ ოჯახური პრობლემების მიუხედავად, ალისა ქმრის ძლიერ დამხმარედ დარჩა. 1877 წლის 20 მარტს ლუდვიგის მამა, პრინცი კარლი გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი ჰესენის ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა. ამ ამბიდან მალევე, იმავე წლის 13 ივნისს გარდაიცვალა თავად დიდი ჰერცოგი ლუდვიგ III, რის შემდეგაც ტახტი ლუდვიგ IV-მ დაიკავა, ხოლო დიდი ჰერცოგინია უკვე თავად ალისა გახდა. ვინაიდან იგი დარმშტადტში არაპოპულარული იყო, ვითარების კიდევ უფრო გამწვავებისგან თავის ასარიდებლად ალისა თითქმის ყოველთვის დედასთან იყო, ბრიტანეთში. იგი ზაფხულში შვილებთან ერთად ნორმანდიაში გაემგზავრა, სადაც მათ ლუდვიგიც შეუერთდათ. იმავე წლის აგვისტოში ლუდვიგმა მას წერილი გაუგზავნა, რომელშიც სიტუაციის გაუმჯობესებას ვარაუდობდა, რაზეც ალისამ საპასუხოდ მისწერა:

ვიკიციტატა
„მე ნამდვილად არაფერს გეტყვით დარმშტადტის შესახებ როდესაც მოხვალთ... უსიამოვნო რამის თქმის განზრახვა არ მაქვს, განსაკუთრებით შენთვის. თუმცა თქვენი არაფრისმთქმელი წერილები სიტუაციას არ აუმჯობესებს. ეს იმას ჰგავს, როდესაც დასველებული პუდელი ცდილობს ზღვის მარილიანი წყლის მოშორებას, შემდეგ კი თავს ბედნიერად გრძნობს. ის ბედნიერი რჩება, თუმცა ამით არ ეხმარება არავის. თუ გსურთ მცხუნვარე შუა დღისას სხვამაც იგრძნოს თქვენნაირი სიგრილე, მაშინ გამოიჩინეთ მეტი გამჭრიახობა, გაგება და თანაგრძნობა.“

ალისას და ლუდვიგის, როგორც დიდი ჰერცოგისა და ჰერცოგინიის დარმშტადტში დაბრუნებას დიდი ზეიმი მოჰყვა ქალაქში, რასაც არ იგი არ მოელოდა. ამასთან, ახალ წოდებასთან ერთად მან მთელი რიგი მოვალეობებიც მიიღო, რაც როგორც დედოფალთან გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, მას „ძალიან აშინებდა“. ალისა ცდილობდა, რომ როგორმე შეესრულებინა Landesmutter-ის (გერმანულად ნიშნავს „ხალხის დედას“) ფუნქცია, თუმცა რბილი ხასიათის გამო არ გამოსდიოდა. ასევე დედოფალ ვიქტორიასთან გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ მისი მოვალეობები იყო „იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შეეძლო“. მის მდგომარეობას კიდევ უფრო არამყარს ხდიდა თავისი ქმრის ბიცოლის, წინამორბედი დიდი ჰერცოგის ქვრივის, მატილდა კაროლინა ბავარიელის მიერ გავრცელებული ჭორები. ამის პარალელურად, „სიმხდალის“ გამო დედისაგან ალისამ კრიტიკით აღსავსე წერილი მიიღო, რამაც საშინლად იმოქმედა მასზე. არსებული მდგომარეობით ალისა იმდენად უბედური იყო, რომ ქმარს ასეთი რამ მისწერა:

ვიკიციტატა
„სიბრაზისგან მეტირება... ვისურვებდი მკვდარი ვიყო და სავარაუდოდ დიდი დროც არ დარჩა, სანამ დედაჩემს ამ სიამოვნებას მივანიჭებ.“

მიუხედავად იმისა, რომ ალისას სურდა ხელოვნებასა და მეცნიერებაში ჩართულიყო, მას თავისი მოვალეობების ტვირთი და საზოგადოებრივი პროტოკოლი ამის საშუალებას არ აძლევდა. 1877 წელს ალისამ შობაზე დიდი დღესასწაული მოაწყო, რომელიც განსაკუთრებით თავის უმცროს ქალიშვილებს — ალიქსსა და მარიას მიუძღვნა. ოჯახური მოვალეობებით გადაღლილი ალისა 1878 წლის იანვარში თავისი დისწულის, პრინცესა შარლოტა პრუსიელის ქორწილში დასასწრებად ჩავიდა ბერლინში, სადაც მოინახულა და და განიტვირთა. 1878 წლის შემოდგომაზე დედოფალმა ვიქტორია ალისა და მისი ოჯახი თავისთან მიიწვია დასასვენებლად, სადაც დედა-შვილი საბოლოოდ შერიგდა.

უკანასკნელი თვეები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისა ქმართან და შვილებთან ერთად

1878 წელს გერმანიას დიპტერიის ეპიდემია მოედო, იმავე წლის ნოემბერში კი ჰესენის დიდი ჰერცოგის ოჯახშიც შეაღწია. ალისას უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ვიქტორია 5 ნოემბრის საღამოს ძლიერი კისრის ტკივილს უჩიოდა, იმავე საღამოს კი ექიმებმა მას დიპტერიის დიაგნოზი დაუსვეს. მეორე დილით ექიმებმა დიპტერიის დიაგნოზი დაუსვეს ალისას დანარჩენ შვილებს: ალიქსას, მარიას, ირინესა და ერნესტს. სულ მალე დაინფიცირდა ლუდვიგ IV-ც. პრინცესა ელიზაბეთი ერთადერთი ბავშვი იყო, რომელიც არ დაავადებულა, ამიტომაც მათ იგი სასწრაფოდ გააგზავნეს პრინცესა ელიზაბეთ პრუსიელთან, ალისას დედამთილთან, რომელიც სამეფო კარისგან შორს ცხოვრობდა.

15 ნოემბერს განსაკუთრებით დამძიმდა მარიას მდგომარეობა, ხოლო ალიქსამ საწოლიდან ადგომა ვეღარ შეძლო. მეორე დღეს, 16 ნოემბერს მარია თავის საწოლში გარდაიცვალა, 4 წლის ასაკში. შეშფოთებულმა ალისამ სასწრაფოდ მისწერა დედოფალ ვიქტორიას. აღსანიშნავია, რომ მან თავის დანარჩენ შვილებს მარიას გარდაცვალების ამბავი დაუმალა, რათა ბავშვები პანიკაში არ ჩაცვენილიყვნენ. ამის გამო ბავშვები თავიანთ ოთახებში გამოკეტეს, მარია კი ჩუმად დაკრძალეს. სამეფო ბავშვებმა დის გარდაცვალების ამბავი მხოლოდ ერთ თვეში გაიგეს. ალისას გაცილებით უარესი რეაქცია ჰქონდა მეორე შვილის გარდაცვალებაზე, ვიდრე ამას მოელოდნენ. თავიდან მან კატეგორიული უარი განაცხადა სიახლის დაჯერებაზე, შემდეგ კი ისტერიულად ატირდა და დაარღვია წესი, რომლის მიხედვითაც ბაქტერიების გადადებისგან თავიდან ასაცილებლად ცხედართან კონტაქტი იკრძალებოდა და მან მარიას უკანასკნელად აკოცა. თავიდან იგი სულაც არ დაავადებულა. მეტიც, მოგვიანებით იგი თავის დას, კრონპრინცესა ვიქტორიასაც კი შეხვდა, რადგან ეს უკანასკნელი ინგლისში მიემგზავრებოდა და დარმშტადტში გზად შეიარა დის მოსანახულებლად. თუმცაღა შაბათს, 14 დეკემბერს, მამის გარდაცვალების წლისთავზე ალისა შეუძლოდ გახდა და ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას შვილებისგან დიპტერია გადაედო. იგი იმავე დღეს, 1878 წლის 14 დეკემბერს, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა დარმშტადტის სამეფო სასახლეში, მისი უკანასკნელი სიტყვები კი იყო „ძვირფასო მამიკო“ (ინგლ. Dear Papa). ალისა ღამის 02:30 საათის შემდეგ უგონოდ იყო, დილის 08:30 საათზე კი გარდაიცვალა. იგი მალევე დაკრძალეს დიდი ჰერცოგის მავზოლეუმში, მარიას გვერდით.

ჰესენის დიდი ჰერცოგინია ალისა

დედოფალ ვიქტორიას ცხრა შვილიდან ალისა პირველი გარდაიცვალა, თავად დედამისმა კი ამ ამბიდან კიდევ ოც წელზე მეტ ხანს იცოცხლა. აღსანიშნავია, რომ დედოფალი გააოგნა ალისასა და ალბერტის გარდაცვალების თარიღების დამთხვევამ და განაცხადა: „თითქმის წარმოუდგენელი და ყველაზე იდუმალი რამაა“. როდესაც შვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, დედოფალმა განაცხადა: „ეს საშინელი დღე ისევ მოვიდა!“. მწუხარებისაგან გაოგნებულმა ვიქტორიამ თავის უფროს ქალიშვილს მისწერა: „ჩემი ძვირფასი შვილი, რომელიც ჩვიდმეტი წლის წინ, უბედურების ჟამს ჩემს გვერდით იდგა, გარდაიცვალა, იმავე დღეს, იმ საშინელი დაავადებით... მას ისე უყვარდა მამამისი, როგორი თავგანწირული და უშიშარი იყო და როგორ პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობებს!“. ფარული მტრობა, რომელიც ვიქტორიას ალისასთან ყოველთვის ჰქონდა ამის შემდეგ გაქრა. მისმა გარდაცვალებამ დაამწუხრა პრინცესა ვიქტორიაც, რომელმაც საყვარელი დის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 39-გვერდიანი წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დედმამიშვილებიდან ალისასთან ყველაზე ახლოს იყო. მათი უსაფრთხოების მიზნით გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ I-მა ვიქტორიასაც და მის ქმარსაც, პრინც ფრიდრიხსაც აუკრძალათ ალისას დაკრძალვაზე დასწრება.

ალისას მემორიალი დარმშტადტში

ალისას გარდაცვალების გამო გლოვა დაიწყო როგორც ბრიტანეთში, ისე ჰესენში. გაზეთი The Times წერდა: „მისი ადამიანური თავმდაბლობის გამო, ხალხი მასთან ნათესაურ კავშირს გრძნობს, ის ხომ ოჯახური სათნოების მოდელი იყო, როგორც ქალიშვილი, როგორც და, როგორც მეუღლე და როგორც დედა...“ Illustrated London News-მა კი დაწერა: „პრინცესის ხანმოკლე და კეთილშობილური ცხოვრება მაგალითია ჩვენთვის. ჩვენთვის მისი საოცარი ზნეობრივი ღირებულებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მისი წოდებები“. მისი გარდაცვალება ძლიერ განიცადა მისმა ძმამ, უელსის პრინცმა ედუარდმა და მისმა ცოლმა, პრინცესა ალექსანდრა დანიელმაც. ცნობილია, რომ პრინცესა ალექსანდრამ დედოფალ ვიქტორიაზე განაცხადა: „ვისურვებდი, რომ მის ნაცვლად ის მომკვდარიყო“. პარალელურად პრინცი ედუარდი ერლ გრანევილთან გაგზავნილ წერილში იწერებოდა: „ის ჩემი საყვარელი და იყო. ისეთი კარგი, კეთილი, ისეთი ჭკვიანი! ჩვენ ერთად იმდენი განვლეთ...“

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისას მემორიალი უაითის კუნძულზე არსებულ ქალაქ უიპინგჰეიმის წმინდა მილდრედის ეკლესიაში, დიდი ბრიტანეთი.ს

1869 წელს ალისამ დარმშტადტში დააარსა ალის-ჰოსპიტალი, რომელშიც ქალაქის ავადმყოფებსა და ომში დაშავებულებს მისი ხარჯებით მკურნალობდნენ. ეს ჰოსპიტალი მისი გარდაცვალების შემდეგ ძლივსღა არსებობდა და მცირედი შემოწირულობებით განაგრძობდა მუშაობას. 1953 წელს აქ მისმა შვილიშვილმა, ერლმა ლუდვიგ მონბატენმა ლექცია წაიკითხა. მისი ლექციის ძირითადი ნაწილი სწორედ ალისას მიეძღვნა, რა დროსაც განაცხადა: „მისთვის უმთავრეს ღირებულებად ყოველთვის ადამიანი რჩებოდა, რომელთათვისაც იგი თავდადებული იყო და ცდილობდა მათ ყველანაირად დახმარებოდა ომსა თუ გაჭირვებაში.“ ალისას სახელობისა და მის მიერ დაარსებულ დაწესებულებათა სიაში შედის „ალისას ქალთა ორგანიზაცია“ და „ინდუსტრიული საზოგადოება“, რომლებიც მიმართულნი იყვნენ ქალებში განათლების დონის ამაღლებისაკენ. ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფდა ქალების პროფესიულ გადამზადებასაც, თუმცა მხოლოდ ორი განხრა ჰქონდა: საექთნო და სამასწავლებლო.

შთამომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისას შთამომავლებმა დიდი როლი შეასრულეს მსოფლიოს ისტორიაში. მისი მეოთხე ქალიშვილი, ალიქსი ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს და რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცა გახდა ალექსანდრა ფეოდოროვნას სახელით. სწორედ ალისას გენით გადასცა მან თავის ვაჟს, ცარევიჩ ალექსეის ჰემოფილიის გენი. მოგვიანებით, 1918 წელს ბოლშევიკებმა ალექსანდრაცა და მისი ქმარ-შვილიც ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ასევე მათ მოკლეს ალისას კიდევ ერთი ქალიშვილი, პრინცესა ელიზაბეთი, რომელიც ასევე რუსეთის საიმპერატორო კარზე იყო გათხოვილი. ასევე ალისას შვილიშვილი იყო ინდოეთის უკანასკნელი გუბერნატორი ლუდვიგ მონბატენი და თავად შვედეთის დედოფალი ლუიზა მონბატენი, თუმცა მისი გენი შვედეთის მეფეებს არ აქვთ, ვინაიდან დედოფალ ლუიზას შვილები არ ჰყოლია. გარდა ამისა, სწორედ ალისას შვილიშვილია საბერძნეთისა და დანიის პრინცი, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპე, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის ქმარი, რომლის ხაზითაც ალისას შთამომავლები არიან უელსის პრინცი ჩარლზი, კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და სასექსის ჰერცოგი ჰენრი. ასევე მის პატივსაცემად ერქვა სახელი ჰერცოგი ფილიპეს დედას, პრინცესა ალისა ბატენბერგელს, რომელიც ალისას უფროსი ქალიშვილის, პრინცესა ვიქტორიას შვილი იყო.

ტიტულები, წოდება და გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები და წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 25 აპრილი, 1843 - 1 ივლისი, 1862: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა ალისა;
  • 1 ივლისი, 1862 - 13 ივნისი, 1877: მისი სამეფო უდიდებულესობა ჰესენისა და რაინის პრინცესა ალისა;
  • 13 ივნისი, 1877 - 14 დეკემბერი, 1878: მისი სამეფო უდიდებულესობა ჰესენისა და რაინის დიდი ჰერცოგინია;

ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1 იანვარი, 1878: ინდოეთის გვირგვინის კომპანიის ორდენი;

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალისას სამეფო გერბი. აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა დიდგვაროვნისგან განსხვავებით, ქორწინებისა და ტიტულების დამატების შემდეგ მისი გერბი არ შეცვლილა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ვიქტორია 5 აპრილი, 1863,

უინძორი, დიდი

ბრიტანეთი

24 სექტემბერი, 1950,

ლონდონი, დიდი

ბრიტანეთი

(87 წლის)

ცოლად გაჰყვა ბატენბერგის მთავარ ლუდვიგს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ

შორის: შვედეთის დედოფალი ლუიზა და საბერძნეთის პრინცესა ალისა. სწორედ

ალისას შვილია ფილიპე, ედინბურგის ჰერცოგი, ელისაბედ II-ის ქმარი.

ელიზაბეთი 1 ნოემბერი, 1864,

ბესუნგენი, გერმანია

18 ივლისი, 1918,

ალაპაიევსკი, რუსეთი

(53 წლის)

ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ვაჟს, დიდ მთავარ სერგეის,

თუმცა შვილები არ ჰყოლია. მოგვიანებით საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებთან

ერთად დახვრიტეს ბოლშევიკებმა.

ირინე 11 ივლისი, 1866,

დარმშტადტი, გერმანია

11 ნოემბერი, 1953,

ბარკელსბი, გერმანია

(87 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის დეიდაშვილს, იმპერატორ ფრიდრიხ III-ისა და ვიქტორია

ბრიტანელის ვაჟს, პრინც ალბერტ ვილჰელმ ჰაინრიხ პრუსიელს, რომელთანაც

შეეძინა სამი ვაჟი.

ერნესტ

ლუდვიგი

25 ნოემბერი, 1868,

დარმშტადტი, გერმანია

9 ოქტომბერი, 1937,

ლანგენი, გერმანია

(68 წლის)

ჰესენის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი 1892-1918 წლებში. ცოლად შეირთო

თავისი ბიძაშვილი ვიქტორია მელიტა საქსენ-კობურგ-გოთელი, რომელსაც

მალევე გაეყარა და იქორწინა ელეონორა ზოლმს-ჰოენზოლმს-ლიხზე,

რომელთანაც შეეძინა სამი შვილი.

ფრიდრიხი 7 ოქტომბერი, 1870,

დარმშტადტი, გერმანია

29 მაისი, 1873,

დარმშტადტი, გერმანია

(2 წლის)

ჰესენის პრინცი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ტვინის სისხლჩაქცევით.
ალიქსა 6 ივნისი, 1872,

დარმშტადტი, გერმანია


17 ივლისი, 1918,

ეკატერინბურგი,

რუსეთი

(46 წლის)

ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს, რომელთანაც შეეძინა ხუთი

შვილი: ოლღა, ტატიანა, მარია, ანასტასიაალექსეი. რუსეთის რევოლუციის

შემდეგ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს ბოლშევიკებმა.

მარია 24 მაისი, 1874,

დარმშტადტი, გერმანია

16 ნოემბერი, 1878,

დარმშტადტი, გერმანია

(4 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, დიპტერიის ეპიდემიით.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alice, Grand Duchess of Hesse (1885). Letters to Her Majesty the Queen. London: John Murray.
  • Longford, Elizabeth (1964). Victoria R.I.. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 0-297-17001-5.
  • Mager, Hugo (1998). Elizabeth: Grand Duchess of Russia. New York, USA: Carroll and Graf Publishers, Inc. ISBN 0-7867-0678-3.
  • Noel, Gerard (1985). Princess Alice: Queen Victoria's forgotten daughter. London: Constable and Company Limited. ISBN 0-09-465980-X.
  • Packard, Jerrold M. (1998). Victoria's Daughters. New York: St. Martin's Griffin. ISBN 0-312-24496-7.
  • Martin, Theodore (1908). Queen Victoria as I knew her. W. Blackwood.
  • Pakula, Hannah (1995). An Uncommon Woman: The Empress Frederick. London: Phoenix Press. ISBN 1-84212-623-7.
  • Van der Kiste, John (2003) [1986]. Queen Victoria's Children. Gloucestershire, England: Sutton Publishing Limited. ISBN 0-7509-3476-X.
  • Gelardi, Julia (2007). Born to Rule. London, UK: St Martin's Press. pp. 5. ISBN 0-3123-2423-5.
  • Persson, Sheryl (2009). Smallpox, Syphilis and Salvation: Medical Breakthroughs that Changed the World. Wollombi, Australia: Exisle Publishing Ltd. p. 142. ISBN 1-9214-9706-8.
  • Boer, Roland (2013). Lenin, Religion, and Theology. London: Palgrave Macmillan. p. 183. ISBN 1-1373-2390-6.
  • Louda, Jiří; Maclagan, Michael (1999). Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe. London: Little, Brown. p. 34. ISBN 1-85605-469-1.
  • Slack, Johnathan (2014). Genes: A Very Short Introduction. Oxford, UK: Oxford University Press. p. 46. ISBN 0-19967-650-X.
  • Smele, Johnathan (2003). The Russian Revolution and Civil War 1917–1921: An Annotated Bibliography. London, UK: Continuum. p. 118. ISBN 0-8264-5618-9.
  • Cox, Caroline (2006). Cox's Book of Modern Saints and Martyrs. London, UK: Continuum. p. 73. ISBN 0-8264-8788-2.
  • "On This Day: 27 August 1979: IRA Bomb Kills Lord Mountbatten". BBC News. Retrieved 20 September 2012.
  • Heald, Tim (1991). The Duke: A Portrait of Prince Philip. London:, UK: Hodder and Stoughton. ISBN 1-58768-034-3.
  • "No. 24539". The London Gazette. 4 January 1878. p. 113.
  • Boutell, Charles (1868). "The Royal Armory of England". The Art Journal. London: Virtue & Co. 7: 274.
  • Neubecker, Ottfried; Brooke-Little, John (1997). Heraldry: Sources, Symbols and Meaning. Pennsylvania, USA: Diane Publishing Company. pp. 96–97. ISBN 0-316-64141-3.
  • Hough, Richard (1984). Louis and Victoria: The Family History of the Mountbattens. Second edition. London: Weidenfeld and Nicolson. p. 28. ISBN 0-297-78470-6.
  • Weintraub, Stanley (1997). Uncrowned King: The Life of Prince Albert. New York, USA: The Free Press. pp. 460. ISBN 0-6848-3486-3.
  • Sell, K. (2014). Alice, Grand Duchess Of Hesse. Wisconsin, USA: Book on Demand Ltd. p. 72. ISBN 5-5191-0649-5.
  • Hubbard, Kate (2012). Serving Victoria: Life in the Royal Household. London, UK: Clays. p. 132. ISBN 9780701183684.