ალექსანდრა პავლეს ასული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრა პავლეს ასული
წოდებები
რუსეთის დიდი მთავარი
ავსტრიის ერცჰერცოგინია
დაიბადა 9 აგვისტო, 1783
ცარსკოე სელო, რუსეთი
გარდაიცვალა 16 მარტი, 1801, (17 წლის)
ბუდაპეშტი, უნგრეთი
საგვარეულო რომანოვები
მეუღლე(ები) ერცჰერცოგი იოზეფი, უნგრეთის პალატინი
შვილ(ებ)ი ერცჰერცოგინია ალექსანდრინა
მამა პავლე I, რუსეთის იმპერატორი
დედა სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი
რელიგია მართლმადიდებლობა

ალექსანდრა პავლეს ასული (რუს. Александра Павловна; დ. 9 აგვისტო, 1783, ცარსკოე სელო, რუსეთის იმპერია — გ. 16 მარტი, 1801, ბუდა, უნგრეთის სამეფო) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის ქალიშვილი. რუსეთის ორი იმპერატორის: ალექსანდრე I-ისა და ნიკოლოზ I-ის და. ავსტრიის ერცჰერცოგინია როგორც საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ის ვაჟის, იოზეფის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 წლის ალექსანდრა 1790 წელს.

ალექსანდრა დაიბადა 1783 წლის 9 აგვისტოს ცარსკოე-სელოში. იგი იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ერთადერთი ვაჟის, დიდ მთავარ პავლე პეტროვიჩისა და მისი მეორე ცოლის, სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის უფროსი ქალიშვილი.

იგი თავის და-ძმებთან ერთად იზრდებოდა გატჩიცის სასახლეში, სადაც იღებდა კარგ განათლებას და ემზადებოდა საზღვარგარეთ გასათხოვებლად.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ალექსანდრა ცოლად გაჰყოლოდა შვედეთის 14 წლის მეფე გუსტავ IV-ს, მეფე გუსტავ III-ისა და დედოფალ სოფია მაგდალენა დანიელის ვაჟს. შვედებსა და რუსებს შორის საქორწინო მოლაპარაკებები საკმაოდ დიდ ხანს მიმდინარეობდა. ის იყო რუსეთში უკვე ნიშნობა უნდა გამოეცხადებინათ, რომ ახალგაზრდა მეფე გუსტავ IV-მ უარი განაცხადა ალექსანდრას ცოლად შერთვაზე. ამის მიზეზი ის იყო, რომ მეფეს იგი გარეგნულად არ მოეწონა, მას კი სურდა, რომ თავისი დედოფალი ლამაზი ყოფილიყო. ამ მიზნით მან ცოლად ალექსანდრას ძმის, დიდ მთავარ ალექსანდრეს ცოლის, პრინცესა ლუიზა ბადენელის ღვიძლი და, ფრედერიკა ბადენელი შეირთო, რომელიც მეფის სილამაზის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებდა.

შვედებთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, 1798 წელს პეტერბურგს ალექსანდრას ბიძა, ჰერცოგი ალექსანდერ ფრიდრიხ ვიურტემბერგელი ეწვია, რომელმაც წამოჭრა ალექსანდა პავლოვნას ავსტრიაში გათხოვების წინადადება. იმპერატორ პავლე I-ს ეს იდეა ძალიან მოეწონა და საღვთო რომის იმპერატორ ფრანც II-თან სასწრაფოდ წამოიწყო მოლაპარაკებები. გადაწყდა, რომ ალექსანდრა ცოლად ფრანცის უმცროს ძმას, საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ისა და დედოფალ მარია ლუისა ესპანელის ვაჟს, უნგრეთის პალატინ იოზეფს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 1799 წლის 30 ოქტომბერს პეტერბურგში შედგა ალექსანდრასა და იოზეფის ქორწინება.

ამის შემდეგ ალექსანდრას ავსტრიის ერცჰერცოგინიის წოდება მიენიჭა და ქმართან ერთად გადასახლდა უნგრეთში. ამ დროს ალექსანდრა 16 წლის იყო, ხოლო იოზეფი 23-ის. მათი ქორწინება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1801 წლის 16 მარტს ალექსანდრა პავლოვნა მშობიარობას გადაჰყვა, 17 წლის ასაკში. მან გოგონა გააჩინა, რომელსაც იოზეფმა მის პატივსაცემად ალექსანდრინა დაარქვა, თუმცა ისიც მალევე დაიღუპა, რის გამოც იოზეფმა ამის შემდეგ კიდევ ორჯერ იქორწინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]