ალენ რენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალენ რენე

ჟულიეტ ბინოში და ალენ რენე
დაიბადა3 ივნისი, 1922
ვანი, საფრანგეთი
გარდაიცვალა1 მარტი, 2014 (91 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნებაფრანგი
საქმიანობა რეჟისორი, მონტაჟისტი, სცენარისტი, ოპერატორი

ალენ რენე (ფრანგ. Alain Resnais; დ. 3 ივნისი, 1922, ვანი, საფრანგეთი — გ. 1 მარტი, 2014, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი. რენემ სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღება 1950-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების რიგს მიეკუთვნება ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ (1959), „შარშან მარიენბადში“ (1961) და „მიურიელი“ (1963).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენე ბავშვობიდან დაინტერესებული იყო შემოქმედებითი საქმიანობით, ხოლო მცირე ასაკში მას ვიდეო-კამერა აჩუქეს. 14 წლის ასაკში მისი კლასელები მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღო, რომელიც ვერსია იყო პოპულარული თრილერისა, ფანტომასი“.

რენე ბავშვობიდან ასთმით იტანჯებოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რატომაც მან მეორე მსოფლიო ომში წასვლისგან თავის დაღწევა შეძლო. 1940 წელს ის პარიზში გადავიდა, სადაც იგი კინემატოგრაფიული კვლევების ინსტიტუტში სწავლობდა. საფრანგეთში გერმანული ოკუპაციის დროს რენე თეატრით დაინტერესდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის კინოენაზე.[1]

1947 წელს მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, რომლებიც სამხატვრო ხელოვნებას ეხებოდა. რენე მაშინდელი ფრანგული კომერციული კინოს მიმართ ინტერესს არ იჩენდა და 11 წლის განმავლობაში აგრძელებდა მოკლე ფილმების გადაღებას ვინსენტ ვან გოგის, პოლ გოგენის, პაბლო პიკასოსა და სხვების შესახებ.

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალწლიანი წერის, გადაღებისა და დამუშავების შემდეგ, 1959 წელს, მარგარეტ დურასის სცენარის მიხედვით რენემ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელად ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“. ფილმი მალევე გახდა პოპულარული და ხალხის აღიარება მოიპოვა; მიიღო ჯილდოები კრიტიკოსებისგან ნიუ-იორკისა და კანის კინოფესტივალებზე. [2]

მალევე რენემ თავისი კინემატოგრაფიული სტილით, რომელიც ტრადიციულ ფორმასა და რადიკალურ შინაარსს გულისხმობდა, ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორების ყურადღება მიიპყრო. თუმცა რენე თავისი მსოფლმხედველობით არ მიეკუთვნებოდა ახალ ტალღას, ყოველ შემთხვევაში, არ იყო ნაწილი „კაიე დუ სინემას“ დაჯგუფების. რენე და თავისი თანამოაზრეები (მაგ. ანიეს ვარდა) მარცხენა ფლანგს მიეკუთვნებოდნენ, სწორედ ამის გამო მათ „Left Bank“-ს ეძახდნენ.[3] რენე ამბობდა: „ორმხრივი სიმპათია და პატივისცემა არსებობდა ჩემსა და რივეტს, ბაზინს, დემისა და ტრიუფოს შორის. რომერს კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი ნაწერები მომწონდა.“[4]

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რენესთვის დამახასიათებელია არაკონვენციური თხრობის მანერა, დრო და მეხსიერება მისი ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე არის ომი და მისი თანმდევი მოვლენები, საკონცენტრაციო ბანაკები, ატომური ბომბი, ოკუპაცია და წინააღმდეგობის მოძრაობა. ზოგიერთი მას ხმოვანი კინოს პირველ მოდერნისტს უწოდებდა, ზოგიც კუბისტური პერიოდის პიკასოსა და ბრაკს ახსენებდა.[5]

რენეს ფილმები წარმოგვიდგენს პერსონაჟებსა და მათ მიერ ინტერპრეტირებულ რეალობებს. მის ფილმებს ხშირად უწოდებენ „პოეტურ კინოს“.[6]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბინე აზემა

1969 წელს რენე ფლორენს მალროზე დაქორწინდა. 1961 წლიდან 1986 წლამდე მალრო მის ასისტენტად მუშაობდა.

1998 წელს დაქორწინდა საბინე აზემაზე, რომელიც რენეს 1983 წლის შემდეგ გამოშვებულ რენეს ფილმების უმეტესობაში მონაწილეობს.

ალენ რენეს სასაფლაო

რენე 2014 წლის 1 მარტს პარიზში გარდაიცვალა. იგი მონპარნასის სასაფლაოზეა დაკრძალული.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1959 „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ Hiroshima mon amour რეჟისორი
1961 „შარშან მარიენბადში“ L'Année dernière à Marienbad რეჟისორი
1963 „მურიელი“ Muriel ou le Temps d'un retour რეჟისორი
1966 „ომი დასრულდა“ La guerre est finie რეჟისორი
1968 „მიყვარხარ, მიყვარხარ“ Je t'aime, je t'aime რეჟისორი
1974 „სტავისკი...“ Stavisky... რეჟისორი
1977 „განგება“ Providence რეჟისორი
1980 ჩემი ამერიკელი ბიძა Mon oncle d'Amérique რეჟისორი
1983 „ცხოვრება როგორც რომანი“ La vie est un roman რეჟისორი
1984 „სიყვარული სიკვდილამდე“ L'Amour à mort რეჟისორი
1986 „მელოდრამა“ Mélo რეჟისორი
1989 „მინდა, სახლში წავიდე“ I Want to Go Home რეჟისორი
1993 „მოწევა/არმოწევა“ Smoking/No Smoking რეჟისორი
1997 „იგივე ძველი სიმღერა“ On connaît la chanson რეჟისორი
2003 „ტუჩებზე არა“ Pas sur la bouche რეჟისორი
2006 „გულები“ Cœurs რეჟისორი
2009 „ველური ბალახი“ Les Herbes folles რეჟისორი
2012 „შენ ჯერ არაფერი გინახავს“ Vous n'avez encore rien vu რეჟისორი
2014 „რაილის ცხოვრება“ Aimer, boire et chanter რეჟისორი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]