ავსტრაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრაზია 752 წელს

ავსტრაზია (ფრანგ. Austrasie, გერმ. Austrasien, ლათ. Austrasia) — მეროვინგების ფრანკთა სახელმწიფოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი (სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის — ნოისტრიის საპირისპიროდ).

იკავებდა მაასისა და მოზელის აუზების ტერიტორიას, ასევე რეინიდან აღმოსავლეთ მდებარე რეგიონს (ამჟამად იქ განლაგებულია საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონები, ბელგია, ნიდერლანდები, ასევე გერმანიის დასავლეთი ტერიტორიები). ავსტრაზიის დედაქალაქი იყო მეცი, თუმცა ზოგიერთი მმართველი თავისი რეზიდენციის რანგში რეიმსს ირჩევდა.

ავსტრაზია ადმინისტრაციულად ჩამოყალიბდა 511 წელს, როდესაც ხლოდვიგ I-ის გარდაცვალების შემდეგ ფრანკთა სამეფო გაიყო ორ ნაწილად. ავსტრაზია შეხვდა ხლოდვიგის უკანონო უფროს ვაჟს — თოიდერიხს. VI-VII საუკუნეებში ავსტრაზია დროდადრო გამოიყოფოდა ცალკეულ სამეფოდ, იმართებოდა თავისი მეფეებითა და მაიორდომებით. ავსტრაზიის მაიორდომებიდან, რომლებიც 687 წელს ფრანკთა მთელი სამეფოს ფაქტობრივი მმართველები გახდნენ, ჩამოყალიბდა კაროლინგების დინასტია.

კარლოს დიდის მემკვიდრეების დროს ავსტრაზია შევიდა გერმანიის შემადგენლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Charles Oman. The Dark Ages 476—918. London: Rivingtons, 1914.
  • Thomas Hodgkin. Italy and Her Invaders. Oxford: Clarendon Press, 1895.