ავლუს ჰირციუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავლუს ჰირციუსი (ლათ. Aulus Hirtius; დ. დაახლ. ძვ. წ. 90 – გ. ძვ. წ. 43) — რომის რესპუბლიკის კონსული ძვ. წ. 43 წელს და მწერალი სამხედრო საკითხებზე.

დაახლოებით ძვ. წ. 58 წლიდან იგი იულიუს კეისრის ლეგატი იყო[1] და ძვ. წ. 50 წელს პომპეუსთან ელჩობის მოვალეობასაც ასრულებდა. მოხსენების თანახმად, ძვ. წ. 49 წლის 10 იანვარს კეისრის მიერ რუბიკონის გადალახვისა და იტალიაში შეჭრის მომდევნო ღამეს ჰირციუსმა კეისართან, სალუსტუსთან, ოპიუსთან, ბალბუსსა და სულპიციუს რუფუსთან ერთად ისადილა.[2]

სამოქალაქო ომის დროს იგი ესპანეთში მსახურობდა. ძვ. წ. 48 წელს ჰირციუსი, შესაძლოა, ტრიბუნი ყოფილიყო, ძვ. წ. 47 წელს კი ანტიოქიაში იმყოფებოდა. ძვ. წ. 46 წელს პრეტორად მსახურობდა, მომდევნო წელს კი ტრანსალპური გალიის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.

ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს კეისრის მკვლელობის შემდეგ, ჰირციუსი ღრმად ჩაეფლო პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის მანევრირებებში. იყვნენ რა კეისრის მიერ ამ თანამდებობაზე წარდგენილები, ძვ. წ. 43 წელს ჰირციუსი და პანსა კონსულები გახდნენ.[3]

თავდაპირველად მარკუს ანტონიუსის მხარდამჭერ ჰირციუსს წარმატებით ლობირებდა ციცერონი, რომელიც მისი პირადი მეგობარი იყო[4] და მანაც ერთგულება სენატორთა პარტიას გამოუცხადა. ამის შემდეგ იგი არმიასთან ერთად მარკუს ანტონიუსზე თავდასასხმელად გაიგზავნა, რომელსაც იმ დროისათვის მუტინისათვის ჰქონდა ალყა შემორტყმული. პანსასა და ოქტავიანესთან (მომავალი იმპერატორი ავგუსტუსი) ერთად, ჰირციუსმა ანტონიუსი აიძულა უკან დაეხია, თუმცა თავად ბრძოლაში მოკლეს 25 ან 27 აპრილს. მას საჯარო დაკრძალვით მიაგეს პატივი პანსასთან ერთად, რომელიც მისი სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ჰირციუსმა კეისრის ნამუშევარს „ჩანაწერები გალიის ომზე“ რვა წიგნი დაუმატა და სავარაუდოდ, მისივე დაწერილია „ჩანაწერები ალექსანდრიის ომზე“. ანტიკურ პერიოდში ისიც ეგონათ, რომ ჰირციუსის დაწერილი იყო „ჩანაწერები აფრიკის ომზე“ და „ჩანაწერები ესპანეთის ომზე“, თუმცა როგორც დღესაა მიჩნეული, ამ შემთხვევაში იგი უფრო რედაქტორი იყო. ჰირციუსის მიმოწერა ციცერონთან ცხრა წიგნად გამოქვეყნდა, თუმცა ჩვენამდე არ მოუღწევია.

სვეტონიუსი თავისი „ღვთაებრივი ავგუსტუსის“ 68-ე თავში[5] აღნიშნავს, რომ ლუციუს ანტონიუსი, მარკუს ანტონიუსის ძმა, ავგუსტუსს ბრალს სდებდა იმაში, რომ „იგი ესპანეთში ყოფნისას ჰირციუსს საკუთარ თავს სამას ათას სესტერცად სთავაზობდა.“ ამ საეჭვო ჰომოსექსუალურ ურთიერთობას ძვ. წ. 46 წელს უნდა ჰქონოდა ადგილი, სამოქალაქო ომის დროს, როდესაც კეისარმა ოქტავიანე ესპანეთში წაიყვანა და ავლუს ჰირციუსიც მასთან მსახურობდა. ამ დროისათვის მომავალი იმპერატორი ავგუსტუსი 17 წლის იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cicero. On the Orator: Book 3. On Fate. Stoic Paradoxes. Divisions of Oratory, pg. 189. Translated by H. Rackham. Loeb Classical Library 349. Cambridge, MA: Harvard University Press, 1942.
  2. Dando-Collins, Stephan (2002). The Epic Saga of Julius Caesars Tenth Legion and Rome, გვ. 67. ISBN 0-471-09570-2. 
  3. Syme, Roman Revolution p. 95. Hirtius was already consul-designate for 43 on the Ides of March, therefore likely a nominee of Caesar's.
  4. Cicero, De Fato I
  5. Suetonius, Augustus 68, translated by John Carew Rolfe.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მარკუს ანტონიუსი, გაიუს იულიუს კეისარი და პუბლიუს კორნელიუს დოლაბელა (სუფექტი)
რომის რესპუბლიკის კონსული
გაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსთან ერთად
ძვ. წ. 43
შემდეგი:
გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანუსი და კვინტუს პედიუსი