აბრაჰამ მასლოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბრაჰამ მასლოუ
ინგლ. Abraham Maslow
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1908(1908-04-01)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ[6]
გარდ. თარიღი 8 ივნისი, 1970(1970-06-08)[1] [2] [3] [4] [5] (62 წლის)
გარდ. ადგილი მენლო-პარკი[7]
დასაფლავებულია მაუნტ-ობერნის სასაფლაო[8]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი და ფსიქოლოგი
მუშაობის ადგილი ბრანდეისის უნივერსიტეტი[9] და ბრუკლინის კოლეჯი[9]
ალმა-მატერი მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი[9] , კორნელის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი და Boys High School
განთქმული მოსწავლეები Steve Andreas
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი[9] , ხელოვნების მაგისტრი[9] და ფილოსოფიის დოქტორი[9]
მეუღლე Bertha Goodman Maslow
ჯილდოები წლის ჰუმანისტი

აბრაჰამ მასლოუ (ინგლ. Abraham Maslow; დ. 1 აპრილი, 1908, ნიუ-იორკი — გ. 8 ივნისი, 1970, მენლო-პარკი, კალიფორნია) — ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი. ფართოდ არის ცნობილი ე.წ. „მასლოუს პირამიდა“, რომელიც ხშირად მასლოუს მიეწერება - დიაგრამა, რომელიც იერარქიულად წარმოადგენს ადამიანის მოთხოვნილებებს, თუმცა კი არცერთ მის პუბლიკაციაში ასეთი სქემა არ გვხვდება; პირიქით, ის თვლიდა, რომ მოთხოვნილებათა იერარქია არ არის ფიქსირებული და უმეტესწილად დამოკიდებულია ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. „მოთხოვნილებათა იერარქია“, შემოტანილი მეცნიერებაში, სავარაუდოდ, მოთხოვნილებათა იერარქიის იდეის გამარტივებული გადმოცემისათვის, პირველად 1970-იანი წლების გერმანულენოვან ლიტერატურაში გვხვდება, მაგალითად, უ. სტოპის სახელმძღვანელოს პირველ გამოცემაში (1975 წელი). მისმა მოდელმა მოთხოვნილებათა იერარქიისა ფართო გავრცელება ჰპოვა ეკონომიკაში, დაიკავა რა მნიშვნელოვანი ადგილი მოტივაციისა და მომხმარებელთა ქცევის თეორიის აგებაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასლოუ ყველაზე უფროსი იყო შვიდ და-ძმას შორის მეკასრე სამუილ მასლოვისა და როზა შილოვსკაიას ოჯახში, რომლებიც XX დასაწყისში კიევის გუბერნიიდან აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. ის ბრუკლინის ებრაულ რაიონში დაიბადა. ძნელია მის ბავშვობას უდარდელი დაარქვა. მამა, რომელიც მეკასრედ მუშაობდა, დიდი ხნით დაიკარგებოდა ხოლმე სახლიდან, დედას - უამრავ ცრურწმენასთან ერთად - ხისტი ხასიათი ჰქონდა. მშობლებს შორის ხშირი იყო კონფლიქტები. როცა აბრაჰამი ცხრა წლის იყო, ოჯახი ებრაული რაიონიდან სხვა, არაებრაულ რაიონში გადავიდა და რადგანაც მას მკვეთრად გამოხატული ებრაული გარეგნობა ჰქონდა, სწრაფად შეიტყო, თუ რა არის ანტისემიტიზმი. ის იყო განმარტოებული, თავის თავში ჩაკეტილი და დათრგუნვილი ახალგაზრდა კაცი.

გასაკვირია, რომ მას შემდეგ, რაც მე გადავიტანე ბავშვობაში, ფსიქიკურად დაავადებული არა ვარ. მე ვიყავი პატარა ებრაელი ბიჭუნა არაებრაულ გარემოცვაში. რაღაცა პირველი ზანგის მაგვარი სკოლაში, სადაც მხოლოდ თეთრები სწავლობენ. მე მარტოხელა და უბედური ვიყავი. გავიზარდე ბიბლიოთეკაში, წიგნებს შორის - უმეგობრებოდ.

მასლოუ სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე იყო. 1926 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მამის რჩევით ნიუ-იორკის სითი-კოლეჯში შევიდა, მაგრამ პირველი კურსიც არ დაუმთავრებია. ფსიქოლოგიას ის კორნელის უნივერსიტეტში გაეცნო (Cornell University, Ithaca), სადაც ფსიქოლოგიის პროფესორი ე. ბ. ტიტჩენერი იყო. 1928 წელს მასლოუ სასწავლებლად მადისონში, უისკონსინის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი პრიმატების ცნობილი მკვლევარი ჰარი ჰარლოუ გახდა. იმავე წელს მან თავის ბიძაშვილ ბერტაზე იქორწინა, რომელიც მას ბავშვობიდან უყვარდა. უისკონსინის უნივერსიტეტში იგი გახდა ბაკალავრი (1930), მაგისტრი (1931) და მეცნიერებათა დოქტორი (1934). მასლოუმ კლასიკური ბიჰევიორისტული განათლება მიიღო და მისი პირველი ნაშრომი, რომელიც მას ბრწყინვალე მომავალს უქადდა, ეძღვნებოდა სექსუალურობისა და სოციალური ქცევის ურთიერთკავშირს პრიმატებთან. 1934 წელს მან მუშაობა დაიწყო კოლუმბიის უნივერსიტეტში ცნობილ ბიჰევიორისტთან, სწავლების საკითხების თეორეტიკოს ედვარდ თორნდაიკთან ასისტენტ-მკვლევარად. თავდაპირველად მასლოუც ბიჰევიორისტული მიდგომის მომხრე იყო, ქედს იხრიდა ჯონ. ბ. უოტსონის ტალანტის წინაშე, მაგრამ თანდათანობით სხვა იდეებსაც ეზიარა.

სწორედ უოტსონის შესანიშნავმა პროგრამამ მომიყვანა ფსიქოლოგიაში. მაგრამ მისი საბედისწერო სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ იგი კარგია მხოლოდ ლაბორატორიისათვის და ლაბორატორიაში, იგი შეიძლება ჩაიცვა და გაიხადო როგორც ლაბორატორიული ხალათი... ის არ ქმნის წარმოდგენას ადამიანის შესახებ, სიცოცხლის ფილოსოფიას, ადამიანის ბუნების კონცეპციას. ის არ ქმნის ორიენტირებს სიცოცხლისათვის, ღირებულებებისათვის, არჩევანისათვის. ეს არის მხოლოდ მონაცემთა შეგროვების ხერხი ქცევის შესახებ, იმის შესახებ, რაც თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, შეიგრძნოთ და აღიქვათ გრძნობათა ორგანოების საშუალებით.

1937 წელს მასლოუმ მიიღო მიწვევა ბრუკლინის კოლეჯის პროფესორის თანამდებობაზე, სადაც ის 14 წელი მუშაობდა. ამ პერიოდში დაუახლოვდა იგი ყველაზე უფრო სახელგანთქმულ ევროპელ ფსიქოლოგებს, რომლებმაც აშშ-ს შეაფარეს თავი ნაცისტურ დევნას. მათ შორის იყვნენ ალფრედ ადლერი, ერიხ ფრომი, კარენ ჰორნი, მარგარეტ მიდი, აგრეთვე გეშტალტფსიქოლოგიის დამფუძნებელი მაქს ვერთჰაიმერი და ანთროპოლოგი რუთ ბენედიქტი. ეს ორი მეცნიერი იქცა მასლოუს არა მხოლოდ მასწავლებლად და მეგობრად, არამედ იმ ადამიანებადაც, რომელთა ძალისხმევითაც გაჩნდა თვითაქტუალიზირებადი პიროვნებების კვლევის იდეა.

თვითაქტუალიზაციის ჩემეული კვლევები არ იყო ჩაფიქრებული კვლევებად და იწყებოდნენ არა როგორც კვლევები. ეს იყო ახალგაზრდა მოაზროვნე კაცის ცდები გაეგო თავისი ორი მასწავლებლისათვის - არაჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რომლებიც მას უყვარდა და რომლებიც მასში აღფრთოვანებას იწვევდნენ. ეს იყო თავისებური თაყვანისცემა უმაღლესი ინტელექტისა. ჩემთვის არ იყო საკმარისი მათი გაღმერთება, მე ვცდილობდი გამეგო ამ ორი ადამიანის განსხვავების მიზეზი უბრალო ადამიანებისაგან, რომლებითაც სავსეა ქვეყანა. ეს მეგობარი-მასწავლებელი რუთ ბენედიქტი და მაქს ვერთჰაიმერი იყვნენ.

მასლოუს პირველმა ცდებმა თავისი ახალი იდეების გასაჯაროებისა ამერიკულ ფსიქოლოგიურ საზოგადოებაში, სადაც ბიჰევიორისტები ბატონობდნენ, უარყოფითი რეაქცია გამოიწვიეს. მასთან კონტაქტებს კოლეგებიც კი ერიდებოდნენ მისივე ფაკულტეტიდან; წამყვანი ფსიქოლოგიური ჟურნალები უარს ამბობდნენ მისი შრომების პუბლიკაციაზე. 1951 წელს მასლოუ გახდა პირველი დეკანი ახლად შექმნილი ბრანდეისის უნივერსიტეტისა, სადაც მან 1969 წლამდე იმუშავა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მისი იდეების აღიარება და ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა ჰუმანისტური ფსიქოლოგია. 60-იან წლებში მასლოუ უკვე პოპულარული ხდება, ხოლო 1967 წელს იგი აირჩიეს ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტად, რამაც თვით მისი გაკვირვებას იწვევდა.

დაუფარავად უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი იმის თაობაზე, რომ ჰუმანისტური ტენდენცია ფსიქოლოგიაში რევოლუციაა ამ სიტყვის ნამდვილი, თავდაპირველი აზრით, - იმავე აზრით, რა აზრითაც მოახდინეს რევოლუციები გალილეიმ, დარვინმა, აინშტაინმა და მარქსმა, მაშასადამე, გადატრიალება აღქმისა და აზროვნების წესში, ადამიანისა და საზოგადოების შესახებ წარმოდგენებში, ეთიკისა და ღირებულებების კონცეპციებში, პროგრესისათვის საჭირო ორიენტირებში.

ა. მასლოუ უეცრად გარდაიცვალა მიოკარდის მწვავე ინფარქტისაგან 62 წლის ასაკში.
მასლოუს და - ანთროპოლოგი და ეთნოგრაფი რუთ მასლოუ ლუისი (1916 – 2008), იყო ანთროპოლოგ ოსკარ ლუისის მეუღლე.

მასლოუს მეცნიერული შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი სტატია: თვითაქტუალიზაცია ძირითადი სტატია: მოთხოვნილებათა პირამიდა მასლოუს მიხედვით მასლოუ იყო ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც დაიწყო ადამიანის ქცევის დადებითი მხარეების შესწავლა. მასლოუს მიერ ჩატარებულმა თვითაქტუალიზირებადი პიროვნებების კვლევამ შესაძლებელი გახადა ადამიანის ბუნებაზე პოზიტიური, ჰუმანისტური შეხედულების ჩამოყალიბება. თუკი ადრე ფსიქოლოგია, განსაკუთრებით კი ფსიქოანალიზი, სწავლობდა ადამიანებს სხვადასხვა ფსიქიკური გადახვევებით და ამის საფუძველზე ქმნიდა პიროვნების თეორიებს, მასლოუმ ეტალონად ჩათვალა ჯანმრთელი და რეალიზებული ადამიანები და შედეგად მიიღო ახალი მონაცემები ადამიანის ბუნების შესახებ. ბიჰევიორიზმი და ფსიქოანალიზი, ანუ დეფიციტარული ფსიქოლოგიები, როგორც მათ მასლოუ უწოდებდა, გვერდს უხვევდნენ ადამიანის თვითგამოვლენის ბევრ კულტურულ, სოციალურ, და ინდივიდუალურ ასპექტს, ისეთებს, როგორებიცაა კრეატიულობა, სიყვარული, ალტრუიზმი და სხვა. ყოფიერებითი ფსიქოლოგიისათვის, რომელიც მასლოუმ შემოგვთავაზა, ადამიანის სწორედ ეს გამოვლინებები წარმოადგენდნენ განსაკუთრებული ინტერესის საგანს. მასლოუს ყველაზე ცნობილი თეორია მოტივაციის თეორიაა, დაფუძნებული მოთხოვნილებათა იერარქიის მოდელზე. უმაღლესი მოთხოვნილება, რომელიც ადამიანს უბიძგებს თავისი შესაძლებლობებისა და ტალანტების გაშლისაკენ, მასლოუს აზრით, თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებაა. შესაძლებელია გამოიყოს ამ თეორიის განვითარების სამი ეტაპი. პირველ ეტაპზე მასლოუ უკუაგდებს მოთხოვნილებათა ხისტ იერარქიას მოტივების ერთობლიობას ორ ჯგუფად წარმოადგენს: დეფიციტარულ და ყოფიერებით მოთხოვნილებებად. პირველი ჯგუფი მიმართულია დეფიციტის შევსებაზე, როგორც, მაგალითად საკვების ან ძილის მოთხოვნილება. ეს გარდაუვალი მოთხოვნილებებია, რომლებიც ადამიანის არსებობას უზრუნველყოფენ. მოტივების მეორე ჯგუფი განვითარებას ემსახურება - ეს ყოფიერებითი მოტივებია; ისინი წარმოიქმნებიან არა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის, არამედ სიამოვნების მიღებისათვის, კმაყოფილებისათვის, უფრო მაღალი (შედარებით პირველი ჯგუფის მოტივებთან) მიზნების ძებნისა და მიღწევისათვის. მესამე ეტაპზე მასლოუს თეორიაში მეტამოტივაციისა და მეტამოთხოვნილების ცნებები ჩნდებიან, რომლებიც დაკავშირებული არიან ადამიანის ყოფიერებით ღირებულებებთან: ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება და სხვა. ეს ყოპიერებითი ადამიანს სეიძლება გაეხსნას, მოევლინოს ეგრეთ წოდებულ „პიკ-განცდებში“ (peak-experience), რომლებიც წარმოადგენენ ცდა-განცდას აღფრთოვანების, ესთეტიკური ტკბობის და ძლიერი დადებითი ემოციებისა. განავითარა რა ეს იდეები, მასლოუ მივიდა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის შეზღუდულობის გაცნობიერებამდე და მონაწილეობს ახალი, „მეოთხე ძალის“ შექმნაში, რომელიც ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის სახელით არის ცნობილი. მასლოუს იდეებს დიდი ყურადღებით ეკიდებოდნენ როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც. ეს უკანასკნელნი ამტკიცებდნენ, რომ კვლევის ნაკრებები ძალზე მცირე იყო ასეთი განზოგადოებების გასაკეთებლად. მასლოუს მისამართით განსაკუთრებით მძაფრი კრიტიკა გაისმა თვითაქტუალიზირებადი პიროვნებების შერჩევის კრიტერიუმების სუბიექტურობასთან და მის თეორიებში სოციალური ფაქტორების, გარემომცველი კონტექსტების განხილვის არარსებობასთან დაკავშირებით. მასლოუს დიაგრამა გვიჩვენებს, თუ როგორი თანმიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს (საშუალოდ). თუმცა კი დიაგრამა სტატისტიკურად მართებულია, არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ადამიანისათვის აღიარების მოთხოვნილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარულის მოთხოვნილება.

მასლოუს პირამიდა

მასლოუ თვლიდა, რომ ყველა თვითაქტუალიზირებად ადამიანს საერთო დამახასიათებელი თვისებები გააჩნია:

  1. რეალობის აღმატებულად ეფექტიანი აღქმა და მასთან უფრო ხელსაყრელი ურთიერთობა.
  2. მიღება, თავსებადობა (საკუთარ თავთან, სხვებთან, ბუნებასთან).
  3. უშუალობა; უბრალოება; ბუნებრივობა.
  4. კონცენტრირება პრობლემაზე (ეგო-ცენტრირების საწინააღმდეგოდ).
  5. განცალკევების უნარი; განმარტოების მოთხოვნილება.
  6. ავტონომია; გარემოცვის კულტურული შტამპებისაგან დამოუკიდებლობა.
  7. აღქმის სიახლის მუდმივობა.
  8. მისტიკური და უმაღლე ცდა.
  9. სხვებთან ერთობის გრძნობა (გერ. Gemeinschaftsgefühl)
  10. აღმატებული სიღრმისა და წვდომის ურთიერთობები.
  11. დემოკრატიულობა.
  12. უნარი მიზნისა და საშუალებების, კარგისა და ცუდის ერთმანეთისაგან გარჩევისა.
  13. ფილოსოფიური, უბოროტო, კეთილგანწყობილი იუმორი.
  14. კრეატიულობა.
  15. კულტურული ზემოქმედების მიმართ წინააღმდეგობა; ნებისმიერი კონკრეტული კულტურის მიღმა ყოფნა.

ასეთი თვითაქტუალიზირებადი პიროვნებები, მასლოუს აზრით, იყვნენ აბრაჰამ ლინკოლნი, თომას ჯეფერსონი, ალბერტ აინშტაინი, ელეონორა რუზველტი, ჯეინ ადამსი, უილიამ ჯემსი, ალბერტ შვაიცერი, ოლდოს ჰაქსლი და ბარუხ სპინოზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]