აბდალა იაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბდალა იაფი (არაბ. ‏عبد الله عارف اليافي; დ. 7 სექტემბერი, 1901, ბეირუთი, ოსმალეთის იმპერია — გ. 4 ნოემბერი, 1986, ბეირუთი, ლიბანი) — ლიბანელი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის შვიდგზის (1938-1939, 1951-1952, 1952, 1953-1954, 1956, 1966, 1968-1969 წწ.) პრემიერ-მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სუნიტი მუსულმანების ოჯახში. დაამთავრა ბეირუთის წმინდა იაკობის უნივერსიტეტთან არსებული იეზუიტების კოლეჯი. 1926 წელს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი სამართლის საკითხებში, მისი თემა იყო „ქალების სამართლებრივი სტატუსი ისლამურ კანონმდებლობაში“ და გახდა პრესტიჟული უნივერსიტეტის პირველი არაბი დოქტორანტი. იყო არაბი სტუდენტების ასოციაციის პრეზიდენტი, აქტიურად ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის მანდატს ლიბანში, რის გამოც დაპატიმრეს, მაგრამ გაათავისუფლეს რამდენიმე დღეში. 1926 წლიდან მუშაობდა ადვოკატად, ასვე როგორც ჟურნალისტად.

1937წელს აირჩიეს ბეირუთის საქალაქო საბჭოში. 1938-1939 წლებში პრემიერ-მინისტრია, პარალელურად უჭირავს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაც საფრანგეთის მანდატის ქვეშ მყოფი ლიბანის მთავრობაში. 1943 წელს უბრუნდება ბეირუთის საქალაქო საბჭოს. 1944 წელს იყო ლიბანის დელეგაციის წევრი არაბული ქვეყნების ლიგის მოსამზადებელ კონფერენციაზე. ასევე ესწრებოდა სან-ფრანცისკოს კონფერენციას რომელზეც ოფიციალურად ჩამოყალიბდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 1946-1947 წლებში იუსტიციის მინისტრია. 1951-1952 წლებში და 1952 წლის სექტემბერში ლიბანის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრია. 1953-1954 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გარდა უჭირავს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ინფორმაციისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობები. 1956 წლის მარტ-ნოემბერში კვლავ პრემიერ-მინისტრია. თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ქამილ შამუნმა ეგვიპტეში ინგლისურ-ფრანგულ-ებრაული ინტერვენციის დროს უარი თქვა გაეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან.

1957 წლიდან აქტიური წევრია „ეროვნული ერთიანობის ფრონტისა“, რომლის მოქმედებებმაც გამოიწვია პრეზიდენტ ქამილ შამუნის გადადგომა. ამის შემდეგ 1965 წლამდე ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ შემდეგ დანიშნეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე.

1966 წლის აპრილ-დეკემბერში ლიბანის პრემიერ-მინისტრია და ამავდროულად შინაგან საქმეთა, ინფორმაციისა და დაგეგმარების მინისტრი. მოსახლეობას დაპირდა გაეტარებინა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალების გამო იძულებული იყო გადამდგარიყო.

1966-1968 წლებში ფინანსთა მინისტრია. 1968-1969 წლებში ბოლო ვადითაა პრემიერ-მინისტრი და ამავდროულად შინაგან საქმეთა, ინფორმაციის, განათლების, სოციალური საკითხების, თავდაცვისა და დაგეგმარების მინსისტრია. გადადგა ტანამდებობიდან, მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ 1968 წელს ხელში ჩაიგდო ბეირუთის აეროპორტი.

1974 წელს პრეზიდენტმა სულეიმან ფრანჟიემ შესთავაზა კიდევ ერთხელ ჩამოეყალიბებინა მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ აბდალა იაფისაგან უარი მიიღო.

აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებების დაცვისათვის. 1952 წელს მისმა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ქალებისათვის 21 წლის ასაკიდან საარჩევნო უფლებების მინიჭებას, მათთვის დაწყებითი განათლების მიღების აუცილებლობას. რამდენიმე თვის შემდეგ ეს კანონი მიიღო პარლამენტმა. გარდა ამისა ცნობილი იყო, როგორც პრინციპული მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ.

გარდაიცვალა 1986 წლის 4 ნოემბერს ალცჰაიმერის დაავადების შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lothar Rathmann: Geschichte der Araber - Von den Anfängen bis zur Gegenwart, Band 6 (Der Kampf um den Entwicklungsweg in der arabischen Welt). Akademie-Verlag Berlin 1983
  • Gustav Fochler-Hauke: Der Fischer Weltalmanach 1967. Frankfurt am Main 1966
  • The International Who's Who 1988-89, Seite 1650. Fifty-Second Edition. Europa Publications Limited 1988 London