Yesterday (The Beatles-ის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ Yesterday.
„Yesterday“
სინგლიThe Beatles
ალბომიდან Help!
B-მხარე „Act Naturally“
გამოსვლის თარიღი 13 სექტემბერი, 1965 (აშშ)
ჩაიწერა 14 ივნისი 1965
EMI-ს სტუდიები,
ლონდონი
ჟანრი ბაროკო-პოპი[1]
ხანგრძლივობა 2:03
ხმისჩამწერი ლეიბლი Capitol
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles-ის ამერიკული სინგლების ქრონოლოგია
„Help!“
(1965)
Yesterday
(1965)
„We Can Work It Out“ / „Day Tripper“
(1965)
The Beatles-ის ბრიტანული სინგლების — ქრონოლოგია
„Let It Be“
(1970)
Yesterday „Back in the U.S.S.R.“
(1976)
აუდიომაგალითი
Yesterday
Help! — სიმღერების სია

Yesterday“ — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი სიმღერა, რომელიც შესულია ჯგუფ The Beatles-ის მიერ 1965 წელს გამოშვებულ ალბომში Help!. სიმღერის ავტორებად მითითებულები არიან ლენონი–მაკ-კარტნი. „Yesterday“, b-მხარით „Act Naturally“, სინგლის სახით აშშ-ში 1965 წლის სექტემბერში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ჩარტის სათავეში მოექცა, ბრიტანეთშიც წარმატება იქონია, ოღონდ – მეტ მონროს მიერ შესრულებული ვერსიის სახით. იგი აგრეთვე გამოვიდა 1966 წელს, ამავე სახელწოდების EP-ზე და იმავე წლის ივნისში, ამერიკულ ალბომზე Yesterday and Today.

პირველად თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, ამ სიმღერაში გამოყენებულია სიმებიანი ორკესტრის კვარტეტი. მათ ახლავს მხოლოდ მაკ-კარტნის ვოკალი და აკუსტიკური გიტარა. სიმღერა დღესაც პოპულარულია. ცნობილია, რომ არსებობს მისი 2200 ვერსიაზე მეტი[2], შესრულებული სხვა მუსიკოსების მიერ. ამრიგად, იგი მსოფლიოში ინტერპრეტაციების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე სიმღერაა.[შენ. 1]

1999 წელს BBC Radio 2-ს მიერ ექსპერტებს და მსმენელებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში „Yesterday“ დასახელდა XX საუკუნის საუკეთესო სიმღერად. MTV-მ და ჟურნალმა Rolling Stone იგი შემდეგ წელს ყველა დროის #1 პოპულარულ სიმღერად დაასახელეს. 1997 წელს სიმღერა შეიტანეს გრემის დიდების დარბაზში. Broadcast Music Incorporated აღნიშნავს, რომ XX საუკუნის განმავლობაში მისი შესრულებების რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა.[4]

„Yesterday“ არის მელანქოლიური ბალადა ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ. შემსრულებელი დასტირის წარსულ დღეს, როდესაც ის და მისი შეყვარებული ჯერ ერთად იყვნენ, სანამ უკანასკნელი მისი მისამართით ნათქვამი სიტყვების გამო მიატოვებდა. მაკ-კარტნი არის ჯგუფის ერთადერთი წევრი, რომელიც ამ სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდა. უკანასკნელი ვერსია The Beatles-ის სიმღერებისგან იმდენად განსხვავდებოდა, რომ ჯგუფის სხვა წევრების ძალისხმევით, იგი ბრიტანეთში სინგლის სახით არასოდეს გამოცემულა. მიუხედავად ამისა, სხვა შემსრულებლებმა მისი საკუთარი ვერსიები იმავე წელს ჩაწერეს. სიმღერა სინგლზე პირველად აშშ-ში გამოვიდა, 1965 წლის სექტემბერში, ხოლო ბრიტანეთში – 1976 წელს.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკ-კარტნის და ჯგუფის ბიოგრაფების თანახმად, პოლმა მელოდია მოისმინა საკუთარ სიზმარში, როდესაც უიმპოლ სტრიტზე, თავისი შეყვარებულის, ჯეინ ეშერის სახლში სტუმრად იყო.[5] გაღვიძების შემდეგ იგი მივარდა პიანინოსთან და მელოდია სწრაფად დაუკრა, რათა არ დაევიწყებინა.[6] თავდაპირველად პოლი დარწმუნებული იყო, რომ რომელიმე ცნობილი ნამუშევრის მელოდია ააწყო. „ერთი თვის განმავლობაში მუსიკასთან დაკავშირებული პიროვნებები მოვიარე და ვეკითხებოდი, ჰქონდათ თუ არა მანამდე მოსმენილი. ბოლოს, ისე გამოიყურებოდა, თითქოს პოლიციას ანგარიშს ვაბარებდი. ვიფიქრე, რომ, ვინაიდან იგი ვერავინ იცნო, რამდენიმე კვირაში თავად გამოვიყენებდი.“[6]

დარწმუნდა რა, რომ მელოდია ორიგინალური იყო, პოლმა სცადა შესაბამისი ტექსტის შექმნა. მისი და ლენონის ტრადიციისამებრ, დაწერა დროებითი ტექსტი, რომელსაც „Scrambled Eggs“ (ქართ. ათქვეფილი კვერცხები) ეწოდებოდა. სამუშაო ვერსიაში პირველი სტრიქონები ასე ჟღერდა - „Scrambled eggs/Oh my baby how I love your legs/Not as much as I love scrambled eggs“ (ქართ. „ათქვეფილი კვერცხები, ო, საყვარელო, როგორც მომწონს შენი ფეხები, ოღონდ არა ისე, როგორც ათქვეფილი კვერცხები“). ავტობიოგრაფიაში Paul McCartney: Many Years from Now პოლი იხსენებს: „თავდაპირველად მელოდია მოვასმენინე. ყველა მეუბნებოდა - არა, ლამაზია, დარწმუნებული ვარ, შენი გამოგონილია. დრო დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი ავტორობა მიმენიჭებინა...ტექსტი არ ჰქონდა, მას „Scrambled Eggs“-ს ვუწოდებდი.“[7] ორიგინალურ ვერსიაში ფრაზირება და მუსიკა ერთად ჟღერდა.

ფილმის „მიშველე!“ გადაღებისას ერთ-ერთ გადასაღებ მოედანზე იდგა პიანინო. მაკ-კარტნი ერთხელ მას მიუჯდა და სიმღერას დაუბრუნდა. რიჩარდ ლესტერისთვის თავდაპირველად ამის მოთმენა შეუძლებელი იყო - მან პოლს უბრძანა, დაესრულებინა სიმღერა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი საკრავს პავილიონიდან მოაშორებდა.[8] ჯორჯ ჰარისონის მოთმინების ფიალაც აივსო - იგი ამბობდა: „სულ ამ სიმღერაზე საუბრობს. გეგონება, ბეთჰოვენი იყო ან ვინმე ეგეთი!“.[9]

მაკ-კარტნი თავდაპირველად ამბობდა, რომ „Yesterday“ The Beatles-ის 1964 წლის საფრანგეთის ტურნეს დროს დაწერა, თუმცა 1965 წლის ზაფხულამდე სიმღერა არ გამოცემულა. „Yesterday“-ს ოფიციალურ გამოსვლამდე A Hard Day's Night და Beatles for Sale გამოვიდა - და სიმღერა არც ერთ მათგანში არ შესულა, ამიტომ მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იგი დაუსრულებელი იყო. ვარაუდობენ, რომ სიმღერის ბოლომდე მიყვანა გადაიდო არანჟირების თაობაზე ჯორჯ მარტინის და პოლის უთანხმოების ან იმის გამო, რომ ჯგუფი თვლიდა, რომ იგი არ ჯდებოდა მათ საერთო სტილში.[6]

მოგვიანებით ლენონი ამბობდა:

„სანამ დავასრულებდით, სიმღერა უკვე თვეების განმავლობაში არსებობდა. ყოველთვის, როდესაც ვიკრიბებოდით ხმისჩამწერი სესიისთვის სიმღერების მოსამზადებლად, ესეც იქვე ტრიალებდა. თითქმის მზად იყო. იგი თითქმის მთლიანად პოლმა დაწერა, მაგრამ კარგი სახელწოდება ვერ შევურჩიეთ. „Scrambled Eggs“-ს ვუწოდებდით და ვხუმრობდით ამ თემაზე. ვიცოდით, რომ მას მხოლოდ ერთსიტყვიანი სახელწოდება მოერგებოდა, უბრალოდ კარგი ვერ ვიპოვეთ. ერთ დღეს კი, პოლმა გაიღვიძა და სიმღერაც და სახელწოდებაც მზად იყო. რაღაც მხრივ, ვწუხვარ, რომ ამდენს დავცინოდით“.[10]

მაკ-კარტნი ამბობდა, რომ ყოველივე მაშინ შეიცვალა, როდესაც 1965 წლის მაისში პორტუგალიაში იმყოფებოდა:

„მახსოვს, როგორ ვღიღინებდი მელოდიას და მოულოდნელად ეს სამსიტყვიანი შესავალი მოვიფიქრე. დავიწყე ამ იდეის განვითარება ...da-da da, yes-ter-day, sud-den-ly, fun-il-ly, mer-il-ly, შემდეგ Yes-ter-day, კარგი ჩანს. მარტივია ამ a-ების გარითმვა: say, nay, today, away, play, stay, ბევრი რითმი არის, რომელიც მარტივად ჯდება, ასე რომ, საბოლოოდ, ამ მოგზაურობის დროს შევადგინე. Sud-den-ly, შემდეგ ისევ b, კიდევ ერთი რითმი - e, me, tree, flea, we და ასე ჩამოყალიბდა საწყისი.“[11]

1965 წლის 27 მაისს მაკ-კარტნი და ეშერი ალბუფეირაში დასასვენებლად ჩავიდნენ. იქ პოლმა ბრიუს უელჩისგან (რომელსაც სტუმრობდნენ) ითხოვა აკუსტიკური გიტარა და დაასრულა მუშაობა „Yesterday“-ის კომპოზიციურ მხარეზე[12]. დემოვერსია კრის ფარლოუსაც მოასმენინეს, მაგრამ მან არ ისურვა საკუთარი ვერსიის ჩაწერა - მისი აზრით, იგი ზედმეტად „ნაზი“ ჩანდა.[13]

1967 წლის მარტში, ბრაიან მეთიუსთან ინტერვიუს დროს პოლმა აღნიშნა, რომ სწორედ ლენონმა მოიფიქრა სიტყვა, რომელიც „scrambled eggs“-ს ჩაანაცვლებდა - „Yesterday“.[14]

ბრაიანი: გვიამბეთ „Yesterday“-ს შექმნის ისტორია.

ჯონი: მოკლედ, მე ჯონი ვარ და გეუბნებით, ამის შესახებ არაფერი ვიცი. პოლი გიპასუხებთ.

პოლი (იცინის): მე პოლი ვარ. ყველაფერი მოხდა კორსიკაზე, ვილაში. ძველ გიტარაზე დაკვრისას გავიფიქრე „Scrambled Egg“. მაგრამ ვერა და ვერ დავასრულე და საბოლოოდ, უკან წავიღე. აღმოსავლური უძველესი სიბრძნის გამოყენებით, ჯონმა მოიფიქრა [მღერის] „Yesterday“.

მსგავსება სხვა სიმღერებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს იენ ჰემონდმა ივარაუდა, რომ მაკ-კარტნიმ სიმღერა ქვეცნობიერად დაწერა რეი ჩარლზის მიერ შესრულებული ჰოგი კარმაიკლის „Georgia on My Mind“-ის შთაგონებით. თუმცა, სტატიის ბოლოს, იგი წერდა, რომ მიუხედავად მსგავსებებისას, „Yesterday“ არის „მთლიანად ორიგინალური და ინდივიდუალური [ნამუშევარი].“[10]

2003 წლის ივლისში ბრიტანელმა მუსიკის მკვლევარებმა აღმოაჩინეს „Yesterday“-ს და ნატ კინგ კოულის და ფრენკი ლეინის „Answer Me, My Love“-ს შორის რითმების მსგავსებები. მეორე შექმნილია გერჰარდ ვინკლერის და ფრედ რაუხის გერმანული სიმღერის „Mütterlein“ მიხედვით. 1953 წელს იგი იყო ლეინის #1 ჰიტი ბრიტანეთის ჩარტებში - როგორც „Answer Me, O Lord“. ამის გამო ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ სიმღერამ შთააგონა პოლი. თუმცა, მისმა პრეს-აგენტებმა უარყვეს მსგავსი ვარაუდები.[15]

კომპოზიცია და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტად მარტივი, მხოლოდ მაკ-კარტნის ვოკალის და Epiphone Texan-ის აკუსტიკურ გიტარაზე[16] შესრულებული „Yesterday“, პირველად ჯგუფის ისტორიაში სიმებიანი კვარტეტის გამოყენებით, შეიცავს რიტმით და მელოდიით ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ნაწილს[17].

პირველი არის მელოდია, რომელიც მიჰყვება სტრიქონებს „Yesterday, all my troubles seemed so far away ...“. იგი იწყება F აკორდით (მესამე სიმის გარეშე) და გადადის Em7-ზე[18], რასაც მოჰყვება ჯერ A7, შემდეგ - D-მინორი.[19] ამ მხრივ, პირველი აკორდი ერთგვარი მატყუარაა. როგორც მუსიკათმცოდნე ალან უ. პოლაკი აღნიშნავს, პირველი აკორდის ჟღერადობა ხანმოკლეა და იგი პირდაპირ D-ზე გადადის.[19] იგი ხაზს უსვამს, რომ ეს განსხვავება არის კომპოზიციური მეთოდი (რომელსაც ლენონი და მაკ-კარტნი ხშირად იყენებდნენ), რასაც თავად „დაგვიანებულ დაკმაყოფილებას“ უწოდებს.[19]

მეორე სექცია („Why she had to go I don't know ...“) ოფიციალური ნოტების მიხედვით, პოლაკის თქმით, ნაკლებად არის სავსე მოულოდნელობებით. იწყება რა Em7-ით,[18] ჰარმონიული განვითარება სწრაფად გადადის A-მაჟორზე, D-მინორზე და (უფრო ახლოს F-თან) - B-ზე, შემდეგ კი კვლავ F-ს უბრუნდება და ბოლოს მაკ-კარტნი აფერხებს F-ს, რითაც სიმების ნაწილი უბრუნდება ამ აკორდს და პირველი სექციის მელოდიას. ამის შემდეგ ჟღერს ხანმოკლე ღიღინი.[19]

პოლაკი სიმღერის წყობას უწოდებს „შთამბეჭდავს“, ამბობს რა, რომ ეს არის მომენტი, „როდესაც ლენონმა და მაკ-კარტნიმ ალღო აუღეს სტილისტური ჰიბრიდების შექმნას“.[19] იგი, კერძოდ, აღფრთოვანებულია „ირონიული დაძაბულობით, რომელიც სუფევს კვარტეტის მიერ დაკრულ მეტად სენტიმენტალურს და უფრო მსუბუქ და შეზღუდულ გარემოს შორის, რომელშიც იგი სრულდება.“

სიმღერა ძირითადად F-ტონალობაში სრულდება (თუმცა, ვინაიდან პოლს უყვარდა გიტარის ერთი ტონით გადაწყობა, შესაბამისად, იგი მასზე ისე უკრავდა, თითქოს G-ში ყოფილიყო დაწერილი), შემდგე კი D-მინორზე გადადის. სწორედ მინორის ამ ხშირი და ii-V7-ის თანმიმდევრობის გამოყენებით (ამ შემთხვევაში - Em და A7) იქმნება მელანქოლიური გარემო. A7 მეორეხარისხოვანი, კერძოდ, V/vi აკორდის დომინირების მაგალითია. მისამღერის წინ G7 აკორდი ასევე დომინირებს, ამ შემთხვევაში, ეს არის V/V აკორდი, მაგრამ განსხვავებით მანამდე არსებულ მოსალოდნელ აკორდზე გადასვლისგან (სტროფში ეს არის A7-იდან Dm-ზე გადასვლა), მაკ-კარტნი მას მიჰყვება IV აკორდით, B-ით. ასეთი თანმიმდევრობით იქმნება ქრომატული რიგი C–B–B–A, რაც ტექსტს მიჰყვება.

სიმებიანების არანჟირება უფრო მეტად აძლიერებს სევდიან განწყობას. აქ აღსანიშნავია ჩელოზე შესრულებული პარტია, რომელიც აერთიანებს ორ ბრიჯს, განსაკუთრებით - „ბლუზურ“ მეშვიდეს მეორე ბრიჯზე გადასვლისას (E, რომელიც სრულდება ვოკალური ნაწილის „I don't know / she wouldn't say“ შემდეგ) და ალტის კლებად ნოტებში, რაც ბრიჯს ისევ ძირითად სტროფებთან აერთიანებს. მაკ-კარტნი მას ვოკალურად იმეორებს მეორე ბრიჯზე გადასვლისას.[20][19] ალტის ეს ხაზი; „ბლუზური“ ჩელოს ფრაზა; ხმამაღალი A, შეყოვნებული ვიოლინოთი ფინალურ სტროფზე და ვიბრატოს მინიმალური გამოყენება - ყველა ერთად შეადგენს სიმებიანების არანჟირებას, რომელიც უფრო სახასიათოა მაკ-კარტნისთვის და არა ჯორჯ მარტინისთვის.[21]

როდესაც სიმღერა შესრულდა The Ed Sullivan Show-ში, იგი სრულდებოდა F-ტონალობაში. მაკ-კარტნი იყო ჯგუფის ერთადერთი წევრი, რომელიც მას მსმენელების წინაშე უკრავდა. მას ეხმარებოდა სტუდიური ორკესტრი. თუმცა, 1965 და 1966 წლებში ჯგუფი სიმღერას G-ში ასრულებდა.

The Howard Stern Show-ში გამოსვლისას პოლმა ახსენა, რომ ფლობდა სიმღერის ორიგინალურ ტექსტს, რომელიც კონვერტის უკანა მხარეს დაწერა. მოგვიანებით მან შეასრულა ორიგინალური „Scrambled Eggs“ ჯიმი ფელონთან და The Roots-თან ერთად, გადაცემაში Late Night with Jimmy Fallon.[22] საკუთარი ვერსია აგრეთვე ოფიციალურად გამოიცა The Brittles-ის, პაროდიული ჯგუფის მიერ.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა ჩაიწერა ები-როუდის სტუდიებში, 1965 წლის 14 ივნისს, „I'm Down“-ის დასრულების შემდეგ, პოლის 23-ე დაბადების დღემდე ოთხი დღით ადრე. არსებობს თარიღის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები. ყველაზე პოპულარული ვერსიით, მაკ-კარტნიმ ნომერი ჩაიწერა თავად, ჯგუფის სხვა წევრების გარეშე.[23] სხვა წყაროების თანახმად, მან და The Beatles-მა სხვადასხვა საკრავი მოსინჯეს, მათ შორის - დოლი და ორგანი. ამავე წყაროების თანახმად, ჯორჯ მარტინმა The Beatles-ის სხვა წევრებს სთხოვა, მაკ-კარტნისთვის საშუალება მიეცათ, Epiphone Texan-ის აკუსტიკურ გიტარაზე დაეკრა, მოგვიანებით კი სიმებიანი კვარტეტის ჩანაწერი დაამატა. განურჩევლად ამა თუ იმ თეორიისა, პოლის გარდა ჯგუფის არც ერთი წევრი არ უკრავდა.[24][25] ამასთან, საკონცერტო გამოსვლებისას, მას ერთად ასრულებდნენ და, თანაც - G-ტონალობაში, F-ის სანაცვლოდ.

1965 წლის 14 ივნისს მაკ-კარტნიმ „Yesterday“-ს ორი დუბლი დაუკრა.[26][27] დუბლი 2 უფრო მეტად მოეწონათ და სწორედ იგი გამოიყენეს, როგორც ძირითადი. 17 ივნისს პოლმა დამატებითი ვოკალური დუბლი ჩაწერა, ხოლო ორკესტრი დაემატა მეორე დუბლს და გამოიცა სწორედ ეს ვერსია.[27]

დუბლი 1, სიმებიანების გარეშე, მოგვიანებით გამოვიდა Anthology 2-ზე. ამ დუბლში ისმის, რომ მაკ-კარტნი ჰარისონს ესაუბრება აკორდების ცვლილებაზე და შემდეგ ასრულებს ნომერს. ჰარისონი თავად არ უკრავს, მაგრამ აშკარაა, რომ იგი სტუდიაში იმყოფებოდა, ვინაიდან მისი ხმა ჟღერს სესიურ ფირებზე. მეორე დუბლში, პირველისგან განსხვავებით ორი სტრიქონის თანმიმდევრობა შეცვლილია და ჟღერს „There's a shadow hanging over me"/"I'm not half the man I used to be“[28], თუმცა აშკარაა, რომ ამ დუბლში თანმიმდევრობა თავდაპირველად სწორი იყო, ვინაიდან პირველ დუბლში გაისმის პოლის სიცილი საკუთარი შეცდომის გამო.

2006 წელს, Love-ის გამოსვლამდე, ჯორჯ მარტინმა ისაუბრა სიმღერის ჩაწერის შესახებ[29]:

„პოლმა დაუკრა გიტარაზე და პირდაპირ იმღერა, ერთი მიკროფონით გიტარასთან, ერთით – ვოკალზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთის ჟღერადობა მეორეში იჭრება და იწერება ორივე მიკროფონზე. ასე, რომ, იპარება. შემდეგ გადავწყვიტე სიმებიანი კვარტეტის დამატება. მუსიკოსებმა ყურსასმენებით დაკვრაზე უარი თქვეს, ამიტომ რეპროდუქტორებში პოლის ხმა და გიტარა ჩავურთე. ასე მოხდა, რომ მათ ჩანაწერზე პოლი და გიტარა ჟღერს“.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემულია მარკ ლუისონის[26] და იენ მაკდონალდის[30] თანახმად:

  • პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი ვოკალი, აკუსტიკური გიტარა
  • ტონი გილბერტი – ვიოლინო
  • სიდნი საქსი – ვიოლინო
  • კენეთ ესექსი – ალტი
  • პიტერ ჰელინგი/ფრანსისკო გაბარო – ჩელო
  • ჯორჯ მარტინი – პროდიუსერი
  • ნორმან სმითი – ხმის ინჟინერი

Love-ის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოკალის გიტარის მიკროფონზე ჩაწერამ და, პირიქით, გიტარაზე დაკრულის ვოკალისთვის განკუთვნილ მიკროფონზე ასახვამ უფრო მეტი პრობლემა წარმოშვა, როდესაც სიმღერა ალბომისთვის Love მზადდებოდა როგორც მოცულობითი ჟღერადობის ჩანაწერი. გადაწყდა, რომ სიმღერას მაინც შეიტანდნენ. მარტინი ალბომის ანოტაციებში აღნიშნავს:[31]

„Yesterday“-ს ამ შოუში [Love] შეტანაზე აგონია წარმოიშვა. იმდენად ცნობილი სიმღერაა, თავისი დროის სიმბოლო, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით ხომ არ მოუსმენიათ? ორიგინალური სიმებიანი ორკესტრის დამატების ამბავი ცნობილია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენად შეზღუდულები ვიყავით ტექნიკურად, ასე, რომ სიმღერის არშეტანის შანსი დიდი იყო, მაგრამ ასეთ შესანიშნავ ნამუშევარს როგორ გამოვტოვებდით? ჯერ იწყება პოლის გიტარით „Blackbird“-იდან. ახლა ვისმენ და ვხვდები, რომ მისი შეტანა სწორი ნაბიჯი იყო. იმდენად პირდაპირი სიმარტივეა, რომ გულის ყველა სიმს ეხება.

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ში გამოცემიდან 11 წლის შემდეგ EMI-მ „Yesterday“ ბრიტანეთში სინგლზე გამოუშვა.

სიმღერის გამოცემის გამო დავის შესახებ მარტინი ამბობდა:

[Yesterday] ნამდვილად არ იყო The Beatles-ის ჩანაწერი. ბრაიან ეპსტაინს ვესაუბრე ამის შესახებ: „ხომ იცი, ეს არის პოლის სიმღერა ... იქნებ უბრალოდ პოლ მაკ-კარტნი ვუწოდოთოთ. მითხრა: „არა, რა არ უნდა მოხდეს, Beatles-ს ცალ-ცალკე არ ვუთითებთ“.“[32]

ვინაიდან სიმღერა The Beatles-ის სხვა ნაშრომებს არ ჰგავდა და, ასე თუ ისე, სოლოჩანაწერი იყო, ჯგუფმა მისი ბრიტანეთში სინგლზე გამოცემისგან თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, მეტ მონრომ საკუთარი ვარიანტი ჩაწერა, რომელიც იყო პირველი „Yesterday“-ს შემდგომში უამრავი ინტერპრეტაციიდან. სინგლი 1965 წლის შემოდგომაზე მოხვდა ბრიტანეთის ათეულში.[25]

ამასთან, The Beatles-ის გავლენა ამერიკულ ლეიბლ Capitol-ზე არ იყო ისეთივე დიდი, როგორც ბრიტანეთში EMI-ს Parlophone-ზე. სინგლი 1965 წლის 13 სექტემბერს გამოიცა აშშ-ში, b-მხარეზე „Act Naturally“-ს (რინგო სტარის ვოკალით) დამატებით[33]. იგი Billboard Hot 100-ის პირველ პოზიციაზე 9 ოქტომბრიდან მოყოლებული ოთხი კვირის განმავლობაში დარჩა. ჩარტში სიმღერა სულ 11 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და პირველ ხუთ კვირაში მილიონი ასლის სახით გაიყიდა.[34] იმავე წელს სინგლი აგრეთვე იყო #1 სამი კვირის განმავლობაში, ამჯერად - აშშ-ის Cash Box-ის პოპულარული სინგლების ჩარტში.

„Yesterday“ აღსანიშნავია, როგორც ჯგუფისთვის აშშ-ში ზედიზედ გამოცემული #1 სინგლებიდან რიგით მეხუთე, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო[35]. წინა სინგლები იყო „I Feel Fine“, „Eight Days a Week“, „Ticket to Ride“, „Help!“ და „We Can Work It Out“[36]. „Yesterday“-ს შემდეგ შეიცვალა მდგომარეობა იმ მხრივ, თუ ვინ წერდა ჯგუფისთვის სიმღერებს, რომლებმაც შემდგომში ჩარტში პირველი ადგილები დაიკავეს. „Help!“-ამდე ლენონმა ასეთი სულ ხუთი მოამზადა, ხოლო „Yesterday“-თი დაწყებული, პოლმა რვა შექმნა.

1966 წლის 4 მარტს „Yesterday“ ბრიტანეთში გამოვიდა EP-ის სახით. A-მხარეზე აგრეთვე იყო „Act Naturally“ ხოლო B-მხარეზე – „You Like Me Too Much“ და „It's Only Love“. 12 მარტისთვის EP ჩარტში მოხვდა. 26 მარტს იგი #1 იყო და ეს პოზიცია ორი თვის განმავლობაში ეკავა.[34] იმავე წელს „Yesterday“ შევიდა მხოლოდ აშშ-ში გამოსულ Yesterday and Today-ში (ორიგინალურ გარეკანზე გამოტანილი იყო ჯგუფის წევრების ფოტოსურათი, რომელზეც ისინი ყასბებს განასახიერებდნენ).

„Yesterday“/„Act Naturally“ Apple Records-ზე აგრეთვე 1971 წელს გამოიცა - ამრიგად, პირველს A-მხარე ეკავა, მეორეს - B-მხარე, რაც განსხვავდებოდა ორიგინალური, 1965 წლის ვერსიისგან, რომელზეც რინგოს სიმღერა A-ზე იყო, რაც Capitol-ის დოკუმენტებში სწორედ ასე არის აღნიშნული.

ათი წლის შემდეგ, 1976 წლის 8 მარტს, „Yesterday“ Parlophone-მა ბრიტანეთში სინგლზე გამოუშვა, „I Should Have Known Better“-ით b-მხარეზე. იგი 13 მარტს ჩარტში შევიდა და შვიდი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. სინგლის მაქსიმალური პოზიცია #8 იყო (თუმცა, თავად სიმღერა ამ დროისთვის სულ მცირე, ხუთეულებში შესულ სამ ალბომზე იყო წარმოდგენილი და EP-ზეც, რომელიც ჩარტის სათავეებს იკავებდა). ეს გამოცემა გამოჩნდა EMI-სთან, Parlophone-ის მფლობელთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ. ამრიგად, EMI-ს უფლება ჰქონდა, ჯგუფის ჩანაწერები ხელახლა გამოეცათ, შეუზღუდავი რაოდენობით. მან ერთ დღეს გამოუშვა 22 სინგლი, „Yesterday“-ს ჩათვლით. ამას მოჰყვა ექვსის ბრიტანეთის ჩარტში მოხვედრა.[34]

2006 წელს სიმღერის ვერსია შევიდა Love-ში. იგი იწყება აკუსტიკური გიტარით სიმღერიდან „Blackbird“, თუმცა, შემდეგ თავად „Yesterday“ ჟღერს, მაგრამ – ერთი ტონით დაბლა, F-მაჟორში.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Yesterday“ პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ინტერპრეტირებული სიმღერაა. „გინესის მსოფლიო რეკორდებში“ მითითებულია, რომ 1986 წლის იანვრისთვის არსებობდა მისი 1600-ზე მეტი ვერსია[2] მას შემდეგ, რაც 1990-იანებში რადიოსადგურების ნაწილი გადავიდა კომერციულ ჩანაწერებზე აგებულ გადაცემებზე, არქივში დაგროვდა სიმღერის 500-მდე ვარიანტი[37].

„Yesterday“ აივორ ნოველოს ორი ჯილდოს მფლობელია – 1965 წლის გამორჩეული სიმღერისთვის და წლის ყველაზე ხშირად შესრულებული სიმღერისთვის (მას კონკურენციას კვლავ ლენონის და მაკ-კარტნის „Michelle“ უწევდა). წლების შემდეგ სიმღერა ასევე აღიარებული იქნა სხვადასხვა გამოცემის თუ ავტორის მიერ. Rolling Stone-ის სიაში „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“ (2004) მან #13 ადგილი დაიკავა[38] და მეოთხე - ამავე გამოცემის „The Beatles-ის 100 უდიდეს სიმღერაში“ (2010).[39][40] 1999 წელს Broadcast Music Incorporated-მა (BMI) „Yesterday“ დაასახელა ამერიკულ რადიოეთერსა და ტელევიზიაში ყველაზე ხშირად შესრულებული სიმღერების სიის მესამე ადგილზე - დაახლოებით შვიდი მილიონი შესრულებით. „Yesterday“-ს წინ მხოლოდ The Association-ის „Never My Love“ და The Righteous Brothers-ის „You've Lost That Lovin' Feelin'“ უსწრებდნენ.[41] 1999 წელს, BBC Radio 2-ის გამოკითხვაში მან ადგილი მეოცე საუკუნის საუკეთესო სიმღერის სათავეში დაიკავა.[42]

სიმღერა 1997 წელს შეიტანეს გრემის დიდების დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ 1966 იგი იყო ნომინირებული გრემიზე, როგორც წლის სიმღერა, გაიმარჯვა ტონი ბენეტის „The Shadow of Your Smile“-მა[43][44]

ერთ-ერთ ინტერვიუში ჩაკ ბერიმ, მაკ-კარტნისადმი პატივისცემის ნიშნად ახსენა, რომ ისურვებდა, „Yesterday“ მის მიერ დაწერილიყო.[45] თუმცა, გარდა დადებითი შეფასებებისა, სიმღერას უარყოფითიც ხვდა წილად. მაგალითად, ზოგიერთი მას „საზიზღარსაც“ უწოდებდა. თავისი უარყოფითი პოზიცია ბობ დილანმაც დააფიქსირა: „...აბა, შედით კონგრესის ბიბლიოთეკაში და მასზე ბევრად უკეთესს იპოვით. არის მილიონობით სიმღერა, „Michelle“-ის და „Yesterday“-ს მსგავსი, დაწერილი ამერიკაში“. ამასთან, „Yesterday“-ს საკუთარი ვერსია დილანმა ამ ინტერვიუდან სულ ოთხი წლის შემდეგ ჩაწერა - მაგრამ ვერსია ოფიციალურად არ გამოცემულა.[24]

1980 წელს, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, ლენონი ამბობდა: „მართალია, ტექსტი უაზროა, მაინც კარგია. მაინც უხდება, გესმით? კარგია, ოღონდ, თუკი მთელ სიმღერას გადახედავთ, აზრს კარგავს“. იგი აგრეთვე ამბობდა: „...მშვენიერია და არასოდეს მქონია სურვილი, მე ვყოფილიყავი მისი ავტორი“.[46] საკუთარ სიმღერაში „How Do You Sleep?“, ალბომიდან Imagine იგი „Yesterday“-ს სიტყვების თამაშით ახსენებს, როდესაც მაკ-კარტნის სარკაზმით მიმართავს: „The only thing you done was yesterday, but since you've gone you're just another day“ (ქართ. შენი ერთადერთი კარგი რამ გუშინ გააკეთე, მაგრამ აღარ ხარ და მხოლოდ მორიგი დღე ხარ) - აქ იგი აგრეთვე უთითებს თავად პოლის სოლოსიმღერაზე „Another Day“.

2012 წელს BBC-მ გამოაცხადა, რომ „Yesterday“ კვლავ იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული სიმღერების სიაში მეოთხე - მისი გაყიდვიდან შემოსავლების მხრივ, რაც 19.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღემატებოდა[47]

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლი სიმღერას საკუთარ კონცერტებზე ასრულებდა Wings-ის Wings Over the World-იდან მოყოლებული. საკონცერტო ვერსიები შესულია ალბომებში Wings over America, Tripping the Live Fantastic, Back in the U.S., Back in the World Live, Good Evening New York City და ვიდეოში Paul Is Live. მაკ-კარტნი სიმღერას ასრულებდა სხვა კონცერტებზეც.

გრემის 2006 წლის დაჯილდოებაზე პოლმა „Yesterday“ შეასრულა ლინკინ პარკთან და ჯეი-ზისთან ერთად, სიმღერასთან „Numb/Encore“ აღრევით.

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „გინესის მსოფლიო რეკორდებმა“ ერთ დროს დაასახელეს, რომ არსებობდა „Yesterday“-ს 2200-ზე მეტი ვერსია. თუმცა, „Summertime“, არია, ჯორჯ გერშვინის მიერ დაწერილი ოპერიდან „პორგი და ბესი“ სინამდვილეში არსებობს 30 000 სხვადასხვა ინტერპრეტაციის სახით - 1600-ჯერ მეტი, ვიდრე „Yesterday“.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰოლი 1965, p. 40.
  2. 2.0 2.1 Guinness World Records 2009.
  3. The Summertime Connection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-07. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო 2011.
  4. BMI Announces Top 100 Songs of the Century. BMI (დეკემბერი 13, 1999). ციტირების თარიღი: ივნისი 26, 2016.
  5. ტერნერი 2005, p. 83.
  6. 6.0 6.1 6.2 კროსი 2005, pp. 464–465.
  7. მაილზი 1997, pp. 201–202.
  8. მაილზი 1997, p. 203.
  9. კოულმენი 1995, p. 11.
  10. 10.0 10.1 Hammond 2001.
  11. მაილზი 1997, p. 204.
  12. მაილზი 1997, pp. 204–205.
  13. ნეიპირ-ბელი 2001, p. 100.
  14. ჰაულეტი, კევინ (2013). The Beatles: The BBC Archives: 1962–1970. Harper Design. ISBN 0-06-228853-9. 
  15. BBC News 2003.
  16. ევერეტი 1999, p. 12.
  17. ევერეტი 1999, p. 15.
  18. 18.0 18.1 პოლაკი მას უწოდებს უბრალოდ E-ს, მაგრამ გამოქვეყნებულ ნოტებში Em7 წერია.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 Pollack 1993.
  20. კეჰილი 2005, p. 162.
  21. რეი კოლმენი, McCartney: Yesterday & Today, 'A String Quartet' http://www.wingspan.ru/bookseng/coleman/coleman03.html
  22. Paul McCartney sings "Scrambled Eggs" (the original "Yesterday") დაარქივებული 26 December 2010 საიტზე Wayback Machine.
  23. ორტიზი 2005.
  24. 24.0 24.1 მალიკი 2000.
  25. 25.0 25.1 უნტერბერგერი 2006.
  26. 26.0 26.1 ლუისონი 1994, p. 10.
  27. 27.0 27.1 ლუისონი 1988, p. 59.
  28. The Beatles 2000, pp. 2–10.
  29. რისი 2006.
  30. მაკდონალდი 2008, p. 157.
  31. Love-ის ანოტაციები, Apple/Parlophone 094638078920.
  32. The Beatles 2000, p. 175.
  33. უოლგრენი 1982, p. 43.
  34. 34.0 34.1 34.2 კროსი 2004. sfn error: multiple targets (2×): CITEREFკროსი2004 (help)
  35. Billboard Magazine – Buy Mag – Billboards Charts – Top 10 20 40 100 Music Chart – Singles – Albums. Music.us. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2012.
  36. უოლგრენი 1982, pp. 38–45.
  37. ოუენი 2006.
  38. Rolling Stone 2007.
  39. Rolling Stone 2010.
  40. 4. Yesterday. 100 Greatest Beatles Songs. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 21 მაისი 2013.
  41. BMI 2007.
  42. BBC News 1999.
  43. GRAMMY Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2014.
  44. The Beatles. Grammy.com. ციტირების თარიღი: 27 იანვარი 2014.
  45. FOX 2 Exclusive: An Interview With Chuck Berry. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი 2013.
  46. შეფი, დევიდ (1981) The Playboy Interviews with John Lennon and Yoko Ono გვ. 118
  47. The Richest Songs in the World, BBC Four, review
  48. 48.0 48.1 კენტი, დევიდ (2005). Australian Chart Book (1940–1969). ტურამურა: Australian Chart Book. ISBN 0-646-44439-5. 
  49. "Austriancharts.at – The Beatles – Yesterday" (გერმანულად). Ö3 Austria Top 40. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2016.
  50. "Ultratop.be – The Beatles – Yesterday" (ჰოლანდიურად). Ultratop 50. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2016.
  51. 51.0 51.1 "Dutchcharts.nl – The Beatles – Yesterday" (ჰოლანდიურად). Single Top 100. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2016.
  52. "Norwegiancharts.com – The Beatles – Yesterday". VG-lista. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2016.
  53. "The Beatles – Chart history" Billboard Hot 100 - The Beatles. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2016.
  54. ჰოფმანი, ფრენკ (1983). The Cash Box Singles Charts, 1950-1981. მეტაჩენი, ნიუ-ჯერსი; ლონდონი: The Scarecrow Press, Inc, გვ. 32–34. 
  55. Offizielle Deutsche Charts გერმანულად (Enter "Beatles" in the search box). GfK Entertainment Charts. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2016.
  56. "The Irish Charts – Search Results – Yesterday". Irish Singles Chart. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2016.
  57. "Archive Chart: 1976-04-03" ბრიტანეთის სინგლების ჩარტი. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2016.
  58. "Spanishcharts.com – The Beatles – Yesterday" Canciones Top 50. წაკითხვის თარიღი: 17 მაისი 2016.
  59. "Listy bestsellerów, wyróżnienia :: Związek Producentów Audio-Video". Polish Airplay Top 100. წაკითხვის თარიღი: 10 დეკემბერი 2011.
  60. American single certifications – The Beatles – Yesterday. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Single, და ბოლოს - SEARCH