შინაარსზე გადასვლა

Ultimate Fighting Championship

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი
Ultimate Fighting Championship
აბრევიატურა UFC
შეიქმნა 12 ნოემბერი, 1993; 31 წლის წინ (1993-11-12)
ტიპი შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია და საწარმო
შტაბ-ბინა ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
მდებარეობა საერთაშორისო
მნიშვნელოვანი პირები

არი ემანუელი (აღმასრულებელი დირექტორი)

დანა უაითი (პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი)
დამფუძნებელი (-ები) არტ დეივი, რორიონ გრეისი და ბობ მეიროვიცი
ქვეყანა აშშ
კავშირები Copyright Alliance[1]
UFC.com

Ultimate Fighting Championship (ქართ. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) — ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციაა, რომლის სათაო ოფისი ლას-ვეგასში, ნევადაში მდებარეობს. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) დღესდღეობით ყველაზე დიდი და ცნობილი ორგანიზაციაა, რომელშიც 578-ზე მეტი მებრძოლი 11 წონით კატეგორიაში (რვა კაცთა შორის და სამი ქალთა შორის) ასპარეზობს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით ატარებს ღონისძიებებს შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთიანი წესების შესაბამისად. ორგანიზაციამ, 2025 წლის 23 აგვისტოს მონაცემებით 745 ღონისძიება ჩაატარა. დანა უაითი აბსოლუტური საბრძოლო ორგანიზაციის პრეზიდენტი წლიდან არის, 2023 წელს კი აღმასრულებელი დირექტორიც გახდა.[2]

ორგანიზაცია 1993 წელს ბიზნესმენმა არტ დეივიმ და ბრაზილიელმა საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა რორიონ გრეისმა დააარსეს.[3] პირველი ღონისძიება კი იმავე წელს კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში ჩატარდა.[4] შეჯიბრების თავდაპირველი იდეა იყო საუკეთესო საბრძოლო ხელოვნების გამოვლენა, თითო საბრძოლო ხელოვნებიდან ერთი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, იყო წესების მინიმალური შეზღუდვა და არ არსებობდა არანაირი წონითი კატეგორია. თანდათანობით ორგანიზაციამ წესებში დაამატა მრავალი შეზღუდვა, შემოიღო წონითი კატეგორიები, მებრძოლებს კი უწევდათ რამდენიმე საბრძლო ხელოვნების გაერთიანება, რამაც ჩამოაყალიბა თანამედროვე შერეული საბრძოლო ხელოვნება როგორც სპორტი.

თავდაპირველად, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი „Semaphore Entertainment Group“-ის საკუთრება იყო, თუმცა 2001 წელს ორგანიზაციის მფლობელი შეიცვალა, როდესაც ის ფრენკ და ლორენცო ფერტიტამ შეიძინეს და პრეზიდენტად დანა უაითი დანიშნეს. კომპანია გლობალურად გაფართოვდა, ღონისძიებები ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში გაიმართა და ფართოდ გაშუქდა სპორტული მედიის მიერ.[5][6]

როის გრეისი ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ოსტატი იყენებდა თავის საბრძოლო ხელოვნებას გაბარიტებით ბევრად დიდი მოწინააღმდეგეების დასამარცხებლად.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორია 1993 წელს იწყება.[7] ბრაზილიელი ჯიუ-ჯიცუს ოსტატი როის გრეისი მალევე გახდა ორგანიზაციის მთავარი ვარსკვლავი. მისი მთავარი უპირატესობა იმ დროისთვის არც ისე ცნობილი საბრძოლო ხელოვნება იყო, რის დახმარებითაც თავისზე გაბარიტებით დიდ მოწინააღმდეგეებს ამარცხებდა. გამომდინარე იქიდან რომ თავდაპირველად ორგანიზაციაში წონითი კატეგორიები არ ყოფილა ხშირი იყო მებრძოლებს შორის 20-30 კილოგრამიანი სხვაობა. 

1990-იანი წლების შუა პერიოდში ორგანიზაციამ წესების დანერგვა დაიწყო. თანდათანობით შემოიღეს დროის ლიმიტები, სავალდებულო ხელთათმანები, განსჯის კრიტერიუმები, მსაჯები და მსაჯულები, ამის გამო ღინისძიებები უფრო მეტად დაემსგავსა სპორტს და არ იყო მხოლოდ წესების გარეშე ჩხუბი.[8] აიკრძალა სახიფათო შეტევები, საზარდულში დარტყმა, ძირს დავარდნილი მეტოქისთვის სახეში ფეხის დარტყმა და თავით დარტყმა. ასევე შემოიღეს საფირმო რვაკუთხა გალია რომლის ზუსტი ანალოგიც სხვა ორგანიზაციებს იმ დროისთვის არ ჰქონდათ.

რონდა როუსი, პირველი ქალი ჩემპიონი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიაში.

გავლენიანი პოლიტიკოსების მათ შორის სენატორი ჯონ მაკკეინის ზეწოლამ, აბსოლუტური საბრძოლო ორგანიზაცია აიძულა ეთანამშრომლა სპორტულ კომისიებთან და მიეღო შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთო წესები.[9] 2000 წელს შემოღებულ იქნა „შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთიანი წესები“, რამაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებებს. ნიუ-ჯერსიში გამართული UFC 28 პირველი ღონისძიება იყო, რომელიც ამ წესების სრული დაცვით ჩატარდა.[10]

2001 წელს დანა უაითმა და მისმა ბიზნეს პარტნიორებმა შეიძინეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი, თავიანთი კომპანიის, „Zuffa“-ს, ხელმძღვანელობით ახალი ერა დაიწყეს. ორგანიზაციამ ფუნქციონირების ნებართვა მოიპოვა ნევადაში, დაუბრუნდა მასიურ არენებს შეერთებული შტატების მასშტაბით და გლობალური აუდიტორიის შექმნა დაიწყო. ისეთმა ღონისძიებებმა, როგორიცაა UFC 40, რომელშიც ტიტო ორტიზი კენ შემროკს დაუპირისპირდა, გლობალური მედიების ყურადღება მიიპყრო და სპორტის გადარჩენისა და ზრდის პოტენციალი აჩვენა.[11]

ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი 2005 წელს დადგა, როდესაც დაიწყო The Ultimate Fighter-ის (TUF) რეალითი შოუ, რომელმაც ახალი ნიჭიერი მებრძოლების გამოვლენას შეუწყო ხელი და შერეული საბრძოლო ხელოვნება, როგორც სანახაობა, ამერიკულ სახლებში შეიტანა. ფორესტ გრიფინსა და სტეფან ბონარს შორის გამართული ფინალი ხშირად განიხილება როგორც სპორტის პოპულარიზაციისთვის გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად.[12]

2000-იან და 2010-იან წლებში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი გაფართოვდა მთელს მსოფლიოში, კანადაში, ბრაზილიაში, ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში ჩატარებული ღონისძიებებით. ორგანიზაციამ ასევე შეიძინა სხვა საბრძოლო ორგანიზაციები, მათ შორის „პრაიდის საბრძოლო ჩემპიონატი“, World Extreme Cagefighting (WEC) და Strikeforce, რითაც მსოფლიოს მრავალი გამორჩეული მებრძოლი გააერთიანა თავისი ორგანიზაციის შემადგენლობაში.[13] ქალთა შერეული საბრძოლო ხელოვნების დებიუტი 2013 წელს შედგა, როდესაც რონდა როუზი პირველი ქალი ჩემპიონი გახდა, რამაც სპორტის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.[14]

აკრძალული პრეპარატების პოლიტიკის გავლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერეული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის საწყის წლებში, აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს და სხვა მსხვილ ორგანიზაციებს მცირე რეგულაციები ჰქონდათ მასტიმულირებელ პრეპარატებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ფართოდ გავრცელებული შეშფოთება და მებრძოლებს შორის ტესტების წარუმატებლობა. 2000-იანი წლების შუა პერიოდისთვის პრობლემა უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც რამდენიმე ჩემპიონს აკრძალულ პრეპატარებზე დადებითი ტესტის პასუხი აღმოაჩნდა, რამაც გამოიწვია უფრო მკაცრი ანტიდოპინგური ზომების მიღება.

2015 წელს ორგანიზაციამ გამოაცხადა წლის განმავლობაში შემთხვევითობის პრინციპით ტესტირების პროგრამა და პარტნიორობა დაიწყო აშშ-ის ანტიდოპინგურ სააგენტოსთან (USADA).[15] ამ შეთანხმების თანახმად, მებრძოლების შემოწმება ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი, მიუხედავად იმისა თუ რა დრო იყო გასული ბოლო ბრძოლიდან ან რა დრო იყო დარჩენილი უახლეოს ბრძლამდე. დროთა განმავლობაში აკრძალული პრეპარატების სია გაიზარდა და დოპინგთან და სხვა მასტიმულირებელ საშალებებთან ერთად მარიხუანაც დაემატა, ამ პერიოდში დისკვალიფიცირდა ათობით სპორტსმენი.

2024 წლიდან აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი პარტნიორობს ორგანიზაცია Drug Free Sport International-თან, რომელიც ასევე ზედამხედველობს შეერთებული შტატების უმაღლეს სპორტულ შეჯიბრებებს. ახალ პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საბრძოლო სპორტის ანტიდოპინგური ორგანიზაცია (CSAD).[16]

წესები და თავისებურებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ამჟამინდელი წესები ეფუძნება შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთიან წესებს, რომლებიც პირველად 2000 წელს ნიუ-ჯერსიში და მოგვიანებით სხვა შტატებშიც მიიღეს. ეს წესები პროფესიონალური შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიოს სტანდარტად იქცა.[17]

ყველა რაუნდი ხუთწუთიანია. საჩემპიონო ბრძოლები და ღონისძების მთავარი (ბოლო) ბრძოლები ხუთრაუნდიანია. სხვა დანარჩენი ბრძლები კი სამრაუნდიანია. რაუნდებს შრის კი ერთწუთიანი შესვენების პერიოდია.[18]

ორგანიზაციაში ბრძოლები რვაკუთხა გალიაში, ანუ ოქტაგონში ტარდება, რომელიც ლითონის ბადით არის გარშემორტყმული. სტანდარტული გალია 9.1 მეტრის (30 ფუტი) დიამეტრის და 182 სანტიმეტრის (6 ფუტი) სიმაღლისაა, რბილი კუთხეებით და ორი შესასვლელი კარით. შედარებით პატარა ადგილებისთვის ზოგჯერ გამოიყენება უფრო პატარა, 7.6 მეტრის (25 ფუტი) დიამეტრის გალია.[19]

ჩაცმულობა და აღჭურვილობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მებრძოლები ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ წესდებით დადგენილი შორტებით (გარდა ქალებისა, რომლებსაც შეუძლიათ ზედა მაისურის ტარება) ფეხსაცმლის გარეშე. სავალდებულოა ღია თითებიანი მსუბუქი ხელთათმანების (115-170 გრამი), კბილების და საზარდულის დამცავების ტარება. თავდაპირველად, მებრძოლებს შეეძლოთ საბრძოლო ფორმა თავად აერჩიათ, მათ შორის გი (იგივე კიმონო) ან თავისუფალი ჭიდაობის ფეხსაცმელი ჩაეცვათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩაცმულობა სტანდარტიზირდა.[20]

ბრძოლა შეიძლება დასრულდეს შემდეგნაირად:

  • საბმიშენი (დანებება): დამარცხებული მებრძოლი გაშლილ ხელს ურტყამს იატაკს ან მოწინააღმდეგეს დანებების ნიშნად, სიტყვიერად გამოხატავს დანებებას ან აშკარად გამოხატავს ტკივილს (მაგალითად ყვირილით) იმ დონეზე, რომ მსაჯმა გააჩეროს ბრძოლა. მსაჯმა ასევე შეიძლება გამოაცხადოს ტექნიკური საბმიშენი თუ მებრძოლი კარგავს გონებას, ან გონების დაკარგვის ზღვარზეა, ან სერიოზულ ზიანს იღებს ჭდაობის დროს.
  • ნოკაუტი (KO): ნებისმიერი ლეგალური დარტყმის შედეგად უგონო მდგომარეობაშია მებრძოლი.
  • ტექნიკური ნოკაუტი (TKO): თუ მსაჯი თვლის რომ მებრძოლს არ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება, აცხადებს ტექნიკურ ნოკაუტს. ტექნიკური ნოკაუტი იყოფა სამ კატეგორიად:
    • მსაჯის მიერ შეჩერება: მსაჯი ამთავრებს ბრძოლას, რადგან ერთ-ერთი მებრძოლი ვერ ახერხებს საკუთარი თავის გააზრებულად დაცვას.
    • ექიმის მიერ შეჩერება: ორგანიზაციის მიერ დანიშნული ერთ-ერთი ექიმი თვლის რომ მებრძოლისთვის ბრძოლის გაგრძელება სახიფათოა ჭარბი სისხლდენის ან ფიზიკური დაზიანების გამო.
    • კუთხის შეჩერება: მებრძოლის ოფიციალური წარმომადგენელი “კუთხე” დამარცხების სიგნალს იძლევა.
    • დანებება: მებრძლი არ გამოცხადდა ბრძოლაზე ან ნაადრევად ამთავრებს ტრავმის გარდა სხვა ნებისმიერი მიზეზით.
  • მსაჯების გადაწყვეტილება: ბრძოლი დასრულების შემდეგ თოთოეული მსაჯი წარადგენს მებრძლების საერთო ქულებს რაუნდების მიხედვით, რათა გამოვლინდეს შედეგი:
    • ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება: სამივე მსაჯის აზრით ერთი და იგივე მებრძოლმა მოიგო.
    • უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამარჯვება: ორი მსაჯის აზრით ბრძოლა მოიგო ერთმა მებრძოლმა, მესამე მსაჯის აზრით ფრეა.  
    • გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება: ორი მსაჯის აზრით  ბრძოლა მოიგო ერთმა მებრძლმა, მესამე მსაჯის აზრით ბრძლა მოიგო მეორე მებრძლმა.
    • ტექნიკური გადაწყვეტილებით გამარჯვება: მებრძოლი უნებლიე აკრძალული დარტყმით ან მოქმედებით ვერ ახერხებს ბრძოლის გაგრძელებას, მსაჯები ავლენენ გამარჯვებულს განვლილი რაუნდების ქულების მიხედვით (სამრაუნდიან ორთაბრძოლებში მინიმუმ ორი რაუნდი უნდა იყოს დამთავრებული, ხუთრაუნდიან ორთაბრძოლაში მინიმუმ სამი რაუნდი უნდა იყოს დამთავრებული).
    • ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ფრე: სამივე მსაჯის აზრით ფრეა.
    • უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფრე: ორი მსაჯის აზრით ფრეა, მესამე მსაჯის აზრით მოიგო ერთ-ერთმა მებრძოლმა.
    • გაყოფილი გადაწყვეტილებით ფრე: ერთი მსაჯის აზრით ფრეა, დანარჩენი ორი მსაჯის აზრით სხვადასხვა მებრძლმა მოიგო.
    • ტექნიკური გადაწყვეტილებით ფრე: ბრძოლა მთავრდება ტექნიკური გადაწყვეტილებით, მიმდინარე შედეგი კი ფრეა.
  • დისკვალიფიკაცია: მებრძოლი განზრახ ასრულებს არალეგალურ დარტყმას (ქმედებას), რაც არ აძლევს მოწინააღმდეგეს ბრძლის გაგრძელების საშუალებას.
  • გაუქმებული შედეგი: მებრძლი ვერ აგრძელებს ბრძოლას მოწინააღმდეგის არალეგალური დარტყმის (ქმედების) შედეგად. ჩატარებული რაუნდების რაოდენობა კი არ არის საკმარისი მსაჯებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად (სამრაუნდიან ორთაბრძოლებში მინიმუმ ორი რაუნდი უნდა იყოს დამთავრებული, ხუთრაუნდიან ორთაბრძოლაში მინიმუმ სამი რაუნდი უნდა იყოს დამთავრებული). ასევე, ბრძლა შესაძლოა გაუქმებული შედეგით დასრულდეს თუ ბრძლის შემდეგ დაფიქსირდა არალეგალური ქმედება ან მსაჯის არასწორი ქმედება, ან მებრძლს აკრძალულ ნივთიერებებზე დაუფიქსირდა ტესტის დადებითი პასუხი.[20]

ფრის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი, რომ მებრძოლების ჯამური ქულები თანაბარი იყოს. თუმცა, ერთსულოვანი ან გაყოფილი გადაწყვეტილებით ფრის შემთხვევაში, თითოეულმა მებრძლმა თანაბარი რაოდენობის მსაჯისგან უნდა მიიღოს გამარჯვების გადაწყვეტილება (შესაბამისად, 0 ან 1). გარდა ამისა, თუ სატიტულო ბრძოლაში დაფიქსირდა ფრე, ამ შემთხვევაში ტიტული მოქმედ ჩემპიონს რჩება.[20]

განსჯის კრიტერიუმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციაში ამჟამად ეგრეთწოდებული ათქულიანი სავალდებულო სისტემა მოქმედებს; სამი მსაჯი აფასებს თითოეულ რაუნდს და თითოეული გამარჯვებული იღებს ათ ქულას, ხოლო დამარცხებული იღებს ცხრას ან ნაკლებ ქულას (თუმცა ოფიციალურად 10-10 რაუნდებიც შესაძლებელია რომ დაფიქსირდეს, თუ მსაჯი თვლის რომ რაუნდი ძალიან თანაბარი იყო და ორივე მებრძოლი ათ ქულას იმსახურებს). 10-8 როგორც წესი ძალიან დომინანტურ რაუნდებში ფიქსირდება. 10-7 ძალიან იშვიათია თანამედროვე ბრძოლებში, საერთოდაც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიაში სულ ხუთჯერ ფიქსირდება 10-7 რაუნდი, როგორც წესი მსაჯი თუ იმდენად უთანასწორო ბრძლას ხედავს რომელიც 10-7-ით შეფასებას იმსახურებს ბრძოლას აჩერებს დამარცხებული მებრძოლის უსაფრთხოების გამო.[20]

ნევადის შტატის სპორტული კომისიის მიერ დადგენილი ჯარიმების სია:[21]

  • თავის დარტყმა;
  • თვალზე (თვალში) თითით დაწოლა (ნებისმიერი სახით);
  • კბენა ან ფურთხება;
  • თმის მოქაჩვა;
  • მოწინააღმდეგის პირში თითების შეყოფა ან/და მოქაჩვა;
  • საზარდულის არეში დარტყმა;
  • თითის განზრახ ჩადება მოწინააღმდეგის ნებისმიერ ხვრელში (ცხვირი, ყური, თვალი, ა.შ), ან ნებისმიერ ჭრილობაში;
  • წვრილი სახსრებით მანიპულირება (საბმიშენი ან საბმიშენის მცდელობა ხელის ან ფეხის თითებზე, მაჯაზე ან კოჭზე);
  • დარტყმები ხერხემალში, კეფაში, ან ყურების უკან არსებულ ნებისმიერ ადგილზე (ე.წ. კურდღლის დარტყმა);
  • ნებისმიერი სახის დარტყმა ყელში;
  • მოწინააღმდეგის ამოტრიალება და მიწაზე თავით დახეთქება;
  • მოწინააღმდეგის გალიიდან/რინგიდან გადაგდება;
  • მოწინააღმდეგის შორტებზე ან ხელთათმანებზე ჩავლება;
  • ნებისმიერი არასპორტული საქციელი, რომელიც მოწინააღმდეგეს აზიანებს;
  • გალიაზე მოჭიდება;
  • გინება ან შეურაცხმყოფელი ლაპარაკი გალიაში/რინგზე;
  • მოწინააღმდეგეზე თავდასხმა შესვენების დროს;
  • მსაჯის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მოწინააღმდეგეზე თავდასხმა;
  • გონგის დარეკვის შემდეგ მოწინააღმდეგეზე თავდასხმა;
  • მსაჯის მითითებების აშკარა უგულებელყოფა;
  • სიმულაცია (კონტაქტის თავიდან აცილება უმიზეზოდ, კბილების დამცავი კაპის განზრახ დაგდება ან დაზიანების გაყალბება);
  • მოწინააღმდეგის კუთხეში მდგომი ადამიანებისთვის (მწვრთნელი, ან სხვა ადამიანი რომელიც მოწინააღმდეგის კუთხეშია) ხელის შეშლა;
  • ბრძოლის დროს პირსახოცის გალიაში სროლა (მებრძოლის ოფიციალური წარმომადგენელისგან);
  • ბრძოლის დროს ნებისმიერი აკრძალული ნივთიერების წასმა/დასხმა მებრძოლის თმაზე, ტანზე, ტანსაცმელზე ან ხელთათმანზე, რომელიც გავლენას იქონიებს ბრძოლის შედეგზე;
  • მსაჯის სიგნალის შემდეგ (ნოკაუტის ან საბმიშენის მაუწყებელი) მეტოქეზე თავდასხმა;
  • კბილების დამცავის პირიდან განზრახ გადმოგდება.

ჯარიმები ძირს დაცემული მებრძოლის წინააღმდეგ:

  1. მიწაზე დაცემული მოწინააღმდეგის თავზე ფეხის ან/და მუხლით დარტყმა (იხ. ე.წ. ფეხბურთის დარტყმა. მიწაზე დაცემულად ითვლება მებრძოლი როდესაც ხელის მტევნის ან ტერფის გარდა სხეულის ნებისმიერი ნაწილი ეხება ძირს);
  2. მოწინააღმდეგის მიწაზე მუცლის არეში ზევიდან ფეხის დარტყმა.

როდესაც ჯარიმა დაფიქსირდება, მსაჯს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია ჯარიმის სახით ერთი ან მეტი ქულის დაკლება. თუ ჯარიმა მებრძოლს უნარშეზღუდულს ხდის, მაშინ ბრძოლა შეიძლება დასრულდეს დისკვალიფიკაციით, თუ ჯარიმა განზრახ იყო, ან „გაუქმებული შედეგით”, თუ უნებლიედ იყო. თუ ჯარიმის შემდეგ ბრძლა განახლდა და მებრძოლი ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც ვეღარ აგრძელებს ბრძოლას, ამ შემთხვევაში გადაიხედება მიმდინარე ქულები და თუ დაზარალებული მებრძლი ქულებით წინ არის ეს ტექნიკური გადაწყვეტილებით მოგებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნიკური გადაწყვეტილებით ფრეა.

მატჩის მიმდინარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • თუ ბრძლა მიწაზე მიმდინარეობს და არც ერთი მებრძოლი არ ცდილობს დომინანტური პოზიციის მოპოვებას მსაჯი სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევს, თუ არაფერი შეიცვალა მსაჯს უფლება აქვს ბრძოლა შეაჩეროს და მებრძოლები ფეხზე დააყენოს.
  • თუ მსაჯი აჩერებს მატჩს ტექნიკური მიზეზების გამო, ან უბებლიედ არალეგალური დარტყმის ან ქმედების გამო, ბრძოლის განახლებისას მებრძოლებს უბრუნებს იმ პოზიციას რა დროსაც გაჩერდა ბრძოლა.
  • გალიაზე მოჭიდებისას (ხელის ან ფეხის თითებით) მსაჯი სიტყვიერად აფრთხილებს მებრძოლს, შემდეგ კი ცდილობს ხელის შეხებით მიანიშნოს მებრძოლს რომ შეწყვიტოს აკრძალული ქმედება. თუ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა მსაჯს უფლება აქვს დააჯარიმოს ქულის დაკლებით.
  • აბსოლუტური საბრძოლო ორგანიზაციის ადრეულ ღონისძიებებზე ბრძოლის დროს სიტყვიერი დაპირისპირება დაშვებული იყო. თანამედროვე ერთიანი წესების თანახმად ღონისძების წინ დაშვებულია ხუმრობები, ბრძლის ინტერესის გასაღრმავებლად, მაგრამ უშუალოდ ბრძოლის დროს სიტყვიერი დაპირისპირება აკრძალულია.  [22]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://web.archive.org/web/20250116160745/https://copyrightalliance.org/about/who-we-represent/
  2. დანა უაითი ორგანიზაციის დირექტორი გახდა.
  3. როის გრეისის მემკვიდრეობა აბსოლუტურ სბრძოლო ჩემპიონატში.
  4. ყოფილი ჩემპიონი ღონისძიების პოპულარიზაციას ახდენს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-01. ციტირების თარიღი: 2025-08-26.
  5. ავსტრალია დასახელდა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის წოველწლიურ მასპინძელ ქვეყნად. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-25. ციტირების თარიღი: 2025-08-26.
  6. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოფიციალური წარმომადგენლები აზიაში სისტემატურ ღონისძიებებს გამართავენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-25. ციტირების თარიღი: 2025-08-26.
  7. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პირველი ღონისძიება იგეგმება.
  8. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის წესების ევოლუცია.
  9. პოლიტიკოსების ზეწოლის შედეგად აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი დაინერგა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-03-20. ციტირების თარიღი: 2025-08-26.
  10. ნიუ-ჯერსის კომისიის დადგენილების მიხედვით აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის წესებში ცვლილებები შევიდა.
  11. დანა უაითი სტუმრად გრანტ ქარდონესთან.
  12. "The Ultimate Fighter"-ის მეორე სეზონი’.
  13. WEC - მებრძოლთა ანაზღაურება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 2025-08-31.
  14. რონდა როუსი, პირველი ქალი ჩემპიონი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 2025-08-26.
  15. აბსოლუტური საბრძოლო ორგანიზაცია ადასტურებს თანამშრომლობას ანტიდოპინგის სააგენდოსთან.
  16. აბსოლუტური საბარძოლო ჩემპიონატი აგრძელებს ანტი დოპინგურ თანამშრომლობას.
  17. შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთიანი წესები.
  18. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის რაუნდების წესი.
  19. აბსოლუტური საბრძოლო ორგანიზაციის გალიის ზომები.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთიანი წესები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-03. ციტირების თარიღი: 2025-08-26.
  21. შეუიარაღებელი ბრძოლის წესები და განსჯის კრიტერიუმები.
  22. დასაშვებია უცენზურო სიტყვები უშუალოდ ბრძოლის დროს?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-30. ციტირების თარიღი: 2025-08-26.