შინაარსზე გადასვლა

The Chromatica Ball

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Chromatica Ball

ლედი გაგა ასრულებს „Free Woman“-ს „The Chromatica Ball“-ზე ლონდონში, Tottenham Hotspur Stadium-ზე, 2022 წლის 29 ივლისს.
ტურნე, გამართული ლედი გაგას მიერ
ჩატარების ადგილები
  • აზია
  • ევროპა
  • ჩრდილოეთ ამერიკა
დაკავშირებული ალბომი Chromatica
დაწყების თარიღი 17 ივლისი, 2022
დასრულების თარიღი 17 სექტემბერი, 2022
კონცერტების რაოდენობა 20
შემოსავალი $112.39 მილიონი
ლედი გაგას კონცერტების ქრონოლოგია
Lady Gaga Enigma + Jazz & Piano The Chromatica Ball Mayhem promotional concerts

The Chromatica Ballამერიკელი მომღერლის ლედი გაგას მეშვიდე სოლო საკონცერტო ტური, რომელიც მხარს უჭერდა მის მეექვსე სტუდიურ ალბომს — Chromatica (2020). ტური მოიცავდა 20 შოუს; იგი დაიწყო 2022 წლის 17 ივლისს დიუსელდორფში და დასრულდა 2022 წლის 17 სექტემბერს მაიამი გარდენსში. თავდაპირველად დაგეგმილი იყო მხოლოდ ექვსი შოუსგან შემდგარი ტური, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ორწლიანი გადადების შემდეგ, ტურს დაემატა ახალი თარიღები.

ეს არის ლედი გაგას პირველი ტური, რომელიც სრულად სტადიონებზე გაიმართა, და მასში წარმოდგენილია სცენა, შთაგონებული ბრუტალისტური არქიტექტურით. ალბომ Chromatica-ს თემატიკასთან შესაბამისობაში, შოუს ნარატივი ასახავს მოგზაურობას ტრამვისა და განკურნების ირგვლივ. შოუ დაყოფილია ცალკეულ სეგმენტებად, რომლებეც გამოყოფილია ვიდეო-შესავლებითა და კოსტიუმების შეცვლით.

გაგამ ტურითვის აირჩია „მუქი, უფრო გამოკვეთილი“ იერსახე, რაც განსხვავდებოდა Chromatica-ს ადრეული პრომო იმიჯის ვარდისფერი კიბერპანკ სტილისგან. მისი გარდერობი მოიცავდა ისეთი დიზაინერების შექმნილ სამოსს, ვისთანაც იგი ხშირად თანამშრომლობდა წარსულში — ალექსანდრ მაკ-ქუინი, გარეთ პიუ და მისი და, ნატალი გერმანოტა.

ტურმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა — სხვადასხვა გამოცემამ მას უმაღლესი ქულები მიანიჭა თავიანთ რეცენზიებში.[1][2][3][4][5] კრიტიკოსებმა განსაკუთრებით მოიწონეს შოუს ვიზუალი, ქორეოგრაფია, ლედი გაგას ვოკალური მონაცემები, ხოლო ბევრმა მათგანმა პიანინოს სეგმენტი კონცერტის ყველაზე ძლიერ ნაწილად მიიჩნია.

აშშ-ის მრავალ შოუზე გაგამ პიანინოს შესრულებას პოლიტიკური გზავნილებიც დაურთო, სადაც ის შეეხო თემებს, როგორიცაა იარაღით ძალადობა და აბორტის უფლება.

Billboard Boxscore-ის მონაცემებით, The Chromatica Ball-მა საბოლოოდ გამოიმუშავა 112.4 მილიონი დოლარი 834,000 გაყიდული ბილეთიდან, რაც ლედი გაგასთვის პირადი და ვენიუს რეკორდების დამხობით დასრულდა. მისი 2022 წლის სექტემბრის კონცერტი Dodger Stadium-ზე, ლოს-ანჯელესში გადაიღეს სპეციალურად — შოუ 2024 წლის 25 მაისს გამოვიდა HBO-სა და Max-ზე.

წარმოშობა და განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტოკოროზავას Belluna Dome-ში (სურათზე) ორი შოუ გაიმართა, რაც გაგას პირველი კონცერტი იყო იაპონიაში რვა წლის შემდეგ.

ტური თავდაპირველად გამოცხადდა ლედი გაგას სოციალური მედიის საშუალებით 2020 წლის 5 მარტს, როგორც ექვსი კონცერტისგან შემდგარი კონცერტების სერია იმ წლის ზაფხულისთვის, მისი მეექვსე სტუდიური ალბომის, Chromatica (2020) მხარდასაჭერად. გამოცხადებას თან ახლდა ორფირიანი გრაფიკა: ერთ მხარეს ლედი გაგას სახის უკიდურესად ახლო ხედში გამოსახული ფოტო, ლოყაზე გამოსახული Chromatica-ს სიმბოლოთი და გრძელი, გასწორებული ვარდისფერი პარიკით დაფარული სახით. გრაფიკის მეორე მხარეს კი მოცემული იყო ტურის განრიგი, გარშემორტყმული სიმღერის „Stupid Love“ (რომელიც ალბომის სინგლია) მუსიკალური ვიდეოსა და სარეკლამო კამპანიიდან აღებული გამოსახულებებით. გამოცხადების მომენტისთვის ტური უნდა ყოფილიყო ლედი გაგას პირველი ტური, რომლის ყოველი კონცერტი მულტიფუნქციურ სტადიონზე, მაგალითად MetLife Stadium-ზე, იყო დაგეგმილი.[6] COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შეშფოთებების გამო, ტური თავდაპირველად 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო, სანამ ის მეორედ გადაიდებოდა 2022 წლის ზაფხულამდე.[7][8]

ახალი თარიღები და დამატებითი ლოკაციებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში განისაზღვრა და ოფიციალურად გამოცხადდა 2022 წლის 7 მარტს, რაც ტურს გადააქცევდა 15 კონცერტის ტურად სახელწოდებით — „The Chromatica Ball Summer Stadium Tour“.[9]

2022 წლის 14 აპრილს ტოკოროზავაში ორი კონცერტის თარიღიც გამოცხადდა, რაც ლედი გაგას პირველი გამოსვლები იყო იაპონიაში რვაწლიანი პაუზის შემდეგ.[10]

მოვლენის აღსანიშნავად, 2022 წლის 31 აგვისტოს გამოვიდა ალბომ Chromatica-ს იაპონური ტურის გამოცემა დამატებითი მასალით, ხოლო იმავე დღეს გაიხსნა სპეციალური pop-up მაღაზია, სადაც ტურის სუვენირები და საქონელი იყიდებოდა.[11]

2022 წლის 16 მაისს ტურს კიდევ სამი კონცერტი დაემატა ჩრდილოეთ ამერიკაში — ჰერშიში, ჰიუსტონში და მაიამი გარდენსში, რის შედეგადაც ტურის საერთო რაოდენობამ 20 კონცერტს მიაღწია.[12]

წინა ტურის Joanne World Tour (2017–2018), განმავლობაში, მომღერალს მოუწია ევროპის ტურის დიდი ნაწილის გაუქმება, ფიბრომიალგიით გამოწვეული ძლიერი ტკივილების გამო.[13]

The Chromatica Ball-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გაგამ აღიარა, რომ „იყო დრო, როცა მეგონა, სცენაზე აღარასდროს გამოვიდოდი“ და თქვა, რომ თავს „უფრო თავისუფლად გრძნობს, ვიდრე წლების განმავლობაში“.[14]

ჟურნალ Rolling Stone-ის ჟურნალისტმა ჰანა იუენსმა აღნიშნა, რომ კონცერტების სერია "ფრთხილად და წარმატებით იყო დაგეგმილი გაგას დაავადების გათვალისწინებით" — ნაკლები კონცერტებით, ვიდრე მის წინა მსოფლიო ტურებზე. შოუს უფრო რთული ქორეოგრაფიული ნაწილები გადატანილი იყო წარმოდგენის უკანასკნელ ნაწილში.[15]

კონცეფცია და სცენის მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
The Chromatica Ball-ის სცენა ფენვეი პარკში, ბოსტონში

შოუ აგებულია ნარატივზე, რომელიც ასახავს ტრავმისა და განკურნების გარშემო მოგზაურობას — მსგავსად, როგორც Chromatica-ს ალბომშია წარმოდგენილი.[16]

პირველი კონცერტის დღეს, ლედი გაგამ Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მან შოუს კონცეფცია ასე ახსნა: „სცენა შთაგონებულია ბრუტალისტური არქიტექტურით, მასალებით, ტექსტურებით, გამჭვირვალობით — ეს არის ნამდვილი, მძაფრი და მძიმე შეხედვა საკუთარ თავზე და იმაზე, რაც გადაგხდა. მინდოდა მომეყოლა ამბავი აბსტრაქციისა და ხელოვნების მეშვეობით. შოუ გამოხატავს იმ ყველაფერს, რაც ყოველთვის მიყვარდა — ხელოვნება, მოდა, ცეკვა, მუსიკა, ტექნოლოგია, პოეზია და ის, თუ როგორ მუშაობენ ეს ყველაფერი ერთად.[17]

მან ასევე აღნიშნა, რომ შოუ ასახავს გლოვის მრავალფეროვან ეტაპებსა და მხარეებს, ისევე როგორც გლოვის ენერგიას, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში განუცდია.[18]

მედიამ შოუს შთამბეჭდავი დიზაინი შეადარ გერმანიის კლუბებს.[19][20]

The Daily Telegraph-ის ჟურნალისტმა, ნილ მაკკორმიკმა, შავ-თეთრი ბრუტალისტური არქიტექტურა შეადარა ფრიც ლანგის მიერ წარმოდგენილ კოშმარულ საბჭოთა დისტოპიას, რაც ასევე აღნიშნეს Billboard-ის ჯო ლინჩმაც, რომელმაც სცენის დიზაინში ფრიც ლანგის 1927 წლის ექსპრესიონისტული ფილმის, მეტროპოლისის გავლენა დაინახა.[21]

მაკკორმიკის აზრით, ეს თავდაპირველად მკაცრი და მკრთალი ესთეტიკა, ძლიერ კონტრასტს ქმნიდა შოუს ფერად კოსტუმებთან და სპეციალურ ეფექტებთან.[1]

მთავარ სცენას თან ახლდა ორი პოდიუმი და ხუთი ხუთსართულიანი ეკრანი.[20]

მეორე მცირე სცენაზე განთავსებული იყო გაგას ფორტეპიანო, რომელიც მორთული იყო ხის ტოტების ფორმის დეკორაციებით — ინსტრუმენტი ბევრმა ჰანს რუდოლფ გიგერის ნამუშევრებს შეადარა.[22][23][21]

პიროტექნიკური ეფექტებისთვის შოუზე გამოიყენეს ცეცხლმფრქვევები, ხოლო მაყურებელს გადაეცა LED სამაჯურები,[24] რომლებიც სინქრონულად ციმციმებდნენ მუსიკის რიტმთან და თითოეულ სიმღერაზე ფერს იცვლიდნენ.[25]

კოსტიუმების დიზაინი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლა ფორმიჩეტი იყო მოდის შოუს დირექტორი. მან იმუშავა სტილისტებთან — სანდრა ამადორთან და ტომ ერებოუთთან ერთად — ტურის კოსტიუმების შერჩევაზე.[26] შოუს განმავლობაში, ლედი გაგა ატარებდა გარეთ პიუს, ალექსანდრ მაკ-ქუინის, კრისტიან ლაკრუას, აზიზ რებარის, ვექს ლატექსის, დედ ლოტუს კუტურისა და თავისი დის, ნატალი გერმანოტას მოდის ბრენდის — Topo Studio NY-ის კოსტიუმებს.[16][27]

ვოგის (Vogue) ჟურნალისტმა კრისტიან ალერმა აღნიშნა, რომ ლედი გაგამ „Stupid Love“-ის მუსიკალურ ვიდეოში არ გამოიყენა თავისი ვარდისფერი კიბერპანკ სტილი და ამის ნაცვლად თავის ცნობილ დედა მონსტრის სტილს დაუბრუნდა, რომელიც უფრო ბნელ და სარისკო ესთეტიკას ანიჭებს უპირატესობას. მან The Chromatica Ball მოიხსენია როგორც „დიდებული დაბრუნება უცნაურ-გიჟურ ჩაცმულობაში“ და მისი კოსტიუმები შეადარა ტურებს The Monster Ball Tour (2009–2011) და Born This Way Ball (2012–2013), რომლებიც აღწერა როგორც „საშიშად სამეცნიერო-ფანტასტიკური (მაღალმოდური).“[16]

გაგა ასრულებს სიმღერას „Replay“ შიშველი ლატექსის ბოდეთი და წვეტებიანი ყელსაბამით

გაგას მყარი სტრუქტურის სარკოფაგის კოსტიუმი საწყის სცენაში შთაგონებული იყო დევიდ ბოუის 1979 წლის Saturday Night Live-ის შესრულებით. ეს სამოსი „სფინქსის მსგავსია. იგი შუაში იხსნება და შიგნით სარკისებრ ინტერიერს ქმნის.“[27]

მოგვიანებით შოუს სხვა ნაწილში, გაგა სხვადასხვა ოქროსფერი სამოსით ჩნდება. ჯერ ის ატარებს ალექსანდრ მაკ-ქუინის მიერ შექმნილ მეტალისფერ, ოქროსფერ კოსტიუმს: მისი კოსტიუმი მოიცავს მოკლე პიჯაკს ბალიშებიანი მხრებით და დიდი საყელოთი. ასევე ფართო შარვლებს; პიჯაკის გახდესას, ის აჩვენებს ღილებიან და საყელოიან პერანგს.[16][27][28]

მთლიან მონოქრომულ იერს, გაგა ოქროსფერ ფეხსაცმელებს ამატებს.[28] შემდეგ ის ირგებს ფილიპ ტრეისის მიერ შექმნილ ბრჭყალების ფორმის ოქროსფერ თავსაბურავს[29] და თავის დის მიერ დიზაინირებულ ოქროსფერი კაბას.[28][27]

ჟურნალ Dazed-ის დენიელ როჯერსის აზრით, ეს ტანსაცმელი ენდრიუ ლოიდ უებერის მიუზიკლს — Joseph and the Amazing Technicolour Dreamcoat-ს მოგაგონებდათ.[27] შოუს სხვა ქორეოგრაფიულ ნაწილში, გაგას ეცვა კიდევ ერთი მაკქუინის სამოსი: კრისტალებით დამშვენებული ლატექსის ტანისამოსი და ტყავის ბაიკერული ქურთუკი, რომელსაც შავი ბადის კოლგოტებზე ჩაცმული ჩექმები ერთვოდა.[28]

გაგამ ასევე მოირგო სისხლისფერი კაბა გამოკვეთილი მხრებით, შავი ტყავის ჩექმებით და ხელთათმანებით, რომლებსაც თითები არ ჰქონდა.[28][27][30] კაბის გახდის შემდეგ გამოაჩინა ლატექსის ტანისამოსი, რომელიც წითელი, ხელოვნური სისხლით იყო მორთული; მის მკერდზე იყო გადაკრული ლენტით გაკეთებული X-ები, ხოლო ყელზე — დიდი, ეკლებიანი საყელო. მოგვიანებით ამას ბრჭყვიალა წითელი მოკლე, ფუმფულა ქურთუკი და დიდი ზომის სათვალე შეემატა.[27][16][31]

სხვა ლატექსის სამოსი მოიცავს BDSM-იდან შთაგონებულ კორსეტს სამაგრებით, რომლებიც სარტყელივითაა განლაგებული და რქიან მხრებს; მას თან ერთვის ფართო ტყავის შარვალი და პოლიციელის ქუდი.[27][29][30][32] ლორენ ო’ნილის (Lauren O'Neill) აზრით, ეს „ავტორიტარული“ იერი აღძრავს ასოციაციას გაგას მუსიკალურ ვიდეოსთან „Alejandro“ (2010),[2] ხოლო The Philadelphia Inquirer-ის დენ დელუკამ აღნიშნა, რომ ეს სტილი „მადონას ეპოქის „Justify My Love“-ისადმი ომაჟია“.[24]

კონცერტის პიანო-ბალადის ნაწილში გაგა ჩნდება იისფერ და შავ ტანსაცმელში და თავსაბურავში,[29] რომელიც ჟურნალისტების მიერ აღწერილია როგორც „ძალიან მომხიბვლელი მწერი“ და „იისფერი ჩოქელები“.[31][2]

თავსაბურავი ასევე შეადარეს „ვარსკვლავური ომების“ „მოს აილის“ კანტინის რეკვიზიტს; ან „მეხუთე ელემენტის“ „დივა პლავალაგუნას“ პერსონაჟს.[22][23] გაგას საბოლოო იმიჯი შედგება შავ-თეთრი ბოდისა და ტყავის ბაიკერის ქურთუკისგან, ასევე ბადისებრი კოლგოტებისგან, მუხლამდე ჩექმებისგან და ძვლის ფორმის სახელოსგან.[29]

კონცერტის შინაარსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოუ დაახლოებით 130 წუთს გრძელდებოდა,[33] იგი იყოფოდა პრელუდიად, ოთხ მოქმედებად და ფინალად. თითოეულ მათგანს თან ახლდა ინტერლუდია, რომელიც გადაღებული იყო გაგას თანამშრომლის, ნიკ ნაითის მიერ.[34] შოუ გვიყვება გაგას მოგზაურობის შესახებ — ტყვეობიდან გათავისუფლებამდე.[33]

ვიდეოს შესავალში გაგა ჩნდება მეტალის სამეჯლისო კაბაში,[27] შემდეგ კი ოთხფეხა ჩრდილის ფიგურის სახით, რომელსაც ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია და მაღალი გვირგვინი ახურავს.[2] შოუს პრელუდიაში მომღერალი საკუთარ კარიერას ასახავს, როცა ასრულებს თავის სამ ყველაზე ადრეულ სიმღერას ალბომებიდან The Fame (2008) და The Fame Monster (2009).[24]

შოუ იწყება მოცეკვავეებით, რომლებიც ასრულებენ ქორეოგრაფიულ ნომერს ბახის „ფუგა №24“-ის სინთეზურ არანჟირებაზე, რაც შემდეგ გადადის სიმღერაში „Bad Romance“, მსგავსად მისი მუსიკალური ვიდეოს სცენარისა.[24] გაგა ჩნდება დეკორაციაზე, რომელიც გიგანტურ ბეტონის ფილას ჰგავს და ასრულებს სიმღერას. ამ დროს კი უძრავად დგას ტყავის სამოსში, საიდანაც მხოლოდ სახე უჩანს.[24][31][2] მისი სამოსის ფენები ნელ-ნელა იხსნება, როცა ის შეზღუდული მოძრაობებით ტრიალებს სიმღერებზე „Just Dance“ და „Poker Face“.[31] პირველი აქტი იწყება ინტერლუდიით, რომელიც ბრუტალისტურ სტილში შექმნილ საავადმყოფოს აჩვენებს.[19]

შემდეგ გაგა ბრუნდება სცენაზე, სისხლით დაფარული და აგრძელებს სამ სიმღერას, რომლებიც საერთო თემაზე არის დაკავშირებული — მომღერალი გამოხატავს საკუთარ შიშებსა და შინაგან ბრძოლებს. სიმღერის „Alice“ შესრულებისას, ის ჰაერში აწეულ საოპერაციო მაგიდაზე წევს.[3] სიმღერა „Replay“-ს შესრულებისას ერთ-ერთი მოცეკვავე მას ხელში იტაცებს,[32] რის შემდეგაც იწყება სრული ქორეოგრაფია და გაგა ყვირილით მიმართავს მაყურებელს: „Put your paws up!“ („აწიეთ თათები ზევით!“).[22] სიმღერა „Monster“-ის შესრულებისას გაგა ასრულებს ქორეოგრაფიულ ნომერს ზომბის მოტივებით, რის შემდეგაც მოცეკვავეები მას ესხმიან თავს და „ცოცხლად ჭამენ“. მოგვიანებით ის კვლავ ჩნდება სცენაზე წითელ ლატექსის ქურთუკში, წვეტიანი მხრის ბალიშებითა და შავი სათვალეებით.[33][25]

გაგა, თავისი მოცეკვავეებით გარშემორტყმული, ასრულებს სიმღერებს „Sour Candy“ (ზედა) და „Babylon“ (ქვედა)

მეორე მოქმედება იწყება ინტერლუდიით. ამის შემდეგ გაგა ბრუნდება სცენაზე, გამოწყობილი ვინილის დომინატრიქსის კოსტიუმში, ხოლო „911“-ის შესრულებისას სცენა იფარება წითელი განათებით.[22] სიმღერა „Sour Candy“ სრულდება სინქრონიზებული ქორეოგრაფიით, ამ დროს ეკრანებზე კორეული ასოები ჩანს,[32] რასაც მოჰყვება „Telephone“, რომლის დროსაც სცენაზე გამოიყენება ცეცხლმფრქვევლები.[31]

„LoveGame“-ის შესრულებისას ჟღერს „გრაინდინგ-გიტარები“, რომლებიც სიმღერას აქცევს საცეკვაო პოპისა და მძიმე მეტალის ნაზავად.[33] სხვა ვიდეოსეკვენციაში ნაჩვენებია კოსმოსური აფეთქებები, იმ დროს, როცა გაგა და მისი მოცეკვავეები მესამე მოქმედებისთვის იცვამენ შესაბამის ოქროსფერ ატლასის ტანსაცმელს.[35][22]

გაგა მსმენელებს ეკითხება, ოდესმე თუ ჰქონიათ სიცოცხლისთვის ბრძოლა და ასრულებს სიმღერას „Babylon“, მოცეკვავეებთან ერთად ვოგინგის სტილში ცეკვის თანხლებით.[35][22] ის ამ სიმღერას უძღვნის ალექსანდერ მაკ-ქუინს.[4] შემდეგ გაგა იფარებს სახეს თმით დაფარული ქუდით და ნელა გადის აუდიტორიაში, მთავარ და მცირე, მეორე სცენას შორის არსებულ ბილიკზე და ასრულებს სიმღერას „Free Woman“.[25] ის აუდიტორიას ეუბნება: „this is a ball, and everyone's welcome here“.[2] შემდეგ ჯდება თავის ფორტეპიანოსთან, რომელიც ეკლის ფორმის სკულპტურაშია მოთავსებული.[17] შემდეგ აცხადებს, რომ დარბაზში უამრავ ადამიანს ხედავს, ვინც ზუსტად იცის, ვინ არის[22] და ასრულებს თვითაღიარების სიმღერას „Born This Way“ — თავიდან მარტივ ვერსიად, ხოლო შემდეგ გადადის სიმღერის ენერგიულ და ქორეოგრაფიულ შესრულებაზე.[21]

კიდევ ერთი ვიზუალი გვაჩვენებს გაგას საქორწინო კაბებით შემოსილს, ყვავილებითა და თვალისმომჭრელი ოქრომოქარგული სამკაულებით დაფარულს.[25][36] შემდეგ ის ბრუნდება ფორტეპიანოსთან მეოთხე მოქმედებისთვის — მწერის ფორმის კოსტიუმში, რათა შეასრულოს ორი სიმღერა ფილმიდან A Star Is Born (2018): „Shallow“ და „Always Remember Us This Way“.[2] „The Edge of Glory“-ს შესრულების დროს, გაგა ცოტა ხნით ჩერდება და სიტყვით გამოდის, რომელშიც პატივს მიაგებს აუდიტორიას პანდემიის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის.[15] ის საუბრობს მწუხარებაზე, რომელმაც „1000 Doves“-ის დაწერა შთააგონა, და გამოხატავს სინანულს, რომ ტკივილი მხიარული პოპ-ტრეკის მიღმა დამალა, სანამ მას ფორტეპიანოზე დაუკრავდა — ისე, როგორც თავდაპირველად ჰქონდა განზრახული.[37]

გაგა „Fun Tonight“-ის შესრულების დროს ფორტეპიანოს სკამზე დგას და წინ იხრება, რათა კლავიშებს მისწვდეს.[33] ის სიმღერას უძღვნის ყველას, ვინც მეგობრებთან ერთად არის გარეთ, მაგრამ შინაგანად ვერ ერთობა.[25] „Enigma“-სთვის გაგას მიკროფონის სადგამს აწოდებენ და შესრულების დროს ის მას მაღლა ატრიალებს.[25] ბოლო ვიდეო-ინტერლუდიაში გაგა კითხულობს სონეტს, რომელიც ხელოვნებას და მხატვრის პასუხისმგებლობას ეხება.[19] ფინალისათვის ის ასრულებს „Stupid Love“-სა და „Rain on Me“-ს ბრილიანტით მოჭედილ ტანისამოსში; მეორე სიმღერა კი იწყება და მთავრდება იმით, რომ გაგა ზურგზე გადახრილია.[31]

ის კიდევ ერთხელ ბრუნდება ენკორისთვის — ლატექსსა და ტყავში გამოწყობილი, მეტალის მკლავით. Top Gun: Maverick (2022)-ის თემის, „Hold My Hand“-ის შესრულებას გიტარის ხმები და პიროტექნიკული ეფექტები ამშვენებს.[31][2] გაგა ეუბნება მაყურებელს, რომ მას უყვარს ისინი: „შეიძლება ყოველთვის არ გეჭიროთ ჩემი ხელი, მაგრამ მე ყოველთვის თქვენსას ჩავჭიდებ“. შემდეგ მაღლა წევს მეტალის მკლავს და ხელთან ერთად გულის ფორმას ქმნის. როცა მადლობას უხდის ყველას შოუზე მოსვლისთვის, ეკრანი საბოლოოდ აჩვენებს მის მკლავს. მერე შუქები ქრება და ის სცენას ტოვებს.[25]

„2022 წლის 10 სექტემბრის კონცერტი ლოს ანჯელესში ჩაწერეს იმ დროს უცნობი პროექტისთვის. კონცერტის შემდეგ გაგამ ტვიტერზე დაწერა: „52,000 ადამიანი. ყველა ბილეთი გაიყიდა. 30 კამერა შენზე იყო მიმართული და ერთი გადაღება“.[38] 2023 წლის ივნისში მან განაცხადა, რომ The Chromatica Ball-ის საკონცერტო ფილმზე მუშაობდა.[39] 2024 წლის 8 მაისს ფილმი ოფიციალურად გამოაცხადა სოციალურ ქსელებში, ხოლო პრემიერა 25 მაისს HBO-სა და Max-ზე შედგა.“[40]

ეს სია 2022 წლის 21 ივლისს, სტოკჰოლმში გამართული კონცერტიდანაა.[41] ის ტურის ყველა კონცერტის წარმოდგენას არ ისახავს მიზნად.

ენკორი

კონცერტების სია[43][44][45]showing date, city, country, venue, attendance and revenue[46]
თარიღი (2022) ქალაქი ქვეყანა ადგილი დასწრება შემოსავალი
17 ივლისი დიუსელდორფი გერმანია Merkur Spiel-Arena 45,722 / 45,722 $4,027,543
21 ივლისი სტოკჰოლმი შვედეთი Friends Arena 34,934 / 34,934 $3,540,732
24 ივლისი სეინტ-დენისი საფრანგეთი Stade de France 78,866 / 78,866 $7,844,680
26 ივლისი არნემი ნიდერლანდები GelreDome 30,267 / 30,267 $3,250,525
29 ივლისი ლონდონი ინგლისი Tottenham Hotspur Stadium 86,508 / 86,508 $9,638,047
30 ივლისი
6 აგვისტო ტორონტო კანადა Rogers Centre 47,864 / 47,864 $5,080,623
8 აგვისტო ვაშინგტონი ამერიკის შეერთებული შტატები Nationals Park 35,920 / 35,920 $4,885,864
11 აგვისტო აღმოსავლეთ რუტერფორდი MetLife Stadium 53,155 / 53,155 $8,412,348
15 აგვისტო ჩიკაგო Wrigley Field 43,019 / 43,019 $6,905,799
19 აგვისტო ბოსტონი Fenway Park 38,267 / 38,267 $5,704,636
23 აგვისტო არლინგტონი Globe Life Field 38,056 / 38,056 $5,365,094
26 აგვისტო კამბერლენდი Truist Park 36,140 / 36,140 $5,392,573
28 აგვისტო ჰერში Hersheypark Stadium 30,678 / 30,678 $4,277,892
3 სექტემბერი ტოკოროზავა იაპონია Belluna Dome 66,706 / 66,706 $11,442,626
4 სექტემბერი
8 სექტემბერი სან-ფრანცისკო ამერიკის შეერთებული შტატები Oracle Park 38,275 / 38,275 $7,387,434
10 სექტემბერი ლოს-ანჯელესი Dodger Stadium 51,344 / 51,344 $9,355,562
13 სექტემბერი ჰიუსტონი Minute Maid Park 33,779 / 33,779 $4,004,039
17 სექტემბერი მაიამი გარდენსი Hard Rock Stadium 44,298 / 44,298 $5,878,508
ჯამში 833,798 / 833,798 (100%) $112,394,525

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Lady Gaga review: A spectacular freak show from a superheroine of pop. https://telegraph.co.uk.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 21.07.2022. ციტირების თარიღი: 05.10.2025.
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 Lady Gaga's ferocious, wonderful Chromatica Ball proves she's still one of pop's greats. https://inews.co.uk.+ციტირების თარიღი: 05.10.2025.
  3. 1 2 Lady Gaga live in London: a thrilling, high-concept return from pop’s finest. https://www.nme.com.+ციტირების თარიღი: 05.10.2025.
  4. 1 2 Five stars for Lady Gaga’s Chromatica Ball — a spectacle with wow factor to spare. https://ft.com.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.08.2022. ციტირების თარიღი: 05.10.2025.
  5. Lady Gaga at Tottenham Hotspur Stadium: As perfect a performance as it gets. https://standard.co.uk.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.08.2022. ციტირების თარიღი: 05.10.2025.
  6. Lady Gaga Unveils ‘Chromatica Ball’ Tour Dates. https://variety.com.+ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  7. Lady Gaga Postpones Chromatica Ball Tour. https://www.rollingstone.com.+ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  8. Lady Gaga Postpones ‘Chromatica Ball’ Tour Until 2022. https://variety.com.+ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  9. Lady Gaga finally revives Chromatica Ball tour with new 2022 concert dates. https://ew.com.+ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  10. Lady Gaga Expands ‘The Chromatica Ball’ Tour to Asia. https://thatgrapejuice.net.+ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  11. レディー・ガガ、来日記念ポップアップ・ショップが開催. https://www.billboard-japan.com.+ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  12. Lady Gaga Adds New “Chromatica Ball” Tour Dates. https://consequence.net.+ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  13. Lady Gaga Cancels Remainder of Joanne World Tour Due to ‘Severe Pain’. https://rollingstone.com.+ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  14. Lady Gaga Launches Chromatica Ball: Setlist + Video. https://consequence.net.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 19.07.2022. ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  15. 1 2 Lady Gaga’s Chromatica Ball live in Stockholm: the party we waited for. https://rollingstone.co.uk.+ციტირების თარიღი: 06.10.2025.
  16. 1 2 3 4 5 Lady Gaga Revives “Mother Monster” Style for Her Chromatica Ball Tour. https://vogue.com.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 21.07.2022. ციტირების თარიღი: 07.10.2025.
  17. 1 2 Lady Gaga Kicks Off Her Chromatica Ball Summer Stadium Tour! See Her Dramatic Performance Looks. https://people.com/.+ციტირების თარიღი: 07.10.2025.
  18. Lady Gaga gets emotional in video on first night of world tour: 'I was really battling from my life'. https://today.com.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 18.07.2022. ციტირების თარიღი: 07.10.2025.
  19. 1 2 3 Lady Gaga Reminds That She’s at Her Best When She’s at Her Weirdest During New Jersey Stadium Show. https://rollingstone.com.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 12.08.2022. ციტირების თარიღი: 07.10.2025.
  20. 1 2 CONCERT REVIEW: Lady Gaga covers gamut of emotions at Truist Park. https://ajc.com.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 29.08.2022. ციტირების თარიღი: 07.10.2025.
  21. 1 2 3 Lady Gaga’s Chromatica Ball Tour Is the Ecstatic Release We Need Right Now. https://billboard.com.+ციტირების თარიღი: 07.10.2025.
  22. 1 2 3 4 5 6 7 Lady Gaga defends gay marriage, abortion rights at U.S. tour opener: 'I pray that this country will speak up'. https://usatoday.com.+ციტირების თარიღი: 08.10.2025.
  23. 1 2 Aus dem Weltall auf die Erdenbühne gefallen. https://welt.de.+ციტირების თარიღი: 08.10.2025.
  24. 1 2 3 4 5 6 Review: Lady Gaga brings her over-the-top Chromatica Ball tour to Hershey. https://inquirer.com.+ციტირების თარიღი: 08.10.2025.
  25. 1 2 3 4 5 6 7 At the Chromatica Ball, Lady Gaga proves herself as this generation's rockstar. https://thelineofbestfit.com.+ციტირების თარიღი: 08.10.2025.
  26. See Lady Gaga's Entire Chromatica Ball Wardrobe. https://papermag.com.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 20.09.2022. ციტირების თარიღი: 08.10.2025.
  27. 1 2 3 4 5 6 7 8 9 The inside scoop on Lady Gaga’s outrageous Chromatica Ball fashions. https://dazeddigital.com/.+ციტირების თარიღი: 08.10.2025.
  28. 1 2 3 4 5 Lady Gaga Drips in Molten Gold Metallics, Blood Stains and Edgy Outfits on First Night of Chromatica Ball Tour. https://wwd.com.+ციტირების თარიღი: 11.11.2025.
  29. 1 2 3 4 All of Lady Gaga's Chromatica Ball Tour Outfits. https://www.nylon.com.+ციტირების თარიღი: 11.11.2025.
  30. 1 2 Lady Gaga's Outfits for Chromatica Tour In Los Angeles Were Some of Her Best Yet. https://www.elle.com/.+ციტირების თარიღი: 12.11.2025.
  31. 1 2 3 4 5 6 7 Lady Gaga: The Chromatica Ball review – a spectacular show of high camp and insect cosplay. https://www.theguardian.com.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 22.07.2022. ციტირების თარიღი: 12.11.2025.
  32. 1 2 3 Live Review: Lady Gaga's The Chromatica Ball, London, 29/07/22. https://www.gigwise.com/.+ციტირების თარიღი: 12.11.2025.
  33. 1 2 3 4 5 Review: In Lady Gaga’s sold-out show at Wrigley Field, every song was a larger-than-life experience. https://www.chicagotribune.com.+ციტირების თარიღი: 13.11.2025.
  34. Lady Gaga’s Chromatica Ball undoes her bodily betrayal. https://i-d.co.+ციტირების თარიღი: 13.11.2025.
  35. 1 2 Lady Gaga at MetLife Stadium review: Pop euphoria explodes at 1st N.J. concert in 8 years. https://www.nj.com.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 01.09.2022. ციტირების თარიღი: 13.11.2025.
  36. Munzenrieder, Kyle. (July 18, 2022) Lady Gaga's Chromatica Ball Has a Haute Couture History Surprise. ციტირების თარიღი: September 16, 2022
  37. Lady Gaga Finally Kicks Off “Chromatica Ball” After Years of Delays: “This Bitch Has Been to the Grave and Back!”. consequence.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 08.08.2022. ციტირების თარიღი: 26.11.2025.
  38. Atkinson, Katie (September 11, 2022). „Lady Gaga's Artful & Hopeful Chromatica Ball Tour Stop at LA's Dodger Stadium Filmed for Mystery Project“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 11, 2022. ციტირების თარიღი: September 11, 2022.
  39. Mier, Tomás (June 16, 2023). „Lady Gaga Confirms 'Chromatica Ball' Film, Says Alone Time Has Been 'Healing'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 17, 2023. ციტირების თარიღი: June 17, 2023.
  40. Aswad, Jem (May 8, 2024). „Lady Gaga's 'Chromatica Ball' HBO Concert Special to Premiere May 25“. Variety. ციტირების თარიღი: May 8, 2024.
  41. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის stockholmsetlist არ არის მითითებული ტექსტი; $2
  42. Robinson, Ellie (July 17, 2022). „Lady Gaga debuts 'Free Woman,' 'Sour Candy' and more during first night of 'The Chromatica Ball'. NME. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 17, 2022. ციტირების თარიღი: July 18, 2022. line feed character არის |date=-ში №5 პოზიციაზე (დახმარება); line feed character არის |archive-date=-ში №5 პოზიციაზე (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archive-date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: BOT: original-url-ის სტატუსი უცნობია (link)
  43. Frankenberg, Eric (October 26, 2022). „Lady Gaga Finishes The Chromatica Ball With $112 Million in Stadiums“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 20, 2023. ციტირების თარიღი: September 7, 2023.
  44. „2022 Year-End Boxscore Charts“. Billboard. December 1, 2022. ციტირების თარიღი: September 7, 2023.
  45. Chart Scene: Lady Gaga's Stadium Tour Hits APX & LIVE75 Charts - Pollstar News (August 19, 2022). ციტირების თარიღი: September 7, 2023
  46. „Year End Top 300 Concert Grosses“ (PDF). Pollstar. December 12, 2022. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — February 10, 2024. ციტირების თარიღი: February 10, 2024.