TV პირველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
TV პირველი
TVპირველი.png
სლოგანი მოვლენათა ეპიცენტრში
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა საქართველო, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი აფრიკა
მფლობელი ვახტანგ წერეთელი
საიტი tvpirveli.ge/
ლოგოს ფერი     

TV პირველი — ტელეარხი საქართველოში. TV პირველი პირველად ეთერში 2015 წლის 2 მარტს გავიდა, როგორც სპორტული არხი TVS.[1] არხმა მალევე საერთო მაუწყებლის ლიცენზია მოიპოვა, სრულიად განაახლა თავისი სატელევიზიო ბადე.[1] ბადის განახლების შემდეგ, ტელეარხს შეუერთდნენ ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, დიანა ტრაპაიძე და გიორგი ისაკაძე და მისი გუნდი. ტელეკომპანია აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს.[1]

2019 წლის 6 მარტს საქართველოს პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ 5 მარტს გადასცა გამოძიებას. წერილში, რომელიც, ხაზარაძის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა მას შუამავლის ხელით, ტელეკომპანია „პირველსა“ და „თიბისი არტარეას“ ხელისუფლების მხარდმჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“.[2]

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმდჯომარე სულხან სალაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი დადასტურდა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილის დედნის ავთენტურობა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ “თიბისის” გარშემო განვითარებული მოვლენები ძირითადად TV პირველს და გარკვეული ჯგუფის მიერ მისი ხელში ჩაგდების სურვილს უკავშირდებოდეს.[2] მისი თქმით, ვითარებას ართულებს გარემოება, რომ ძალიან რთული დასადგენი იქნება ამ წერილის ავთენტურობა. სალაძის თანახმად, „პროკურატურის მტკიცება, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი, მართალი რომც იყოს, [ეს საქმე] მაინც გამოწვევაა პროკურატურისთვის, ვინაიდან უწყებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა ამ საქმეში. მაგალითად, გასულ კვირას ბრიფინგის გამართვა და იმ თემაზე საუბარი, რაზეც საზოგადოებისთვის ადრეც იყო ცნობილი”. სალაძის შეფასებით, პროკურატურის მოქმედებები „მას აქცევს ერთგვარ პოზიციაში მყოფ ადმინისტრაციულ ორგანოდ“.[2]

2019 წლის 13 აგვისტოს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც არხმა შეწყვიტა მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა“ და ერთი დღის განმავლობაში ვერ გადიოდა არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.[3]

2019 წლის 22 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლისა და დირექტორის ვახტანგ წერეთლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, ბრალი წარუდგინა. [4] პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ „უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.[4] პროკურატურა წერეთელს ედავება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება,[4] რასაც თავად წერეთელი უარყოფს და ბრალს დაუსაბუთებელს უწოდებს.[5]

ავთანდილ წერეთლის დაკავებას გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები.

„შენების მოძრაობის“ ლიდერისა და საქართველოს პარლამენტის სპიკერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, „საქართველოში გრძელდება თავისუფალი მედიის და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესწრეების მოთვინიერების მცდელობა“. მისი თქმით, აღნიშნულის ბოლო მაგალითია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საქმეზე პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის წაყენებული ბრალი.[6] „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილის შეფასებით „ბიძინა ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკის მიმართულებით დღეს არ აგდებს. ძალიან მკაფიო არის, რომ ყოველდღიური შეტევა აქვს მისგან უკონტროლო სივრცეებზე და ახლა პროკურატურა, ანუ ივანიშვილი „ტვ პირველის“ მფლობელის შანტაჟს ცდილობს, რომ „მამაშენს დავიჭერთ“.[7]

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი მამამისის, ავთანდილი წერეთლისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად:„„ტვ პირველს“ ვერ წაიღებთ! სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება“.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ტვ პირველის შესახებ
  2. 2.0 2.1 2.2 რას ნიშნავს თიბისის საქმეში მედიის გამოჩენა — სულხან სალაძის მოსაზრება, ლუკა პერტაია - 06.03.2019, ნეტგაზეთი
  3. "არხი პარალიზებულია" - რა განცხადებას ავრცელებს "ტვ პირველი"
  4. 4.0 4.1 4.2 პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა, ipn.ge
  5. ავთანდილ წერეთელი დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს არ დახმარებია
  6. დავით უსუფაშვილი - საქართველოში გრძელდება თავისუფალი მედიის და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესწრეების მოთვინიერების მცდელობა
  7. დავით ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკის მიმართულებით დღეს არ აგდებს
  8. ვახტანგ წერეთელი - „ტვ პირველს“ ვერ წაიღებთ - სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]