Synopsis Universae Philologiae

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხი mappae geographico-polyglottae (გეოგრაფიული მრავალენოვანი რუკა) სადაც მითითებულია მამაო ჩვენოს დასაწყისი ავტორისთვის ცნობილ ენებაზე

Synopsis Universae Philologiae (ლათინურიდან — ყველა ენის მიმოხილვა, ან მსოფლიო ენების მიმოხილვა/თავშეყრა) — შედარებითი ენათმეცნიერების ადრეული ნამუშევარი, რომელიც ეკუთვნის ჰირშბერგის (იელენია გურა) უნივერსიტეტის რექტორს გოტფრიდ ჰენსელს (გერმ. Gottfried Hensel, ლათ. Godofredus Henselius, 1687-1767).[1] ნაშრომის სრული სათაურია: Synopsis universae philologiae: in qua: miranda unitas et harmonia linguarum totius orbis terrarum occulta, e literarum, syllabarum, vocumque natura & recessibus eruitur. Cum Grammatica, LL. Orient. Harmonica, Synoptice tractata; nec non descriptione Orbis Terr. quoad Linguarum situm & propagationem, mappisque geographico-polyglottis. ნაშრომი გამოქვეყნებული იყო 1741 წელს ნიურნბერგში იოჰან ჰომანის კომისიის მიერ.

ლინგვისტური რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაშრომში წარმოდგენილია იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიო ენები, მათი გამოყენების გეოგრაფიული არეალი და დამწერლობა. აღსანიშნავია, რომ გამომდინარე მოღვაწეობის ეპოქისა, ჰენსელმა გამოიყენა თეორია, რომლის მიხედვით ყველა ენა წარმოშობილი იყო ბიბლიური ებრაული ენისგან, რომელიც თავის დროზე წარმოდგენილი იყო, როგორც საერთო ენა. აღნიშნული თეორია ეკუთვნის პიერ ბესნიერს (1648-1705), რომელმაც 1675 წელს გამოაქვეყნა „ფილისოფიური ესე ენების გაერთიანების შესახებ, ანუ ერთი (საერთო) ენის ცოდნით ყველა ენის გამოყენების ხელოვნება“.[2]

წიგნში წარმოდგენილია 4 კონტინენტი - ევროპა (მათ შორის ანატოლია), აზია, აფრიკა და ამერიკა.

ევროპა — «Europa Poly Glotta, Linguarum Geneologiam exhibens, una cum Literis, scribendique modis, Omnium Gentium», ტაბულაში მოცემულია შემდეგი დამწერლობები: „სკვითური“ (სვარაუდოდ ებრაული), ბერძნული, „მაკრომანული“, რუნები, კუნძულის, გოთიკური, ანგლო-საქსური, რუთენული (კირილიცა), ჰუნური (სავარაუდოდ უნგრული რუნები), „სლავური/სლავონური“ (კირილიცა), გლაგოლიცა და ეტრუსკული დამწერლობა. ევრუპის რუკაზე ასახულია მამაო ჩვენო 34 ენაზე.

აზია — «Asia Poly Glotta, Linguarum Geneologiam, cum Literis, scribendique Modis, exhibens», ტაბულაში მოცემულია შემდეგი დამწერლობები: ებრაული, სირიული, სპარსულ-არაბული, ქართული, სომხური, ჩინური, „ქალდეური“ (სავარაუდოდ არამეული), უზბეკური (ჩინური იეროგლიფები), „იაპონური“ (უცნაური გრაფემებით), მალაიზიური (სავარაუდოდ არაბული), თათრული (ასევე, წერია, რომ დამახასიათებელია სკვითური ხალხებისთვის, თუმცა მითითებული დამწერლობა არ არსებობდა).

აფრიკა — «Africa Poly-Glotta Scribendi Modos Gentium exhibens», ტაბულაში მოცემულია მხოლოდ აეთიოპიური (გე'ეზი) და კოპტური დამწერლობები.

ამერიკა — «America cum Supplementis Poly-Glottis», ტაბულაში მოცემულია „ბრახმანული“ (დევანაგარი) და „ზუნდური“ (სინამდვილეში კი ავესტური) დამწერლობები.

ქართული ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ენა აღნიშნულია აზიის რუკაზე შემდეგი სათაურით - «Iberi-Georgica» (იბერულ-ქართული), მისი გამოყენების არეალი რუკის მიხედვით გაწელილია აზოვისა და შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. ჩრდილოეთიდან მას „ესაზღვრებიან“ რუსული, სკვითური, და ყალმუხურ-ტონღუტო-მონღოლური ენები, ხოლო სამხრეთიდან - სირიული და სომხური ენები. რუკაზე გამოყენებული ქართული ენის მხედრული დამწერლობა, რომლითაც დაწერილია მამაო ჩვენოს დასაწყისი:

მამაო ჻ ჩუენო ჻ რომელი ჻ ხარ ჻ ცათა ჻ შინა ჻ წმინდა ჻ იყავნ ჻ სახელი ჻

.

აღსანიშნავია, რომ რუკის ქვემოთ, ჰორიზონტალური ტაბულაში მითითებულია ქართულის 35 ასო-ბგერა. საინტერესოა ისიც, რომ მამაო ჩვენოს ფრაგმენტში გამოყენებულია ლიგატურები, მაგალითად - უე (სიტყვაში - ჩუენო), ყა და ვნ (სიტყვაში - იყავნ), ელ (სიტყვაში - სახელი).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Siegismund Justus Ehrhardt, Presbyterologie des Evangelischen Schlesiens, 1783, p. 205
  2. Johann Gottfried Eichhorn, Geschichte der neuern Sprachenkunde (vol. 5 of Geschichte der Litteratur von ihrem Anfang bis auf die neuesten Zeiten), 1807, p. 11.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: