ჩვეულებრივი დუმასოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Suillus luteus)
ჩვეულებრივი დუმასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  დუმასოკოსებრნი
გვარი:  დუმასოკო
სახეობა:  ჩვეულებრივი დუმასოკო
ლათინური სახელი
Suillus luteus (L.), Ruossel, (1796)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090818

ჩვეულებრივი დუმასოკო (ლათ. Suillus luteus) — სოკოს სახეობა დუმასოკოსებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. იზრდება ფიჭვის ტყეებსა და ნარგავებში, შერეულ ფიჭვ-არყისა და ფიჭვ-მუხის ტყეებში კარგად დაწრეტილ ქვიაშიან ნიადაგზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა, „ტაქსონომიის მამად“ წოდებულმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Boletus luteus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ანრი ფრანსუა ან დე რასელმა 1796 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები: [3]

  • Boletus luteus L. (1753)
  • Boletus volvatus Batsch (1783)
  • Cricunopus luteus (L.) P.Karst. (1881)
  • Viscipellis luteus (L.) Quél. (1886)
  • Ixocomus luteus (L.) Quél. (1888)
  • Boletopsis lutea (L.) Henn. (1898)

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოკოს ქუდის დიამეტრი 3–14 სმ-მდე აღწევს. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, ამობურცული, შემდეგ — გაშლილი, თითქმის ბრტყელი. შუაში ბორცვაკი აქვს, გლუვი, ლორწოვანი ზედაპირით. ყავისფერი, მუქი ყავისფერი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, მოყავისფრო-მურა, მოყავისფრო-მურა-მოწითალო, მოყავისფრო-მურა-მოყვითალო, მოყავისფრო-მურა-ზეთისხილისფერი, მოყავისფრო-მურა-წაბლისფერი.

ფორების შრე ყვითელი ფერისაა და შეზრდილი. ნორჩობაში დაფარულია თეთრი ან მოთეთრო-რძისფერი აფსკით. ფორები წვრილი და მომრგვალოა, თავიდან მოთეთრო ან მკრთალი ყვითელია, შემდგომში უფრო მუქ შეფერილობას იღებს, მარტივად სცილდება ქუდის რბილობს.

ფეხის სიგრძე 3–11 სმ-მდე აღწევს, ხოლო სისქე 1–2,5 სმ-მდე. მთლიანია, ცილინდრული, სიგრძივ-ბოჭკოვანი, გააჩნია მოთეთრო საყელო, თავიდან თეთრი, მოთეთრო, მოთეთრო-მოყვითალო ან მკრთალი ყვითელი, ხოლო შემდეგ უფრო მუქი, მოყავისფრო-მურა-ჭუჭყისფერი.

რბილობი — ხორცოვანი და წვნიანია, მოთეთრო-მოყვითალო, ჰაერზე ფერს არ იცვლის.[4] განსაკუთრებული გემოს გარეშე. ახასიათებს სუსტად გამოხატული ხილის სუნი. კანი ადვილად სცილდება რბილობს.[5]

სპორები თითისტარისებრია ან მოგრძო-ელიფსური, გლუვი, მოყვითალო-ჟანგმიწისფერი, უდაბნოს ქვიშისფერი, მდოგვისფერი-მოყავისფრო, 6–10x3–3.5 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახეობა ფართოდაა გავრცელებული მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ურჩევნია ზომიერად ცივი კლიმატი, თუმცა ასევე გვხვდება სუბტროპიკულ სარტყელებში.

მიკორიზას ქმნის ჩვეულებრივ ფიჭვთან და სხვა ორ წიწვიან ფიჭვებთან, უმეტესწილად ახალგაზრდა ხეებთან.

იზრდება ფიჭვის ტყეებსა და ნარგავებში, შერეულ ფიჭვ-არყისა და ფიჭვ-მუხის ტყეებში კარგად დაწრეტილ ქვიაშიან ნიადაგზე. ურჩევნია ნათელი ადგილები, თუმცა გვხვდება ბნელ ადგილებშიც. დუმასოკო ასევე იზრდება სხვა სახეობის სოკოებთან ერთად.

ნაყოფსხეული როგორც წესი წარმოიშობა წვიმიდან 2-3 დღის შემდეგ. მთიან ადგილებში დუმასოკო შესაძლოა მასიურად გაიზარდოს ქვების გარშემო. ეს ხდება ქვების ზედაპირზე ტენის კონდენსაციით.

ზაფხულის პერიოდში (სეზონის დასაწყისში) დუმასოკო ხშირად ზიანდება სხვადასხვა მწერების მიერ. შემოდგომაზე მწერების აქტიურობა მკვეთრად ეცემა.

სეზონი — ივნისიდან ოქტომბრამდე, მასიურად — სექტემბერში.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელი სოკოა. გამოიყენება შემწვარი, დამარილებული და დამარინადებული. მისგან აგრეთვე წვნიან კერძებს ამზადებენ. მოხმარებამდე რეკომენდირებულია გაეცალოს კანი[6] და მოიხარშოს 10-15 წუთის განმავლობაში. ყველაზე გემრიელად მიიჩნევა ნორჩი დამარილებული ან დამარინადებული. დაკონსერვებამდე საჭიროა კანის მოცილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მარინადი მუქი და ზედმეტად სქელი გამოდის. სოკო ასევე გამოსადეგია გასახმობადაც.

ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, დუმასოკომ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 62, ISBN 99940-856-1-1.
  • Гарибова Л. В., Сидорова И. И. Грибы. Энциклопедия природы России. — М.: ABF, 1997.
  • Дермек А. Грибы. — Братислава: изд-во „Словарт“, 1989.
  • Сержанина Г. И. (1984). Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Linnaeus C. (1753). Species Plantarum (Latin). Stockholm, Sweden: Laurentii Salvii, გვ. 1177. 
  2. Roussel HFA. (1796). Flore du Calvados et terrains adjacents, composée suivant la méthode de Jussieu (fr). Caen, France: L.-J. Poisson, გვ. 34. 
  3. GSD species synonymy: Suillus luteus (L.) Roussel. Species Fungorum. CAB International. ციტირების თარიღი: 28 July 2014.
  4. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 62
  5. Suillus luteus Suillus luteus. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია/Ethnobiology of fungi and lichens of Georgia. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2020.
  6. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 288. ISBN 978-1-55407-651-2.