Soft Eject

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Soft Eject
Soft Eject Tbilisi Open Air 2017.jpg
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი
ფოლკ-როკი
აქტიური 1990 - 2004
2016 - დღემდე
საიტი softeject.ge

Soft Eject — ქართული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა თბილისში 1990 წელს. ჯგუფი დააფუძნა ხუთმა მეგობარმა, რომელთაგან ოთხი — პეჩო (ირაკლი ჭელიშვილი), ვახო ბაბუნაშვილი, ოთარ ყარალაშვილი, და გია ქარჩხაძე, კომპოზიტორ-მომღერლები არიან, ხოლო მეხუთე — ნოდარ მანჩხაშვილი — დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. უნიკალურმა მუსიკალურმა სტილმა და ინგლისურენოვანმა სიმღერებმა ჯგუფს მალევე მოუტანა პოპულარობა საქართველოში.

1990 - 1996: მოხეტიალე ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის პირველი წლები დრამატულ პოლიტიკურ ცვლილებებს დაემთხვა: საბჭოთა კავშირის დაშლა, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, გაჩენა, სამოქალაქო ომები და სხვა. 1992 წელს Soft Eject-მა საქართველო დატოვა და გერმანიას მიაშურა. აქ თავდაპირველად ქუჩაში უკრავდნენ, რასაც შემდეგ ადგილობრივ ბარებში კონცერტები, მოგვიანებით კი კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში გამოსვლები მოჰყვა. სწორედ მოხეტიალე ცხოვრება გახდა შთაგონების წყარო ჯგუფის პირველი ალბომისთვის Wanderer.

1993 წელს ჯგუფი დატოვა ოთარ ყარალაშვილმა. 1994 წელს Soft Eject-მა გერმანიაში ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის ჯგუფის პირველი ჰიტი Please Just Carry On. 1995 წელს ჯგუფმა ამ სიმღერაზე გადაიღო ვიდეოკლიპი, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კლიპია საქართველოში.

1995 წლის მიწურულს Soft Eject სამშობლოში დაბრუნდა. 1996 წლიდან ჯგუფმა საქართველოში განაგრძო მუშაობა, დააფუძნა საკუთარი ჩამწერი სტუდია და წამოიწყო რამდენიმე ექსპერიმენტული პროექტი. 1996 წლის ბოლოს ჯგუფიდან წავიდა პეჩო.

1997-2004: სტუდიური წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი სტილი ჯგუფმა ფოლკლორსა და კლასიკურ მუსიკაზე დაყრდნობით გამოიმუშავა. დაიმატეს ოთხი ახალი მუსიკოსი: სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა), ემზარ ბურდული (ვალტორნა), ანა სიხარულიძე (აკორდეონი) და გიორგი კობახიძე (გიტარა). ამ ახალი, 7-წევრიანი შემადგენლობით, ჯგუფმა განსხვავებულ და საინტერესო, ცოცხალ ჟღერადობას მიაღწია. 1999-2001 წლებში Soft Eject-მა შექმნა მრავალი ექსპერიმენტული ჩანაწერი, მათ შორის ფოლკლორული მიმართულების პროექტები Night და Nine Mountains Away. 2002 წელს ჯგუფმა დაუკრა მანჩესტერში ფესტივალზე In The City, რასაც მოჰყვა 2002-2003 წლებში მათი საკონცერტო ტურნეები დიდ ბრიტანეთში.

2002 წელს ჯგუფიდან წავიდა გია ქარჩხაძე. ორი წლის შემდეგ Soft Eject-მა აქტივობა შეწყვიტა.

2016-დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის ოთხმა წევრმა — პეჩომ, ვახო ბაბუნაშვილმა, გია ქარჩხაძემ და ნოდარ მანჩხაშვილმა ისევ დაიწყეს მუშაობა ახალ სიმღერებზე და, როგორც ძველად, ახლაც დააფუძნეს საკუთარი ჩამწერი სტუდია. მალე მიიღეს შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ფესტივალზე Tbilisi Open Air. 2017 წლის17 ივნისს Soft Eject-ის სცენაზე დაბრუნება უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა. ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ჩაეწერათ ახალი ალბომი, რომელშიც ძირითადად ადრეულ წლებში დაწერილი სიმღერები შევიდოდა. თავად მუსიკოსების თქმით, „ეს ის სიმღერებია, რომლებსაც თავი ვერ გავართვით, როცა გაცილებით ახალგაზრდები ვიყავით“. ალბომის დასრულება იგეგმება 2019 წელს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Soft_Eject&oldid=3708855“-დან