Sahelanthropus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Sahelanthropus tchadensis)
საჰელანთროპუს ჩადენსის

საჰელანთროპუს ჩადენსისის თავის ქალა.

Scientific classification

Kingdom:Animalia
Phylum:Chordata
Subphylum:Vertebrata
Class:Mammalia
Order:Primates
Family:Hominidae
Genus:Sahelanthropus
Species:S. Tchadensis
Binomial name
საჰელანთროპუს ჩადენსის

Brunet et al., 2002

ჰომინიდები, მათი თავდაპირველი აღწერილობიდან 1925-ში 1995 წლამდე პლიოცენის ეპოქიდან (5,3-1,6 მლნ წლები) და გვიანი ზედა მიოცენიდან (7,5-5,3) ცნობილნი იყვნენ მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკიდან. ამგვარ განაწილებას წინ მიუძღვოდა სხვადასხვა ავტორის პოსტულატი, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ აფრიკა ითვლება ჰომინიდების წარმოშობის ადგილად. ანთროპოლოგები განსაკუთრებით იყვნენ ფოკუსირებულნი აღმოსავლეთ აფრიკაზე გასულ დეკადებში, სადაც კენიაში და ეთიოპიაში მიაკვლიეს ახალ სახეობებსაც, თუმცა შემდგომი აღმოჩენა ჩადიში ყველაზე აღსანიშნავია, რომელიც უკავშირდება სახეობა საჰელანთროპუს ჩადენსისს, რომელსაც უფრო ღრმად მივყავართ ჰომინიდების წარმოშობის ფესვებთან.[1]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოჩენის ადგილი.

ზოგადი სახელი საჰელ ეხება აფრიკის რეგიონს, რომელიც ესაზღვრება საჰარას, სადაც ნაშთები იქნა აღმოჩენილი.

ზოგადი დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის ქალა (სავარაუოდოდ მამაკაცი) ორთოგნატიული სახით (ორთოგნატია - როცა ზედა, წინა და გვერდითი კბილები ფარავენ ერთმანეთს), რომელსაც აქვს სუსტი ანთროპომეტრიული პროგნატია (ყბის წინ გამოწევა), მაიმუნის ზომის პატარა თავის ქალა, გრძელი და ვიწრო თავის ქალა, იგი ხასიათდება შემდგომი მორფოლოგიით: სახის ზედა ნაწილი კარგად ეხამება ცენტრალურად ვიწრო და წინარეუკანულად მოკლე სახის ქვედა ნაწილს; აქვს დიდი ეშვის ფოსო; პატარა და ვიწრო U-ს ფორმის დენტალური რკალი; ორბიტები გაყოფილია ძალიან ფართო ინტერორბიტალური საყრდენით და გვირგვინდება დიდი, სქელი და უწყვეტი სუპრაორბიტალური ტორუსით; კეფის პატარა, გლუვი არეალით ძვლის ბოლოს. (შეერთების ადგილის შემადგენელი ნაწილი).[1]

აღმოჩენის ისტორია, ექსპედიციის წევრები.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჰელანთროპუს ჩადენსისის მეცნიერული მშობელი არის ფრანგი პროფესორი მიშელ ბრუნეტი პუატიეს უნივერსიტეტიდან. ამ პალეონტოლოგისთვის, რომელმაც აქამდე 1995 წელს აღმოაჩინა აბელის, პირველი ავსტრალოპითეკის ყბა დასავლეთ აფრიკაში, ტოუმაის აღმოჩენა იყო ერთგვარი დამაგვირგვინებელი კარიერისა, რომელიც ავღანეთის ველიდან კამერუნამდე გრძელდებოდა. თუმცა, ავტორი სტატიისა, რომელიც აღმოჩენის მესამე დღეს გამოქვეყნდა „La Table Ronde-ში“, იყო არა ბრუნეტი, არამედ ერთ-ერთი სხვა აღმომჩენი, ალენ ბუვილენი. მიზეზი იყო ის, რომ 2001 წლის 19 ივლისს, როცა საჰელანთროპუსის თავის ქალა აღმოაჩინეს მიშელ ბრუნეტი პუატიეში იმყოფებოდა. ამ დღეს გათხრებში მონაწილეობდა მხოლოდ 4 პიროვნება. აქედან 3 ჩადიდან, აჰუნტა ჯიმდუბალმეი,  ფანონე გონგდიბე, მაჰამატ ადუმი და ერთი ფრანგი, ალენ ბუვილენი. სწორედ ახალგაზრდა ბაკალავრმა სტუდენტმა, აჰუნტამ აღმოაჩინა ტოუმაი.[2]

მიშელ ბრუნეტმა რამდენიმეჯერ აღნიშნა აჰუნტას ღვაწლი და მას უწოდა „საუკეთესო ნამარხებზე მონადირე გუნდში“. თუმცა, ამ აღიარების საწინააღმდეგოდ, მისი და 3 თანაგუნდელის შრომა შედარებით დაფარული დარჩა.

ალენ ბუვილენი, ჩრდილოეთ კამერუნზე თეზისის ავტორი, წარმოადგენს ისეთ მკვლევარს, რომელსაც გათავისებული აქვს აფრიკა. მას შემდეგ, რაც იგი ასწავლიდა იაუნდეს უნივერსიტეტში (1978-1989 წწ), ის ჩადგა ნჯამენას სამსახურში. ის ძალზედ დაინტერესდა ჩადის უდაბნოთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელმიუწვდომელი იყო ომებისა და არსებული ნაღმების გამო. მან მოაწყო 28 სამეცნიერო მისია, რომელთა დიდი ნაწილი ნამარხების ძიებას ემსახურებოდა.[2]

„ტოუმაი, ადამიანის თავგადასავლის“ პირველ ნაწილში დეტალურად აღწერილია აღმოჩენის პროცესი. გეოგრაფი მარტივად ხატავს წინაპრის პირველად ნახვასთან დაკავშირებულ ემოციებს. ასევე, აღწერს, თუ როგორი სიფრთხილით გაახვიეს ნამარხის ნაწილები ქაღალდში და პატარა ნიმუშები მოათავსეს პლასტმასის ბოთლებში მისმა თანაგუნდელებმა, როგორ იჭედებოდა ტრანსპორტი ქვიშაში. ასევე, ალენ ბუვილენი აღწერს ამ აღმოჩენის წინ მდგომ მოვლენებს. მან 1992 წელს მოიპატიჯა მიშელ ბრუნეტი, რომელსაც იმ დროისთვის დინოზავრის ნამარხები ჰქონდა აღმოჩენილი, რათა ჩაეტარებინა კონფერენცია დ’ჯამენაში. პუატიელმა პალეონტოლოგმა ჩადის უდაბნოში პირველი ექსპედიცია მოაწყო 1994 წლის იანვარში.

2001 წლის ოქტომბერში „TM 266” არეალში მომუშავე კვარტეტს ორი მკვლევარი შეემატა. ალენ ბუვილენი ყურადღებას ამახვილებს მათ არაპროფესიონალიზმზე და მათთან მუშაობის სირთულეზე. ამან შეაყოვნა აღმოჩენები პროფესორ მიშელ ბრუნეტის ჩამოსვლამდე 2002 წლის 5 იანვარს.[3]

განამარხებული ნაშთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღემდე ცნობილი საჰელანტროპუსის განამარხებული ნაშთები აღმოჩენილია სამ ადგილას (TM 247, TM 266 (სადაც, ნაპოვნია არსებული ნაშთების უმეტესი ნაწილი, მათ შორის თავის ქალა და მენჯის ძვალი), და TM 292). ამ აღმჩენების საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ჩადენსისი არის უძველესი დღემდე ცნობილი ადამიანის წინაპარი, მას შემდეგ რაც, ადამიანების ხაზი გამოეყო შიმპანზეებისას.[4]

საჰელანთროპუს ჩადენსისის განამარხებული ფორმები, აღმოჩენილი ჩადის ტერიტორიაზე, გვიან მიოცენურ ეპოქას მიეკუთვნება, ეს ეპოქა კი ანთროპოლოგების დიდ ინტერესს იწვევს, ვინაიდან მას მივყავართ ჰომინიდების წარმოშობის ადრეულ საფეხურებზე. განამარხებული ფორმები, ატარებს უდიდესს სამეცნიერო და კულტურულ ფასეულობას და დღემდე დებატების საგნად ითვლება თუ რომელ სახეობას მიეკუთვნება- ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ეს სახეობა ოთხფეხა მაიმუნს წარმოადგენს, ზოგიერთი კი ემხრობა იმ აზრს, რომ ის ჰომინიდის წარმომადგენელია.[4]

150 კმ სიგრძის ვრცელი რეგიონი, ჯოურაბ ერგის (ჩადი) რეგიონიდან დასავლეთით, რომელსაც პალეონტოლოგებმა ტოროს-მენალლა უწოდეს. ეს არის ადგილი სადაც ეს ჰომინიდი იქნა იდენტიფიციებული. არეალის შესამჩნევი ზონაა მის ცენტრში მცირე დაქანება, რომელიც დაახლოებით 10 მ სიმაღლისაა და 40 კმ სიგრძის. ეს რელიეფი სავარაუდოდ დაკარგული იყო, რომელიც აღდგა ტექტონიკური პროცესების შედეგად ტიბეტის ვულკანიზმის საშუალებით. ემი კოუსი (განიერი ვულკანური კონუსი, 80 კმ დიამეტრის, რომლის უმაღლესი წერტილი 3415 მ-ს აღწევს, წარმოიქმნა მესამეული ხანის გვიანი მიოცენური და პროთანამედროვე პერიოდებს შორის.) მხოლოდ 400 კმ-ითაა დაშორებული ამ ადგილიდან, რაც იმას მოწმობს, რომ ტექტონიკური აქტივობის ეპიცენტრი ახლოსაა დჯოურაბთან.[5]

ძალზედ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს თავის ქალა ცნობილი როგორც ტოუმაი, რომელიც საჰელანტროპუს ჩადენსის მიეკუთვნებოდა, იგი ნაპოვნი იყო გაქვავებული ნალექის შრეში. თავის ქალა აიღეს მიწის საფარიდან, რომელიც დაფარული იყო ფხვიერი ქვიშით. დროთა განმავლობაში ქვიშაზე ქარის ზემოქმედება ახდენდა გავლენას. ქვიშიდან გამოიფხიკა თავის ქალის მარჯვენა ნაწილი, უფრო კონკრეტულად მისი ზედა ყბა, რის შედეგადაც თითქმის მთლიანად დაიშალა ქვედა ყბა. მიწის ზედაპირზე ქალის აღმოჩენის ადგილას წარმოქმნილი იყო 4,5 სანტიმეტრი სიმაღლის დეტრიტული (ქსოვილების დაშლის ფაფრისებრი პროდუქტი) ნარჩენი, რომელმაც ფაქტობრივად დაიცვა მის ქვემოთ განლაგებული თავის ქალის ნარჩენები. თავის ქალის დაკვირვებისას პირველადი შედეგები ამგვარი იყო: მისი სეგმენტის შუა ნაწილი (დაახლოებით 2მ სისქის), რომელსაც არაფორმალუად ანთრაკოთერიიდის ერთეული ეწოდება. ამ ნაწილის არსებობა მეცნიერებს საშუალებას აძლევდა ეფიქრათ, რომ თავის ქალა ჰომინიდს ეკუთვნოდა, ასევე დანაჩენი ხერხემლიანი ცხოველის ნაშთები იმავეს მოწმობდა.[5]

პალეოანთროპოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის 19 ივლისს, ერთსა და იმავე დროს იქნა აღმოჩენილი TM 266-01-060-1 (თავის ქალა) და TM 266-01- 060-2 (მჭრელების მწკრივების ფრაგმენტები და ეშვის ალვეოლი), აჰოუნატა დჯიმდოუმალბაეს მიერ. იგივე ადგლიდან, სადაც 2001 წლის 21 დეკემბერს იყო ნაპოვნი საჭრელი კბილები, ნჯამენაში, ლაურენ ვირიოტის მიერ, როდესაც ახარისხებდა ნაპოვნ ნაშთებს. მისი აღმოჩენა არ იყო გამოქვეყნებული. ასევე არ ხმაურდებოდა რიცხვი იმ ნაშთებისა რომელიც იქნა აღმოჩენილი. ეს უკანასკნელი ნიმუში შედგება ნახევარი ეშვისგან, რომელიც გაყოფილია ვერტიკალურად გვირგვინის წვეროდან დაწყებული ფესვის ბოლომდე. ეს კბილი განსხვავდება ზედა ეშვისგან. ნაპოვნი ნაშთების კატალოგი პირველად წარდგინდა პოიტიერის უნივერსიტეტში, სადაც სიდიზე ჩაწერილი იყო 448 ნაპოვნი ნაშთი, ხოლო მეორედ 2002 წლის ივლისში ნატურე არტიკლში. არ არის გახმაურებული ზუსტი ადგილი და პირობები, სადაც TM 266-01-447 და 448 აღმოაჩინეს.

2001 წლის პირველ ნოემბერს, მარჯვენა ზედა კბილი, რომელიც თავის ქალას ეკუთვნოდა, აღმოჩნდა ზუსტად იმ ადგილას სადაც თავის ქალა იპოვეს ფანონე გონგდიბეს მიერ. კბილი შეიცავდა ორ ფრაგმენტს, რომლებიც ზუსტად ჯდებოდა მარჯვენა კბილის ფესვში. TM 266-02-154-1 (მარჯვენა ქვედა ყბა P4–M2-ით და P3-ის და M3-ის ფესვები) და TM 266-02-154-3 (გვირგვინი მარცხენა M3-ის) აღმოაჩინეს, 2002 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 105 მეტრის დაშორებით ტოუმაის თავის ქალის აღმოჩენის ადგილიდან ჩრდილოეთით. TM 266-02-154-2 (ქვედა კბილი) პირველად იპოვეს 2002 წლის 30 იანვარს, ნჯამენაში, როდესაც ხდებოდა ნარჩენების სკრინინგი და აღმოაჩინეს M3. აღმოჩენისას, იგი იყო მთლიანად ქვიშით ინკრუსტირებული, რის გამოც შეუძლებელი იყო ფოტოს გადაღება აღმოჩენის დროს. საბოლოოდ, TM 266-02-203 (ქვედა სიმფიზი პრემოლართან ერთად (დიდი კბილისა და ეშვსს შორის მდებარე კბილი), ეშვების ფესვები და მჭრელი კბილის ალვეოლური ნაწილი) აღმოაჩინეს 2002 წლის 12 მარტს, 12 მეტრით სამხრეთით, სადაც ნაპოვნი იქმნა მოშორებით ქვედა ყბა და მესამე დიდი კბილი (M3). ტომოგრაფიულ სურათებში ნაჩვენებია, რომ M3ის ფესვები დაზიანებულია, ხოლო 2 ფესვი გატეხილი, მისი გვირგვინი კი შემონახული შემორჩა, იგი იპოვეს რამდენიმე დეციმეტრის მოშორებით, იმ ადგილიდან სადაც ქვედა ყბა იქნა აღმოჩენილი. ამ კბილს შემდგომში რეკონსტრუქცია ჩაუტარეს პოიტიერსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.

TM 292-02-01 არის ნაწილობრივი ქვედა ყბის ფრაგმენტი, რომელსაც აკლია მარჯვენა და მარცხენა უკანა მოლარები -M2. კორტიკალური ძვალი კარგადაა შემონახული, გარდა სიმპისიალური რეგიონის ანტერო-მედიალურ ქვედა ნაწილში, ასევე საჭრელი კბილების რეგიონის ალვეოლურ პროცესში. მარცხენა I2,C 1,M 1 და M2 ფესვები და მარჯვენა I1–I2,P 3 და M1–M2 ფესვები შემონახულია. მარცხენა M1,M 2-ის გვირგვინები და მარჯვენა M1 ნაწილობრივ შენახულია, ასევე კარგ მდგომარეობაშია მარცხენა საჭრელი კბილის გვირგვინი. TM 247-01-02 არის ფრაგმენტული მარჯვენა ქვედა ყბის კორპუსი. ყველა ფესვი კარგადაა შემონახული. P3–M1-ისგვირგვინები ნაწილობრივ შენახულია, მაგრამ დაკარგულია M2–M3 კბილები. TM 292-02-01-ის კორპუსი გაცილებით წვრილია (მაქსიმალური სიგანე M1-ის, მართობული კორპუსის სიმაღლის არის 14.5 მმ) ვიდრე წინათ აღმოჩენილი ეგზემპლარი- TM 266-02-154-1 (სხეულის მაქსიმალური სიგანე M1-ში არის 20.0 მმ), ისევე როგორც ახლად აღმოჩენილ TM247-01-02 (სხეულის სიგანე M1-ში არის 16.1 მმ).

ლოკაციაზე ნაპოვნი ქვედა ყბა ხასიათდება შემდეგი თვისებებით: აკლია მარჯვენა მესამე დიდი კბილი, P3-ის ფესვები მკაფიოდ დანახვადია შიდა დახრილი ხედით, ეს ფესვები ღრმადაა განფენილი ქვედა ყბის მთელ კორპუსში. ზედმეტად დიდი ბუკალური არე მედიალური ფესვის, აჩვენებს, რომ ეშვების დიდი ფესვი და ფესვის ზედა ნაწილი აშკარად მდებარეობდა უფრო შორს ვიდრე მისი ყელი. ეშვის ფესვის დიდი ზომა ბადებს ჰიპოთეზას, რომ ეს ქვედა ყბა მამაკაცს ეკუთვნოდა.[6]

პალეოეკოლოგიური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის 23 იანვარს აუსტრალოპითეკუს ბაჰრელგაზალის (‘აბელ’) აღმოჩენის ჩადის უდაბნოში და საჰელანტროპუსის (‘ტუმაი) აღმოჩენა მოწმობს ჩადის ტბის არსებობის ისტორიას, რომელიც ეყრდნობა „აღმოსავლეთ მხარის ისტორიის კოპენებს“. და კიდევ, თუ ჯერ კიდევ ტოუმაი არ არის ჰომინიდი, მის აღმოჩენას შეუძლია გაამყაროს ჰიპოთეზა აღოსავლეთ მხარის ისტორიის. სხვა ნაპოვნი ძუძუმწოვრები არინ იმავე დონეზე, როგორებიც არიან, ანთრაკოთერესი, რომელიც ფართოდაა დაფიქსირებული ჩადის ტერიტორიაზე, ეს ამტკიცებს, პროვინციალიზმს აფრიკის გვიან მიოცენური ხანის და ასევე აჩვენებს, რომ ჩადის აუზის ნაცნობ ეკოლოგიურ პირობებს შეეძლო გამოეწვია ადამიანის სახეობის გაჩენა. წინამდებარე ანალიზი, რომელიც დაფუძნებულია საჰელანთროპუსის პარატიპებზე, არ ცვლის მის სისტემატურ პოზიციას და პალეოეკოლოგიას.

საჰელანთროპუს ჩადენსისის მორფოლოგიური ნათესაობა[7][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლახან ჩატარებულმა საჰელანთროპუს ჩადენსისის აღმოჩენილი თავის ქალის (TM 266-01-60-1) კვლევამ საშუალება მოგვცა გამოგვეკვლია განსხვავებები ამ სახეობასა და სხვა ჰომინიდებსა თუ აფრიკულ მაიმუნებს შორის. ამ შედარებამ აჩვენა რომ მოცემულ სახეობას საკმაოდ ბევრი საერთო თვისება აქვს შიმპანზესთან, მაგრამ საერთო ჯამში ამ სახეობას ბევრად უფრო მეტი რამ აქვს საერთო ავსტრალოპითეკებთან. თუმცა TM 266-01-60-1 გააჩნია გარკვეული ნიშნები რომლებიც გამოარჩევენ მას სხვებისგან, მაგალითად ასეთია მცირე ზომის ცხვირის ქვემოთ მოთავსებული არე რომელიც დაკავშირებულია ნეიროკანიუმისაგან[განმარტება 1] , საკმაოდ მკვეთრად გამოყოფილ სახის ზედან ნაწილთან. საჭიროა შემდგომი კვლევები რათა დაადგინონ საჰელანთროპუს ჩადენსისის ევოლუციური კავშირი მიოცენისა და პლიოცენის პერიოდის ჰომინიდებთან.

მოცემული თავის ქალა აღმოაჩინეს ჩადში 2001 წელს, ამას მალევე მოჰყვა ჰიპოთეზა რომ იგი ეკუთვნოდა მაიმუნის ერთ-ერთ სახეობას, თუმცა ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ უარყო ახლახან გაკეთებულმა თავის ქალის რეკონსტრუქციამ რომელსაც აქვს ბიპედისათვის (ორ ფეხზე მოსიარულისათვის) დამახასიათებელი ნიშნები. თუმცა დღესაც რთული სათქმელია რა ადგილი უნდა დაიკავოს მოცემულმა სახეობამ ფილოგენეტიკურ ხეში. ამის გასარკვევად საჭიროა გავიგოთ თუ რა საერთო აქვს საჰელანთროპუს ჩადენსისის თანამედროვე მაიმუნებთან და მრავალ უკვე ცნობილ ჰომინიდთან. რისთვისაც გამოიყენეს გეომეტრიულ მორფომეტრიკული მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოცემული ქალას სამგანზომილებიანი ნიმუშის შექმნას და შემდეგ ამ ნიმუშის კომპიუტერით შედარებას სხვა ჰომინიდებისა და მაიმუნების სახეობების თავის ქალებთან. ქვემოთ განვიხილავთ მოცემული კვლევის შედეგებს.

TO-DO

TM 266-01-60-1 შეადარეს ჩვეულებრივი შიმპანზეს, დასავლური გორილას და ჰომო საპიენსის თავის ქალებს განზოგადებული უმცირეს კვადრატთა მეთოდის მეშვეობით. პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლის წილადაც მოდის გადახრის 78% არის სახის ფორმა (მისი სიგრძე, პროექცია, თავის ქალის ხვრელის მდებარეობა და თავის ტვინისათვის გამოყოფილი ადგილის ზომა). ამ კომპონენტებმა გამორიცხა ადამიანებთან, ადრეულ ჰომინიდებთან, დიდ მაიმუნებთან ახლო ნათესაობა და საჰელანთროპუს ჩადენსისი მოათავსა უფრო ახლოს ავსტრალოპითეკთან. მორფოლოგიური განსხვავებების და მსგავსებების საპოვნელად შემდეგ შეადარეს დასავლურ გორილას, ჩვეულებრივ შიმპანზეს, Australopithecus afarensis, Australopithecus africanus თავის ქალების გვერდითა ხედებს. ამ შედარებით აღმოჩნდა, რომ TM 266-01-60-1 ქალის ფორმით ჰგავს ჩვეულებრივ შიმპანზეს და დასავლურ გორილას კონკრეტულად ეს მსგავსება გამოიხატება იმაში, რომ მათაც აქვთ დაბალი და გრძელი ნეიროკანიუმი. თუმცა საჰელანთროპუს ჩადენსისის თავის ქალას გააჩნია ისეთი ნიშნებიც რომლებიც განასხვავებენ მას უკანასკნელი ორისაგან და ამსგავსებენ Australopithecus afarensis, Australopithecus africanus და Homo habilis. ასეთი ნიშანია სახის ფარდობითი სიმაღლე, რომელიც უფრო დაბალია ვიდრე დასავლური გორილას და ჩვეულებრივი შიმპანზეს შემთხვევაში. ამას გარდა, საჰელანთროპუს ჩადენსისის ზედა ყბის წინა ნაწილი აქვს შედარებით მოკლე, არ აქვს დიასტემა[განმარტება 2] და ნაკლებად აღენიშნება ანთროპომეტრიული პროგნატიზმი რითაც იგი განსხვავდება არა მარტო გორილასა და შიპანზეს არამედ ზოგიერთი ავსტრალოპითეკის თავის ქალისაგანაც. ზედა ყბის წინა ნაწილის სიგრძე მერყეობს ზოგიერთი ავსტრალოპითეკის სახეობაშიც თუმცა ეს არ აღინიშნება საჰელანთროუს ჩადენსთან შედარებულ Australopithecus afarensis-ს და Australopithecus africanus-ს. ზოგიერთი ასპექტი TM-266-01-60-1 ნიმუშში (მაგალითად: წინ გამოწეულიქალის ზედა ნაწილი და შემცირებული ანთროპომეტრიული პროგნატიზმი) ასევე ახასიათებდა KNM ER 1813 (ჰომო ჰაბილისს), თუმცა საჭიროა შემდგომი კვლევები რათა გაარკვიონ რა არის ამ მსგავსების სტრუქტურული ბაზისები. ზემოთ აღწერილი შედარებების შედეგები ზუსტდაა აღწერილი ცხრილში რომელიც მოთავსებულია შემდეგ მისამართზე[8].

ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა საჰელანთროპუს ჩადენსისის თავის ქალის შედარება დაახლოებით იმავე პერიოდში მცხოვრებ სხვა სახეობებთან (მაგალითად: Ardipithecus ან Orrorin-ის თავის ქალებთან), თუმცა ეს ვერ მოხერხდა მონაცემთა სიმცირის გამო და შესაბამისად ცხრილშიც არაა მონაცემები მათ შესახებ. მოცემული ცხრილის შეჯამებით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რომ TM 266-01-60-1-ს როგორც გვიანი მიოცენის ჰომინიდისაგან იყო მოსალოდნელი, აქვს ბევრი საერთო პრიმიტიული თვისება გორილასა და შიმპანზესთან, ასევე საინტერესოა ის ფაქტიც რომ საჰელანთროპუს ჩადენსისის თავის ქალის შიგნითა მოცულობა ყველაზე პატარა აქვს შესწავლილ ზრდასრულ ჰომინიდებს შორის, თუმცა იგი მოთავსებულია შიმპანზეს თავის ქალის სიცარიელის მოცულობის ზომის ფარგლებში. ამ მაიმუნებთან მსგავსების მიუხედავად ჩადენსისის თავის ქალაში მაინც აღმოაჩინეს ჰომინიდისათვის დამახასიათებელი ნიშნები. მაგალითად ასეთებია: შემცირებული კეფის ძვალი და უფრო წინ მოთავსებული თავის ქალის ხვრელი. საჰელანთროპუს ჩადენსისის აღმოჩენილი თავის ქალა (TM 266-01-60-1) აჩენს რამდენიმე საინტერესო კითხვას ადრეული ჰომინიდების შესახებ. წინსაწარმა კვლევებმა, რომლებიც ეყრდნობა თავის ქალის სამ განზომილებიან მოდელს, აჩვენა რომ ჩადენსისი შედის ადრეულ ჰომინიდთა ჯგუფში და მათთან უფრო ახლოა ვიდრე შიმპანზესთან, თუმცა იგი განსხვავდება თითოეული აღმოჩენილი ჰომინიდისაგან. აქედან გამომდინარე საჭიროა მეტი კვლევები რათა გაირკვეს რა კავშირი აქვს საჰელანთროპუს ჩადენსისის სხვა მიოცენისა თუ პლიოცენის ჰომინიდებთან. პირველ რიგში საჭიროა მეტი ინფორმაციის მოძიება Ardipthecus, Orrorin და Australopithecus bahrelghazali-ს შესასწავლად. შემდეგ საჭიროა გაირკვეს თავის ტვინის განვითარების დონე, რადგან საკმაოდ რთულია სწორი ფილოგენეტიკური ურთიერთმიმართების დადგენა მხოლოდ მორფოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ყველაზე სარწმუნო და ლოგიკურია ის აზრი რომ საჰელანთროპუს ჩადენსისი არის პრიმიტიული ჰომინიდების ხაზის წევრი და იგი ყველა სხვა სახეობაზე უფრო ადრე წარმოიშვა, მათ შორის ავსტრალოპითეკებსა და Orrorin-ზეც, თუმცა რა თქმა უნდა საჭიროა შემდგომი კვლევები მოცემული ჰიპოთეზის გასამყარებლად. ამ ფილოგენეტიკურ ჰიპოტეზას ასევე ამყარებს თავის ქალების მსგავსებაც ავსტრალოპითეკსა და TM 266-01-60-1-ს შორის, რომელიც გულისხმობს დახრილობისა და შედარებით დიდი თავის ტვინის ადგილის ქონას რომელიც საჰელანთროპუსთან ერთად აღენიშნებათ ჰომოსა და ავსტრალოპითეკებსაც. ასევე ჰომინიდებთან შედარებისას უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საჰელანთროპუსი ცხოვრობდა აფრიკის ცენტრალურ ნაწილში (ჩადი) მაშინ როცა Ardipithecus და Orrorin ორივე აღმოსავლთ აფრიკის ბინადრები იყვნენ (ეთიოპია და კენია). ეს ფაქტი წარმოშობს კითხვას ჰომინიდების შესახებ: ხომ არ ენათესავებიან ისინი მდინარეებში მცხოვრებ ძუძუმწოვრებს (მაგალითად ჰიპოპოტამს) რასაც ადასტურებს დაახლოებით შვიდი მილიონი წლის წინ კლიმატის ცვლილება ლიბიასა და ჩადში თუმცა არა აღმოსავლეთ აფრიკაში.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ საჰელანთროპუს ჩადენსისი ნამდვილად ჰომინიდია, და მისი ზუსტი ადგილის განსაზღვრისათვის ფილოგენეტიკურ ხეში საჭიროა:

  • პირველ რიგში მეტი ინფორმაციის მოპოვება Orrorin, Ardipithecus და თვითონ საჰელანთროპუსის შესახებ რათა უკეთ მოხდეს მათი შედარება.
  • ასევე საჭიროა მეტი დამატებითი მასალა აფრიკის სხვადასხვა ნაწილში გვიანი მიოცენის პერიოდში მცხოვრები ჰომინიდების შესახებ.
  • უკეთ უნდა გვესმოდეს თავის ქალის განვითარებადი და ფუნქციონალური საწყისები.
  • ასევე აუცილებელია გვესმოდეს სხვა ხერხემლიანებისა და ჰომინიდების ბიოგეოგრაფიული ურთიერთობა აფრიკის ტერიტორიაზე ზედა მიოცენის პერიოდში.

დათარიღების მეთოდოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადგინდა ჩადის ყურეში აღმოჩენილი ორი ჰომინიდის 10Be/9Be ასაკი. ყურადღება გამახვილდა თოროს-მენალას(T.M.) ნამარხების ტერიტორიაზე, სადაც საჰელანთროპუს ჩადენსისი იქნა ნაპოვნი. ნაპოვნი იქნა თითქმის მთლიანი თავის ქალa. ამ აღმოჩენამ სუბსტანციურად შეცვალა აფრიკაში ადრეული ადამიანის განვითარებაზე წარმოდგენა. დანალექ ერთეულს, სადაც ტოუმაი აღმოჩნდა, დაერქვა ანთრაქოტერიდი ერთეული (A.U.). გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარდა სხვა ერთეულში, საჰელანთროპუს ჩადენსისის აღმოჩენის ადგილის დასავლეთით, დაახლოებით 18 კმ-ში, დაადგინა 30 სმ სისქის ნაცრისფერ-ლურჯი ტუფის ფენა, რომელიც მთლიანად ვულკანურ ფერფლს წარმოადგენდა, რაც იყო პოტენციური სამიზნე 40Ar/39Ar დათარიღების მეთოდით დათარიღებისთვის, თუმცა იგივე არ მეორდება ტოუმაის შემთხვევაში. აქ ნიადაგი ძირითადად შედგებოდა მყარად ჩაცემენტებული ქვიშაქვისგან, შერეულის დაობებული ფესვების მჭიდრო ქსელთან და ტერმიტების ბუდეებთან. შედეგად, იმედები, რომ 40Ar/39Ar მეთოდით მოხერხდებოდა საჰელანთროპუს ჩადენსისის დათარიღება, გაცრუვდა. აღმოჩენილი შუშის ნამსხვრევები ძალიან პატარა იყო (<1მმ) და ასევე იყო დიდი რაოდენობით სითხეები, რამაც ამ მეთოდით დათარიღება შეუძლებელი გახადა.[9]

არგონის გამოყენებით დათარიღების შეუძლებლობის შემდეგ, მკვლევრებმა განიხილეს ვარიანტი, რომ დეპოზიტური მიწის გარემო სასარგებლო იქნებოდა კოსმოგენური 10Be-ს გამოყენების, რომელიც ატმოსფეროში გამომუშავდებოდა, რათა მომხდარიყო ანთრაქოტერიდი ერთეულის დათარიღება. შემდგომში მოხდა A.U.-ს ტერიტორიაზე 32 ნამარხის დათარიღება.[9]

მას შემდეგ, რაც შემოწმებული იქნა ის, რომ გამოკვლევის არეალს ჰქონდა ის ორი მნიშვნელოვანი პრერეკვიზიტი (აუთიგენური (10Be/9Be)0 ადვილად უნდა იყოს შესამჩნევი და უნდა შენარჩუნებულიყო „დახურულად“, რათა არ მომხდარიყო კოსმოგენური იზოტოპის დაკარგვა ან ზედმეტობა), რომელიც აუცილებელი იყო ბერილიუმის რადიაციული დაშლის მეთოდის გამოსაყენებლად, მოხდა 32 ნიმუშის დათარიღება TM-254 და TM-266 არეალებიდან. მიღებული მონაცემების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ნიმუშების მიახლოებით ასაკად დასახელებულიყო 5.39 ± 0.92-დან 8.67 ± 1.11 მლნ. წლამდე. შემდგომში აწონილი 10Be ასაკი გამოთვლილი იქნა შებრუნებული-გადახრის გაზომვის მეთოდით. კონკრეტულად, TM-254-ის ტბოვანი ფაციების საშუალო აუთიგენური 10Be/9Be ასაკი აღმოჩნდა 6.26 ± 0.41 მლნ. წელი. ხოლო A.U.-ს სექცია ფერფლოვანი ტუფის ფენის ზემოთ 10Be/9Be ასაკი აღმოჩნდა 6.88 ± 0.40 მლნ. წელი. ხოლო იმავე ფერფლოვანი ტუფის ქვედა ფენის10Be/9Be ასაკი აღმოჩნდა 7.24 ± 0.38 მლნ. წელი. სექცია TM 266-ში ასაკის გამოთვლამ თავის ქალის ორ გამიჯნულ დონეზე აჩვენა 6.83 ± 0.45 მლნ. წელი ზედა დონისთვის და 7.12 ± 0.31 მლნ. წელი ქვედა დონისთვის.[9]

იმის გამო, რომ მიღებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ A.U.-ში, საიდანაც ტოუმაი იქნა ამოთხრილი, დანალექი ქანები არის განლაგებული სინქრონულად და გეოლოგიურად ერთდროულად TM 266-შიც და TM 254-შიც, 28ვე ნიმუშის შებრუნებული-გადახრითი საშუალო ასაკი გამოთვალეს და საბოლოოდ დაადგინეს საჰელანთროპუს ჩადენსისის ასაკის ყველაზე ზუსტი მიახლოვება, რაც არის 7.04 ± 0.18 მლნ. წელი.

საჰელანთროპუს ჩადენსისთან დაკავშირებული წარმოდგენილი რადიოქრონოლოგიური მონაცემები მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, როგორც ჰომინიდთა განვითარების ყველაზე ადრეული საფეხურის დასადგენად, ასევე მოლეკულური საათის ხელახალი გრადუირებისთვის. შესაბამისად, საჰელანთროპუს ჩადენსისი გვიმოწმებს, რომ ჰომინიდების გამოყოფა არ არის 8 მილიონ წელზე უფრო ახალი შემთხვევა. თავისი პლესიომორფული და აპომორფული მახასიათებლების მოზაიკით საჰელანთროპუს ჩადენსისი, პირველი ჰომინიდი, სავარაუდოდ ბევრად უფრო ახლოსაა ამ გამოყოფის თარიღთან ვიდრე მისი მოწინააღმდეგე ვარაუდი, რომელიც საუბრობს შესაძლო ჰიბრიდიზაციის შესახებ ადამიან-შიმპანზეს ჩამომავლობაში, სანამ მათი გაყოფა არ მოხდა 6,3 მლნ. წლის წინ.[9]

საჰელანტროპუს თუ საჰელპითეკუს?[10][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამაპითეკუსით დაწყებული, მიოცენის ეპოქაში ჰომინიდების მაიმუნის მაგვარი წინაპრების ხანგძლივი ძებნა მიმდინარეობდა. საჰელანტროპუს ჩადენსისი - მიოცენის ახალი სახეობაა, რომელსაც მაიმუნებისა და ჰომო ერექტუსის ნიშან-თვისებები გააჩნია. ბრუნე და სხვები მას პირველ ჰომინიდად მოიხსენებენ. მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ მისი სახის, კბილების განლაგებისა და თავის ქალის თავისებურებები, რომლებიც გარკვეულად დაკავშირებულნი არიან Toumai-ს ნიმუშთან და ჰომინიდების კლასთან, ან არ არის დიაგნოსტიკური, ან ბიომექანიკური ადაპტაციის შედეგს წარმოადგენენ. იმისთვის, რომ ჰომინიდების სწორი კლადა განისაზღვროს, ჰომინიდებს ერთნაირი უნიკალური განმსაზღვრელი ნიშან-თვისებები უნდა ჰქონდეთ, საჰელანტროპუს ჩადენსისის ობლიგატურ ბიპედალიზმზე საკითხი კი ღია რჩება.

ქვემოთ განხილულია ნიშან-თვისებები, რომლების მიხედვითაც ბრუნე და სხვები გვთავაზობენ ჰომინიდების კლადებს შორის კავშრის დამყარებას.

პირველ რიგში, ისინი აღნიშნავენ ეშვების პატარა ზომებს. მათი სიგანე (სიგრძე უცნობია) შიმპანზეს ეშვების სიგანის მსგავსია. ეშვების გვირგვინი დაბალია, ფესვი კი ვიწროა გვირგვინთან შედარებით. ამის გამო შესაძლებელია გამოითქვას ვარაუდი, რომ Toumai მდედრები იყვნენ (ეშვების განლაგება სქესის უფრო სანდო იდენტიფიკატორია, ვიდრე წარბების თაღები). დიდი საღეჭი კვილების ზომები კი შიმპანძეს საღეჭ კბილებზე დიდია - მიოცენის რამდენიმე მაიმუნის მსგავსად.

მეორე რიგში, ამ ეგზემპლიარს აქვს დიდი, უწყვეტი წარბის თაღები და ავტორები ამას ჰომოსთან მორიგ მსგავსებად მიიჩნევენ. თუმცა სახის მსგავსებები ადრეული ჰომინიდთან კი არა, არამედ პლეისტოცენის ჰომინიდთან კავშირზე მიუთითებდა, ასე რომ ეს არ იძლევა არანაირ ფილოგენეტიკურ ინფორმაციას (არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჰომო ერექტუსი 6-7 მილიონი წლის წინ არსებობდა). სუბნაზალური პროგნატიზმი [განმარტება 3] პატარაა, რადგან ეშვების ზომა მცირეა და სუბნაზალური რეგიონი მოკლეა, წინა კბილები უკანა საღეჭი კბილების დიდი ზომების გამო მჭიდროდაა დალაგებული, რაც ხსნის დიასტემის არარსებობას. შთამბეჭვდავი თვალზედა ძვლის ვერტიკალური სიმაღლე უფრო დიდია, ვიდრე გადაშენებულ მაიმუნებსა და ავსტრალოპითეკებში, მისი ზომების შედარება მხოლოდ ჰომო ერექტუსთან არის შესაძლებელი და ზოგ გვიან ადამიანებთან.

თვალზედა ძვლის ზომა შეიძლება აიხსნას ძლიერი სქესობრივი გადარჩევით, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა თვალზედა სტრუქტურების ფორმა და ზომა მექანიკური პასუხია მჭიდროდ განლაგებული წინა კბილების მიერ ორბიტებს ზევით ზეწოლაზე. თვალზედა რეგიონის ბიომექანიკურ მოდელს იმის ჩვენება შეეძლო, რომ საჰელანტროპუსის მაგვარი ორთოგნატიკური სახე, დაბალ შუბლთან ერთად ქმნის წინა კბილების დატვირთვის დროს დეფორმაციისთვის პოტენციალს, რამაც გამოიწვია პროგნატიკული სახის და უფრო მაღალი შუბლის გაჩენა, როგორც აფრიკულ მაიმუნებში. წინა კბილების ძლიერ დატვირთვაზე მიგვითითებს საფეთქლის უკან კარგად განვითარებული მუსკულატურა, რაც გორილების მორფოლოგიისთვის უფრო დამახასიათებელია, ვიდრე სუსტ-კუნთიან შიმპანზეებში. თვალზედა ტორუსი ამ დატვირთვაზე ძვლოვანი პასუხია.

მესამე რიგში, ბრუნე და სხვები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უკანა საღეჭი კბილების მინანქარის შუალედური სისქე ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი იყო. მინანქრის სისქე შიმპანზის კბილების მინანქრის სისქეზე მეტი უნდა ყოფილიყო საჰელანტროპუსის ნებისმიერი ფილოგენეტიკური დამოკიდებულების დროს, რადგან ეს მინანქარი არა მხოლოდ ძლიერი ღეჭვის დროს იყო საჭირო, არამედ, პლეზიომორფულობის ნიშანიც იყო.

არსებობს ბევრი სხვა თვისებაც, რომელიც აკავშირებს საჰელანტროპუსს შიმპანზესთან, გორილასთან ან ორივესთან, მაგრამ არა ჰომინიდთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კეფის ზედაპირი გრძელია, ბრტყელი და ფრანკფურტის ჰორიზონტალთან 55 გრადუსიან კუთხეს ადგენს. ეს მძლავრ საღეჭ სისტემასთან ერთად მცირე ოთხფეხა მაიმუნების თავის ქალის აგებულების მსგავსია.

რადგან სახე უფრო ორთოგნატიკულია ვიდრე პროგნატიკული და წინა კბილები მცირეა, ამ კეფის ანატომიის ერთად ერთი დამაჯერებელი ახსნა პოზაა. ზოგის აზრით აშკარა იყო ის, რომ საჰელანტროპუსი არ იყო მიჩვეული თავის ვერტიკალურად დაჭერას და არ იყო ორ ფეხზე მოსიარულე ცხოველი. ეს კონტრასტი ყველა ცნობილ ჰომინიდთან თავის თავადაა საკმარისი იმისთვის, რომ საჰელანტროპუსი ჰომინიდების კლადიდან გამოირიცხოს.

ასევე თვლიდნენ, რომ საჰელანტროპუსი იყო მაიმუნი, რომელიც ცხოვრობდა გარემოში, რომელიც შემდეგ ავსტრალოპითეკუსებით იყო დასახლებული, და მათ მსგავსად მან ადაპტაცია გაიარა მძლავრი საღეჭი კომპლექსით. იმდროინდელი პრიმატს ჰქონდა იდეალური და კარგად განვითარებული პოსტკრანიალური ადაპტაცია ორ ფეხზე სიარულისთვის, და ის, როგორც ჩანს, ადრეული ჰომინიდი იყო.

1925 წელს, როდესაც დარტმა ავსტრალოპიტეკი აფრიკანუსი აღწერა როგორც ჰომინიდი, კრიტიკოსებმა ამას ინტერპრეტაცია გაუკეთეს, როგორც ახალგაზრდა გორილას. შარშან ვულპოვის კოლეგები (ბ. ს. და მ. პ.) ამტკიცებდნენ, რომ მათი ნამარხი კენიიდან ორორინი ჰომოს პირდაპირი წინაპარი იყო, და მათ დაასკვნეს, რომ საჰელანტროპუსი იყო მაიმუნი (კონკრეტულად, მდედრი გორილას წინაპარი) თუმცა ბრუნე და მისი თანამოაზრეები არ ეთანხმებოდნენ ამას.

მათი აზრით, მტკიცებულება, არ იყო დასაბუთებული არანაირი გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი მასალებით. ისინი წერდნენ, რომ გადახედეს ვულპოვის თავქარიან ტაკსონომიურ შეთავაზებას (გვარის სახელით „საჰელპითეკუსი“), რომელიც არ ითვალისწინებდა ახალი გვარის შექმნისთვის ტიპის სახეობისა და აღწერის მოთხოვნებს. ბრუნე და მისი თანამოაზრეები არ იზიარედბნენ მოსაზრებებს ტოუმაის მორფოლოგიაზე და ფილოგენობაზე.

მათ განაცხადეს, რომ რადგან ტოუმაის ნაშთები მიეკუთვნება მათთვის ცნობილი ჰომინიდების ყველაზე ძველ წინაპარს, არ იყო გასაკვირი ის, რომ ვულპოვი ამ პრიმიტიულ დასკვნამდე მივიდა. თანამედროვე სისტემატური პრაქტიკის თანახმად, პილოგენეტიკური კავშირების დასამყარებლად, ბრუნემ თქვა, რომ გამოიყენა ახალი ინფრომაცია (და არა საერთო პრიმიტიული წყაროები). მისი აზრით, ვინც ყურადღებას არ აქცევს ახალ ინფორმაციას და განიხილავს მხოლოდ პრიმიტიულ წყაროებს, ბოლოს და ბოლოს დაასკვნის იმას, რომ ადრეული ჰომინიდები, ორორინის ჩათვლით, თანამედროვე მაიმუნების ნათესავები არიან. ამაზე არ კამათობდნენ ჰაქსლისა და დარვინის დროიდან. ვულპოვის და სხვებისგან ამ პრიმიტიული წყაროების გამოყენება და ტოუმაის ნათესაობაზე არგუმენტირებულ მტკიცებულებაში ეჭვის შეტანა მოკლებული იყო გონივრულობას.

ბრუნეს აზრით, ვულპოვმა და სხვებმა თავის ქალის სახის და ძირის განხილვისას რამდენიმე შეცდომა დაუშვეს. მაგალითს, არასწორად აღწერეს ჩადენსისის სახის კონფიგურაცია და გამოაცხადეს, რომ თვალზედა ძვლის ზომა პირდაპირაა დაკავშირებული უკანა საღეჭი კბილების ზომასთან და ღეჭვის ძალასთან. ამავდროულად, ექსპერიმენტებისა და ცდების მეშვეობით დამტკიცდა რომ, ორთოგნატიკურსა და პროგნატიკურ პრიმატებში ღეჭვით გამოწვეული წარბების თაღებზე ზეწოლა ყოველთვის ძალიან მცირეა დატვირთვაზე ძვლოვანი რეაქციის გაჩენისთვის. ამის მაგივრად, წარბების თაღები იზრდება თავის ქალის საფუძვლის მიმართ სახის პროექციის გამო.

ბრუნემ ისიც განაცხადა, რომ ვულპოვმა და სხვებმა არიეს ჰომოსთან სახის მსგავსება. მათ მიერ გამოქვეყნებული სახეშეცვლილი ორიგინალის ფოტოების გაზომვებზე დაყრდნობით, ვულპოვმა და სხვება არასწორად დაასკვნეს, რომ კეფის წილი ფრანქფურტის ჰორიზონტალის მიმართ 55 გრადუსს შეადგენდა. ბრუნეს აზრით, სინამდვილეში, კეფის წილის კუთხე არ არის შიმპანზეს კუთხის დიაპაზონში და ეკუთვნება განმარხებული ჰომინიდების კუთხის დიაპაზონს. ასეთ კონფიგურაციას არაფერი საერთო აქვს ოთხფეხა მაიმუნებთან, მძლავრი საღეჭი კორპუსისა ან მის გარეშეც (რომელიც საჰელანტროპუსს არ გააჩნია, ვოლპოვის მტკიცებულების საწინააღმდეგოდ).

ვულპოვი და მისმა თანამოაზრეები არა მარტო სახეს უცვლიან ამ ნიმუშის მორფოლოგიას, არამედ თავისი დასკვნების დასამტკიცებლად (რომ ტოუმაი არის ჰორილა, და არა ჰომინიდის წინაპარი) არც ერთი არგუმენტის იდენტიფიცირება არ შეუძლიათ.

ვულპოვი და სხვები იმასაც ამტკიცებენ, რომ ტოუმაის ეშვები მაიმუნის ნაირია. ყველასთვის ცნობილია, რომ ადრეული ჰომინიდებისა და თანამედროვე მაიმუნების ეშვების დიამეტრები ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ ბრუმმა და რობინზონმა ცუკერმანის 50 წლის წინ ავსტრალოპითეკის ჩამოშორების წარუმატებელ მცდელობის შეფასებაში აღნიშნეს: „თუ ცხოველის ნათესაობა განისაზღვრება კბილების ზომებისა და ინდექსებით, და არა სტრუქტურით, ცხენი, ალბათ, ძროხასთან ერთ ჯგუფში უნდა მოვათავსოთ“. თავისი მორფოლოგიით ტოუმაის ეშვები უფრო ჰომინიდების მიმართულებითაა განვითარებული, ვიდრე მაიმუნების.

ფილოგენეტიკური ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი იგნორირება ორორინნზე და პრიმიტიულ წყაროებზე დაყრდნობის გამო არ არის გამართლებული, განსაკუთრებით როდესაც ორორინის ნაშთების ფილოგენეტიკური პოზიცია გაურკვეველია.

თავის ქალის რეკონსტრუქცია და აღდგენის მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ თავის ქალა იყო დაზიანებული და დეფორმირებული, ანატომიური მთლიანობა საკმაოდ კარგად იყო შენარჩუნებული საგიტალურ და პარასაგიტალურ სიბრტყეებში. განსაკუთრებით თავის ქალის ფუძის მიდამოებში. ეს ანატომიური მთლიანობა მოიცავს სოლისებრ ძვალს და კეფის სიბრტყეს. თავის ქალის საკმაოდ დიდი ნაწილი იყო დაბზარული, დეფორმაციამ წარმოშვა სახის მარცხენა და მარჯვენა ნაწილის ასიმეტრია, რაც საკმაოდ შესამჩნევია ზედა ყბაზე დაკვირვებისას.[11]

მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება გამოიყენეს რათა შეექმნათ თავის ქალის ციფრული გამოსახულება, ხოლო შემდგომ რეკონსტრუქცია ჩაუტარეს ვირტუალურად.

სახე და თავის ქალის ფუძე, რომელთა რეკონსტრუქცია ჩაატარეს განცალკევებით შემდგომ დააკავშირეს სხეულის ფრონტალურ სიბტყეში, ზედა და ალტერალური (გვერდითი) თვალის კიდეს გავლით. აღდგენილი მორფოლოგია შეაფასეს ცდის აპოსტერიორის გზით (ცდის საფუძველზე, ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით). ყველა ძუძუმწოვარში, მათ შორის პრიმატებში ზედა ყბის უკანა ნაწილის სიბრტყე თითქმის პერპენდიკულარულადაა მიმართული თვალის ბუდის ჰორიზონტალურ ღერძთან. ზედა ყბის უკანა ნაწილი იყო შეფასებული სიბტყით, რომელიც გადის გვერდით პროექციაში ზედა ყბის ამობურცულ ნაწილთან, ფრთასასის ჩაღრმავებასთან. თავის ქალის რეკონსტრუქციის დროს სამგანზომილებიანი გამოსახულების ცვალებადობის საშუალებით შეადარეს აფრიკული მაიმუნებისა და განმარხებული ჰომინიდების ნიმუშები.

ზოგიერთი მახასიათებლები განსხვავებულია ორიგინალი, თავდაპირველი ნიმუშისგან. თავის ქალა მთლიანობაში არის უფრო ფართე, კეფის ფორმა არის უფრო მრგვალი, და უფრო მეტად მიმართულია ჰორიზონტალურად. თვალის ბუდეც არის უფრო დიდი და უფრო მრგვალი, წრიული. სახე არის კრანიომეტრიულად საკმაოდ მაღალი (კრანიომეტრია - თავის ქალის გაზომვა მეცნიერული მიზნით). განსხვავებები რეკონსტრუქციაში აშკარად ხაზს უსვამს მის უნიკალურ მორფოლოგიას და და ადასტურებს მის რამდენიმე მემკვიდრეობით მიღებულ მახასიათებლებს უფრო გვიანდელი ჰომინიდებისგან. მაგალითად შედარებით ვერტიკალური სახე მოკლე ყბათაშორისი ძვლით. თავის ქალის ხვრელის ადრინდელი მდებარეობა, რომელიც დაკავშირებულია შედარებით მოკლე კეფის ძვლის ბაზილიარულ ნაწილთან. შედარებით ბრტყელი, დიდი და ჰორიზონტალურად ორიენტირებული კეფის სიბრტყე. ამ მახასიათებ;ების ერთობლიობა განამტკიცებს დასკვნას, რომ საჰელანთროპუს ჩადენსისი არის ჰომინიდი.

საბოლოოდ, თავის ქალის რეკონსტრუქციამ შესაძლებლობა მოგვცა შეგვეფასებინა ჰიპოთეზა რომ საჰელანთროპუს ჩადენისი იყო ორფეხზე მოსიარულე ცხოველი, ეს კი მნიშვნელოვანი მახასიათებელია პლიოცენის დროინდელი ჰომინიდის და შესაძლოა ზოგიერთი უფრო გვიანი მიოცენის დროინდელი ჰომინიდისაც. საკმაოდ რთულია თავის ქალისგან მიიღო ზუსტი, აშკარა მტკიცებულება ბიპედალიზმის დასადასტურებლად, თუმცა არსებობს რამდენიმე მტკიცებულება.

დამატებით, პრიმატებში ზედა კისრის მალები განლაგებულია თითქმის თავის ქალის ღრუს სიბრტყის პერპენდიკულარულად, და მხოლოდ განსაზღვრულ ლიმიტირებულ საზღვრებში მერყეობს ფლექსია (მოხრა სახსარში). კუთხის ამგვარი შებოჭვის ეფექტი არის რომ კუთხე თავის ქალისს ღრუსა და ორბიტალურ სივრცეს შორის არის დაახლოებით პერპენდიკულარული ჰომო საპიენსში. რეკონსტრუქციის მიხედვით ეს კუთხე არის მსგავსი ადამიანებისა და უფრო გვიანი ბიპედალური ჰომინიდების, მაგალითად Australopithecus afarensis და A. africanus.

თავის ქალის რეკონსტრუქცია მიყვება გარკვეულ დადგენილ მეთოდებს. თავდაპირველად დანაწევრებულ, დაშლილი ფრაგმენტებს უკეთდება რეპოზიცია (ძვლის დაძრული ნაწილების თავის ადგილას ჩასმა), რათა აღდგეს მორფოლოგიური მთლიანობა, რომელიც მოიცავს მოტეხილობებს, თავის ქალის ძვლების შეერთების ადგილის აღდგენას და სხვა ანატომიურ მახასიათებლებს.

თავის ქალა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღადგინეს ოთხჯერ, გამოიყენეს ორი განსხვავებული პროტოკოლი (ხერხი).

პროტოკოლი A: გამოიყენა ის მახასიათებლები, რომელიც საერთოა ყველა ძუძუმწოვარის თავის ქალის პოზიციისთვის და ორიენტირებულია ყოველ ფრაგმენტზე. კეფის ძვლის ბაზილიარული ნაწილი მდებარეობს და მიმართულია შუა საგიტალური სიბრტყისკენ. საფეთქლები გააერთიანეს ორივე მხრიდან და განალაგეს ერთ ხაზზე, იმის საშუალებით, რომ ძვლოვანი ლაბირინთის ნახევარწრიული არხები თითქმის პარალელურად მიმართეს. თაღის ალტერალური (გვერდითი) და ზედა ნაწილები იყო მიერთებული, კარგად შენახული საფეთქლის ხაზის გამოყენებით, რათა კარგად ჩამოყალიბებულიყო ბილატერიალური (ორმხრივი) სიმეტრია. სახის შიგნით, ადგილგადანაცვლებული, მაგრამ არაგამრუდებული თვალბუდის ზედა შემაღლების სეგმენტი და თვალის კიდე, რომლებიც სიმეტრიულად იყო დაკავშირებული შუა საგიტალურ სიბტყესთან, იყო რეპოზიცირებული სიმეტრიულად.

სახე და ტვინის ქალა აღადგინეს დამოუკიდებლად და შემდეგ ააწყვეს.[12]

პროტოკოლი B: გამოიყენა გეომეტრიული მეთოდი. ეს კი დაფუძნებული იყო იმაზე რომ თანდათან მცირდებოდა ერთმანეთთან დაკავშირებულ ნაწილებს შორის განთავსებული ადგილი.

ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებულადაა მიჩნეული, რადგან სრულყოფილად უზრუნველყოფს თავის ქალის უვნებლობას. თავის ქალაში განთავსებული სივრცე ნელ-ნელა იზღუდება მეზობელი ფრაგმენტების ერთმანეთთან დაკავშირებით. აღდგება ორმხრივი სიმეტრია. ამ მეთოდის გამოყენებისას ხელახლა აღდგება მორფოლოგიური მთლიანობა დისლოცირებულ ფრაგმენტებსა შორის. შესაბამისობაში მოდის თითოეული დაბზარული ნაწილი (კეფის სიბრტყე, თვალბუდის ზედა შემაღლების ნაწილები.). ეს თანდათანობითი ინტეგრაცია (მთლიანობაში მოყვანა) მოსაზღვრე ფრაგმენტების იქამდე გრძელდება სანამ მორფოლოგიურ მთლიანობას ბოლომდე არ მიაღწევენ. ეს პროცედურა გამოიყენება იმისთვის რომ თავის ქალის მარჯვენა და მარცხენა ნაწილები ერთმანეთს დაუკავშირდეს. გადახრა ორმხრივი სიმეტრიიდან ზედა ყბის მიდამოში ნაწილობრივ აღდგა.[12]

განმარტებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნეიროკანიუმი. თავის ქალა შესაძლოა დავყოთ ორ ნაწილად სახის ძვლებად და ნეიროკანიუმად რომელიც ფუთავს თავის ტვინს და იცავს მას დაზიანებისაგან.[1]
  2. დიასტემა არის სიცარიელე ზედა ყბაზე მოთავსებულ წინა კბილებს შორის რომელიც გამოწვეულია ევოლუციისას კბილების ერთი ნაწილის დაკარგვის შედეგად.[2]
  3. subnasal prognathism-ის დროს თავის ქალის არე რომელიც მოთავსებულია ცხვირის ქვემოთ და ზედა ტუჩის ზემოთ გამოწეულია წინ

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Brunet, Michel; Guy, Franck; Pilbeam, David; Mackaye, Hassane Taisso; Likius, Andossa; Ahounta, Djimdoumalbaye; Beauvilain, Alain; Blondel, Cécile; Bocherens, Hervé (2002-07-11). „A new hominid from the Upper Miocene of Chad, Central Africa“. Nature (ინგლისური). 418 (6894): 145–151. doi:10.1038/nature00879. ISSN 0028-0836.
  2. 2.0 2.1 The Human Adventure. ციტირების თარიღი: 2016-07-06
  3. Beauvilain, Alain (2003-03-13). Toumaï, l'aventure humaine (French). Paris: Table ronde. ISBN 9782710325925. 
  4. 4.0 4.1 Further details concerning fossils attributed to Sahelanthropus tchadensis (Toumaï). Alain Beauvilain and Yves Le Guellec. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-26.
  5. 5.0 5.1 Beauvilain, Alain. „The contexts of discovery of Australopithecus bahrelghazali (Abel) and of Sahelanthropus tchadensis (Toumaï): unearthed, embedded in sandstone, or surface collected?“. South African Journal of Science. 104 (5–6): 165–168. ISSN 0038-2353.
  6. Further details concerning fossils attributed to Sahelanthropus tchadensis (Toumaï). Alain Beauvilain and Yves Le Guellec. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-26.
  7. Guy, Franck; Lieberman, Daniel E.; Pilbeam, David; León, Marcia Ponce de; Likius, Andossa; Mackaye, Hassane T.; Vignaud, Patrick; Zollikofer, Christoph. Morphological affinities of the Sahelanthropus tchadensis (Late Miocene hominid from Chad) cranium en. ციტირების თარიღი: 2016-07-06
  8. Guy, Franck; Lieberman, Daniel E.; Pilbeam, David; León, Marcia Ponce de; Likius, Andossa; Mackaye, Hassane T.; Vignaud, Patrick; Zollikofer, Christoph. Morphological affinities of the Sahelanthropus tchadensis (Late Miocene hominid from Chad) cranium en. ციტირების თარიღი: 2016-07-06[მკვდარი ბმული] Table
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Lebatard, Anne-Elisabeth; Bourlès, Didier L.; Duringer, Philippe; Jolivet, Marc; Braucher, Régis; Carcaillet, Julien; Schuster, Mathieu; Arnaud, Nicolas; Monié, Patrick (2008-03-04). „Cosmogenic nuclide dating of Sahelanthropus tchadensis and Australopithecus bahrelghazali: Mio-Pliocene hominids from Chad“. Proceedings of the National Academy of Sciences (ინგლისური). 105 (9): 3226–3231. doi:10.1073/pnas.0708015105. ISSN 0027-8424. PMC 2265126. PMID 18305174.
  10. Wolpoff, Milford H.; Senut, Brigitte; Pickford, Martin; Hawks, John (2002-10-10). „Palaeoanthropology (communication arising): Sahelanthropus or 'Sahelpithecus'?“. Nature (ინგლისური). 419 (6907): 581–582. doi:10.1038/419581a. ISSN 0028-0836.
  11. Zollikofer, Christoph P. E.; Ponce de León, Marcia S.; Lieberman, Daniel E.; Guy, Franck; Pilbeam, David; Likius, Andossa; Mackaye, Hassane T.; Vignaud, Patrick; Brunet, Michel (2005-04-07). „Virtual cranial reconstruction of Sahelanthropus tchadensis“. Nature (ინგლისური). 434 (7034): 755–759. doi:10.1038/nature03397. ISSN 0028-0836.
  12. 12.0 12.1 Brunet, Michel; Guy, Franck; Pilbeam, David; Lieberman, Daniel E.; Likius, Andossa; Mackaye, Hassane T.; Ponce de León, Marcia S.; Zollikofer, Christoph P. E.; Vignaud, Patrick (2005-04-07). „New material of the earliest hominid from the Upper Miocene of Chad“. Nature (ინგლისური). 434 (7034): 752–755. doi:10.1038/nature03392. ISSN 0028-0836.