R136a1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
R136a1

R136a1 ცენტრშია მოთავსებული R136a2-თან ახლოს, R136a3 მარჯვნივ, დაბლაა და R136b მარცხნივ.
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: ოქროს თევზი
პირდაპირი ასვლა: 5სთ 38წთ 42.43წმ
დახრილობა: −69გრად 06მინ 02.2სეკ
წითელი წანაცვლება: (წითელი წანაცვლება)
მანძილი: 165 000 სინათლის წელიწადი
მასა: 265 ± 58 M[1]
რადიუსი: 35,4 R[1]
სპექტრული ტიპი: WN5h[1]
სიკაშკაშე: 8,7 x 106 L[1]
ტემპერატურა: 53000 ± 3000K[1]
ვარსკვლავიერი სიდიდე: 12.28[2]

R136a1ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი და აქამდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე მასიური. მისი მიახლოებითი მასა 265 მზის მასაა.[1] აგრეთვე ის ცნობილთა შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მისი სიკაშკაშე მზისას 8 700 000-ჯერ აჭარბებს.[1] ეს ვარსკვლავი R136-ის წევრია — ზევარსკვლავთგროვა 30 ოქროს თევზის კომპლექსთან ახლოს (ასევე ცნობილია, როგორც ტარანტულის ნისლეული), მაგელანის დიდ ნისლეულში.[1]

აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარანტულის ნისლეულიდან R136 გროვის მიახლოება (ე.წ. „ზუმი“), სადაც R136a1/2/3 ჩანს მარჯვნივ, დაბლა. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გროვის ბირთვის მარცხნივ არის R136c - სხვა უკიდურესად მასიური WN5h ვარსკვლავი.

ვარსკვლავის აღმოჩენაზე განცხადება 2010 წლის ივლისში გამოქვეყნდა. ბრინატელი ასტრონომების ჯგუფმა პოლ კროუთერის ხელმძღვანელობით (შეფილდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორი) გამოიყენა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT, ჩილე), ასევე ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიდან მიღებული მონაცემები და შეისწავლეს ორი ვარსკვლავთგროვა, NGC 3603 და R136a.[1][3] ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ R136a იყო ზემასიური ობიექტი 1000-3000 მზის მასით. მისი ბუნება ჰოლოგრაფიული ლაქების ინტერფერომეტრიით განისაზღვრა და აღმოჩნდა, რომ მჭიდროდ დასახლებული ვარსკვლავთგროვა იყო.[4] ასტრონომებმა რამდენიმე ვარსკვლავი აღმოაჩინეს ისეთი ზედაპირი ტემპერატურებით, როგორიცაა 40 000-56 000 კელვინი, რომლებიც შვიდჯერ (და მეტჯერაც) აღემატება მზის ზედაპირის ტემპერატურას. ეს ვარსკვლავები მზეზე რამდენიმე მილიონჯერ კაშკაშებია. ამ ვარსკვლავებიდან სულ ცოტა სამი 150 მზის მასას იწონის.

ფიზიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარცხნიდან მარჯვნივ: წითელი ჯუჯა, მზე, ლურჯი ჯუჯა და R136a1. R136a1 ყველაზე დიდი ვარსკვლავი არ არის რადიუსით ან მოცულობით, ის მხოლოდ მასით და სიკაშკაშით ლიდერობს.

R136a1 ვოლფ-რაიეს ვარსკვლავია, რომლის ზედაპირის ტემპერატურა 50 000 კელვინია.[1] სხვა ვარსკვლავების მსგავსად, რომლებიც ედინგტონის ზღვართან ახლოსაა, R136a1-მაც თავისი საწყისი მასის დიდი ნაწილი დაკარგა განუწყვეტელი ვარსკვლავური ქარის გამო. გამოთვლების თანახმად, დაბადებისას მისი მასა 320 მზის მასა იყო და ბოლო მილიონ წელიწადში მან 50 მზის მასა დაკარგა.[1] თუმცა, დღევანდელი თეორიების მიხედვით, არც ერთი ვარსკვლავი არ იბადება 150 მზის მასაზე მეტი მასით, მაგრამ ეს ვარსკვლავი წარმოიქმნა მრავალი ვარსკვლავის შერწყმის შედეგად.[5][6]

8-150 მზის მასის ვარსკვლავები თავიანთ სიცოცხლეს ზეახლად ანთებით ამთავრებენ, რის შედეგადაც რჩება ნეიტრონული ვარსკვლავები ან შავი ხვრელები. ასტრონომებმა 150-დან 300 მზის მასამდე ვარსკვლავების არსებობა დაუშვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ასეთი უზარმაზარი ვარსკვლავი ჰიპერნოვად გადაიქცევა — ვარსკვლავური ენერგია, რომელიც 100 ზეახლის სიმძლავრეს უდრის (1046 ჯოული). წყალბადის მასინთეზირებელი ბირთვი წარმოქმნის დიდი რაოდენობით ელექტრონულ-პოზიტრონულ წყვილს, რომლებიც იწვევს თერმული წნევის დაცემას ვარსკვლავში იმ წერტილამდე, როცა ნაწილობრივი კოლაფსი ხდება. თუ R136a1-მა ასეთი აფეთქება გადაიტანა, ის შავ ხვრელად გადაქცევის პროცესში კრახს განიცდის და ამის ნაცვლად მის ბირთვში არსებული ათეულობით მზის მასის რკინა ვარსკვლავთშორის სივრცეში იქნება გატყორცნილი ზეახალ ნარჩენად.[3] თუ ამ ვარსკვლავმა მოახერხა, რომ თავისი სიცოცხლე წყვილური არასტაბილური ზეახლით არ დაასრულა, ის ისეთი მასიურია, რომ პირდაპირ ჰიპერნოვად გადაიქცევა და შემდეგ პირდაპირ შავ ხვრელად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Crowther, Paul A.; Schnurr, Olivier; Hirschi, Raphael; Yusof, Norhasliza; Parker, Richard J.; Goodwin, Simon P.; Kassim, Hasan Abu (2010). „The R136 star cluster hosts several stars whose individual masses greatly exceed the accepted 150 M stellar mass limit“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 408 (2): 731–751. arXiv:1007.3284. Bibcode:2010MNRAS.408..731C. doi:10.1111/j.1365-2966.2010.17167.x.
  2. Doran, E. I.; Crowther, P. A.; de Koter, A.; Evans, C. J.; McEvoy, C.; Walborn, N. R.; Bastian, N.; Bestenlehner, J. M. და სხვები. (2013). "The VLT-FLAMES Tarantula Survey - XI. A census of the hot luminous stars and their feedback in 30 Doradus". arXiv:1308.3412v1 [astro-ph.SR].
  3. 3.0 3.1 A 300 Solar Mass Star Uncovered. ESO Press Release (2010-07-21).
  4. http://www.eso.org/sci/publications/messenger/archive/no.40-jun85/messenger-no40-4-6.pdfPDF (R136a and the Central Object in the Giant HII Region NGC 3603 Resolved by Holographic Speckle Interferometry).
  5. http://www.newscientist.com/article/dn22161-astrophile-monster-stars-are-just-misunderstood.html
  6. Oh, Sambaran; Kroupa, Pavel; Oh, Seungkyung (2012). „The emergence of super-canonical stars in R136-type star-burst clusters“. 1208: 826. arXiv:1208.0826. Bibcode:2012arXiv1208.0826B. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=R136a1&oldid=4575435“-დან