შინაარსზე გადასვლა

Pacta sunt servanda

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლათ. Pacta sunt servanda[1] („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“) — ფუნდამენტური პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება სავალდებულოა მისი დამდები მხარეებისთვის.[2] იგი საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის განუყოფელი ნაწილია.[3] პროფესორ ჰანს ვებერგის თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის მომწესრიგებელ მცირეოდენ წესს თუ გააჩნია ისეთი ღრმა მორალური და რელიგიური გავლენა, როგორიც ამ პრინციპს.[4]

ყველაზე გავრცელებული გაგებით, ეს პრინციპი კერძო ხელშეკრულებებს ეხება და ადგენს, რომ მათი დებულებები მხარეთათვის კანონის ძალის მქონეა, ხოლო ვალდებულებების უგულებელყოფა ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს. ამ ბროკარდის პირველი ცნობილი გამოხატულება გვხვდება XIII საუკუნის კანონისტის, კარდინალ ჰოსტიენსისის ნაშრომებში, რომლებიც XVI საუკუნეში გამოიცა.[5]

ტრადიციის თანახმად, ამ ბროკარდის საწყისები ციცერონის ნაშრომს - „კანონების შესახებ“ (ლათ. De Legibus) - უკავშირდება. მასში პრინციპი შემდეგი სრული ფორმით გვხვდება „ლათ. Pacta sunt servanda pietate“, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც: „აღთქმები ღვთისმოსაობით (პატიოსნებით) უნდა აღსრულდეს“.

თანამედროვე იურისპრუდენცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც სამოქალაქო, ისე საერთო სამართლის სისტემებში, ეს პრინციპი კეთილსინდისიერების პრეზუმფციას ეფუძნება.[6] მიუხედავად იმისა, რომ იურისდიქციათა უმრავლესობა აღიარებს კეთილსინდისიერებას, მისი შეფასების კრიტერიუმები მაინც განსხვავებულია.[7] მაგალითად, აშშ-ში - რომელიც საერთო სამართლის ქვეყანაა - კეთილსინდისიერებისა და სამართლიანი საქმიანობის ვალდებულება ყველა კომერციული ხელშეკრულების ნაგულისხმევ პირობას წარმოადგენს.[8]

საერთაშორისო სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო სამართლის თანახმად, „ყოველი ძალაში შესული ხელშეკრულება სავალდებულოა მისი მონაწილეებისთვის და მათ მიერ კეთილსინდისიერად უნდა სრულდებოდეს“.[9] ეს პრინციპი „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის“ (1969 წ.) წევრ სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, მოითხოვონ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი პატივისცემა. კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება გულისხმობს, რომ მხარეს არ შეუძლია შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნორმების მოშველიება ხელშეკრულების შეუსრულებლობის გასამართლებლად.

ლათ. Pacta sunt servanda-ს პრინციპის გამოყენებას ზღუდავს მხოლოდ საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმები - ლათ. jus cogens. გარდა ამისა, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის პრინციპი - ლათ. clausula rebus sic stantibus - უშვებს ვალდებულებების შეუსრულებლობას გარემოებათა კარდინალური ცვლილების შემთხვევაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Latin for "agreements must be kept", Black's Law Dictionary (8th ed. 2004)
  2. Wehberg, Hans (1959). „Pacta Sunt Servanda“. American Journal of International Law (ინგლისური). 53 (4): 775–786. doi:10.2307/2195750. ISSN 0002-9300. JSTOR 2195750.
  3. Kunz, Josef L. (1945). „The Meaning and the Range of the Norm Pacta Sunt Servanda“. American Journal of International Law (ინგლისური). 39 (2): 180–197. doi:10.2307/2192340. ISSN 0002-9300. JSTOR 2192340.
  4. Wehberg, H., 'Pacta Sunt Servanda', The American Journal of International Law 53, no. 4 (1959), accessed 10 February 2022
  5. Hyland, 1994, p. 416
  6. E., Nedzel, Nadia. A Comparative Study of Good Faith, Fair Dealing, and Precontractual Liability., გვ. 98–99. OCLC 1306381919. 
  7. Mackaay, Ejan (2011). „Good Faith in Civil Law Systems – A Legal-Economic Analysis“. SSRN Electronic Journal: 157–170. doi:10.2139/ssrn.1998924. hdl:1866/18314. ISSN 1556-5068. S2CID 144021119.
  8. Kelly, Catherine. (July 26, 2016) What You Should Know about the Implied Duty of Good Faith and Fair Dealing. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2022. ციტირების თარიღი: June 16, 2022
  9. Vienna Convention on the Law of Treaties (signed in Vienna, Austria on 23 May 1969 and entered into force on 27 January 1980), Article 26; and Vienna Convention on the Law of Treaties between States and International Organizations or between International Organizations (signed in Vienna on 21 March 1986), Article 26: not yet entered into force.