On the Run (ინსტრუმენტალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„On the Run“
სიმღერა - პინკ ფლოიდი, ალბომიდან The Dark Side of the Moon
გამოსვლის თარიღი 17 მარტი, 1973
ჩაიწერა ივნისი 1972 - იანვარი 1973
ჟანრი პროგრესული როკი
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 3:35
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორი დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი
The Dark Side of the Moon - სიმღერები

On the Run“ — მესამე კომპოზიცია ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან The Dark Side of the Moon.[1][2] ეს არის ინსტრუმენტული კომპოზიცია, აგებული სინთეზატორ EMS-ის რამდენიმე ნოტზე, რომელიც აჩქარებული ტემპით ჟღერს. ნომერი პირდაპირ კავშირშია მოგზაურობის, ფრენის შიშთან, რასაც ხაზს უსვამს მასში გაჟღერებული ხმის ეფექტები - აეროპორტის ხმები, თვითმფრინავის ხმაური, სირბილი, აფეთქება და ა.შ. კომპოზიციის სამუშაო სახელწოდება იყო „The Travel Sequence“.

განმეორებადი მელოდია შეიქმნა EMS-ის მიერ წარმოებულ სინთეზატორზე Synthi AKS 8 ნოტის აკრეფით, რაც შემდგომში ააჩქარეს. პერკუსიის ხმა მიიღეს ხმების გენერატორით. ამის შემდეგ უკუღმა გიტარის უკუღმა შებრუნებული ჩანაწერებიც დაუმატა. 8 ნოტიანი თანმიმდევრობა (E2, G2, A2, G2, D3, C3, D3, E3) წამში 165 დარტყმის ტემპში არის დაკრული. დასასრულს ჟღერს მხოლოდ გიტარა - აკორდი, რომელიც თან სდევს აფეთქებული თვითმფრინავის ხმას. კომპოზიციას უერთდება „Time“-ის საათის ხმები. ფილმში „Pink Floyd: Live at Pompeii“ ნაჩვენებია როჯერ უოტერსი, რომელიც ამ ნომერს ები-როუდის სტუდიაში აწყობს. დოკუმენტურ ფილმში „Classic Albums: Pink Floyd – The Making of The Dark Side of the Moon“ (2003) დევიდ გილმორი თავად აჩვენებს, როგორ იწყობოდა ეს კომბინაცია.

კომპოზიციის ერთ-ერთი ცენტრალური მომენტია ები-როუდის სტუდიების თანამშრომლის, „ქუდიანი როჯერის“ (Roger the Hat) ფრაზა - „დღეს ვცოცხლობ, ხვალ - მოვკვდები, ასეთი ვარ“ („Live for today, gone tomorrow. That's me“) და მისივე შეშლილი სიცილი.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, ნომერი სრულდებოდა, როგორც ჯაზური იმპროვიზაცია The Travel Sequence. მისი ორი ვერსია შეტანილია ალბომის Immersion გამოცემაში.

კომპოზიციის საკონცერტო შესრულებების დროს, სცენისკენ მიფრინავდა თვითმფრინავის მოდელი, რომელიც ეშვებოდა სცენის უკანა მხარეს და ფეთქდებოდა. იგივე ვიზუალური ეფექტი გამოიყენებოდა 1987-1989 და 1994 წლების ტურნეების დროს. ერთგვარი პაროდირების სახით, მსგავსი თვითმფრინავი სცენას ეჯახებოდა 1980-1981 წლების ტურნეს დროს, თუმცა ეს ასევე გათვალისწინებული იყო ალბომის The Wall სიუჟეტით.

1994 წლის კონცერტებზე დარბაზის ბოლოს ჩნდებოდა თვითმფრინავის მოდელი, რომელიც ასევე სცენაზე ფეთქდებოდა. როჯერ უოტერსის 2006-2008 წლის ტურნეებში ამ ნომრის მსვლელობისას მრგვალ ეკრანზე კამერა მირბოდა კოსმოსის მსგავს ფერად სივრცეში, ხმოვანი კვადროეფექტების თანხლებით, ბოლოს კი ყველაფერი ფეთქდებოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.