შინაარსზე გადასვლა

OC Media

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
OC Media
მედიის სახეობა:ონლაინ მედია
დაფუძნდა:2017
შტაბ-ბინა:თბილისი
საიტი:OC-Media.org

OC Media (Open Caucasus Media) — დამოუკიდებელი ინგლისურენოვანი ონლაინ მედია, დაფუძნდა 2017 წელს, აშუქებს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის სიახლეებს.

OC Media თბილისში დაფუძნებული მედია ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს ჟურნალისტებმა მარიამ ნიკურაძემ და დომინიკ ცაგარამ დააარსეს. გამოცემა აერთიანებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს კავკასიის რეგიონიდან.[1][2][3] OC Media აშუქებს საქართველოს (მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის), აზერბაიჯანის (მათ შორის მთიანი ყარაბაღის), სომხეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ახალ ამბებს.[4][5] მისი მასალები ოთხ ენაზე ვრცელდება გამოცემის პარტნიორი მედიების საშუალებით.[6]

OC Media-ს მისია კავკასიის რეგიონში მოვლენის ობიექტური, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაფუძნებული გაშუქებაა. გამოცემის მიზნებს შორისაა დემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობა, რეგიონის მასშტაბით მედიის ხარისხისა და მდგრადობის გაძლიერება, და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების საერთო ინტერესების დაცვა მდგრადი დაფინანსების ადვოკატირებისა და ინიციატივების გზით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მედიაგარემოში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ.[2]

OC Media დაფინანსებას სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საელჩოებისგან, და ასევე თავისი მკითხველებისგან იღებს.[2] გამოცემას დაფინანსება მიუღია შემდეგი დონორებისგან: დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამსახური, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ღია საზოგადოებათა ფონდი, დემოკრატიის ეროვნული ფონდი, დემოკრატიის ევროპული ფონდი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტომსონ როიტერსის ფონდი.[2]

2020 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც OC Media-ს მიერ ჩატარებულმა ჟურალისტურმა გამოძიებამ საქართველოს რამდენიმე სამკერვალო საწარმოში მძიმე შრობითი პირობები გამოავლინა, ადამიანის უფლებათა განათლებისა და მონიტორინგის ცენტრმა საქართველოს მთავრობას მიმართა და მოითხოვა, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ განახორციელოს აღნიშნული საწარმოების ინსპექტირება. ამასთანავე, ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს შრომითი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები მიღების მოთხოვნით მიმართა.

2020 წლის ოქტომბერში გამოცემის ვებ-გვერდზე ორჯერ განხორციელდა კიბერშეტევა. გამოცემის მენეჯმენტმა მომხდარი მათ მიერ მთიანი ყარაბაღის ომის გაშუქებას მიაწერა.[7][8][9]

2023 წელს გამოცემამ თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო.[6] აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ იმ გამოცემებს, რომლებიც ხარისხიანი მასალით, პასუხისმგებლიანობითა და სამოქალაქო გამბედაობით გამოირჩევიან.

მარიამ ნიკურაძე — OC Media-ს თანადამფუძნებელი და რეპორტიორი. წარწერა ფურცელზე: „თავისუფალი მედია არ დაემორჩილება რუსულ კანონს“ (2024)

2023 წლის სექტემბერში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა OC Media მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და გამოცემის დონორ ორგანიზაციებს დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მას შემდეგ, რაც მედიისგან მის მიერ დაწერილი ოპ-ედის გამოქვეყნებაზე უარი მიიღო. მედიასაშუალების რედაქტორების უარს წინ უძღოდა თხოვნა, მიეღოთ ოპ-ედის სრული ვერსია, რაც შალვა პაპუაშვილის წარმომადგენლებმა არ დააკმაყოფილეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაგმო პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებები და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიის დევნის კიდევ ერთი გამოვლინებაა.[10]

2024 წელს OC Media-ს თანადამფუძნებელმა და ჟურნალისტმა მარიამ ნიკურაძემ პრემია „ლექსო — უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ მიიღო.[11]

2024 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების გაშუქებისას მარიამ ნიკურაძეს სამართალდამცავთა თავდასხმის შედეგად ორჯერ დაუზიანდა კამერა.[12] 2025 წლის მარტში რუსთაველის გამზირზე პროტესტის გაშუქების დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით იგი ორჯერ დააჯარიმეს 5000 ლარით.[13]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. A progressive, pro-peace voice in the Caucasus (2020-11-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-18. ციტირების თარიღი: 2020-11-18
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Who we are en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-13. ციტირების თარიღი: 2020-05-16
  3. 16th South Caucasus Media Conference. ციტირების თარიღი: 2020-05-16
  4. Narimanishvili, Nino. (2020-06-21) OC Media პანდემიის პირისპირ, დაფინანსების ახალი გზების ძიებაში - ინტერვიუ მარიამ ნიკურაძესთან ka. ციტირების თარიღი: 2020-06-22
  5. How OC Media is training the next generation of freelance journalists in the Caucasus region. ციტირების თარიღი: 2020-11-16
  6. 6.0 6.1 [https://frittord.no/en/prizes/free-media-awards/oc-media Free Media Awards 2023 OC Media – Georgia]
  7. OC Media-ზე კიბერთავდასხმა მოხდა ka (2020-10-29). ციტირების თარიღი: 2020-11-16
  8. OC-Media en-GB. ციტირების თარიღი: 2020-11-16
  9. OC Media-ზე ჰაკერული თავდასხმები გახშირდა - გამოცემა ამას ყარაბაღის ომის გაშუქებას უკავშირებს
  10. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიის დევნა
  11. პრემია „ლექსოს“ გამარჯვებულები მარიამ ნიკურაძე და მანანა ქველიაშვილი გახდნენ
  12. პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა
  13. OC Media-ს და “რადიო თბილისის” ჟურნალისტები დააჯარიმეს „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OC_Media&oldid=4889144“-დან