მოწყობილობა იწონიდა 127 გრამს. გამოიყენებდა ოპერაციულ სისტემას Symbian OS v6.1., ARM920T-ის ცენტრალურ პროცესორს 104 მჰც ტაქტური სიხშირით, ფერად TFT ეკრანს 176×208-ზე გაფართოებით და 850 მილიამპერიან მოხსნად ლითიუმ-იონურ აკუმულატორს. ასევე გააჩნდა მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა Bluetooth-ის ან N-Gage Arena-ს სერვისის მეშვეობით.
Nokia, კონსოლში მობილური ფუნქციის დანერგვით, შეეცადა Game Boy Advance-ის მომხმარებელთა გადმობირებას, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც
N-Gage-ის ღილაკები სათამაშოდ ფაქტობრივად გამოუსადეგარი გამოდგა. ორიგინალი მოდელი, მისი ვიზუალის გამო მექსიკურ კერძს, ტაკოსაც კი შეადარეს. მას შემდეგ, ხშირად დამცინავად მოიხსენიებენ როგორც „Taco phone“.[4][7][8] წარსულში Nokia-მ მსგავსი დიზაინით გამოსცა მობილური ტელეფონი — Nokia 5510.
2004 წელს Nokia-მ წარადგინა N-Gage-ის განახლებული მოდელი N-Gage QD, განახლებული დიზაინით, რომელშიც აღმოიფხვრა ის პრობლემები, რაც გააჩნდა ორიგინალ მოდელს. მიუხედავად ამისა, კონსოლმა ვერ შეძლო Game Boy Advance-ისთვის კონკურენიციის გაწევა[9] და ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. იგი მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად — ორივე მოდელის გაყიდვები საერთო ჯამში შეადგენს სამ მილიონ ეგზემპლარს.
2005 წლის ნოემბერში Nokia-მა შეწყვიტა N-Cage-ის წარმოება. მოგვიანებით Nokia-მ N-Cage-ის სათამაშო აღჭურვილობა დანერგა 60 სერიის სმარტფონებში, რომელიც 2007 წელს დაანონსდა როგორც N-Gage პლატფორმა ან „N-Gage 2.0“.[10][11]