ვერცხლისფერი თოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Larus argentatus)
ვერცხლისფერი თოლია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Larus argentatus (Pontoppidan, 1763)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 62030608
გავრცელების არეალი

  შეჯვარება
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება

ვერცხლისფერი თოლია[1] (ლათ. Larus argentatus) — ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 55–67 სმ, მასა 750–1500 , ფრთის შლილი დაახლ. 140 სმ. შებუმბვლა — ვეჟან-რუხი, ფრთის ბოლოები მუქია თეთრლაქებიანი მოხატულობით, ფეხები ვარდისფერი. ახალგაზრდა ფრინველები მურა-ჭრელი ფერისანი არიან მკრთალი ფეხებითა და მუქი ნისკარტით. მოზრდილ ფრინველებს ნისკარტი ყვითელი აქვთ, მის ქვედა ნაწილზე კი წითელი ლაქა ატყვიათ. თვალის ფერადი გარსი ღიაა, ქუთუთოები ყვითელი ან წითელი. ზამთრის მოკაზმულობაში თავსა და კისერზე მუქი ფხაჭები ჩნდება. ფლობს ჩხავილის, ხარხარის, ყმუილის, კნავილისა და კრუხუნის მსგავსი ხმების ნაკრებს.

ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილის წყალსატევებსა და დასავლეთ და ჩრდილოეთი ევროპის ზღვის სანაპიროებზე, ბალტიის, თეთრი და ბარენცის ზღვების ჩათვლით; განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ჩრდილოეთ ატლანტიკაში. იზამთრებს ყველა მატერიკის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ზომიერი სარტყლიდან თითქმის ეკვატორამდე.

თევზისა და მრავალნაირი ხმელეთის უხერხემლოს გარდა, აგრეთვე ხშირად იკვებება თევზის სარეწის ნარჩენებით, სანარცხეებსა და სანაგვეებში არსებული საკვებად ვარგისი ნაგვით. ადგილ-ადგილ კვერცხისა და ბარტყების მოსპობით ზიანს აყენებს სხვა ფრინველებს (მ. შ. სუსხურებს).

მობუდარ კოლონიებს ქმნიან როგორც ზღვის კუნძულებზე, ისე შიდა წყალსატევების ნაპირებზე, ევროპაში — ხშირად საპორტო სახლების სახურავებზე. წყვილები მუდმივია (ანუ მონოგამური), დედალი დებს 2–3 კვერცხს, კრუხობა 4 კვირა გრძელდება; ბარტყები ნახევრადწიწილოვანი ტიპისაა, 5 კვირის ასაკში ფრენას იწყებენ. მსოფლიოში ვერცხლისფერი თოლიის 1 მილიონზე მეტი წყვილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 91, 116, 185.