Imperator torosus
| Imperator torosus | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| |||||||||||||
| |||||||||||||
Imperator torosus — სოკოს სახეობა ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. იგი გავრცელებულია სამხრეთ ევროპიდან აღმოსავლეთით კავკასიამდე და ისრაელამდე. როგორც წესი, მიკორიზას წარმოქმნის ფოთლოვან ხეებთან (მაგალითად, რცხილა, მუხა და წიფელი). უპირატესობას ანიჭებს თბილ და მშრალ ადგილებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში იშვიათია, ის შედარებით ხშირია უნგრეთში.
ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — შხამიანად. იზრდება ზაფხულიდან შემოდგომამდე კირქვიან ნიადაგებზე. გააჩნია მსხვილი ქუდი, რომელიც 20 სმ-მდე დიამეტრისაა და ჟანგმიწისფერია. ჰიმენოფორი ყვითელი ფორებისგან შედგება, ხოლო ფეხი ღვინისფერ-წითელიდან ყავისფერ ან მოშავო ფერამდე მერყეობს, რომლის სიგრძე 6–15 სმ-ია, სიგანე კი 3–6 სმ. ღია ყვითელი რბილობი გატეხვისას ან დაზიანებისას ასაკის მიხედვით იცვლის ფერს: ნორჩობაში სოკოების დაზიანებული ადგილები მოწითალო ხდება, ხოლო გადაბერებულ ეგზემპლარებში, დამატებით მოლურჯო ელფერი ერთვის.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1835 წელს როგორც Boletus torosus.[1] 2015 წელს, სოკო, ბორის ასიოვისა და მისი კოლეგების მიერ გადატანილი იქნა ახლად შექმნილ გვარ იმპერატორში. ბოლეტუსებრთა ოჯახში ახალი გვარის, იმპერატორის გამოყოფა მოხდა მოლეკულური ფილოგენეტიკურ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც ბოლეტუსისებრთა კვლევის ფილოგენეტიკური პროექტის ფარგლებში განხორციელდა.[2][3]
აღაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსგავსი ზომის სხვა სოკოებთან შედარებით საკმაოდ მძიმე, მკვრივია და ნაყოფსხეული შედარებით მაღალი რაოდენობით ქიტინს შეიცავს.
ქუდის დიამეტრი — 6–20 სმ, ახალგაზრდობაში ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამოზნექილი, ბოლოს კი ბრტყელი, ზოგჯერ ცენტრში ოდნავ ჩაზნექილი. ზედაპირი თავიდან ოდნავ ხავერდოვანია, თუმცა ასაკთან ერთად უფრო გლუვი ხდება; ნოტიო ამინდში ქუდი ოდნავ წებოვანია. ქუდის ფერი თავდაპირველად ხასხასა ყვითელი ან ოქროსფერ-ყვითელია, შემდეგ ჟანგმიწისფერი, ხოლო ასაკთან ერთად ყავისფერდება. დაზიანებისას, ან შეეხებისას, მოულოდნელად ფერს იცვლის, რაც სოკოს ასაკზეა დამოკიდებული: ნორჩობაში, ყვითელი ქუდი ალუბლისფერ-წითელ ფერს იღებს, ხოლო ჟანგმიწისფერ-ყავისფერი ქსოვილი დაზიანებისას მოწითალო-იისფერი ხდება. ეს ფერები მალევე მოლურჯო ან მონაცრისფრო ელფერს იღებს, რაც ერთობლიობაში ქუდს ჭრელი პიგმენტაციის იერს სძენს.[4]
ჰიმენოფორი — მილაკებიანი, მრგვალი და მცირე ზომის,[5] ყვითელი, რომელსაც თანდათან მომწვანო-ზეთისხილისფერი ელფერი დასდევს. ფორემი მეტად წვრილია და დიდი ხნის განმავლობაში ოქროსფერ-ყვითელია. მოგვიანებით ფორები ჯერ ნარინჯისფერ ელფერს იღებს, შემდეგ კი წითელ-ნარინჯისფერი ხდება. ასაკთან ერთად სიკაშკაშე ქრება და ზეთისხილისფერ-ყვითელი ხდება. შეხებისას მუქ ლურჯად იღებება.
ფეხი — მკვრივი, სქელი, 6–15 სმ სიგრძის და 3–6 სმ სისქის. ნორჩობაში კვერცხისებრია, ზრდასთან ერთად გარკვეულწილად წაგრძელებული, მაგრამ სიმწიფეშიც ბოლქვისებრი რჩება; მომწიფებული ფეხი, როგორც წესი, ოდნავ მოკლეა ქუდის დიამეტრზე. ის თავდაპირველად თითქმის ქუდის ფერია, მაგრამ სიმწიფეში ძირთან ღვინისფერ-წითელ შეფერილობას, ხოლო სხვა ადგილებზე მურა ყავისფერ ან მოლურჯო-შავ ფერს იძენს. ზედაპირზე გააჩნია ბადისებრი ნახატი, რომელიც ფერს ისევე იცვლის, როგორც ქუდი: თავიდან ყვითელი, შემდეგ მეწამული და ბოლოს მუქი ყავისფერი.
რბილობი — სქელი და მაგარი. ფერი ყვითელია, გარდა იმ ადგილისა, სადაც ფეხი ძირთან უერთდება, რადგან გადაბერებულ სოკოებში იქ მუქი წითელი ან მუქი მოყავისფრო ფერისაა. დაზიანებისას ან გაჭრისას ფორები, ფეხი და რბილობი მომწვანო-ლურჯ ფერს იძენს.[4] ახასიათებს არასასიამოვნო სუნი.[5]
სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი. სპორები — 12–15x5–6 მკმ, გლუვი, ოვალური. ბაზიდიუმი (სპორების მატარებელი უჯრედები) ოთხსპორიანი, ზომით 22–34x8–9 მკმ. ცისტიდები თითისტარისებრი, უფერო, 40–50x7–8 მკმ.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკო გავრცელებულია სამხრეთ ევროპიდან აღმოსავლეთით კავკასიისა[5] და ისრაელის ჩათვლით.[6] ევროპაში, მისი არსებობა დადასტურებულია პოლონეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალია, შვეიცარიაში, ავსტრიაში, მონტენეგროში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საბერძნეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ხორვატიაში.[7] იგი მიკორიზული სახეობაა, რომელიც ძირითადად, ასოცირდება ფოთლოვან ხეებთან, როგორიცაა რცხილა, მუხა და წიფელი. იზრდება ივლისიდან სექტემბრამდე, კირქვიან ნიადაგზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად[4] ზღვის დონიდან 1300 მეტრამდე სიმაღლეზე.[7] უპირატესობას ანიჭებს თბილ და მშრალ ადგილებს.
იშვიათი სახეობაა.[7] სოკოს შესულია ევროპის რამდენიმე ქვეყნის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი.[8] რუსმა მიკოლოგმა ანა კიიაშკომ წამოაყენა საკითხი, რომ სოკო შეტანილი იქნას IUCN-ის წითელ ნუსხაში, მისი საბინადრო არეალის მუდმივი საფრთხის გამო.[9] ანალოგიურად, ის შეტანილია მონტენეგროსა[10] და იტალიის დაცული მაკროსოკოების სიაში, სადაც მისი გავრცელების არეალი მეტად შეზღუდულია და საფრთხის ქვეშაა ტყის ხანძრებისა და ჰაბიტატის გაუარესების გამო.[11] ის შედარებით ხშირია უნგრეთში.[12] ისრაელში სოკო გვხვდება კერმესის მუხის ქვეშ, ზემო გალილეის ბაარამის ტყეში.[6]
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს,[13][14] ხოლო მეორე წყარო — შხამიანად.[15][16] უმი სახით იწვევს კუჭ-ნაწლავის მომნელებელი სისტემის მოშლას — მუცლის ტკივილი, დიარეა და ღებინება. ეს სიმპტომები ზოგიერთ ადამიანს მოხარშული სოკოს მიღების შემდეგაც აღენიშნება, თუმცა ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ეს სიმპტომები საერთოდ არ ვლინდება.[17]
1994 წლის კვლევის ფარგლებში, მეცნიერები, ულრიხ კივიტი და ჰარტმუტ ლააჩი ცდილობდნენ კოპრინის აღმოჩენას, მუხისძირასა და მსგავს სახეობებში.[18] ეს ნივთიერება ანტაბუსის მსგავსი თვისებებით ხასიათდება და ალკოჰოლთან ერთად მიღების შემთხვევაში, ხუთიდან ათ წუთში, იწვევს სიცხესა და სახის სიწითლეს, ჩხვლეტის შეგრძნებას კიდურებზე, გულისრევას, ღებინებასა და გულისცემის გახშირებას.[19] მიუხედავად იმისა, რომ კოპრინის არსებობა ზემოთ აღნიშნულ სოკოებში არ დადასტურდა, კოპრინის ნიშნები აღმოჩენილი იქნა Imerator torosus-ში, თუმცა I. torosus-ის ალკოჰოლთან დაკავშირებული მოწამვლის კლინიკური შემთხვევები დღემდე არ დაფიქსირებულა.[17] საბოლოოდ მკვლევარები მივიდნენ იმ დაასკვნამდე, რომ წარსულში მომხმდარი მოწამლის შემთხვევები გამოწვეული იყო სახეობების არასწორი იდენტიფიკაციით — Imerator torosus-ის მუხისძირა-ში არევით. თუმცა მათ ვერ გამორიცხეს, რომ მუხისძირა შეიცავდა აქამდე დაუდგენელ ნაერთს, რომელიც ალკოჰოლთან დაკავშირებულ რეაქციებს იწვევს.[18]
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Imperator torosus“ ვიკისაწყობში.- Imperator torosus MycoBank-ზე (ინგლისური)
- Imperator torosus Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (1835) Boleti, Fungorum Generis Illustratio (la). Uppsala, Sweden: Regiae Academiae Typographia, გვ. 10.
- ↑ Nuhn ME, Binder M, Taylor AF, Halling RE, Hibbett DS (2013). „Phylogenetic overview of the Boletineae“. Fungal Biology. 117 (7–8): 479–511. doi:10.1016/j.funbio.2013.04.008. PMID 23931115.
- ↑ Wu G, Feng B, Xu J, Zhu XT, Li YC, Zeng NK, Hosen MI, Yang ZL (2014). „Molecular phylogenetic analyses redefine seven major clades and reveal 22 new generic clades in the fungal family Boletaceae“. Fungal Diversity. 69 (1): 93–115. doi:10.1007/s13225-014-0283-8.
- 1 2 3 Alessio CL (1985). Boletus Dill. ex. L., Fungi Europaei (it). Saronno, Italy: Biella Giovanna, გვ. 226–27.
- 1 2 3 Assyov B.. (2013)Boletus torosus. Boletales.com. ციტირების თარიღი: 25 July 2015
- 1 2 Avizohar-Hershenzon Z, Binyamini N (1972). „Boletaceae of Israel: I. Boletus sect. Luridi“. Transactions of the British Mycological Society. 59 (1): 25–30. doi:10.1016/s0007-1536(72)80037-8.
- 1 2 3 Michal Mikšík, Hřibovité houby Evropy, wyd. První české vydání, Praha 2017, s. 306–313, ISBN 80-256-2063-8, OCLC 1089429781.
- ↑ Joint Nature Conservation Committee. (15 დეკემბერი, 2010) UK priority species pages – Version 2. Boletus torosus Fr. & Hök. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2025.[მკვდარი ბმული]
- ↑ Kiyashko A. Boletus torosus var. torosus. IUCN. ციტირების თარიღი: 15 February 2022
- ↑ Kasom G, Miličković N (2010). „Protected species of macrofungi in Montenegro“ (PDF). Natura Montenegrina, Podgorica. 9 (2): 195–203. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2016-03-04.
- ↑ Wagensommer, Robert P.; Angeles Flores, Giancarlo; Arcangeli, Andrea; Bistocchi, Giancarlo; Maneli, Fabio; Materozzi, Giorgio; Perini, Claudia; Venanzoni, Roberto; Angelini, Paola (2021). „Application of IUCN red listing criteria at the regional level: A case study with Boletales across the Apennine province ecoregion and EU-habitats of Central Italy“. Plant Biosystems. 156 (3): 1–11. doi:10.1080/11263504.2021.1918782. S2CID 234834743.
- ↑ Benedek L, Pál-Fám F (2006). „Rare macrofungi from Central Börzsöny I. Hungarian occurrence data and habitat preference“. International Journal of Horticultural Science. 12 (1): 45–52. doi:10.31421/IJHS/12/1/622 (inactive 11 July 2025). hdl:2437/314359.CS1-ის მხარდაჭერა: არააქტიური DOI (link)
- ↑ René Flammer: Boletus torosus - Coprin und Alkohol. In: Schweizerische Zeitschrift für Pilzkunde 2008-4. S. 146–147. (PDF; 1,14 MB).
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 532-533, ISBN 3-405-12116-7
- ↑ MycoDB : Fiche de Imperator torosus. www.mycodb.fr. ციტირების თარიღი: 2025-02-25.
- ↑ Imperator torosus (Fr.) Assyov, Bellanger, Bertéa, Courtec., Koller, Loizides, G.Marques, J.A.Muñoz, Oppicelli, D.Puddu, F.Rich. & P.-A.Moreau. Cromushrooms.eu. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2025.
- 1 2 Flammer R. (2008). „Boletus torosus – Coprin und Alkohol“ [Boletus torosus – Coprine and alcohol] (PDF). Schweizerische Zeitschrift für Pilzkunde (გერმანული). 2008 (4): 146–47.
- 1 2 Kiwitt U, Laatsch H (1994). „Coprin in Boletus torosus: Beruht die angebliche Alkoholunverträglichkeit durch den Verzehr des Netzstieligen Hexenröhrlings (Boletus luridus) auf einer Verwechslung?“ [Coprine in Boletus torosus: Is the alleged alcohol hypersensitivity by ingestion of B. luridus caused by a mistake?] (PDF). Zeitschrift für Mykologie (გერმანული). 60 (2): 423–30. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2014-04-13. ციტირების თარიღი: 2013-03-22.
- ↑ Benjamin DR (1995). Mushrooms: Poisons and Panaceas – A Handbook for Naturalists, Mycologists and Physicians. New York: WH Freeman and Company, გვ. 288–89. ISBN 978-0-7167-2600-5.