ELSA Tbilisi

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ELSA Tbilisi
შეიქმნა 4 მაისი 1981; 39 წლის წინ (1981-05-04)
სტატუსი აქტიური
ტიპი არაკომერციული ორგანიზაცია
გაწევრიანება 44 ქვეყანა
ELSA Tbilisi Facebook-ზე

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ინგლ. European Law Students' Association, ELSA) — მსოფლიოს უდიდესი, აპოლიტიკური, არასამეწარმეო, იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც საქმიანობს სამ დონეზე: საერთაშორისო, ეროვნულ და ლოკალურ დონეზე. დღესდღეობით, ელსა მოიცავს 44 ევროპულ სახელმწიფოს ეროვნული ჯგუფების დონეზე, 390-მდე სახელგანთქმულ უმაღლეს სასწავლებელს მთელს ევროპაში, 51000-მდე იურისტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) საერთაშორისო ქსელის ლოკალურ ჯგუფს წარმოადგენს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელსა დაფუძნდა 1981 წლის 4 მაისს ვენაში პოლონელი, ავსტრიელი, უნგრელი და დასავლეთ გერმანელი სტუდენტების მიერ. ასოციაციის შექმნის თავდაპირველი იდეა იყო „რკინის ფარდის“ ორ მხარეს მყოფ იურისტ სტუდენტებს შორის საერთაშორისო კონტაქტებისა და ურთიერთგაგების გაზრდა–გაძლიერება. 1992 წლის 12 ოქტომბერს, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში შემუშავებული იქნა ასოციაციის ფილოსოფიური ხედვა: „A just world in which there is respect for human dignity and cultural diversity“, რომელსაც ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს ასოციაციის საქმიანობაში. გარდა ამისა ხედვამ გარდამტეხი როლი ითამაშა ასოციაციის სამომავლო მოღვაწეობასა და განვითარებაში. ორგანიზაციას ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუციებში, როგორიცაა: ევროპის საბჭო, UNESCO, ECOSOC, UNCITRAL, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ასოციაციის მიზანია, სამართლებრივი მიმართულებით განავითაროს ახალგაზრდული ურთიერთობები და საერთაშორისო ხასიათი შესძინოს მას. ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნას პროფესიონალი იურისტის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ჯანსაღი გარემო და უზრუნველყოს ევროპელ კოლეგებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლა.

დასახული ამოცანების მისაღწევად ასოციაციის ძირითადი პროფილია:

  • სამართლებრივი განათლება;
  • გაცვლითი პროგრამები
  • სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

ელსა საქართველო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ნაწილი 2008 წლის 2 ნოემბერს, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში გახდა, როდესაც ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს რიგით 54-ე შეხვედრაზე ასოციაციის წევრებმა საქართველოს ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი და მიანიჭეს დამკვირვებლის სტატუსი, რაც წევრობის პირველი საფეხურია. 2009 წლის 28 ოქტომბერს კი, რუმინეთში, ქალაქ სინაიაში, ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს რიგით 56-ე შეხვედრაზე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო ასევე ერთსულოვნად იქნა არჩეული ასოციაციის სრულუფლებიან წევრად.

ასოციაციის საქმიანობის მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამგეობის მენეჯმენტი, საგარეო ურთიერთობები და ორგანიზაციის გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამგეობის მენეჯმენტზე, საგარეო ურთიერთობებსა და ორგანიზაციის გაფართოებაზე (ინგლ. Board Management, External Relations and Expansion — BEE) პასუხისმგებელია პრეზიდენტი.

შიდა მენეჯმენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდა მენეჯმენტის (ინგლ. Internal Management — IM) მიმართულებაზე პასუხისმგებელია გენერალური მდივნის აპარატი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

  • ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
  • სამართლებრივი აქტებისა და განკარგულებების შედგენა;
  • სოციალური უნარების ტრენინგების ორგანიზება;
  • ახალწვეულთა ბანაკების (ინგლ. Freshers’ Camp) ორგანიზება;
  • რესურსების მართვა (ადამიანური, მატერიალური);
  • აკადემიური და სოციალური სახის ღონისძიებების ორგანიზება ასოციაციის წევრთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის;
  • ოფის-მენეჯერების სისტემის კოორდინირება.

ფინანსური მენეჯმენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინანსური მენეჯმენტი (ინგლ. Financial Management — FM) ასოციაციაში ხორციელდება ფინანსური მენეჯერისა და მისი აპარატის მიერ, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

  • ასოციაციის აქტივების მართვა;
  • ასოციაციის პროექტებისა და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად თანხებისა და გრანტების მოძიება;
  • საფინანსო წლის განმავლობაში ორგანიზაციის ხარჯების და შემოსავლების აღრიცხვა;
  • ასოციაციის ყოველგვარი ფინანსური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი.

მარკეტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკეტინგის (ინგლ. Marketing — MKT) აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ელსასა და ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ;
  • პიარ-კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მარკეტინგული მასალების მომზადება;
  • მედიასთან კონტაქტი;
  • სპონსორების მოძიება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება;
  • ხარისხის განვითარების კონტროლი;
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი.

აკადემიური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიური საქმიანობა (ინგლ. Academic Activities — AA) ელსას ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას სამართლის სხვადასხვა დარგში და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას.

აკადემიური საქმიანობის მიმართულება მოიცავს 4 ძირითად სფეროს:

  • ელსა მიზნად ისახავს სტუდენტთათვის აკადემიური წერის უნარ-ჩვევების განვითარებას, რისთვისაც სტუდენტებს სთავაზობს ესეების ჩემპიონატებსა და ნაშრომების კონკურსებს.
  • საზღვარგარეთ სწავლის პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ სხვა ქვეყნების სამართლებრივ სისტემებსა და კულტურაზე. სფერო მოიცავს სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებას გაცვლით პროგრამების შესახებ.
  • სამართლებრივი კვლევის ჯგუფები აკადემიური საქმიანობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც გულისხმობს სტუდენტთა და ახალგაზრდა იურისტთა მიერ კონკრეტულ, სპეციფიკურ საკითხზე კვლევის ჩატარებას და შემუშავებული დასკვნის საზოგადოებისათვის გაცნობას.
  • თეორიისა და პრაქტიკის შეჯერება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა იმიტირებული სასამართლო პროცესები და დებატები, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას, ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას აკადემიური საქმიანობის მიმართულებამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების დროიდან განვითარების უმნიშვნელოვანესი გზა განვლო და დღეისათვის, აღნიშნული პროგრამების დახმარებით ელსას დასახული მიზნების მიღწევაში ფუნდამენტური წვლილი შეაქვს.

სემინარები და კონფერენციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს სემინარებისა და კონფერენციების მიმართულება (ინგლ. Seminars &Conferences — S&C). მისი მიზანია სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა შეისწავლონ და განიხილონ ის თემები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სასწავლო პროგრამით. ეს დაეხმარებათ მათ უკეთესი სამართლებრივი ცოდნისა, სოციალური და კულტურული გამოცდილების მიღებაში, რაც თავის მხრივ განაპირობებს მათ საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირებას. სემინარებისა და კონფერენციების აპარატი ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: სემინარები, კონფერენციები, სამართლის სკოლები, დისკუსიები, ლექციები და სასწავლო ვიზიტები.

  • სემინარები — წარმოადგენს შედარებით მოკლევადიან ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება სამიდან შვიდ დღემდე და რომლის განმავლობაშიც განიხილება იურიდიული თემები, ან სამართლის რომელიმე დარგი, რომელიც არ ისწავლება უმაღლეს სასწავლებელში, ან ისეთი მიმართულება, რომელიც განხილვის მომენტისათვის აქტუალურია და იწვევს დიდ ინტერესს საზოგადოებაში. სემინარები მონაწილეებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გამოცდილება და დაამყარონ ახალი კონტაქტები თანატოლებთან.
  • კონფერენციები — მეტად სამეცნიერო შეხვედრები. გარდა საინტერესო ლექციებზე დასწრებისა, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ უშუალოდ ჩაერთონ თემის განხილვაში და მასთან დაკავშირებით გარკვეული სამეცნიერო ნაშრომის მომზადებაში, რომელსაც საბოლოოდ წარმოადგენენ მომხსენებლებთან ერთად აუდიტორიის წინაშე.
  • სამართლის სკოლა — ყველაზე დიდი ღონისძიება სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებაში. სამართლის სკოლა მოიცავს როგორც ლექციებს, ასევე სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. იმისათვის, რომ იგი განხორციელდეს, საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაცვა. კერძოდ ღონისძიება ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს. ასევე აუცილებლია, მისი შინაარსი უშუალოდ იურიდიულ თემებს ემყარებოდეს. ლექციების კურსისა და სამუშაო შეხვედრების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 საათს, ამავე დროში უნდა განაწილდეს მონაწილეების საშინაო დავალებების მომზადება.
  • საჯარო ლექცია — პროფესიონალი მომხსენებლების მიერ გაკეთებული თემის საჯარო წაკითხვა აუდიტორიისათვის სამართლის გარკვეულ სფეროში დისკუსია არის ისეთი სახის ღონისძიება, სადაც სპეციალისტები მსჯელობენ, კამათობენ აუდიტორიის წინაშე გარკვეულ სპეციფიკურ თემაზე. იმისათვის, რომ დისკუსია საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა.
  • საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი — ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს ELSA-ს წევრებს, გაეცნონ ასოციაციის მუშაობას საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი არის ორგანიზებული მოგზაურობა, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივი, მრავალმხრივი და ცალმხრივი. იგი შეიძლება განხორციელდეს როგორც საერთაშორისო. ასევე ეროვნულ დონეზე (ერთი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში).
  • ინსტიტუციონალური სასწავლო ვიზიტი ითვალისწინებს საერთაშორისო სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, საჯარო და კერძო დაწესებულებაში სტუდენტების ვიზიტს, რათა გაეცნონ ამ დაწესებულების მუშაობას.

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა (ინგლ. Student Trainee Exchange Programme — STEP) ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. სწორედ იგი ხდის ელსას გამორჩეულს სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებისაგან.

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის ისტორია 1984 წლიდან იწყება. ჯერ კიდევ 90- იან წლებში 500 გაცვლითი პროგრამა განხორციელდა. მას შემდეგ, აღნიშნული პროგრამით სტუდენტების დაინტერესება დღითიდღე იზრდება. ყოველწლიურად ხდება ათობით სტუდენტის დასაქმება ევროპის ქვეყნების იურიდიულ კომპანიებში.

წლების განმავლობაში, სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის ფარგლებში, ელსა თანამშრომლობს საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან (მაგ. CMS) და ევროპის საბჭოსთან. შედეგად, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში და მიიღონ ფასდაუდებელი გამოცდილება. ეს კი პროგრამის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა სტუდენტებს აძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გაეცნონ სხვა სახელმწიფოების სამართლებრივ სისტემას, დახვეწონ ენობრივი კომპეტენციები და ისწავლონ მუშაობა საერთაშორისო გარემოში, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ELSA_Tbilisi&oldid=3782047“-დან