შინაარსზე გადასვლა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ECHR)
ბერლინის კედლის ნაწილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობის წინ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ასევე ცნობილია, როგორც სტრასბურგის სასამართლო (ინგლ. The European Court of Human Rights (ECtHR); ფრანგ. Cour européenne des droits de l’homme) — 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. იგი განიხილავს კერძო ინდივიდების საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ეხება ამ კონვენციით გარანტირებული უფლებების სადავო დარღვევებს. სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებსაც აქვთ ერთმანეთის წინააღმდეგ.

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მეშვეობით ადამიანის უფლებათა ევროპულმა კონვენციამ ყველა ხელმომწერი ქვეყნისთვის სავალდებულო იურისდიქციის ძალა შეიძინა.[1]

ისტორია და სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასამართლო დაარსდა 1959 წელს, როდესაც მისი პირველი წევრები აირჩია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად სასამართლო ზედამხედველობს მონაწილე სახელმწიფოების მხრიდან კონვენციით და მისი დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებაზე. 1998 წლის 1 ნოემბერს გაუქმდა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია, რომელიც სასამართლოში შემოსულ საჩივართა საფუძვლიანობას ამოწმებდა და სასამართლო ჩამოყალიბდა, როგორც სრულ განაკვეთიანი ორგანო. ეს რეფორმა გამოწვეული იყო კონვენციაზე ახალი მხარეების მიერთებით და სასამართლოში შესული საჩივრების ოდენობის ზრდით.

კონვენციის მე-14 ოქმით გატარებული რეფორმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონვენციის მე-14 ოქმი ძალაში შევიდა, რომელმაც სასამართლოს სტრუქტურაში არაერთი ცვლილება განახორციელა 2010 წლის 1 ივნისს,სამი თვის შემდეგ კონვენციის 14 ოქმის რატიფიკაცია ევროპის საბჭოს 47 -ივე წევრმა მოახდინა. მე-14 ოქმის მიხედვით მოსამართლეები 9 წლის ვადით იქნებოდნენ არჩეული ხელახალი არჩევის უფლების გარეშე, განსხვავებით კონვენციის ძველი რედაქციისგან, სადაც მოსამართლეები ხელახალი არჩევის უფლებით 6 წლის ვადით აირჩეოდნენ. მე-14 ოქმის თანახმად მოსამართლეს ერთპიროვნულად შეეძლო დაუშვებლად ეცნო საჩივარი, ასევე დაემატა ახალი საჩივრის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, კერძოდ, საჩივარი შეიძლებოდა გამოცხადებულიყო დასაშვებად, თუკი მომჩივანს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზარალი. შესწორებების თანახმად სამ მოსამართლისგან შემდგარ კომიტეტს შეეძლო დაუშვებლად გამოეცხადებინა საჩივარი და ასევე გამოეტანა გადაწყვეტილება არსებითი მხარის შესახებ, თუკი განსახილველი საქმე უკვე კარგად გადაწყვეტილი იყო სასამართლოს პრეცედენტული სამართლით განსხვავებით ძველი რედაქციისგან, როცა არსებითი მხარის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ პალატა ან დიდი პალატა იღებდა. ამას გარდა მე-14 ოქმით გატარებული შესწორებების თანახმად ევროპულ კავშირს მიეცა უფლება გამხდარიყო კონვენციის წევრი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხდომათა დარბაზი

სასამართლო იმდენივე მოსამართლისგან შედგება, რამდენიც მხარეცაა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (ამჟამად 47). კონვენციის თანახმად მოსამართლეებს უნდა ახასიათებდეთ მაღალი ზნეობრივი თვისებები და ან უნდა ფლობდნენ მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ კვალიფიკაციას, ან იყვნენ აღიარებული როგორც კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნეები. თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატისაგან შემდგარი სიიდან მოსამართლეს ხმათა უმრავლესობით ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა ცხრა წლის ვადით ხელახალი არჩევის უფლების გარეშე. მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ ის 70 წლის ასაკს მიაღწევს. . მოსამართლეები სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებენ თავიანთი ინდივიდუალური უფლებამოსილებით. მოსამართლეები თავიანთი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია მათ დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობასთან ან სრულგანაკვეთიანი სამსახურის მოთხოვნებთან; ამ პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა საკითხს წყვეტს სასამართლო.

პლენარული სხდომა და ადმინისტრაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლენარულ სხდომაზე მოსამართლეები ირჩევენ სასამართლოს პრეზიდენტს, ორ ვიცე-პრეზიდენტს სამი წლის ვადით. და სამდივნოს უფროსს 5 წლის ვადით.პლენარულ სხდომაზე მოსამართლეები იღებენ რეგლამენტს.

იურისდიქცია და პროცედურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ, ასევე სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი.

კერძო პირთა საჩივრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერძო პირის განცხადება სასამართლოს ადმინისტრაციაში რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა მომხსენებელ მოსამართლეს, რომელსაც შეუძლია გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, მომხსენებელი მოსამართლე არ უნდა იყოს არჩეული იმ სახელმწიფოდან, რომელიც მხარეა საჩივარში. განცხადება შეიძლება გამოცხადდეს დაუშვებლად მაშინ, როცა განცხადება ratione materiae, ratione temporis ან ratione personae პირობებს არ აკმაყოფილებს ან, როცა აპლიკანტმა არ ამოწურა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალება, როცა გასულია 6 თვე საბოლოო შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, თუკი განცხადება ანონიმურია ან ცილისმწამებლური, თუკი განცხადება კონვენციასთან და მის ოქმებთან შეუთავსებელია, უკვე განხილულია სასამართლოს ან საერთაშორისო მოგვარების სხვა ორგანოს მიერ. პალატა იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილ სახელმწიფოთაშორის განაცხადთა დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ. სასამართლოში საქმეებს განიხილავენ ერთი მოსამართლე,სამი მოსამართლე კომიტეტში,შვიდი მოსამართლე პალატაში, 17 მოსამართლე დიდ პალატაში. პალატაში და დიდ პალატაში ex officio მონაწილეობას იღებს ის მოსამართლე, რომელიც არჩეულია იმ სახელმწიფოდან, რომელიც მხარეა საქმეში.

თუ მომხსენებელი მოსამართლე არ გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ, ის წარადგენს მას კომიტეტში შემდგომი განხილვისთვის, კომიტეტი დაუშვებლად აცხადებს მას ან გამოაქვს გადაწყვეტილება საქმის არსებითი მხარის შესახებ, თუკი საქმე უკვე გადაწყვეტილია სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. სხვა შემთხვევაში სასამართლო გადასცემს საჩივარს პალატას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დასაშვებობის და საქმის არსებითი მხარის შესახებ სახელმწიფოთაშორისი დავის შემთხვევაში დასაშვებობას და საქმის არსებით მხარეს წყვეტს პალატა. თუკი პალატაში განსახილველი საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტებისათვის სერიოზულ საკითხს, ან თუ პალატის მიერ საკითხის გადაწყვეტას შეიძლება მოჰყვეს სასამართლოს მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებასთან შეუთავსებელი შედეგი, პალატას უფლება აქვს, გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებისმიერ დროს თავისი იურისდიქცია გადასცეს დიდ პალატას, თუ საქმის არც ერთი მხარე ამის წინააღმდეგი არ არის. პალატის გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან სამი თვის ვადაში, საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია ითხოვოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა. დიდი პალატის კოლეგია ხუთი მოსამართლის შემადგენლობით აკმაყოფილებს ამ თხოვნას, თუ საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან ზოგადი მნიშვნელობის სხვა სერიოზულ საკითხს. დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა. სასამართლოს მოსმენები ღიაა, თუკი სასამართლომ გამონაკლის შემთხვევებში სხვა რამ არ გადაწყვიტა.

სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან.სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას. თუკი მინისტრთა კომიტეტი თვლის, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარე არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიმართავს სასამართლოს მხარისთვის შეტყობინების შემდეგ, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ გადაწყვეტილება აღსრულებულია, მინისტრთა კომიტეტი ხურავს საქმეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს 1999 წლიდან. საქართველოდან სულ 3 მოსამართლე იყო წარდგენილი მინდია უგრეხელიძე (1999-2008), ნონა წოწორია (2008-2017), ლადო ჭანტურია (2017 დღემდე).

ის შენობა, სადაც დღეს სასამართლო მუშაობს მდებარეობს საფრანგეთის ქალაქ სტარსბურგში. დაპროექტდა 1989 წელს კომპანია Richard rogers partnership ltd -ს (ლონდონი) მიერ მისი მშენებლობა დაიწყო 1991 წელს და დასრულდა 1994 წელს. ელიზაბედ II - მ 1991 წელს ხე დარგო სამშენებლო მოედნის მახლობლად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სამოქალაქო განათლების ლექსიკონი. საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი (2011).