დიდი მურტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Colymbus cristatus)
დიდი მურტალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Podiceps cristatus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Colymbus cristatus (Linnaeus, 1758)[1]
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696602
გავრცელება

  შეჯვარება
  მუდმივი არეალი
  გამოზამთრების ადგილები
Podiceps cristatus

დიდი მურტალა,[1][2] ქოჩორა მურტალა[1] (ლათ. Podiceps cristatus) — წყალმცურავი ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 46–51 სმ, ფრთების შლილი 85–90 სმ,[3] მასა 568–813 გრამი.[4] მურტალებს შორის ეს სახეობა ყველაზე დიდია. გამოირჩევა გრძელი კისრით და ნისკარტით, რომელიც მოვარდისფრო შეფერილობისაა. შეფერილია მოყვითალო-მურად:[5] სხეულის ზედა ნაწილი მონაცრისფრო-ყავისფერია, ქვედა კი — თეთრი. სქესთა შორის განსხვავება არ არის. ზრდასრულ ფრინველს გამრავლების პერიოდში უვითარდება წაბლისფერი და შავი ბუმბულისგან წარმოქმნილი საყელო და შავი ბუმბულების ორი კონა თხემის გასწვრივ. ზამთარში საყელო უქრება და სახე თეთრ შეფერილობას ღებულობს, რომელთანაც კონტრასტს ქმნის თხემზე არსებული შავი ზოლი. ფრენისას მხრებსა და მეორე რიგის მომქნევებზე ნათლად ეტყობა თეთრი ლაქები. სხვა მურტალებთან შედარებით საბინადროდ საჭიროებს დიდი ზომის წყალსატევს.[2] კარგად ყვინთავს. თითქმის მთელ დროს წყალში ატარებს. ფეხები სხეულის ბოლოსკენ აქვს, ამიტომ მიწაზე სიარული არ შეუძლია და გადაადგილდება მხოლოდ ხოხვით. თითები შემოვლებულია ფართო ლაპოტებით. გამოსცემს მრავალნაირ ხმას — „კეკ-კეკ“, „კიუიკ“, „კკუა“. წყლის ზედაპირიდან ასაფრენად დიდი ძალისხმევა სჭირდება, ფრენს დაბლა, დიდხანს.[5] ბინადრობს წყალმცენარეებით მდიდარ ტბებზე, ჭარბწყლიან ჭაობებზე, მდორე მდინარეებზე, მდინარის ყურეებზე, დელტებსა და ზღვაზე.[3] ბუდობს ტყისა და სტეპის ზონის როგორც მტკნარ, ისე მარილიან წყალსატევებზე.[6] გავრცელებულია ევროპის დიდ ნაწილში, ცენტრალურ აზიაში, აფრიკაში (ძირითადად ტუნისიდან ეგვიპტემდე, აგრეთვე მცირე რაოდენობით ცენტრალურიდან სამხრეთ აფრიკამდე), სამხრეთ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაზე; იზამთრებს სამხრეთ აზიაში, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ავსტრალიაში, აფრიკაში ხმელთაშუაზღვისპირეთში.[7] საქართველოში გადამფრენი,[5] მობუდარია[2] და მკვიდრია (იზამთრებს შავი ზღვის სანაპიროზე[6]).[7] ბუდეს წყალზე აკეთებს (მცენარეული მასალისაგან), ზოგჯერ მტივტივეა, ზოგჯერ — ფსკერზე დაყრდნობილი. მაის-ივნისში დებს 3–6 (ზოგჯერ 7) მომწვანო-თეთრ კვერცხს. ინკუბაცია 28 დღე გრძელდება.[8] უმთავრესად იკვებება მცირე ზომის თევზით.[6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 64, 141, 195.
  2. 2.0 2.1 2.2 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 8, თბ., 2002.
  3. 3.0 3.1 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 16, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. Great Crested Grebe (Podiceps cristatus). BirdID's Bird Guide. BirdID. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2020.
  5. 5.0 5.1 5.2 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  6. 6.0 6.1 6.2 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 32–33. 432 с.
  7. 7.0 7.1 BirdLife International (2012). Podiceps cristatus. IUCN Red List of Threatened Species. 2012. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  8. Чомга, или большая поганка, или хохлатая гагара (устар.) — Podiceps cristatus. ПТИЦЫ РОССИИ. ecosystema.ru. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2020.