გირჩისებრი ამანიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Amanita echinocephala)
გირჩისებრი ამანიტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Amanita echinocephala (Vittad.) Quél., 1872

გირჩისებრი ამანიტა (ლათ. Amanita echinocephala) — ამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა.

არასაჭმელი სოკოა. უმად მოხმარების შემთხვევაში იწვევს მოწამვლას. იშვიათი სოკოა. გავრცელების არეალი ძირითად მოიცავს ევროპას. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა იტალიელმა მიკოლოგმა კარლო ვიტადინიმ 1835 წელს როგორც Agaricus echinocephalus.[1] ამანიტას გვარში გადაიტანა ფრანგმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ 1872 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus echinocephalus Vittad., 1835 basionym
  • Amanita strobiliformis var. aculeata Quél., 1886
  • Amanita umbella var. echinocephala (Vittad.) Quél., 1886
  • Amanita aculeata (Quél.) Bigeard & Guillem., 1909
  • Lepidella echinocephala (Vittad.) E.-J.Gilbert 1925
  • Amanita vittadinii var. echinocephala (Vittad.) Veselý, 1934
  • Aspidella echinocephala (Vittad.) E.-J.Gilbert, 1941
  • Armillaria echinocephala (Vittad.) Locq., 1952
  • Amanita solitaria (Bull.) Fr., 1836 sensu auct. pl.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 6—14 სმ, თითქმის მომრგვალებული, მოგვიანებით გაშლილი, სქელხორციანი. კიდეები გლუვი ან დაკბილული. ზედაპირი დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო, სქელი კუთხოვანი მეჭეჭებით.[3] კანის ფერი თეთრი ან მონაცრისფრო, შემდეგ ღია ჟანგმიწისფერი, ზოგჯერ სუსტი მომწვანო ელფერით.

რბილობი — თეთრი, მკვრივი, ფეხის ძირში და ქუდის კანქვეშ მოყვითალოა, არასასიამოვნო გემოთი და სუნით.[4]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი, ფართო, მეტად ხშირი, თავდაპირველად მოთეთრო, შემდგომში მკრთალ-ფირუზისფერი, ზრდასრულობაში — მომწვანო-ყვითელი ელფერით.

ფეხის სიგრძე — 10-15 (20) სმ, სისქე — 1-4 სმ, შუაში გასქელებული, ზედა ნაწილი ცილინდრული, ძირში ბოლქვისებური და რამდენადმე ფესვისებურად წაგრძელებული.[3] ზედაპირი თეთრი ან მოყვითალო, ზეთისხილისფერი ელფერით, დაფარულია მოთეთრო ქერცლებით. საყელო ზოლიანი, ჩამოკიდებული, ხშირად ძვრება, მომწიფებამდე არ რჩება.

სპორების მტვერი — თეთრი, კრემისფერი ან მომწვანო ელფერით. სპორები — 9-11×7-8 მკმ, ფართო ოვალური, გლუვი, ამილოიდური. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, გურზისებრი, 40-60×10-14 მკმ. ფირფიტების ტრამა ბილატერალური, ჰიფების დიამეტრი — 2-10 მკმ. ჰეილოცისტიდები უფერული, მსხლისებრი ან ფართო გურზისებრი, 20-60×15-25 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იშვიათი სოკოა.[5] სითბო მოყვარულია. იზრდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, (უპირატესად წიფელთან და მუხასთან), მდინარისა და ტბის პირებთან, კირიან ნიადაგზე.

ძირითადად გავრცელებულია ევროპის სამხრეთ რეგიონებში, თუმცა, აგრეთვე ცნობილია ბრიტანეთის კუნძულებზე, გერმანიაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, უკრაინაში. აზიაში ცნობილია ისრაელში, სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი), დასავლეთ ციმბირში.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმად მიღების შემთხვევაში იწვევს მოწამვლას. შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერება ბუფოტენინს, რომელიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და გააჩნია ჰალუცინოგენური ეფექტი. სოკოს თერმულად დამუშავების შემდეგ მასში არსებული ტოქსინი იშლება.[6]

ზოგიერთი სახელმძღვანელო ურჩევს გამოუცდელ მესოკოვეებს თავი შეკიავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანც იგი მეტად წააგავს ამანიტას გვარის ბევრ შხამიან წარმომადგენელს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вассер С. П. (1992). Флора грибов Украины. Аманитальные грибы. К.: „Наукова думка“, გვ. 136—138. ISBN 5-12-003226-5.  (описание дано под названием Amanita solitaria)
  • Горленко, Михаил Владимирович и др. (1980). Грибы СССР. М.: «Мысль», გვ. 191. 
  • Дудка И. А., Вассер С. П. (1987). Грибы. Справочник миколога и грибника. К.: „Наукова думка“, გვ. 284. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Carlo Vittadini: „Descrizione dei funghi mangerecci più comuni dell'Italia e de'velenosi che possono co'medesimi confondersi”, cu 44 de imagini colorate, Editura Felice Rusconi, Milano 1835, p. 346 [1]
  2. Lucien Quélet: „Les champignons du Jura et des Vosges”, în: „Mémoires de la Société d’Émulation de Montbéliard”, seria2, nr. 5, Editura Imprimerie et Lithographie de Henri Barbier, Montbéliard 1872, p. 321
  3. 3.0 3.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 143, ISBN 99940-856-1-1.
  4. Roger Phillips (2006). Mushrooms. Pan MacMillan, გვ. 151. ISBN 0-330-44237-6. 
  5. Amanita echinocephala (Vittad.) Quél. – Solitary Amanita. ციტირების თარიღი: 2013-09-20.
  6. Toxicitate, 123pilze.de, ციტირების თარიღი 8 აპრილი, 2021