Ager publicus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Áger públicus („აგერ პუბლიკიუსი“ — საზოგადოებრივი მიწა, საზოგადოებრივი ველი) — სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ფონდი ძველ რომში. აგერ პუბლიკიუსად ცხადდებოდა რომაელთა მიერ დაპყრობილი მიწების 1/3. დამუშავებულ მიწებზე სახელმწიფო კოლონიებს აარსებდა, საჯარო ვაჭრობით ყიდდა ამ მიწებს, ან მოქალაქეებს უნაწილებდა. ყამირი მიწები კი სახელმწფო საკუთრებად რჩებოდა და რომის მოქალაქეებს შეეძლოთ მათი დაკავება ოკუპაციის წესით (თავისუფალი დაჩემების უფლებით), რისთვისაც გარკვეული იჯარა უნდა გადაეხადათ. ძვ. წ. IV-II საუკუნეებში აგერ პუბლიკიუსის დიდ ნაწილს ნობილები დაეპატრონენ. გამწვავდა ბრძოლა პატრიციებსა და პლებეებს შორის. ამას სხვადასხვა დროს მოჰყვა აგრარული კანონების (ლათ. Leges agrariae) გამოცემა. მათ შორის მნიშვნელოვანია ლიცინიუს-სექსტუსის (ძვ. წ. 367) და გრაკქუსების (ძვ. წ. II საუკუნის II ნახევრის) აგრარული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ნობილების მიერ აგერ პუბლიკიუსის ოკუპაციის უფლების შეზღუდვას და მიწების ხელახალ განაწილებას. ძვ. წ. 111 და ძვ. წ. 59 წლებში კანონებით თითქმის მთელი იტალიური აგერ პუბლიკიუსი კერძო საკუთრებად გამოცხადდა. გამონაკლისი იყო რომის პროვინცია, სადაც აგერ პუბლიკიუსი სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა, მაგრამ ზოგჯერ ამა თუ იმ თემს ე. წ. „იტალიურ უფლებას“ მიანიჭებდნენ ხოლმე და აგერ პუბლიკიუსი აქაც შეიძლებოდა კერძო საკუთრებად ქცეულიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 53.
  • Drummond, Andrew, "Licinius Stolo, Gaius. Sextius Sextinus Lateranus, Lucius" in Simon Hornblower & Anthony Spawforth (eds.), The Oxford Classical Dictionary, 3rd Edition, (Oxford, 1999), pp. 859–60
  • Lewis, Andrew Dominic Edwards, "ager publicus" in Simon Hornblower & Anthony Spawforth (eds.), The Oxford Classical Dictionary, 3rd Edition, (Oxford, 1999), p. 39
  • Roselaar, Saskia T., Public land in the Roman Republic: a social and economic history of the ager publicus, 396-89 BC (Oxford, 2010)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ager_publicus&oldid=3418341“-დან