Adolescence (სერიალი)
| „Adolescence“ | |
|---|---|
| ჟანრი | კრიმინალური დრამა |
| რეჟისორი | ფილიპ ბარანტინი |
| პროდიუსერი | ჯო ჯონსონი |
| სცენარის ავტორი | ჯეკ თორნი, სტივენ გრეჰემი |
| როლებში | სტივენ გრეჰემი, ეშლი უოლტერსი, ფეი მარსეი, კრისტინ ტრემარკო, მარკ სტენლი, ჯო ჰარტლი, ამელი პიზი, ერინ დოჰერტი |
| კომპოზიტორი | აარონ მეი, დეივიდ რიდლი |
| მწარმოებელი კომპანია | Netflix |
| გამოსვლის თარიღი | 13 მარტი, 2025 |
| ხანგრძლივობა | 51–65 წუთი |
| ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
Adolescence - 2025 წლის ბრიტანული მინი-სერიალი, კრიმინალური დრამა, რომელიც შექმნეს ჯეკ თორნმა და სტივენ გრეჰემმა. სერიალის მთავარი პერსონაჟია 13 წლის სკოლის მოსწავლე ჯეიმი მილერი (მსახიობი Owen Cooper), რომელიც დაპატიმრებულია სკოლაში გოგონას მკვლელობის საქმეზე.
სერიალის ოთხი ეპიზოდიდან თითოეული გადაღებულია ერთ უწყვეტ კადრში. მინი-სერიალის პრემიერა გაიმართა Netflix-ზე 2025 წლის 13 მარტს და მოიპოვა მრავალრიცხოვანი კრიტიკა და აღიარება რეჟისორის მუშაობის, სცენარის, კინემატოგრაფიის, ასევე მსახიობთა შესრულების გამო. Adolescence გახდა პირველი სტრიმინგ-შოუ, რომელმაც ტოპ პოზიცია დაიკავა Barb Audiences-ის ყოველკვირეული ტელევიზიის რეიტინგებში.[1]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისის ერთ ქალაქში მცხოვრები ოჯახის სახლის კარს პოლიცია შეანგრევს, აპატიმრებს 13 წლის ბიჭს, ჯეიმი მილერს. მოზარდი ეჭვმიტანილია თავისი კლასელის, ქეითი ლეონარდის, მკვლელობაში. ჯეიმი გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად. შემდეგ ჯეიმის არასრულწლოვანთა დაკავების დაწესებულებაში გადაიყვანენ. 13 თვის განმავლობაში მიდის გამოძიება. ამ პერიოდის განმავლობაში გაირკვევა ის, თუ რა მიზეზებმა განაპირობა თინეიჯერებს შორის დაძაბული ურთიერთობის წარმოქმნა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. [2]
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- I ეპიზოდი
დეტექტივ-ინსპექტორი ლუკ ბასკომბი და დეტექტივ-სერჟანტი მიშა ფრენკი ხელმძღვანელობენ პოლიციის რეიდს მილერების ოჯახის სახლში, რომელშიც ცხოვრობენ მამა - ედი, დედა - მანდა, ქალიშვილი - ლიზა და 13 წლის ვაჟი ჯეიმი. ისინი აკავებენ ჯეიმის მკვლელობის ეჭვით და მიჰყავთ ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში. ცრემლმორეული ჯეიმი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, როდესაც მას არეგისტრირებენ და მიჰყავთ საკანში, ხოლო მისი ოჯახიც გადაინაცვლებს პოლიციის განყოფილებაში. ედი (მამა) თანხმდება იყოს ჯეიმის გვერდით დაკითხვის დროს, რადგან ჯეიმი არასრულწლოვანია. ედის სჯერა, საკუთარი შვილის უდანაშაულობის. თავად ჯეიმიც არ აღიარებს მკვლელობას. ბასკომბი ეკამათება პოლ ბარლოუს, ადვოკატს, რომელიც დანიშნულია ჯეიმის დასაცავად. ედი ესწრება ჯეიმის სრულ ჩხრეკას. ბასკომბი და ფრენკი კითხავენ ჯეიმის, და საუბარი მალე გადადის ჯეიმის სექსუალურ ურთიერთობებზე. მალე გამოვლინდება, რომ ჯეიმის სოციალურ ქსელში აქამდე გაუკეთებია რამდენიმე სექსუალურად აშკარა კომენტარი ქალ მოდელებზე. შემდეგ მას ეკითხებიან კეიტი ლეონარდის შესახებ, გოგონაზე, რომელიც იმავე კლასში სწავლობდა სკოლაში და რომელიც მოკლულია. ბარლოუ გვთავაზობს შესვენებას რაღაც საკითხის განსახილველად, მაგრამ ედი ამტკიცებს, რომ მის შვილს არაფერი აქვს დასამალი. შემდეგ ბასკომბი უჩვენებს ვიდეოთვალის ჩანაწერს, სადაც ჯეიმი კლავს კეიტის ავტოსადგომზე წინა საღამოს. ბასკომბის მიერ დაკითხვის შეწყვეტის შემდეგ, ჯეიმი და ედი ტირიან საგამოძიებო ოთახში.
- II ეპიზოდი
მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ ბასკომბი და ფრენკი სტუმრობენ ჯეიმის საშუალო სკოლას, რათა ესაუბრონ ჯეიმისა და კეიტის თანაკლასელებს, იმ იმედით, რომ გაიგებენ ჯეიმის მოტივსა და მკვლელობის იარაღის ადგილმდებარეობას. ბასკომბის შვილი ადამიც ამავე სკოლის მოსწავლეა. ოფიცრები აღმოაჩენენ, რომ მასწავლებლები გადატვირთულები არიან და უჭირთ უდისციპლინო მოსწავლეებთან გამკლავება. მთელ სკოლაში მკვლელობისა და ჯეიმის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მოსწავლეებს შორის. კეიტის მეგობარი ჯეიდი განსაკუთრებით შეძრწუნებულია მკვლელობით და უარს ამბობს ოფიცრების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე. მოგვიანებით ის თავს ესხმის ჯეიმის მეგობარ რაიანს, ადანაშაულებს მას კეიტის სიკვდილში. როდესაც ბასკომბი და ფრენკი ამოწმებენ რაიანს სამედიცინო პუნქტში, ის თავდაპირველად თანამშრომლობს, მაგრამ მალე თავს არიდებს პასუხებს. ის ტოვებს ოთახს, როდესაც მკვლელობის იარაღს ახსენებენ. ადამი (ბასკომის შვილი) მიუახლოვდება მამას და უხსნის, თუ როგორ იყენებენ თინეიჯერები გარკვეულ ემოჯებს სოციალურ მედიაში კომუნიკაციისთვის. ადამი ამხელს, რომ კეიტი იყენებდა ამ დაშიფრულ ენას, რათა დაედანაშაულებინა ჯეიმი ინსელობაში ინსტაგრამზე, რაც ფაქტობრივად,მის წინააღმდეგ კიბერბულინგს ნიშნავდა, რაც აღელვებს ბასკომბსა და ფრენკს. როდესაც ისინი ცდილობენ კვლავ გამოკითხონ რაიანი (ჯეიმის მეგობარი), ის მოულოდნელად გარბის ფანჯრიდან და ბასკომბი მისდევს მას სკოლის გარეთ. როდესაც რაიანი დაიჭირეს, ის ამხელს, რომ დანა, რომლითაც ჯეიმიმ კეიტი დაჭრა, მისი იყო. რაიანი დააკავეს შეთქმულების ბრალდებით სასკოლო დღის ბოლოს, ხოლო ფრენკი წავიდა ჯეიმის წინააღმდეგ ბრალის წასაყენებლად. ბასკომბი იღებს ადამს სკოლიდან, რათა მეტი დრო გაატარონ ერთად, ხოლო ედი (ჯეიმის მამა) სტუმრობს კეიტის მკვლელობის ადგილს, რათა დატოვოს ყვავილები კეიტის სახსოვრად.
- III ეპიზოდი
მკვლელობიდან შვიდი თვის შემდეგ ფსიქოლოგი ბრაიონ არისტონი ხვდება ჯეიმის არასრულწლოვანთა დაკავების დაწესებულებაში, რათა მოამზადოს სასამართლოს წინა ანგარიში ჯეიმის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ჯეიმი ახლახან მონაწილეობდა ძალადობრივ შეტაკებაში სხვა პატიმართან და აშკარად აღიზიანებს ის ფაქტი, რომ რაიანი(მისი მეგობარი) სასამართლოს წინა პერიოდს სახლში ატარებს. ბრაიონი ნათლად უხსნის ჯეიმის, რომ მისი ერთადერთი მიზანია შეაფასოს, რამდენად ესმის მას საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და არა თავად საქმე, მაგრამ ჯეიმის ჰგონია, რომ ფსიქოლოგს მხოლოდ მისი აღიარება უნდა. შედეგად, ის თავს ვეღარ აკონტროლებს და აგრესიული, პარანოიდული და, ამასთან, მეგობრულია. მისი ხასიათი სესიის განმავლობაში მრავალჯერ იცვლება. ეს წინა პლანზე წამოწევს მის სავარაუდო დანაშაულს და შესაძლო მოტივებს. ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც სხვა თანაკლასელმა გაავრცელა კეიტის ტანსაცმლის გარეშე გადაღებული ფოტო სკოლაში, ჯეიმიმ კეიტის შეხვედრა შესთავაზა. ამის შემდეგ კეიტიმ თავის ინსტაგრამზე დაწერა დამცინავი კომენტარები ჯეიმის მიმართ. მას შემდეგ, რაც ბრაიონი აცნობებს ჯეიმის, რომ ეს უკანასკნელი სესიაა მათთვის, ჯეიმი მოითხოვს გაიგოს, მოსწონს თუ არა ბრაიონის იგი. ფსიქოლოგი უარს ამბობს პასუხის გაცემაზე, რაც კიდევ უფრო აღიზიანებს ჯეიმის, ემატება აგრესია და, საბოლოოდ, ის გაჰყავთ. ამის შემდეგ ბრაიონი წასვლამდე ჩუმად ტირის.
- IV ეპიზოდი
მკვლელობიდან ცამეტი თვის შემდეგ მილერების ოჯახი ცდილობს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, მაშინ როცა ჯეიმი სასამართლოს ელოდება. ედი გეგმავს, თავის 50-ე დაბადების დღეზე მანდა (ცოლი) და ლიზა (შვილი) კინოში წაიყვანოს იმავე განწყობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ჯერ სამშენებლო მაღაზიაში მიდიან ფურგონიდან საღებავის მოსაშორებლად (თინეიჯერებმა მისი ფურგონი „მოხატეს“). იქ ედი კიდევ უფრო იძაბება, როდესაც ახალგაზრდა თანამშრომელი ცნობს მას და უხერხულად გამოხატავს მხარდაჭერას ჯეიმის მიმართ. ედი ყიდულობს საღებავს ფურგონის ხელახლა შესაღებად. გარეთ იგი ამჩნევს თინეიჯერებს, რომლებმაც ფურგონზე ისევ დახატეს. ედი თავს ვეღარ შეიკავებს და ემუქრება მათ. შინ მიმავალს გზაში ჯეიმი ურეკავს და აცნობს თავის გეგმას. ჯეიმი ამბობს, რომ აღიარებს დანაშაულს. მშობლები საკუთარ თავს ადანაშაულებენ, რომ საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს შვილის ონლაინ რადიკალიზაციას. მას შემდეგ, რაც მანდა და ლიზა ედის მარტო ტოვებენ, ის ჯეიმის ცარიელ საძინებელში შევა და ხმამაღლა დაიწყებს ტირილს. როცა დამშვიდდება, იგი ჯეიმის ერთ-ერთ სათამაშოს ჯეიმის საწოლში აწვენს, შემდეგ შუბლზე კოცნის და ბოდიშს უხდის.
გადაღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალის გადაღება დაიწყო გაერთიანებულ სამეფოში 2024 წლის ივლისში და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდა.[3][4] Adolescence გამოირჩევა ერთ კადრში გადაღების ტექნიკით, სადაც თითოეული ეპიზოდი გადაღებულია ერთ მიმდევრობაში.[5] გადაღება მრავალი ცდის შედეგად იგეგმებოიდა. თითოეული ერთსაათიანი ეპიზოდი დაახლოებით 10-ჯერ მაინც გადაიღეს დღეში ორი მცდელობით.[1]
მაუწყებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალი Netflix-ზე 2025 წლის 13 მარტს გამოვიდა. Adolescence გახდა გაერთიანებულ სამეფოში ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად ნანახი სტრიმინგ სერიალი. [6]
კრიტიკული აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Adolescence ფართოდ აღიარეს კრიტიკოსებმა. Rotten Tomatoes-ზე 75 კრიტიკოსის შეფასებიდან 99% დადებითია, საშუალო რეიტინგი 9.3/10.
Metacritic-მა Adolescence დადებითად შეაფასა (100-დან 90 ქულა 25 რეცენზიის საფუძველზე), რაც მიუთითებს სერიალის საყოველთაო აღიარებაზე.
The Guardian-მა აღნიშნა, რომ Adolescence იყო ყველაზე სრულყოფილი ტელეგადაცემა ათწლეულების განმავლობაში.[7]
The Daily Telegraph-მა მსახიობთა შესრულებას ფენომენალური უწოდა.[1]
აღსანიშნავია, რომ ინგლისის პრემიერმინისტრმა კაიარ სტარმერმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას სერიალი Adolescence სკოლებში აჩვენონ, რათა მიზოგენია საბოლოოდ აღიკვეთოს.[8] [9]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Butcher, Sophie. (18 March 2025) How Adolescence's Creators Pulled Off The Most Dizzying TV Feat Of The Year en. ციტირების თარიღი: 19 March 2025
- ↑ Mangan, Lucy. (13 March 2025) Adolescence review – the closest thing to TV perfection in decades. ციტირების თარიღი: 18 March 2025
- ↑ Calnan, Ellie. (14 August 2024) 2024 film and high-end TV productions shooting in the UK and Ireland: latest updates. ციტირების თარიღი: 14 August 2024
- ↑ Turner, Laura Jane. (22 July 2024) Stephen Graham in first look at new UK-set Netflix crime drama. ციტირების თარიღი: 22 July 2024
- ↑ Hibbs, James. (22 July 2024) Stephen Graham and Ashley Walters lead ambitious Netflix crime drama Adolescence. ციტირების თარიღი: 22 July 2024
- ↑ Youngs, Ian; Mzimba, Lizo (24 March 2025). „Netflix's Adolescence makes UK TV ratings history“. BBC News. ციტირების თარიღი: 25 March 2025.
- ↑ Singh, Anita. (1 March 2025) Adolescence, Netflix review: Stephen Graham's terrifying drama will chill the blood of any parent. ციტირების თარიღი: 18 March 2025
- ↑ Knowsley MP urges screening of Stephen Graham's "Adolescence" in Parliament and schools.
- ↑ „Starmer backs campaign to show Adolescence in schools“. Sky News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-03-21.