ლუიზა ბრიტანელი (1749-1768)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა ბრიტანელი
წოდებები
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა
დაიბადა 19 მარტი, 1749
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 13 მაისი, 1768, (19 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ჰანოვერები
მამა ფრედერიკი, უელსის პრინცი
დედა ავგუსტა საქსენ-გოთელი
რელიგია ანგლიკანიზმი

ლუიზა ბრიტანელი (ინგლ. Louisa of Great Britain; დ. 19 მარტი, 1749, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 13 მაისი, 1768, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის შვილიშვილი, ჯორჯ III-ის და, ჯორჯ IV-ისა და უილიამ IV-ის მამიდა.

ბიოგრაფია

დანიაში გაგზავნილი ლუიზასა და კაროლინა მატილდას პორტრეტი

ლუიზა დაიბადა 1749 წლის 19 მარტს ლესტერის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო უელსის პრინც ფრედერიკისა და მისი მეუღლის, პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელის პირველი შვილი ცხრიდან. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ III და დანიისა და ნორვეგიის დედოფალი კაროლინა მატილდა ბრიტანელი. მას სახელი მამიდის, დანიისა და ნორვეგიის დედოფალ ლუიზა ბრიტანელის პატივსაცემად დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II და დედოფალი კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი იყვნენ.

1751 წელს ჯერ მამამისი, შემდეგ კი 1760 წელს ბაბუამისიც გარდაიცვალა. ამის გამო ტახტზე მისი ძმა, ჯორჯი ავიდა, რომელმაც თავად შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი შეირთო ცოლად და მალევე მოისურვა დების დაქორწინებაც.

იგი განსაკუთრებულად ახლოს იყო თავის უმცროს დასთან, კაროლინა მატილდასთან, რომელიც თითქმის მისი ტოლი იყო. ამის გამო დები ფაქტობრივად სულ ერთად იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ. 1764 წელს ბრიტანეთისა და დანიის სამეფო კარებს შორის ახალი საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო: მეფე ფრედერიკ V თავისი ვაჟის, კრისტიანისათვის საცოლეს ეძებდა. საქმე იმაში იყო, რომ მათი მამიდა, დედოფალი ლუიზა იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა დანიაში, რომ დანიელები ფიქრობნდნენ, რომ ავტომატურად სხვა ბრიტანელი პრინცესებიც ასე იქნებოდნენ. პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელმა დანიაში თავისი ორი ქალიშვილის: ლუიზასა და კაროლინა მატილდას პორტრეტები გააგზავნა, რათა ვიზუალური მხრითაც შეერჩიათ საცოლე, სადაც უპირატესობა ისევ კაროლინას მიანიჭეს. 1765 წლის 10 იანვარს კაროლინა მატილდა ცოლად დანიის მეფე კრისტიან VII-ს შერთეს (მოლაპარაკებების პროცესში გარდაიცვალა მეფე ფრედერიკი).

იმავე 1764 წელს ლუიზას მეორე საქორწინო შეთავაზება მოუვიდა თავისი ძმის ცოლის ძმის, პრინცი ადოლფ ფრიდრიხ მეკლენბურგ-შტრელიცელისგან, თუმცა მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა ლუიზას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. მაშინ, როდესაც 1766 წელს კაროლინა მატილდა დანიაში გაემგზავრა, ლუიზას ტუბერკულიოზის დიაგნოზი დაუსვეს.

პრინცესა ლუიზა 1768 წლის 13 მაისს, 19 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში, ტუბერკულიოზისგან, გაუთხოვარი და უშვილო. დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში.

ლიტერატურა

  • John Van der Kiste: The Georgian Princesses
  • Finch, Barbara Clay: Lives of the princesses of Wales
  • Bregnsbo, Michael: Caroline Mathilde. Magt og skæbne
  • Bregnsbo, Michael: Caroline Mathilde. Magt og skæbne
  • Finch, Barbara Clay: Lives of the princesses of Wales
  • John Van der Kiste: The Georgian Princesses
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 4.