შინაარსზე გადასვლა

200 პირველმაისელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლიგონი კესარიანში.

200 პირველმაისელი ან 200 კესარიანიდან (ბერძ. 200 της Καισαριανής) — 200 დაპატიმრებული ბერძენი კომუნისტი, რომლებიც 1944 წლის 1 მაისს დახვრიტეს, როგორც შურისძიება ბერძენი პარტიზანების მიერ გენერალ კრეჩისა და სხვა გერმანელ-ოფიცრების მკვლელობისთვის, საბერძნეთის გერმანულ-იტალო-ბულგარულ ოკუპაციის პერიოდში (1941-1944).

1937 წლის თებერვლიდან დაიწყო ბერძენი კომუნისტებისა და გენერალ მეტაქსასის დიქტატურის სხვა მოწინააღმდეგეების მასობრივი დაპატიმრებები აკრონაფპლიისა და ნაფპლიონის ციხეებში, ასევე მათი გადასახლება ეგეოსის ზღვის უკაცრიელ კუნძულებზე.

1941 წლის აპრილში, ბერძენი გენერალიტეტის კაპიტულაციის შემდეგ, ოფიციალურად გადაეცა აკრონაფპლიის 600 კომუნისტი პატიმარი გერმანულ საოკუპაციო ძალებს. მათგან 200 გადაიყვანეს კატუნას, ვონიცასა და სხვა ბანაკებში. 300 პატიმარი კი გადაიყვანეს ლარისის ბანაკში (სადაც 54 პატიმარი 1943 წლის 6 ივნისს დახვრიტეს პარტიზანთა მოქმედებების პასუხად).

იტალიის კაპიტულაციის შემდეგ, 1943 წლის 8 სექტემბერს, ლარისაში დარჩენილი პატიმრები გადაიყვანეს ათენის გარეუბან ხაიდარის ბანაკში.[1]

გენერალ კრეჩის მკვლელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლის აპრილში საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის (ელასის) მე-8 პოლკის როტის პარტიზანებმა, ლეიტენანტ მანოლის სტატაკისის მეთაურობით, ჩასაფრება მოაწყვეს ქალაქ მოლაოის (ლაკონია, პელოპონესი) მახლობლად, სადაც მოკლეს გენერალ-მაიორი კრეჩი და კიდევ სამი გოფიცერის გენერალი.

ოკუპაციურმა გაზეთმა „კათიმერინიმ“ 1944 წლის 30 აპრილს შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:

ვიკიციტატა
„1944 წლის 27 აპრილს მოლაოსთან ახლოს, კომუნისტურმა ბანდიტებმა მოღალატეობრივად მოკლეს გერმანელი გენერალი და მას თან ახლავდა სამი ოფიცერი. მრავალი გერმანელი ჯარისკაცი დაიჭრა. ამის სამაგიეროდ ნაბრძანებია:

1)200 კომუნისტის დახვრეტა 1944 წლის 1 მაისს.

2)ყველა იმ მამაკაცის დახვრეტა, ვინც მოლაო-სპარტას გზაზე საკუთარი სოფლის გარეთ აღმოჩნდება.

— საბერძნეთის სამხედრო ადმინისტრაცია[2]“

1 მაისის დილით, ჰაიდარის საკონცენტრაციო ბანაკში, 3 ათასი პატიმრის წარდგენის შემდეგ, დაიწყო გესტაპოს მიერ წინასწარ შედგენილი სიიდან 200 ადამიანის სახელის წაკითხვა. ძირითადად ეს იყვნენ საბერძნეთის კომუნისტური პარტიის წევრები, თუმცა სიაში იყო აგრეთვე 8 ადამიანი ტროცკისტული „საბერძნეთის კომუნისტი-ინტერნაციონალისტების ორგანიზაციიდან“.

71-ე ნომრად გამოძახებული იქნა პატიმრის, ნაპოლეონ სოკაძიდისის სახელი, რომელიც თავისი გერმანული განათლების გამო ბანაკის თარჯიმანი იყო. ბანაკის კომენდანტმა კარლ ფიშერმა განაცხადა: „შენ არა, ნაპოლეონ“. პასუხი იყო: „თქვენს „სიკეთეს“ მივიღებ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩემს ადგილს სხვა არ დაიკავებს“. იგივე მოხდა ანტონის ვართოლომეოსთან, რომელიც ადმინისტრაციის მიერ პატიმართა ხელმძღვანელად იყო დანიშნული.[3]

200 კომუნისტი პატიმარი სატვირთო მანქანებზე აიყვანეს და ათენის გავლით ჩაიყვანეს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კესარიანის პოლიგონზე – იმ ადგილას, რომელიც 1920-იან წლებში მცირეაზიური კესარიიდან (დღევანდელი თურქული ქალაქი კაისერი) წამოსულმა ლტოლვილებმა დააარსეს.

წინასწარ მომზადებული ოპერაცია, რომლის მიზანიც პატიმრების გათავისუფლება იყო (ათენის წინააღმდეგობის რაზმების მიერ), გაუქმდა ოკუპანტების მასიური ძალების გამოძახების გამო.[4] გზაში პატიმრები, რომლებმაც იცოდნენ რა ელოდებოდათ, გზის გასწვრივ მანქანიდან ყრიდნენ წერილებს თავიანთი ნათესავებისა და მეგობრებისთვის.[5]

სიკვდილმისჯილები 20-კაციან ჯგუფებად დაიყვნენ. სოკაძიდისი, რომელიც ბოლომდე თარჯიმნის როლს ასრულებდა, ბოლო ჯგუფში მოხვდა. როდესაც ოფიცერმა თარჯიმნის მეშვეობით ჰკითხა, სურთ თუ არა დახვრეტილებს რაიმე უთხრან, პირველმა 20-კაციანმა ჯგუფმა ხმამაღლა დაიძახა: „გაუმარჯოს საბერძნეთს!“. ჯგუფები მონაცვლეობით ასრულებდნენ ეროვნულ ჰიმნს და „ინტერნაციონალს“.

დახვრეტილებს მომდევნო ჯგუფები სატვირთო მანქანაზე ტვირთავდნენ. ბოლო 20 კაცი გერმანელებმა დაიტვირთეს დილის 10 საათზე. გვამები ქალაქის მესამე სასაფლაოზე გადაიყვანეს და უსახელოდ დაკრძალეს. დახვრეტილების ნაშთების ამოცნობა მხოლოდ ქვეყნის გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ მოხერხდა.[6]

ეს მოედანი ოკუპაციის პერიოდში, 1944 წლის ბრიტანული ინტერვენციის და 1946-1949 წლების სამოქალაქო ომის დროს 48-ჯერ იქნა გამოყენებული მასობრივი დახვრეტებისთვის.

ალექსის ციპრასი გვირგვინით ამკობს 200 პირველმაისელის მემორიალს.

200 კომუნისტის დახვრეტა საბერძნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ მოვლენად რჩება. დღესაც ამ მსხვერპლთა ხსოვნა ბერძნული მემარცხენეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 1950 წლის 1 მაისს, როდესაც პირველად დაშვებულ იქნა მუშათა საერთაშორისო სოლიდარობის დღის საჯარო აღნიშვნა, 1936 წლის შემდეგ (მეთაქსასის რეჟიმმა აკრძალა), იგი კესარიანში იმ პოლიგონზე გაიმართა ,სადაც 200 ბერძენი კომუნისტი დახვრიტეს. მიტინგის მონაწილეები მოითხოვდნენ 20 ათასზე მეტი პოლიტპატიმრის ამნისტიას, რომლებიც სამოქალაქო ომის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკებსა და მაკრონისოსის კუნძულებზე იმყოფებოდნენ.

დახვრეტის მსხვერპლთა ხსენება წლების განმავლობაში იკრძალებოდა. მხოლოდ 1974 წელს, კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციის შემდეგ, შესაძლებელი გახდა პოლიგონიდან მათი გადმოსვენებისა და 200 პირველმაისელისა და სხვა 400 კომუნისტისა და ანტიფაშისტის დახვრეტის ადგილზე მემორიალის დადგმა. 1987 წლის ივნისში, საბერძნეთში ვიზიტის დროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი რიხარდ ფონ ვაიცზეკერი ეწვია კესარიანის მემორიალს, რათა პატივი მიეგო მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ოკუპაციის მსხვერპლთათვის. მან ასევე მოიხსენია ის ადგილები, სადაც ნაცისტებმა და ვერმახტმა სხვა მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს საბერძნეთში — კალავრიტა, დისტომო, კომინო, კანდასნოსი და სხვ. თუმცა, ვაიცზეკერის ეს ჟესტი სკეპტიკურად მიიღეს როგორც გერმანული, ისე ბერძნული ადმინისტრაციის კონსერვატიულმა წრეებმა.

2015 წლის 26 იანვარს, საბერძნეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, რომლის პარტიამ, რადიკალური მემარცხენეების კოალიციამ (SYRIZA), წინა დღით გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, და რომელიც გახდა ქვეყნის პირველი მმართველი სოციალ-დემოკრატიის მარცხნივ მდგომი ძალებიდან, პირველივე დღეს ეწვია 200 პირველმაისელის მემორიალს და მათ ხსოვნას გვირგვინით მიაგო პატივი. ეს ჟესტი აღიქმებოდა როგორც მემარცხენე ანტიფაშისტური ტრადიციისადმი პატივისცემის გამოხატულება და, ამავდროულად, გამოწვევა ბერლინისადმი, რომლის წინააღმდეგ საბერძნეთი იმ დროს საგარეო ვალის საკითხზე დაპირისპირებაში იმყოფებოდა.

2017 წლის ოქტომბერში გამოვიდა რეჟისორ პანტელის ვულგარელის მხატვრული ფილმი „უკანასკნელი ჩანაწერი“ (Το Τελευταίο Σημείωμα), რომელიც 200 პირველმაისელის ისტორიას ასახავს, განსაკუთრებული აქცენტით ბანაკის კომენდანტ კარლ ფიშერსა და პატიმარ-მთარგმნელ ნაპოლეონ სოკაძიდისს შორის ურთიერთობაზე.

200 პირველმაისელის დახვრეტა ასახულია მრავალი ბერძენი მხატვრისა და პოეტის შემოქმედებაში.

  1. ↑ 2 Β. Μπαρτζιώτα: «Κι άστραψε φως η Ακροναυπλία», εκδόσεις ΣΕ, σ. 197—199
  2. ↑ «Στ’ Αρματα — Στ’ Αρματα — Χρονικό της Εθνικής Αντίστασης», «Πολιτικές και Λογοτεχνικές Εκδόσεις 1967», σελ. 315—317
  3. ↑ Έπεσαν γιά την Ζωή, Έκδοση της ΚΕ του ΚΚΕ, ΑΘΗΝΑ 2001, τ. Α, σ. 182—196
  4. ↑ Β. Μπαρτζιώτα: «Η Εθνική Αντίσταση στην Αδούλωτη Αθήνα», εκδόσεις ΣΕ, σ. 185—186
  5. ↑ 4 Εθνική Αντίσταση 1941—1944: «Γράμματα και μηνύματα εκτελεσμένων πατριωτών», Αθήνα 1974, σ. 111, 141, 143, 167
  6. ↑ Θ. Χατζή: «Η Νικηφόρα Επανάσταση που χάθηκε», εκδόσεις «Δωρικός», τόμος Γ`, σ. 141—142