1932-33 წლის ყაზახების შიმშილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზახების შიმშილობა 1932-1933
Goloshekındik genotsıd
კუბი მომავალი მონუმენტის ადგილას, რომელიც ეძღვნება საბჭოთა შიმშილობის (1931–1933) მსხვერპლთა ხსოვნას ალმათი, ყაზახეთი. მონუმენტის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა
კუბი მომავალი მონუმენტის ადგილას, რომელიც ეძღვნება საბჭოთა შიმშილობის (1931–1933) მსხვერპლთა ხსოვნას ალმათი, ყაზახეთი. მონუმენტის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა
ქვეყანა ყაზახეთი
მდებარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით
პერიოდი 1930- 1933
სულ გარდაცვლილები 1.5 - 2.3 მილიონი
შედეგები ყაზახეთის რესპუბლიკაში ეთნიკური ყაზახების რაოდენობა შემცირდა 60%-დან 38%-მდე
1932–33 წლების საბჭოთა შიმშილობა
ყაზახეთის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები 1897–1970 წლებში. ყაზახებისა და უკრაინელების რიცხვი 1932–1933 წლებში შემცირდა შიმშილის გამო.

1930–1933 წლების ყაზახების შიმშილობა, ყაზახების კატასტროფა[1], რომელსაც ყაზახეთში გოლოშიოკინის გენოციდს უწოდებენ ( ყაზახ. Goloshekındik genotsıd) რათა ხაზი გაესვას ფილიპ გოლოშიოკინის დროს ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილობას, რომლის დროსაც საბჭოთა ყაზახეთში 1,5 მილიონი (შესაძლოა 2,0-2,3 მილიონი) ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 1.3 მილიონი ეთნიკური ყაზახი იყო; შიმშილობით ყაზახების 38% გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია იმ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რომელიც 1932-33 წლებში საბჭოთა კავშირის შიმშილობის დროს დაიღუპა. ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ყაზახეთის მთლიანი მოსახლეობის 42% შიმშილობის დროს გარდაიცვალა. [2]

ყაზახებისთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და მარცვლეულის ჩამორთმევა ძირითადად 1929-1932 წლებში დაიწყო, რესპუბლიკის მარცვლეულის მესამედის რეკვიზიცია და 130 მილიონ ტონაზე მეტის კონფისკაცია მოხდა 1930 წელს ქალაქების საკვებით უზრუნველსაყოფად. [3] ზოგიერთი ისტორიკოსი და მკვლევარი შიმშილობას აღწერს, როგორც ყაზახების გენოციდს, რომელიც ჩადენილ იქნა საბჭოთა კავშირის მიერ. [4]

შიმშილობამ ყაზახები უმცირესობად აქცია ყაზახეთის ასსრ-ში და მხოლოდ გასული საუკუნის 90 - იან წლებში ყაზახები კვლავ ყაზახეთის უდიდესი ეთნიკური ჯგუფი გახდნენ. ხელოვნურ შიმშილობამდე, რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 60% ყაზახი იყო, მაგრამ შიმშილობის შემდეგ ყაზახი მოსახლეობის მხოლოდ 38% გადარჩა. [5]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წელს ყაზახეთის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა საბჭოთა კომუნისტური პარტიის ცნობილი წარმომადგენელი ფილიპ გოლოშიოკინი. მისი მოღვაწეობის პირველი ორი წელი (1925-1927) მან გაატარა ყაზახეთში. ყაზახების აბსოლუტური უმრავლესობა იმ პერიოდში ნახევრად მომთაბარე იყო. 1926 წლის აღწერის მონაცემებით, ყაზახების მხოლოდ მეოთხედი იყო სტაციონალურ მეურნეობაში, ყაზახების 6% მომთაბარეობდა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო 65% -ზე მეტი ნახევრად მომთაბარე იყო (ანუ გადაადგილდებოდა მხოლოდ ზაფხულში).


გოლოშიოკინის მდივნობის პერიოდში დაიწყო მასობრივი გასაბჭოება და მომდევნო წლებში ხალხს ჩამოერთვა პირუტყვი და ქონება, რომელიც პოლიციის თანხლებით იგზავნებოდა „შეგროვების პუნქტებში“. კოლმეურნეობების საჭიროებისათვის რეკვიზიციური პირუტყვი ადგილზე იკვლებოდა, რადგან შეუძლებელი იყო ერთ ადგილზე შეკრებილი ნახირის გამოკვება. 1933 წლისთვის 40 მილიონი სული პირუტყვიდან დაახლოებით ერთი მეათედი დარჩა. ყაზახებისთვის პირუტყვი მთავარი და ხშირ შემთხვევაში ერთადერთ საკვებ საშუალებას წარმოადგენდა და შესაბამისად ამგვარმა ქმედებამ მათი დაზარალება გამოიწვია.


ყაზახეთში კონფისკაციები 1928 წლის გაზაფხულზე და 1928 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ჩამორთმევა შეეხო 11 260 მეურნეობას, რომელთაც დაახლოებით 4,5 მილიონი სული მსხვილფეხა პირუტყვი ჩამოერთვა. თავად გოლოშიოკინის აზრით, საბჭოთა მთავრობის თავდაპირველი გეგმები ორჯერ უფრო დიდი იყო და ისინი აპირებდნენ 15 მილიონ პირუტყვამდე კონფისკაციას (1920-იანი წლების სტატისტიკის მიხედვით). 1928 წლის კონფისკაციის გეგმის მიხედვით პირუტყვის რაოდენობას არ უნდა გადაეჭარბებინა: მომთაბარე მეურნეობაში - 400, ნახევრად მომთაბარე - 300, სტაციონალურ მეურნეობაში - 150. კონფისკაცირებული მეურნეობების საერთო რაოდენობა 7000-მდე შემცირდა.


1919-1922 ყაზახების შიმშილობის ჩათვლით, 10-15 წლის განმავლობაში ყაზახეთმა დაკარგა მოსახლეობის ნახევარზე მეტი, საბჭოთა კავშირის მოქმედებების გამო. [6] [7] ორი საბჭოთა აღწერის მიხედვით ჩანს, რომ ყაზახები ყაზახეთში 1926 წლის აღწერის მიხედვით 3 637 612 იყვნენ ხოლო 1937 წლის აღწერით 2 181 520. [8] მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ყაზახეთის სხვა ეთნიკური უმცირესობებიც. ყაზახეთში უკრაინის მოსახლეობა 859 396-დან 549 859 კაცამდე შემცირდა [3] (მათი მოსახლეობა თითქმის 36% -ით შემცირდა), ხოლო ყაზახეთის სხვადასხვა ეთნიკურმა უმცირესობებმა დაკარგეს მოსახლეობის რიცხოვნობა 12%-დან 30% -მდე.

ყაზახეთში გარდაცვლილი უკრაინელები ზოგჯერ ჰოლოდომორის მსხვერპლად ითვლებიან. შიმშილობის გამო 665 000 ყაზახმა 900 000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით დატოვა ყაზახეთის ტერიტორიები და საკვების ძიებისა და დასაქმების მიზნით თავი შეაფარა ჩინეთს, მონღოლეთს, ავღანეთს, ირანსა და საბჭოთა რესპუბლიკებში უზბეკეთს, ყირგიზეთს, თურქმენეთს, ტაჯიკეთსა და რუსეთის დასავლეთ ციმბირის ახალ ინდუსტრიულ ადგილებს. [3] მოგვიანებით საბჭოთა მთავრობამ დაიწყო მუშაობა მათი სამშობლოში დაბრუნების მიზნით. [9] დევნილთა 70% გადარჩა, დანარჩენი კი ეპიდემიისა და შიმშილის გამო გარდაიცვალა.

2017 წელს აშენდა შიმშილობის მსხვერპლთა ძეგლი. [10]

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი ისტორიკოსისა და მკვლევარის აზრით, ეს შიმშილობა ყაზახების გენოციდს წარმოადგენს. [4] საბჭოთა ხელისუფლებამ დევნა დაიწყო ყაზახებში მომთაბარეების წინააღმდეგ, რადგან თვლიდნენ, რომ ამ კლასების განადგურება ხელს შეუწყობდა ყაზახეთის კოლექტივიზაციას. [11] [12] [13] ყაზახეთის კატასტროფასთან დაკავშირებით მაიკლ ელმანმა აღნიშნა, რომ ეს „როგორც ჩანს, დაუდევრობით გამოწვეული გენოციდის მაგალითია, რომელიც გაეროს კონვენციის ფარგლებს არ ექვემდებარება“. ამასთან, ისტორიკოსი რობერტ ქინდლერი აშკარად უარყოფს მოსაზრებას, რომ შიმშილი იყო მასობრივი მკვლელობის გენოციდური ფორმა, იმ მოტივით, რომ უკრაინასა და ყაზახეთში შიმშილობა უფრო ფართო სასურსათო კრიზისის ნაწილი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის მრავალი რეგიონი მოიცვა და არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ არ არსებობს, რომ სტალინი ახორციელებდა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის განადგურებას. [14]

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 

  1. Conquest, Robert (1987).
  2. (1993) Stalinist Terror: New Perspectives. Cambridge University Press, გვ. 265. ISBN 9780521446709. 
  3. 3.0 3.1 3.2 Isabelle, Ohayon. (13 January 2016) The Kazakh Famine: The Beginnings of Sedentarization.
  4. 4.0 4.1 Sabol, Steven. 'The Touch of Civilization': Comparing American and Russian Internal Colonization. 
  5. Қазақстан тарихы: Аса маңызды кезеңдері мен ғылыми мәселелері. Жалпы білім беретін мектептің қоғамдык- гуманитарлық бағытындағы 11-сыныбына арналған оқулық / М.Қойгелдиев, Ә.Төлеубаев, Ж.Қасымбаев, т.б. — Алматы: «Мектеп» баспасы, 2007. — 304 бет,суретті. ISBN 9965-36-106-1
  6. Во время голода в Казахстане погибло 40 процентов населения.
  7. Snyder, Timothy. Bloodlands: Europe Between Hitler and Stalin. Hachette UK. 
  8. European Society for Central Asian Studies. Central Asia on Display: Proceedings of the VIIth Conference of the European Society for Central Asian Studies. LIT Verlag Münster. 
  9. Ohayon, Isabelle, 2006, La Sédentarisation des Kazakhs dans the USSR de Stalin.
  10. Kazakhstan Unveils Monument to Victims of Soviet-Era Famine.
  11. PIanciola, Niccolò, 2004, "Famine in the steppe.
  12. Pianciola, Niccolò, 2009, Stalinismo di frontiera.
  13. Payne, Matthew J., 2011, "Seeing like a soviet state: settlement of nomadic Kazakhs, 1928-1934", in Alexopoulos, Golgo; Hessler, Julie.
  14. Kindler, Robert. Stalin's Nomads: Power and Famine in Kazakhstan. University of Pittsburgh Press, გვ. 11. ISBN 978-0822965435.