შინაარსზე გადასვლა

ჰუსტოპეჩე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰუსტოპეჩე

ქალაქის მერია და მთავარი მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე სამხრეთ მორავიის მხარე
კოორდინატები 48°56′27″ ჩ. გ. 16°44′14″ ა. გ. / 48.94083° ჩ. გ. 16.73722° ა. გ. / 48.94083; 16.73722
მმართველი Hana Potměšilová[1]
პირველი ხსენება 1247
ფართობი 24,53 კმ²
ცენტრის სიმაღლე 215 მეტრი
მოსახლეობა 6 388 (1 იანვარი, 2025)[2]
საფოსტო ინდექსი 693 01[3]
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი https://www.hustopece.cz/
ჰუსტოპეჩე — ჩეხეთი
ჰუსტოპეჩე

ჰუსტოპეჩე (ჩეხ. Hustopeče) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ის ბრჟეცლავის რაიონში მდებარეობს. ქალაქი ცნობილია თავისი მეხილეობითა და მევენახეობით.

ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს დიდგვაროვან უსოპეკის სახელიდან, რომელმაც აქ დასახლება დააარსა.[4]

წმინდა ვაცლავისა და აგნეს ბოჰემიელის ეკლესია
წმინდა ვაცლავის ძველი ეკლესია 1909 წელს

ჰუსტოპეჩე ქალაქ ბრჟეცლავიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ბრნოდან 28 კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილი ჟადნიცეს ტყის ფერდობებზეა, ხოლო სამხრეთ ნაწილი ქვემო მორავის ხეობაში. ჰუსტოპეჩე ჩეხეთის ყველაზე თბილ ნაწილში მდებარეობს. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9.6 °C,[5] ხოლო ნალექების რაოდენობა 639 მილიმეტრი.[6]

ჰუსტოპეჩე ისტორიულ წყაროებში პირველად 1247 წელს არის მოხსენიებული. XIII საუკუნეში მისი ტერიტორია გერმანელებით იყო დასახლებული, სწორედ მათ ჩამოიტანეს აქ მეღვინეობის კულტურა. ქალაქის გერმანული სახელი აუსპიცი პირველად ისტორიულ წყაროებში 1279 წელს ჩნდება.[7]

XIV საუკუნის დასაწყისიდან 1599 წლამდე ჰუსტოპეჩე ბრნოში მდებარე ცისტერციანელთა სააბატოს საკუთრება იყო. სამი ქვეყნის საზღვარზე მდებარეობის გამო საუკუნეების მანძილზე აქაურობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად იქცა და ვაჭრობა განვითარდა. 1572 წელს იმპერატორმა მაქსიმილიან II-მ ჰუსტოპეჩე ქალაქად გამოაცხადა. 1599 წლიდან 1848 წლამდე ქალაქი ლიხტენშტაინების საგვარეულოს საკუთრება იყო.[7]

1531 წელს იაკობ ჰუტერის მეთაურობით ტიროლიდან და კარინტიიდან ქალაქში ჩამოვიდნენ ანაბაპტისტები. მათ აქ ჰუტერიტების თემი დააარსეს. ამის შემდეგ ჰუსტოპეჩე მორავიელი ანაბაპტისტების ცენტრი გახდა.[8]

ჰუსტოპეჩე ოცდაათწლიანი ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ პერიოდში ქალაქის ვენახების ფართობები 90%-ით შემცირდა.მეღვინეობის აღდგენა XVIII საუკუნის შუა ხანებში დაიწყო და მალე ჰუსტოპეჩე მორავიაში პირველ ადგილზე გადავიდა ვენახების ფართობით. 1726 წელს ქალაქში დაარსდა მეღვინეთა გილდია.[4]

1756 წელს პიარისტებმა აქ პირველი გიმნაზია დააარსეს. 1894 წელს ჰუსტოპიჩეში აშენდა რკინიგზა. 1918 წლამდე ქალაქს აუსპიცი ეწოდებოდა და ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო. 1910 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური გერმანელები იყვნენ.

პირველი მსოფლიო ომისა და ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ, სამხრეთ მორავიის რეგიონის დიდ ნაწილზე ახლადშექმნილი გერმანული ავსტრიის რესპუბლიკა აცხადებდა პრეტენზიას. მიუხედავად ამისა, 1919 წლის სენ-ჟერმენის ზავის თანახმად, ჰუსტოპეჩე და მისი შემოგარენი ჩეხოსლოვაკიის პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა.

1938 წლის მიუნხენის შეთანხმების შემდეგ, ჩეხოსლოვაკია ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰუსტოპეჩე ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში დაბრუნდა, ხოლო დარჩენილი გერმანულენოვანი მოსახლეობა პრეზიდენტ ბენეშის განკარგულებების თანახმად გააძევეს.[9]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსტოპეჩეს მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა ვაცლავისა და აგნეს ბოჰემიელის ეკლესიაა. წმინდა ვაცლავის ეკლესია ქალაქში პირველად XIV საუკუნის დასაწყისში აშენდა. რამდენჯერმე ჩატარებული რესტავრაციის მიუხედავად, მისი სამრეკლო 1961 წელს ჩამოინგრა და ეკლესიის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე შენობის მთლიანად დანგრევა გახდა საჭირო. ახალი თანამედროვე ეკლესია ძველის ადგილას 1994 წელს აშენდა და წმინდა ვაცლავისა და აგნეს ბოჰემიელის სახელზე აკურთხეს, ახალ ეკლესიას 52 მეტრი სიმაღლის სამრეკლო აქვს.[10]

ქალაქის მეორე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა მერიის შენობაა. ეს ნეორენესანსის სტილის შენობა 1906 წელს ააგეს.[11]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://www.hustopece.cz/file/186/usn_zm_2014_001.pdf
  2. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  3. Register of territorial identification, addresses and real estates
  4. 4.0 4.1 Hustopeče – středověká bašta moravského vinařství cs. Moravské vinařské stezky. ციტირების თარიღი: 2022-08-14
  5. Weather Spark. “Average Weather in Hustopeče, Czechia Year Round.” Accessed September 18, 2025. https://weatherspark.com/y/81338/Average-Weather-in-Hustope%C4%8De-Czechia-Year-Round .
  6. NomadSeason. "Monthly Climate in Hustopeče, Czech Republic." NomadSeason, 31 July 2025. https://nomadseason.com/climate/czech-republic/south-moravian/hustopece.html
  7. 7.0 7.1 O historii města cs. Město Hustopeče. ციტირების თარიღი: 2021-11-26
  8. Setkání Habánů v Hustopečích cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-08-14
  9. Spěvák, Přemysl (2013-09-16). „Návrat krásy. Společenský dům ladí Hustopečští do historie“. Břeclavský Deník (ჩეხური). Deník.cz. ციტირების თარიღი: 2022-08-14.
  10. Kostel sv. Václava v Hustopečích cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2021-11-26
  11. Radnice cs. Město Hustopeče. ციტირების თარიღი: 2021-11-26
  12. Hustopeče dál rozvíjí spolupráci s partnerskými městy cs. Město Hustopeče (2019-03-05). ციტირების თარიღი: 2020-09-29
  13. Miasta partnerskie pl. Gmina Miedźna (26 October 2015). ციტირების თარიღი: 2020-09-29