ჰურენკარენტალერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰურენკალერტალერი, 1622 წელი

ჰურენკალერტალერის (გერმ. Hurenkarrentaler) სახელწოდებით გერმანულ პოპულარულ მეტყველებაში ცნობილია მონეტა, დიდი ზომის ტალერი, რომელიც 1622 წელს ქალაქ მაგდებურგშია მოჭრილი. მონეტა ქალაქის დაარსების სახსოვრად იქნა გამოცემული.[1]

მონეტის წინა მხარეს გამოსახულია ცხენზე ამხედრებული იმპერატორი ოტო I დიდი, ხელში სკიპტრით. ქვედა ნაწილში დატანილია ბურგუნდიის, ბრაუნშვაიგისა და საქსონიის გერბები. იმპერატორის გამოსახულებას გარშემო წრიულად გასდევს წარწერა, რომელიც მას ქალაქ მაგდებურგის დამაარსებლად მოიხსენიებს:

OTTO ∙ I ∙ IMP(erator) : AV(gustus) : MA – GDEB(urgensis) : CIVIT(atis) : FVNDAT(or)
ოტო I, ბრწყინვალე იმპერატორი, ამშენებელი ქალაქ მაგდებურგისა

მონეტის უკანა მხარეს გამოსახულია ოთხთვალა ურემი, რომელშიც შებმულია ორი მტრედი და ორი გედი. ურემზე დგას ქალღმერთი ვენერა ყვავილების გვირგვინით. მარჯვენა ხელში მას უჭირავს სამი მომცრო, ხოლო მარცხენაში — ერთი დიდი ზომის სფერო. ვენერას მარჯვნივ დგას სამი გრაცია. უკანა ფონზე მოჩანს ქალაქის ხედი, ხოლო ქვემოთ გაკეთებულია წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ ქალაქი წარმართობისა და ვნების ნავსაყუდელი იყო, სანამ მას ოტო ქრისტიანულ, მორალსა და ჩვეულებაზე მდგომ ქალაქად აქცევდა.[2]

ვენერა და გრაციები შიშველი სხეულებით არიან გამოსახულნი. შიშველი ქალღმერთების სურათში ხალხმა აღიქვა მეძავები; „მეძავების“ ურემზე დგომა კი მათ სამაგალითო დასჯას დაუკავშირეს. ამგვარ არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება მონეტის სახალხო სახელწოდებაც — „ჰურენკალერტალერი“, რაც ქართულად სიტყვასიტყვით (სტლის დაცვით) ითარგმნება, როგორც ბოზების ურმის ტალერი. შინაარსობრივად უფრო სწორია მონეტის მეორე, ნაკლებად გავრცელებული სახელწოდება — ვენუსტალერი (Venustaler).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Heinz Fengler, Gerd Gierow, Willy Unger: transpress Lexikon Numismatik, Berlin 1976, გვ. 152
  2. Helmut Caspar: „Packe dich du Interim“ - Wovon ein Magdeburger Spotttaler und weitere Gedenkmünzen erzählen, (VDDM, Berlin 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-02. ციტირების თარიღი: 2016-03-17.