ჰუგო შუხართი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰუგო ერნსტ მარიო შუხართი (4 თებერვალი 1842, გოთა (თიურინგია) – 21 აპრილი 1927, გრაცი (შტირია)) – გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, რომაული ენების სპეციალისტი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი და ვენის საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიის წევრი. შუხართი ფლობდა 20-ზე მეტ ენას და გამოქვეყნებული აქვს 770-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 20-მდე ქართული ენის, კულტურისა და რელიგიის შესახებ არის.

ჰუგო შუხართი
გერმანელი ქართველოლოგი
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1842
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი, 1927 (84 წლის)

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუგო შუხართი დაიბადა და გაიზარდა გოთის რაიონში (თურინგია), ხოლო ენები შეისწავლა იენასა და ბონში 1859 წლიდან 1864 წლამდე. 1870 წელს შუხართს შესთავაზეს პროფესორის თანამდებობა ლაიფციგის უნივერსიტეტში, 3 წლის შემდეგ, 1873 წელს კი გახდა რომაული ფილოლოგიის პროფესორი ჰალეს უნივერსიტეტში.

ქართველოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუგო შუხართმა გარდა ქართული ანტიკური ხელნაწერებისა, ასევე შეისწავლა ქართული ენის მკვეთრი ხმოვნები, გარდამავალი ზმნები, ერგატიული სტრუქტურები და მათი მახასიათებლები. შუხართმა არტურ ლაისტის მეშვეობით, როგორც წერილობითი, ასევე პირადი ურთიერთობა დაამყარა ისეთ ცნობილ ქართველებთან, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი შანიძე, პეტრე მელიქიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, მოსე ჯანაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი და ივანე ჯავახიშვილი XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქართული ენით, კულტურითა და რელიგიით დაინტერესდა. ჰუგოსა და ცნობილ ქართველ მოღვაწეთა მიერ ერთმანეთთან გაგზავნილ წერილებში იგრძნობა გერმანელი ქართველოლოგისადმი პატივისცემა და მადლიერება. მაგალითად, მოსე ჯანაშვილი შემდეგ სიტყვებს წერს შუხართს: “უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ღვაწლი და გარჯა უნაყოფო არ იქნება ქართული გრამატიკის საქმეში”, იმ დროისათვის ბერლინის უნივერსიტეტის სტუდენტი - ნოე ჟორდანია ჰუგოს დახმარების გაწევის მიზნით წერს მას,  ხოლო თავად ილია ჭავჭავაძე პატივისცემას როგორც წერილობით გამოხატავდა, ასევე იმ წიგნებითა თუ სხვა სახის ნამუშევრებით ქართული ენის შესახებ, რომლებსაც იგი აწვდიდა შუხართს სრულიად უსასყიდლოდ.

1895 წელს, ჰუგომ ვენაში გამოსცა თავისი პირველი წიგნი ქართველოლოგიის შესახებ სახელწოდებით „Uber das Georgiche” („ქართველთა შესახებ“), რომელიც აღსანიშნავია, რომ პეტრე მელიქიშვილს მიუძღვნა („ნიშნად მადლობისა ვუძღვნი ჩემს საყვარელს მეგობარს პროფესორს პ. მელიქიშვილს“).[1] შუხართი ქართულ ენას მოიხსენიებს, როგორც “საინტერესოსა და სიმპათიურს“. ამავე წელს, გერმანელმა ქართველოლოგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და გარდა ამისა, ჰუგოს წერილებში ჩანს, რომ მას მუდამ ჰქონდა სურვილი საქართველოში ჩამოსვლისა, რათა საკუთარი თვალით ეხილა თავისი ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანა და მეტად ძირფესვიანად შეესწავლა ქართული ენის სპეციფიკური თავისებურებანი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსვლას ის მეგობრებიც სთხოვდნენ, რომლებთანაც ინტენსიურად ჰქონდა მიმოწერა (ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ნიკოლოზ ღოღობერიძე და დავით სარაჯიშვილი). შემდგომ, 1913 წელს კი უკვე კავკასიურ ენათა მკვლევარმა და რედაქტორმა - ლევ ლოპატინსკიმ მოიწვია იგი თბილისში, რათა საერთაშორისო კონგრესში მიეღო მონაწილეობა, თუმცა შუხართი უკვე 71 წლის იყო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა საქართველოში გამომგზავრება.

1899 წელს, რუსეთში გამოიცა ჰუგო შუხართის წიგნი - „ქართველთა (სამხრეთ კავკასიელთა) ენების გეოგრაფიისა და სტატისტიკის შესახებ”, რომელშიც მან ისაუბრა თავის კვლევებზე ქართული ენის, კულტურისა და რელიგიის შესახებ. გარდა ამისა, ჰუგო შუხართმა წიგნს დაურთო რუკა, რომელზეც ასახულია სხვადასხვა ენის გავრცელება სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში.

ჰუგო შუხართი ასევე დაინტერესებული იყო ქართული ანტიკური ხელნაწერებით და სწორედ ამიტომ შეისყიდა ისეთი ხელნაწერები, როგორებიცაა VII საუკუნის „ხანმეტი ლექციონარი“[2] (შეისყიდა 1897 წელს, ა. მილიხისგან), ფსალმუნები (დათარიღებულია X საუკუნის პირველი ნახევრით), ხელნაწერი სვიმეონ სალოსის შესახებ და ა.შ.

ქართულ პოლიტიკურ და ლიტერატურულ გაზეთში - „ივერია“, ხშირად ქვეყნდებოდა ინფორმაცია ჰუგო შუხართის მოღვაწეობისა და ნამუშევრების შესახებ, კონკრეტულად ერთ-ერთ სტატიაში კი მოსე ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ ამ გერმანელმა ქართველოლოგმა მოახერხა და კავკასიის ენები შესანიშნავად გააცნო ევროპას.

საპატიო ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუგო შუხართმა თავისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი საპატიო ტიტული მიიღო, მათ შორის:

  • ბოლონიის, ბუდაპეშტისა და ოსლოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი;
  • ბუდაპეშტის, ბერლინის, მიუნხენის, რომის ამსტერდამის, ლისაბონის, კოპენჰაგენისა და კრაკოვის მეცნიერებათა აკადემიის წევრი;
  • სან-სებასტიანის, მოსკოვისა და პეტერბურგის სამეცნიერო ინსტიტუტების საპატიო წევრი;
  • ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუგო ერნსტ მარიო შუხართი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა, რაც მის წერილებშიც ჩანს. იგი 1927 წელს გრაცში, გერმანიაში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიქობავა, არნოლდ. "იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია". მე-2 გამოცემა. თბილისი 2008.
  • იმნაიშვილი, ვახტანგ. "ვინ ყიდდა ავსტრიაში ქართულ ხელნაწერებს". თბილისი 1979.
  • ფუტკარაძე თამაზ et. al. (eds.). "ქართული ენის ისტორია". ქუთაისი 2006.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული გაზეთები შუხართის შესახებ
  2. "ქართული ხელნაწერები უცხოეთში"