ჰუარი ბუმედიენი
| ჰუარი ბუმედიენი არაბ. هواري بومدين | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 19 ივნისი 1965 – 11 დეკემბერი 1976 | |
| წინამორბედი | თანამდებობა დამტკიცდა |
| მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 11 დეკემბერი 1976 – 27 დეკემბერი 1978 | |
| წინამორბედი | აჰმედ ბენ ბელა |
| მემკვიდრე | რაბაჰ ბიტატი (მოვალეობის შემსრულებელი) შადლი ბენჯადიდი |
მიუმხრომლობის მოძრაობის მე-4 გენერალური მდივანი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 5 სექტემბერი 1973 – 16 აგვისტო 1976 | |
| წინამორბედი | კენეთ კაუნდა |
| მემკვიდრე | უილიამ გოპალავა |
| დაბადებული | 23 აგვისტო 1932 გელმა, ალჟირი |
| გარდაცვლილი | 27 დეკემბერი 1978 (46 წლის) ალჟირი (ქალაქი), ალჟირი |
| მოქალაქეობა | |
| დაკრძალულია | ალჟირი |
| პოლიტიკური პარტია | ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი |
| მეუღლე | ანისა ალ-მანსალი |
| განათლება | ალ-აზჰარის უნივერსიტეტი |
| რელიგია | ისლამი |
| ჯილდოები | |
ჰუარი ბუმედიენი (არაბ. هواري بومدين ; დაბად. მუჰამედ იბრაჰიმ ბუხარუბა დ. 23 აგვისტო, 1932, გელმა, ალჟირი — გ. 27 დეკემბერი , 1978 ალჟირი) — ალჟირელი სამხედრო ოფიცერი, რევოლუციონერი და პოლიტიკოსი, ალჟირის რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე. 1965 წლის 19 ივნისიდან 1978 წლის 27 დეკემბრამდე (გარდაცვალებამდე) დამოუკიდებელი ალჟირის მეორე პრეზიდენტი . თანამდებობა დაიკავა აჰმედ ბენ ბელას წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების შემდეგ.[1]
ჰუარი ბუმედიენი XX საუკუნის მეორე ნახევარში ალჟირისა და არაბული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურად და მიუმხრომლობის მოძრაობის სიმბოლოდ ითვლება. იგი იყო მესამე სამყაროს პირველი ლიდერი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოვიდა სიტყვით ახალი საერთაშორისო წესრიგის საკითხზე.[2]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუჰამედ იბრაჰიმ ბუხარუბა დაიბადა 1932 წლის 23 აგვისტოს, სოფელ ბენი ადიში (ალ- არარა), მაჯაზ ამარის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე კილომეტრში ქალაქ გელმადან მოკრძალებული ფერმერის დიდ ოჯახში. მამა არაბი იყო, ხოლო დედა — ბერბერი. [3] რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მამამ გადაწყვიტა ვაჟისთვის შესაფერისი განათლება მიეცა, ამიტომ, 4 წლის ასაკში მშობლიური სოფლის მედრესეში შეიყვანა. როდესაც ბიჭი ექვსი წლის გახდა, 1938 წელს ქალაქ გელმაში, ალ-მაბირის სკოლაში გადაიყვანა. სკოლა ამჟამად მუჰამედ აბდოს სახელს ატარებს. ვინაიდან მუჰამედის ოჯახი ბენი ადიში ცხოვრობდა, მამამ ვაჟი ბენი ისმაილის ოჯახს მიაბარა. სანაცვლოდ მათ ქვანახშირით, ხორბლით და შეშით ამარაგებდა.[4]

მომავალმა პოლიტიკოსმა რვა წელი გელმაში ისწავლა და დაბრუნდა მშობლიურ სოფელ ბენი ადიში. მუჰამედი გულჩათხრობილი ბავშვი იყო და თანატოლების აქტივობებში იშვიათად ერთვებოდა. დადიოდა ფრანგულ სკოლაში, პარალელურად, გამთენიიდან დილის 7:30 საათამდე ადგილობრივ ყურანის სკოლაში (ქუთაბში) სწავლობდა. შემდეგ კი დილის 8:00 საათიდან საღამოს 4:00 საათამდე ფრანგულ სკოლაში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც ისევ ქუთაბში მიდიოდა.
მუჰამედმა 1948 წლითვის ყურანი ზეპირად იცოდა. იგი თავისი სოფლის ბავშვებს ყურანს და არაბულ ენას ასწავლიდა.[5]
1949 წელს მუჰამედ ბუხარუბა გაემგზავრა ალ-კატანიას სკოლა-პანსიონში, რომელიც მდებარეობდა ალჟირის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ კონსტანტინაში. პანსიონში მოსწავლეები საჭმლის მომზადებასა და დალაგებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. ამ პერიოდში მუჰამედმა მოინახულა ბიძა ჰაჯ ტაიბ ბუხარუბა, რომელიც ჰაჯიდან ახალი დაბრუნებული იყო. მუჰამედმა ბიძას წმინდა მიწაზე მოგზაურობის ყველა დეტალი გამოკითხა. მანაც უამბო მომლოცველების მიერ განვლილი მარშრუტების და იმ სირთულეების შესახებ, რომელთა გდალახვაც მოუხდათ საზღვრებზე. მუჰამედი გეგმავდა მოგზაურობას. მან ყველაფერი ჩაიწერა და ალ-კატანიას სკოლაში სამ თანაკლასელს შესთავაზა მასთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა, თუმცა პასპორტების არქონის გამო მათ უარი უთხრეს შეთავაზებაზე. [6]
ფრანგული არმიიდან ტუნისში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთის ხელისუფლება ალჟირელებს ფრანგებად თვლიდა და თვრამეტი წლის ასაკში მათ ფრანგულ ყაზარმებში გაწევრიანებას აიძულებდა. მუჰამედი საფრანგეთის სახმელეთო ჯარში გაიწვიეს, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მტრის არმიას ვერ შეუერთებოდა, ამიტომ გამოსავალს დეზერტირობასა და მოგზაურობაში ხედავდა. მან მოახერხა თანამგზავრების დარწმუნება მოგზაურობაზე, მათ ტანსაცმელი გაყიდეს, რათა სახმელეთო გზით ტუნისში გადასულიყვნენ.
ალ-აზჰარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუჰამედ ბუხარუბა ტუნისიდან ლიბიის ტერიტორიის გავლით ეგვიპტეში გაემგზავრა. ეგვიპტეში მან და მისმა მეგობარმა (ბენ შერიფი) ალ-აზჰარის უნივერსიტეტში ჩააბარეს. მუჰამედი წარჩინებული სტუდენტი იყო. ასევე ჩართული იყო ალჟირის სახალხო პარტიის საქმიანობაში. წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სწავლას და პოლიტიკურ ბრძოლას. 1950 წელს ის ასევე მუშაობდა დიდი მაღრიბის ბიუროში, რომელიც დააარსეს ალჟირის, ტუნისის და მაროკოს ლიდერებმა. მათ პირობა დადეს, რომ იბრძოლებდნენ საფრანგეთის წინააღმდეგ და იარაღს არ დაყრიდნენ ჩრდილოეთ აფრიკის განთავისუფლებამდე. ამ ბიუროს დამფუძნებლებს შორის იყვნენ ალალ ალ-ფასი მაროკოდან, სალაჰ ბენ იუსუფი ტუნისიდან, აჰმედ ბენ ბელა და აიტ აჰმედი ალჟირიდან. ეს ბიურო ორგანიზებას უწევდა მაღრიბელი სტუდენტების სწავლებას საზღვარგარეთ.
განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1955 წელს მუჰამედი შეუერთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტს (FLN) საბრძოლო ფსევდონიმით „ჰუარი ბუმედიენი“.
ამ პერიოდში მეხუთე ვილაიეთს ხელმძღვანელობდა აბდ ალ-ჰაფიზ ბუსუფი ალ-არბი ბენ მჰიდთან ერთად. 1956 წელს მჰიდმა დატოვა თანამდებობა და გახდა ალჟირის რევოლუციის ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1957 წლის სექტემბერში ალ-ჰაფიზ ბუსუფი გაემგზავრა ალჟირიდან. შედეგად, მეხუთე ვილაიეთის ხელმძღვანელის პოსტი ჰუარი ბუმედიენმა დაიკავა. 1960 წლისთვის ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტის რიგებში დაწინაურდა და გახდა FLN-ის სამხედრო ფრთის მეთაური.
სამხედრო სამსახური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალჟირის რევოლუციის დაწყებისთანავე, 1954 წლის 1 ნოემბერს, ბუმედიენი შეუერთდა დასავლეთ რეგიონში მდებარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიას.
- 1956 — ხელმძღვანელობდა სამხედრო დანაყოფების წვრთნასა და ფორმირებას.
- 1957 წლიდან საკუთარ თავზე აიღო მეხუთე ვილაიეთის ხელმძღვანელობა.
- 1958 — გახდა დასავლეთის შტაბის მეთაური.
- 1960 — ხელმძღვანელობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის სამხედრო ორგანიზაციას და საბოლოოდ დაიკავა შტაბის უფროსის თანამდებობა.
- 1962 — თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის მთავრობაში.
- 1963 — რევოლუციური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.
როგორც სამხედრო ოფიცერმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიაში მან დაიკავა მნიშვნელოვანი თანამდებობა და გახდა დასავლეთ ალჟირის რეგიონის მეთაური. 1957 წლიდან 1960 წლამდე მეთაურობდა ორანს. 1960 წლიდან 1962 წლამდე დამოუკიდებლობის მოპოვებამდე იყო შტაბის უფროსი. დამოუკიდებლობის შემდეგ, 1963 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, შემდეგ კი — ვიცე-პრემიერად. ამავე დროს ინარჩუნებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს.
სამხედრო გადატრიალება ბენ ბელას წინააღმდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მას შემდეგ, რაც აჰმედ ბენ ბელამ სცადა შეესუსტებინა ჰუარი ბუმედიენეს მეთაურობით მოქმედი „ოუჯდას“ ჯგუფის გავლენა, ამ უკანასკნელმა, ტაჰარ ზბირისთან და „ოუჯდას“ ჯგუფთან ერთად, გადაწყვიტა პრეზიდენტის გადაყენება.
ბენ ბელას პოლიტიკის კრიტიკა მისი დამხობისა და ავტორიტარული მმართველობის დასრულების აუცილებლობაზე კონსენსუსში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ჰუარი ბუმედიენმა და „ოუჯდას“ ჯგუფის წევრებმა მოლაპარაკებები გამართეს შტატის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებთან. აფრო-აზიურ კონფერენციამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, ისინი ბუმედიენის სახლში შეიკრიბნენ, რათა ბენ ბელას დამხობის გეგმა შეემუშავებინათ.[7]
1965 წლის 19 ივნისს, დილის 1:00 საათზე,აჰმედ ბენ ბელა დააკავეს საკუთარ სახლში, „ვილა ჯოლიში“ დააკავეს. ოპერაცია ჩაატარა ტაჰარ ზბირიმ, რომელსაც თან ახლდნენ მაიორი მოჰამედ სალაჰ იაჰიაუი, მაიორი საიდ აბიდი, მაიორი აბდელ რაჰმან ბენ სალმა და რამდენიმე ჯარისკაცი. თავდაცვის სამინისტროში მყოფ ბუმედიენეს აცნობეს ოპერაციის დასრულების შესახებ, რომელსაც „რევოლუციური კორექცია “ეწოდა.[8]
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუმედიენმა ალჟირში ხელისუფლება 1965 წლის 19 ივნისიდან 1978 წლის დეკემბრამდე სამოქალაქო პრეზიდენტის, აჰმედ ბენ ბელას წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების გზით დაიკავა. თავდაპირველად ის რევოლუციური სასჯელაღსრულების საბჭოს ხელმძღვანელი იყო. 1976 წელს, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ალჟირი სოციალისტურ სახელმწიფოდ გამოცხადდა და ბუმედიენი პრეზიდენტი გახდა.
1973 წელს დაქორწინდა ადვოკატ ანისა ელ-მანსალზე.
იდუმალი ხასიათის, ეშმაკობის და არაბისთვის უჩვეულოდ ღია ფერის თმის გამო, ხალხმა ბუმედიენს ყვითელი მორიელი შეარქვა.
საშინაო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მას შემდეგ, რაც ჰუარი ბუმედიენმა ძალაუფლება განიმტკიცა, დაიწყო ზრუნვა სახელმწიფოს გაძლიერებაზე. მას სამი მთავარი მიზანი ჰქონდა: სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და კულტურის აღორძინება. სოფლის მეურნეობაში ბუმედიენმა ფერმერებს ათასობით ჰექტარი მიწა დაურიგა და „ათასი სოფლის“ პროექტის ფარგლებში ისინი საცხოვრებლით უზრუნველყო. ასევე დაანგრია ფერმერების ძველი საცხოვრებელი სახლებისა და ქოხების უმეტესობა და მიაწოდა მათ ყველა საჭირო რესურსი და აღჭურვილობა. განვითარების პოლიტიკის გარდა, პრეზიდენტმა ბუმედიენმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ და პოლიტიკურ რეფორმებზე, რითაც საფუძველი ჩაუყარა ალჟირის სახელმწიფოს. ჯერ დაიწყო ნაციონალიზაციის კანონით, შემდეგ კი შეიმუშავა ეროვნული ქარტია, რომლის შემუშავებაშიც საზოგადოების ყველა ფენა მონაწილეობდა. შედეგად, მიიღეს კონსტიტუცია — ყველაფერი ჭეშმარიტად დემოკრატიული წესით (მისი დევიზი იყო: „ხელებს არ ვაკოცებთ“). ამას მოჰყვა ეროვნული სახალხო ასამბლეის არჩევნები. ეს იყო მისი შიდა პოლიტიკის ძირითადი მონახაზები, რომელიც მიზნად ისახავდა ყველას გაერთიანებას ერის სამსახურში და იმის უზრუნველყოფას, რომ სახელმწიფო შემოსავლები მოქალაქეებისთვის სასარგებლო ყოფილიყო.[9]
აგრარული რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰუარი ბუმედიენის მმართველობის პერიოდში აყვავდა სოფლის მეურნეობის სექტორი და საფრანგეთის კოლონიური მმართველობის დროს არსებული სიცოცხლისუნარიანობა დაიბრუნა, როდესაც ოკუპირებული ალჟირი თავისი მარცვლეულის 80 პროცენტის ექსპორტს ეწეოდა ევროპის მასშტაბით. ბუმედიენის სოფლის მეურნეობის რევოლუცია ემყარებოდა ფრთხილად შემუშავებულ სტრატეგიას, რომელიც დაიწყო არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების შენარჩუნებით გაუდაბნოების თავიდან აცილებით და ხშირი ტყის ბარიერების შექმნით. ყველაზე ცნობილი მაგალითია „მწვანე კაშხალი“, რომელიც უდაბნოს ტერიტორიებს სახნავ-სათესი მიწებისგან ჰყოფს. ამოცანის შესრულება დაევალა სამხედრო სამსახურში მყოფ ახალგაზრდა ალჟირელებს. 1971 წლის 14 ივლისს შეიკრიბა რევოლუციური და მინისტრთა საბჭოები პრეზიდენტ ჰუარი ბუმედიენის თავმჯდომარეობით, რომლებმაც მეექვსე სესიაზე დაასრულეს სოფლის მეურნეობის რევოლუციის ქარტიის პროექტი. ისტორიული და პოლიტიკური აუცილებლობით ნაკარნახევი, აგრარული რევოლუცია წარმოადგენდა ყოვლისმომცველ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას და სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებას. ქარტიის პროექტის დამტკიცებული ვერსია სოფლის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებსაც ითვალისწინებდა. აგრარული რეფორმის განხორციელების შედეგად მოხდა მიწის გადანაწილება და ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვა.[10]
ინდუსტრიული რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰუარი ბუმედიენმა 660 ახალი საწარმო ააშენა. მან მიიზიდა სოციალისტური ბლოკისა და დასავლეთის სპეციალისტები. მთავარი ფოკუსირება ენერგეტიკის სექტორზე მოახდინა. ცნობილია, რომ საფრანგეთს ალჟირის ნავთობის წარმოებასა და გაყიდვაზე მონოპოლია ეკავა მანამ, სანამ ბუმედიენმა არ მოახდინა მისი ნაციონალიზაცია. შედეგად, დაიძაბა ურთიერთობა საფრანგეთთან. ალჟირში ნახშირწყალბადების ნაციონალიზაციამ ქვეყანა საჭირო ლიკვიდურობით უზრუნველყო, რამაც სხვა სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სექტორების განვითარებას შეუწყო ხელი. 1972 წელს ბუმედიენმა განაცხადა, რომ ალჟირი განუვითარებელი ქვეყნის სტატუსს სრულიად დააღწევდა თავს და არაბული სამყაროს იაპონია გახდებოდა.
პოლიტიკური რეფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განვითარების პოლიტიკის პარალელურად, ჰუარი ბუმედიენმა ალჟირის სახელმწიფოს კონსტიტუციისა და ალჟირის ეროვნული ქარტიის შემუშავებით საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ალჟირის სახელმწიფოს შექმნას.

საგარეო პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთო ჯამში, საფრანგეთის გარდა, ალჟირს ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით სოციალისტურ ქვეყნებთან. ნავთობის ნაციონალიზაცია, ერთი მხრივ, სამაგალითო იყო სხვა ნავთობმწარმოებელი ქვეყნებისთვის , ხოლო კაპიტალისტური სამყაროსთვის გამოწვევას წარმოადგენდა.

ალჟირმა არაბული კოალიცია 1967 წლის ექვსდღიან ომში ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო ძალებით გააძლიერა და 1973 წლის იომ კიპურის ომში 150 ტანკისგან შემდგარი ჯავშანტექნიკური ბრიგადა გაგზავნა, სადაც ალჟირის გამანადგურებლები ეგვიპტელებთან და ერაყელებთან ერთად თავდასხმებში მონაწილეობდნენ. მან ასევე 200 მილიონი დოლარი შეიტანა საბჭოთა კავშირში ეგვიპტისა და სირიისთვის იარაღის შესყიდვის დასაფინანსებლად. ექვსდღიან ომში ისრაელისადმი აშშ-ს მხარდაჭერის საპასუხოდ, ალჟირმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა შეერთებულ შტატებთან. მან მონაწილეობა მიიღო 1973 წლის ნავთობის ემბარგოში, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ისრაელს იომ-ქიფურის ომში მხარი დაუჭირა. ეგვიპტისა და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზების საპასუხოდ, ალჟირმა, სხვა არაბულ ქვეყნებთან ერთად, დაგმო ანვარ სადათი და 1977 წელს გაწყვიტა ურთიერთობები ეგვიპტესთან.
ალჟირი იარაღის უმეტეს ნაწილს საბჭოთა კავშირისგან ყიდულობდა.
რეგიონული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მისი 1975 წელს მიცემული დაპირება, რომ მხარს დაუჭერდა დასავლეთ საჰარის თვითგამორკვევას. მან ასევე უარი განაცხადა მაროკოს, ესპანეთსა და მავრიტანიას შორის დასავლეთ საჰარის გაყოფის შესახებ სამმხრივი შეთანხმების დამტკიცებაზე, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია კოლონიალიზმის წინააღმდეგ. შედეგად, რამდენიმე ქვეყანამ აღიარა საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა. ამან მაროკოსთან ურთიერთობების აღდგენის ნებისმიერი შანსი დაასრულა, რომელიც ისედაც დაძაბული იყო 1963 წლის ქვიშის ომის შემდეგ, თუმცა მისი პირველი ვადის განმავლობაში ურთიერთობები გარკვეულწილად დათბობას განიცდიდა. მაროკო-ალჟირის მეტოქეობის ესკალაციამ და დასავლეთ საჰარის ჯერ კიდევ გადაუჭრელმა საკითხმა ალჟირის საგარეო პოლიტიკა განსაზღვრა, რაც დღემდე გრძელდება.
პალესტინის საკითხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბუმედიენის მოღვაწეობის პერიოდში 1965 წლის ზაფხულში ალჟირში გაიხსნა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის პირველი ოფისი საიდ ალ-საბას ხელმძღვანელბით. ჰუარი ბუმედიენმა შერშელის სამხედრო კოლეჯის კარები გაუღო პალესტინელ ოფიცრებს. პირველმა ოფიცრებმა დიპლომები პრეზიდენტ ჰუარი ბუმედიენის, საიდ ალ-საბას და ტაჰარ ზბირის თანდასწრებით მიიღეს. მან ასევე გენერალ დე გოლის შტაბ-ბინა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის შტაბ-ბინად გამოაცხადა. ბუმედიენი იჭერდა მტკიცე პოზიციას როგორც არაბული და ჰუმანიტარული საკითხების, ასევე ხალხთა თვითგამორკვევის უფლების მიმართ, რისთვისაც 1976 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გადასცა მშვიდობის მედალი მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვისადმი დაუღალავი ძალისხმევის აღიარებისა და მადლიერების ნიშნად.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1978 წელს ჰუარი ბუმედიენი უკვე იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. სსრკ-ში ჩასვლის შემდეგ, ის მოულოდნელად მძიმედ დაავადდა და მკურნალობას სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს მე-4 მთავარ სამმართველოში გადიოდა. თავს ცუდად გრძნობდა და სასწრაფოდ მოითხოვა სახლში დაბრუნება სპეც რეისით. დაბრუნებისთანავე კომაში ჩავარდა. კომატოზური მდგომარეობა 39 დღე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მას მკურნალობდა მასთან ერთად ჩამოსული საბჭოთა ექიმების ჯგუფი, ა. ი. ვორობიოვის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად ექიმები შარდის ბუშტის კიბოს ვარაუდობდნენ, თუმცა სამედიცინო ანალიზებმა ეს ეჭვები გაფანტა. ალჟირში ბუმედიენის სამკურნალოდ სპეციალურად გაემგზავრა შვედი ექიმი, რომელმაც ვალდენსტრემის დაავადება ივარაუდა, თუმცა მისი ეჭვები არ დადასტურდა (ამავე დაავადებით 4 წლით ადრე გარდაიცვალა საფრანგეთის პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ).[11]
ჰუარი ბუმედიენი გარდაიცვალა 1978 წლის 27 დეკემბერს.
ბუმედიენის დაკრძალვა ალჟირში 1978 წლის 29 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც ორი მილიონი ადამიანი დაესწრო. ხალხმა გაარღვია პოლიციის კორდონები და გზები გადაკეტა. ალჟირის მთავრობამ სოციალისტური რევოლუციის გაგრძელების პირობა დადო და 40-დღიანი ოფიციალური გლოვა გამოაცხადა. კემპ-დევიდის შეთანხმებებთან დაკავშირებით უთანხმოების მიუხედავად, ეგვიპტის პრეზიდენტმა ანვარ სადათმა ბუმედიენს პატივი მიაგო და დაკრძალვაზე დელეგაცია გაგზავნა. დაკრძალვას დაესწრო პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერი იასირ არაფატი მისი პარტიზანული ორგანიზაციის, ფათჰის, მეორე მეთაურ, აბუ იადთან ერთად, რომელსაც ბუმედიენესთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ ბუმედიენმა გამორჩეული როლი ითამაშა ალჟირის დამოუკიდებლობისთვის ხანგრძლივ ბრძოლაში. ღონისძიებას დიდი დელეგაცია დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მათ შორის მუჰამედ ალი.
ალჟირის პოლიტიკურ წრეებში დროდადრო ვრცელდებოდა ჭორები მისი მკვლელობის ან მოწამვლის შესახებ, განსაკუთრებით 1975 წლის ალჟირის შეთანხმებებში მონაწილე კიდევ ორი მოთამაშის — ირანის შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის (გ. 1980) და ირანის პრემიერ-მინისტრის ამირ ასადალა ალამის (გ. 1978) კიბოთი გარდაცვალების შემდეგ. ბუმედიენის გარდაცვალებამ ალჟირში ხელისუფლების ვაკუუმი შექმნა, რომლის შევსებაც რთული იყო; საბოლოოდ, სამხედრო კონკლავების სერია შეთანხმდა, რომ გვერდი აევლოთ მემარცხენე და მემარჯვენე კონკურენტებისთვის და თანამდებობაზე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, პოლკოვნიკი შადლი ბენჯადიდი, დაენიშნათ.[12]
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰუარი ბუმედიენის სახელს ატარებს რამდენიმე ქალაქი და დაწესებულება, მათ შორის: ჰუარი ბუმედიენის საერთაშორისო აეროპორტი ალჟირში და ჰუარი ბუმედიენის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ალჟირში.[13]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Balta, Paul, and Claudine Roulleau, La Stratégie de Boumédiène, Simbad, 1978
- Francos, Ania, and Jean-Pierre Séréni, Un Algérien nommé Boumédiène, Stock, coll. Les Grands Leaders, 1976
- Minces, Juliette, L'Algérie de Boumediène, Presses de la Cité, 1978
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Houari Boumedienne // Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Muhammad Khayr Ramdan Yusef (2016), تتمة الأعلام: وَفَيَات 1976-2013 (4th რედ.), ადენი: Dār al-Wifāq lil-Dirāsāt wa al-Nashr, OCLC 1048305227, ვიკიმონაცემები Q115012904, https://archive.org/details/YOS2013ARAR
- ↑ الجزيرة نت. (4-9-2014) هواري بومدين. ციტირების თარიღი: 29-09-2025
- ↑ https://www.google.com/search?q=country+of+citizenship+of+houari+boumediene&rlz=1C1GCEU_enGH1163GH1163&oq=country+of+citizenship+of+houari+&gs_lcrp=EgZjaHJvbWUqBwgBECEYoAEyBggAEEUYOTIHCAEQIRigATIHCAIQIRigATIHCAMQIRigATIHCAQQIRigAdIBCTIwNDEwajBqNKgCALACAQ&sourceid=chrome&ie=UTF-8.
- ↑ بيان تشكيل مجلس الثورة و أعضاؤه - الجريدة الرسمية الجزائرية السنة 1965 م على موقع واي باك مشين. December 17, 2019 PDF نسخة محفوظة
- ↑ Alain Ruscio, , Messidor/Éditions sociales, 1987, p. 113.ფრანგ.
- ↑ "Entretien avec Anissa Boumediene". TSA (ფრანგ. ). 28 Mar 2019. Retrieved 14 Aug 2025.
- ↑ John, Peter St. (1968). "Independent Algeria from Ben Bella to Boumédienne: I. The Counter-Revolution and Its Consequences". The World Today. 24 (7). Royal Institute of International Affairs: 290–296. JSTOR 40394141.
- ↑ MAITRE BOUZIDA, « », El Watan, 4 juillet 1996. ფრანგ.
- ↑ L'Algérie, Claudine Rulleau and Paul Balta, 2000
- ↑ "Algerians Mourn Death of Boumediene". Washington Post. ISSN 0190-8286. Retrieved 2023-03-28.
- ↑ "لمَّا اعترف "هواري بومدين" بفضل المغرب في انتصار الجزائر على الاستعمار". assafir24.ma (in Arabic). 2020. Archived from the original on 2024-03-25. Retrieved 2024-03-25.
- ↑ Chilcote, Ronald H. (1986). Cuba, 1953-1978: A Bibliographic Guide to the Literature. Kraus International Publications. p. 910. ISBN 9780527168247.