შინაარსზე გადასვლა

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე[1][2][3] აღინიშნება 17 მაისს და აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. დღის დაარსების მე-9 წელს, 2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში.[4]

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.[5]

ისტორია

დღის აღნიშვნას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. ერთწლიანი კამპანია 2005 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის პირველი საერთაშორისო დღის აღნიშვნით დასრულდა. 24 000-მა ადამიანმა და ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ორგანიზაცია (ILGA), გეებისა და ლესბოსელების უფლებების საერთაშორისო კომისია (IGLHRC), ლგბტ ებრაელების მსოფლიო კონგრესი და აფრიკელ ლესბოსელთა კოალიცია, ხელი მოაწერეს „აიდაჰოს ინიციატივის“ მხარდამჭერ მიმართვას. ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მრავალ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის პირველად მსგავსი ღონისძიება კონგოს, ჩინეთისა და ბულგარეთის ისტორიაში.

2009 წელს, კამპანიის სახელს დაემატა ტრანსფობია და ამ წლის აქტივობები ძირითადად ტრანსფობიის (ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია და ძალადობა მათ მიმართ) ირგვლივ ფოკუსირდა. ამავე წელს, შემუშავდა ახალი პეტიცია, რომელსაც მსოფლიოს 75 ქვეყნის მასშტაბით 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. მხარდამჭერებს შორის ასევე იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები (ელფრიდე იელინეკი, ფრანსუაზ ბარე-სინუსი და ლუკ მონტანიე). 2009 წლის 17 მაისის გამთენიისას, საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ტრანსგენდერული საკითხები ოფიციალურად ამოიღო მენტალურ დაავადებათა სიიდან.[6][7]

საფრანგეთში ამ დღის აღნიშვნის ხელმძღვანელი იყო ლუის-ჟორჟ ტინი, რომელიც 2013 წლის სექტემბრამდე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ამის შემდეგ ის ჩაანაცვლა საერთაშორისოდ ცნობილმა ვენესუელელმა ტრანს-უფლებების აქტივისტმა, ადვოკატმა და პროფესორმა ტამარა ადრიანმა.

2013 წლის 18 მაისს, საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა; ეს გადაწყვეტილება წინა დღეს, 17 მაისს გახდა ცნობილი.[8]

2015 წელს კამპანიის სახელს დაემატა ბიფობია.[9]

მიზნები და აქტივობები

17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ლგბტ საზოგადოებებისაკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პროცესში მედიის, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გზით.

17 მაისის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია ისეთი მოვლენის შექმნა, რომელიც გლობალურ დონეზე იქნება დანახული სპეციფიკური ტიპის ქმედებებთან შესაბამისობის საჭიროების გარეშე.[10] მსგავსი დეცენტრალიზაციის საჭიროება გამომდინარეობს სოციალური, რელიგიური, კულტურული და პოლიტიკური კონტექსტების მრავალფეროვნებით, რომლებშიც ხშირად აქვს ადგილი უფლებების შელახვას.

17 მაისი მსოფლიოში

17 მაისის ღონისძიების დარბევა თბილისში

ეს დღე განსაკუთრებით ძლიერია ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში, ის სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება. 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 2013 წელს, ის აღნიშნეს მსოფლიოს იმ 76 ქვეყნიდან 32-ში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება კრიმინალიზებულია.

ღონისძიებები მოიცავს ქუჩის ფართომასშტაბიან მარშებს, პარადებსა და ფესტივალებს. მაგალითად, კუბაში, ბოლო 3 წლის მანძილზე, ქუჩის უზარმაზარ პარადს მოქმედი პრეზიდენტის, რაულ კასტროს ქალიშვილი მარიელა კასტრო უძღვება. 2013 წელს, ჩილეში, დღის აღსანიშნავად, სანტიაგოს ქუჩებში 50 000 ადამიანი გამოვიდა.

2013 წლის 17 მაისს, საქართველოში, თბილისში, ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს.[11][12][13] საპასუხოდ, მომდევნო წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.[14]

ასევე მსგავსია ხელოვნებასა და კულტურაზე ორიენტირებული ღონისძიებები. მაგალითად, 2013 წელს ბანგლადეშელმა აქტივისტებმა ორგანიზება ჩაატარეს მუსიკალური ფესტივალი „გიყვარდეს მუსიკა, გძულდეს ჰომოფობია“.[15] 2012-2013 წლებში ალბანელმა ლგბტ აქტივისტებმა ტირანის ქუჩებში 17 მაისისადმი მიძღვნილი ყოველწლიური მოტო-გასეირნება მოაწყვეს.[16]

ოფიციალური აღიარება

2003 წელს, კანადურმა ორგანიზაცია Fondation Émergence-მა შემოიღო მსგავსი ღონისძიება — ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული დღე, რომელიც 1 ივნისს აღინიშნა. 2006 წელს მათ ეს თარიღი 17 მაისს გადაიტანეს და საერთაშორისო მოძრაობას შეუერთდნენ.[17]

2010 წელს, ბრაზილიის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ლულამ ხელი მოაწერა აქტს, რომლითაც 17 მაისი ბრაზილიაში ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული დღედ გამოაცხადა.[18][19]

ეს დღე ოფიციალურად ასევე აღიარებულია ევროპარლამენტის, ესპანეთის, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, მექსიკის, კოსტა-რიკის, ხორვატიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის მიერ. გარდა ამისა, 17 მაისს აღიარებს ზოგიერთი ადგილობრივი მმართველობაც, მაგალითად, კანადაში კვებეკის პროვინცია და არგენტინაში ქალაქი ბუენოს-აირესი.[20]

2012 წელს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში, ორგანიზაცია Homotopia-თან ერთად შეიქმნა ღონისძიებათა პიონერული პროგრამა. მას მხარი დაუჭირა ლივერპულის წამყვანმა 50-მა ორგანიზაციამ.[21][22][23][3]PDF

2014 წლის 21 მარტს, მექსიკაში გამოიცა საპრეზიდენტო დეკრეტი, რომლის თანახმადაც, 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის ეროვნული დღედ გამოცხადდა.[24]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. IDAHO Committee. ციტირების თარიღი: 9 October 2013.
  2. UNESCO. ციტირების თარიღი: 9 October 2013.
  3. ILGA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 9 October 2013.
  4. IDAHO Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-07. ციტირების თარიღი: 2015-05-17.
  5. May 17th is the Intl Day Against Homophobia. Ilga.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-04. ციტირების თარიღი: 2013-12-03.
  6. [1]
  7. [2]
  8. Hollande Signs French Gay Marriage Law
  9. IDAHOT | Metropolitan Community Churches. Mccchurch.org. ციტირების თარიღი: 2015-05-15.
  10. IDAHO Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 October 2013.
  11. 17 მაისის აქცია
  12. 17 მაისის საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო
  13. აქციის დარბევა - ვიდეო
  14. ილია მეორე 17 მაისს „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ აცხადებს“
  15. Bangladesh IDAHO Report 2013. IDAHO Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 9 October 2013.
  16. An Unofficial View of Tirana. Continent Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 October 2013.
  17. „Anti-Homophobia Day Marked In Windsor“. The Windsor Star. The Windsor Star. 2010-05-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-27. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  18. It is Official! May 17th is the National Day Against Homophobia in Brazil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-07.
  19. Brazil’s President Lula decrees National Day Against Homophobia.
  20. IDAHO Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 October 2013.
  21. Alan Weston. (15 May 2012) Liverpool supports IDAHO - the international day of action against homophobia. Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 2012-05-31.
  22. 17th May 2012 – The Inaugural Launch of Idaho 50. Liverpool Learning Disability (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-05-31.
  23. Alan Weston. (15 May 2012) Liverpool Echo. ციტირების თარიღი: 2012-05-31.
  24. Presidencia de México. ციტირების თარიღი: 14 May 2014.