ჰიჯრან ჰუსეინოვა
ჰიჯრან ქამრან ქიზი ჰუსეინოვა (აზერ. Hicran Hüseynova Kamran qızı; დ. 13 აგვისტო, 1955) — აზერბაიჯანელი პროფესორი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოჯახის, ქალთა და ბავშთა საქმეების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰიჯრან ჰუსეინოვა დაიბადა 1955 წლის, 13 აგვისტოს, აზერბაიჯანის სსრ-ის დედაქალაქ ბაქოში. 1972 წელს საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ჰუსეინოვა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულებაზე ჩაირიცხა და სწავლა 1977 წელს დაასრულა. 1977-1978 წლებში მუშაობდა ბაქოს No. 189-ე საშუალო სკოლაში. 1985 წელს მიიღო ისტორიის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, ხოლო 2001 წელს პოლიტიკის მეცნიერების ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1988 წლიდან ასწავლის აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წლიდან არის აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და თანამედროვე ინტეგრაციული პროცესების განყოფილების პროფესორი და დირექტორი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰიჯრან ჰუსეინოვას კარიერა ბაქოს 189-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლობით დაიწყო. ამ პერიოდში იგი დაჯილდოვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საუკეთესო ახალგაზრდა მასწავლებლის მედლით. 1978 წლიდან ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობისა და ისტორიის დეპარტამენტებში ასწავლიდა. 1985 წელს პოლიტიკის ისტორიის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა, ხოლო 1992 წელს საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ასოცირებული პროფესორი გახდა. ასწავლიდა შემდეგ კურსებს: საერთაშორისო ურთიერთობა ისტორია, თანამედროვე ინტეგრაციის პროცესი, ლობირება და დიასპორა საერთაშორისო ურთიერთობებში. აირჩიეს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მუდმივ წევრად. 1996 წლიდან გახდა საერთაშორისო პროგრამა TEMPUS TASCIS-ის მთავარი მონაწილე და ლექციებს კითხულობდა საფრანგეთსა და იტალიაში. ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საფრანგეთის უნივერსიტეტების კოლაბორაციას. 1998-1999 წლებში მონაწილეობდა აზერბაიჯანის ახალგაზრდულ და აზერბაიჯანის ქალთა კონგრესებში. 1998 წელს გამოსცა მონოგრაფია „აზერბაიჯანი ევროპული ინტეგრაციის სისტემაში“. 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ქალთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლის დეკემბერში აზერბაიჯანიც დემოკრატიულმა საზოგადოებრივმა ცენტრმა ქალთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ღვაწლის გამო ჰუსეინოვა ეროვნული ჯილდოთი, Gizil Buta დააჯილდოვა. იმავე წელს ჰუსეინოვამ მშვიდობის ელჩის ჯილდო მიიღო. 2007 წელს გენდერული თანასწორობის რეკლამირებისთვის გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისა და ქალთა ჩართულობის ამაღლებაში შეტანილი წვლილის გამო ჰუსეინოვას UNIFEM-ის სერთიფიკატი გადაეცა. მომდევნო წელს ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებისა და კულტურული ტრადიციების დაცვისთვის ქალთა საერთაშორისო ფორუმმა Pulse of the Planet ჰუსეინოვას მშვიდობისა და მეგობრობის დიპლომი გადასცა. 2010 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა პროფესორი ეროვნული ჯილდოთი - ღირსების ორდენით - დააჯილდოვა. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის გამო ჰიჯრან ჰუსეინოვა 2015 წლის 12 აგვისტოს Shohrat ორდენით დაჯილდოვდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bakı Dövlət Universiteti. Hüseynova Hicran Kamran qızı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2010-11-30.