ჰიურტგენის ტყის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიურტგენის ტყის ბრძოლა
მეორე მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტის ნაწილი

ამერიკელი მედესანტეები გადაადგილდებიან ჰიურტგენის ტყეში.
თარიღი 19 სექტემბერი – 16 დეკემბერი, 1944 წელი
მდებარეობა ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია, გერმანია
შედეგი გერმანელთა თავდაცვითი გამარჯვება
მხარეები
აშშ-ის დროშა აშშ ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
მეთაურები
აშშ-ის დროშა ომარ ბრედლი
აშშ-ის დროშა კორტნი ჰოჯესი
ნაცისტური გერმანიის დროშა ვალტერ მოდელი
ძალები
120 000 80 000
დანაკარგები
33 000–55 000 28 000
ჰიურტგენის ტყის ბრძოლა ვიკისაწყობში

ბრძოლა ჰიურტგენის ტყეში — მძიმე ბრძოლების სერია გერმანიაში, ჰიურტგენის ტყეში, 1944 წლის 19 სექტემბრიდან 16 დეკემბრამდე, გერმანელებსა და ამერიკელებს შორის დასავლეთის ფრონტზე, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. ასორმოც კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ეს ბრძოლის ველი გერმანია-ბელგიის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრზე მდებარეობს. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა გერმანიის მიწაზე მეორე მსოფლიო ომში და ამავდროულად ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც ამერიკის არმიას გამოუვლია. ამერიკელთა დანაკარგები იმდენად მაღალი იყო, რომ ბრიტანელი ისტორიკოსი მარკ ფელტონი ჰიურტგენის ბრძოლას „ამერიკის ხორცსაკეპ მანქანას“ უწოდებს.

ამერიკელი ქვეითები გადაადგილდებიან ხიდის მიმართულებით ჰიურტგენის ტყეში.

ამერიკული სარდლობის თავდაპირველი ამოცანა იყო გერმანელთა ძალებზე ზეწოლა ჰიურტგენის ტერიტორიაზე, რათა მათ ვერ მოეხერხებინათ ჩრდილოეთით აახენის ბრძოლაში დამატებითი ძალების გადაყვანა. მეორეხარისხოვან ამოცანად შეიძლებოდა ჩათვლილიყო გერმანელების წინა ხაზისთვის შემოვლა. ამერიკელთა ამოცანა თავიდან იყო შმიდტის აღება და ქალაქ მონშაუს გაწმენდა. შეტევის მეორე ფაზაში მათ სურდათ მდინარე რურთან მისვლა ოპერაცია ქუინის ფარგლებში. გენერალ-ფელდმარშალ ვალტერ მოდელს განზრახული ჰქონდა მოკავშირეთა წინსვლის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ არნჰემის ბრძოლასთან შედარებით ის ნაკლებად ერეოდა ამერიკელთა ყოველდღიურ გადაადგილებებში, ის მუდამ ინფორმირებული იყო არსებული ვითარების თაობაზე, ანელებდა ამერიკელთა წინსვლას და მძიმე დანაკარგებს აყენებდა მათ. მისი მეთაურობით გერმანელები ეფექტურად იყენებდნენ ზიგფრიდის ხაზის ფორტიფიკაციებს.

გერმანელ ქვეითთა ქვემეხი ბომბავს ამერიკულ პოზიციებს, 1944 წლის 22 ნოემბერი, ჰიურტგენის ტყე.

ჰიურტგენის ტყეში ამერიკის პირველ არმიას სულ მცირე 33,000 კაციანი დანაკარგი ჰქონდა, ზოგი ვარაუდით ეს ციფრი 55,000-მდეც კი ადის. გერმანელთა დანაკარგები 28,000 კაცი იყო. ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი აახენი 22 ოქტომბერს დაეცა ამერიკული მეცხრე არმიის მძიმე დანაკარგების ფონზე, მაგრამ მოკავშირეებმა ვერ შეძლეს მდინარე რურის გადაკვეთა. ეს ბრძოლა ამერიკელებს ძალიან ძვირად დაუჯდათ, ამაში კი დიდი დამსახურება ვალტერ მოდელს მიუძღვის.

გერმანელები ტყის ტერიტორიას თავგამოდებით იცავდნენ, რადგან ის იყო პლაცდარმი 1944 წლის ზამთრის გერმანული იერიშისთვის, რომელიც არდენის კონტრშეტევითაა ცნობილი. ამ ტერიტორიის მეორე სტრატეგიული დანიშნულებას წარმოადგენდა მთებიდან არსებული გადასასვლელები რურის კაშხლისკენ, რომელიც რურის რეზერვუარის თავში მდებარეობდა.

რამდენიმე მძიმე და წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოკავშირეებმა ვერ შეძლეს ჰიურტგენის მიდამოები ხელში ჩაგდეოთ მანამ, სანამ გერმანელები თავზეხელაღებულ არდენის კონტრშეტევას დაიწყებდნენ. ეს უკანასკნელი კი 16 დეკემბერს დაიწყო და ამით, ფაქტობრივად, ამერიკელთა იერიში ჰიურტგენზე დასრულდა, რადგანაც გერმანელთა კონტრშეტევის ფონზე ისინი თავდაცვით პოზიციებზე გადაეწყვნენ. არდენის ოპერაციამ საზოგადოებისა და პრესის დიდი ყურადღება მიიპყრო, შედეგად ბრძოლა ჰიურტგენის ტყეში ჩრდილში მოექცა და ის ნაკლებად ახსენდებათ ხოლმე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Astor, Gerald. The Bloody Forest: Battle for Huertgen September 1944 – January 1945. Presidio Press, 2000.
  • Bergstrom, Christer (2014). The Ardennes, 1944-1945 Hitler's Winter Offensive. Casemate / Vaktel Forlag.
  • Currey, Cecil B. (1984). FOLLOW ME AND DIE: The Destruction of an American Division in World War II. New York: Stein & Day.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]