ჰიდროლოკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰიდროლოკაცია (ლათ. ჰიდრო... და Locatioგანლაგება) — წყალქვეშა ობიექტების მდებარეობის განსაზღვრა ხმოვანი სიგნალების საშუალებით. ხმოვან სიგნალებს გამოასხივებს თვით ობიექტი (პასიური ლოკაცია) ან წარმოიქმნება ხელოვნურად შექმნილი ბგერითი სიგნალების ობიექტიდან არეკვლის შედეგად (აქტიური ლოკაცია). ჰიდროლოკაციას ფართოდ იყენებენ ნავიგაციაში უხილავ წყალქვეშა დაბრკოლებათა აღმოსაჩენად, თევზჭერის დროს, ოკეანოლოგიაში ჩაძირული გემების აღმოსაჩენად და ა. შ. აგრეთვე წყალქვეშა ნავებისა და წყალზედა ხომალდების აღმოსაჩენად, ობიექტის კოორდინატების დასადგენად ტორპედული და რაკეტული იარაღების გამოყენების დროს.

პასიური ლოკაციის (ხმაურპელენგაციის) დროს ხმაურპელენგატორის მეშვეობით ადგენენ მიმართულებას ხმოვანი სიგნალების გამომსხივებელ ობიექტამდე (ობიექტის პელენგი). ამ მიზნით, მახვილად მიმართულ აკუსტიკურ ანტენას იმ კუთხით მოაბრუნებენ, სანამ მიღებულ სიგნალს ექნება მაქსიმალური ინტენსივობა. ამ დროს ზომავენ სივრცეში განლაგებული ორი ანტენის მიერ მიღებულ სიგნალებს შორის ფაზათა სხვაობას (ფაზური მეთოდი) ან ანტენების მიერ სიგნალთა მიღების დროთა სხვაობას (კორელაციური მეთოდი). შესაძლებელია აგრეთვე ამ მეთოდების კომბინირებული გამოყენება. ჰიდროლოკაციის პასიურ სისტემებს იყენებენ უმეტესად წყალქვეშა ნავებსა და წყალზედა ხომალდებზე, აგრეთვე ზღვაში სპეციალურად ჩაძირულ ან მოტივტივე კონტეინერებზე, რომლებიც წყალქვეშა კაბელებით შერთებულია სახმელეთო დამკვირვებელ პუნქტებთან, სადაც ხდება მიღებული სიგნალების დამუშავება და ხმაურიანი ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

აქტიური ჰიდროლოკაციის სისტემები დამყარებულია ბგერითი ექოს მოვლენაზე და ერთმანეთისგან განსხვავდებიან გაგზავნილი სიგნალის დროის მოდულაციის მეთოდებითა და სივრცის მიმოხილვის ხერხებით. ობიექტის სიშორის დასადგენად სარგებლობენ სიგნალის იმპულსური, სიხშირული და ხმაურის მოდულაციით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]