ჰერმესი (მოდის სახლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანგული მოდის სახლი
ფრანგ. Hermès
აბრევიატურა HERMES
შეიქმნა 1837
ტიპი მოდის სახლი
მდებარეობა საფრანგეთი
დამფუძნებელი (-ები) Thierry Hermès
ქვეყანა საფრანგეთი
კავშირები Comité Colbert
hermes.com

ჰერმესი (ფრანგ. Hermès International)[1] — ფრანგული მოდის სახლი, რომელიც 1837 წელს დაარსდა.

თავდაპირველად ფირმა საცხენოსნო და ეკიპაჟების აღკაზმულობის დასამზადებელი სახელოსნო იყო. იგი დააარსა ტერი ჰერმესმა (1801-1878) და ემსახურებოდა მხოლოდ არისტოკრატიული წრის წარმომადგენლებს. 1880 წელს ტერის შვილმა, შარლ-ემილმა გადაიბარა მამის ბიზნესი და ასორტიმენტი გააფართოვა. ფირმა უკვე ყველა მსურველს ემსახურებოდა.

1951 წელს კომპანიას სათავეში ჩაუდგა რობერ დიუმა. მისი მმართველობის პერიოდში შეიმუშავეს ბრენდის ლოგო, ასევე ამ პერიოდში იქნა არჩეული საფირმო ფერი — ნარინჯისფერი.

ტყავის ნაწარმთან მუშაობასთან ერთად „ჰერმესმა“ თანდათან შეცვალა ასორტიმენტი. დაიწყო პარფიუმერიის, ტანსაცმლის და სხვადასხვა აქსესუარების გამოშვება.

1937 წელს ფირმამ გამოუშვა შარფები. ჰერმესის თანამედროვე შარფები აბრეშუმისაა ზომით 90*90 სმ და იწონის 65 გრამს. მოტივები ძალიან განსხვავებულია. წელიწადში აბრეშუმის შარფების 2 კოლექციას, ზოგჯერ კი ძველი დიზაინის ხელახალ, შეზღუდული ტირაჟსაც უშვებენ. 1937 წლიდან კომპანიამ შარფების 2000 უნიკალური დიზაინი შექმნა.

ჰერმესის შარფებს ატარებდნენ ცნობილი ქალბატონები: დედოფალი ელისაბედ II და მისი და პრონცესა მარგარეტი, პრინცესა გრეის კელი, ჟაკლინ კენედი, ოდრი ჰეპბერნი, შერონ სტოუნი, კამერონ დიასი, ენ ჰეთეუეი.

1946 წელს ბრენდმა წარმოადგინა მამაკაცის აბრეშუმის ჰალსტუხების ფართე ასორტიმენტი. კომპანიის გაყიდვების 10% სწორედ ჰალსტუხებზე მოდის.

ჰერმესის ჰალსტუხები

ჰერმესი ცნობილია თავისი ჩანთებით. თითოეულ ჩანთაზე მუშაობა 18-დან 24 საათამდე გრძელდება. მსურველებს რიგში ჩადგომაც კი უწევთ მათ შესაძენად. ეს კი 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება.

1951 წლიდან კომპანია უშვებს ქალისა და მამაკაცის არომატებს, აქვს ასევე უნისექსის ხაზიც.

ჰერმესის ჩანთა „ბირკინი“

ფირმა ცნობილია თავისი ფუფუნების საგნებით. 2008 წელს ჰქონდა 14 ქვეგანყოფილება, რომელიც მოიცავდა ტყავებს, შარფებს, ჰალსტუხებს, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, პარფიუმერიას, საათებს, საკანცელარიო საქონელს, ფეხსაცმელს, ხელთათმანებს, დეკორატიულ ხელოვნებას, ჭურჭელს და საიუველირო ნაწარმს.

კომპანიის გაყიდვების 30% ტყავის ნაწარმზე მოდის, 15% ტანსაცმელზე, 12% შარფებზე, 43% დანარჩენ პროდუქციაზე. ფირმა თავის პროდუქციას ლიცენზირებას არ უკეთებს და მის დიზაინსა და დამზადებაზე მკაცრი კონტროლი აქვს დაწესებული. ფირმის პროდუქცია თითქმის მთლიანად საფრანგეთში მზადდება ხელით, რაც ხარისხისა და უნიკალურობის გარანტიას იძლევა.

2012 წელს ჰერმესის სავაჭრო ცენტრებმა შეცვალეს თავიანთი პოლიტიკა საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მყიდველებს შეუძლიათ პროდუქციის გაცვლა მისი შეძენიდან 10 დღის განმავლობაში, მხოლოდ სხვა ფერის იგივე პროდუქტზე. სხვაგვარი გაცვლა და თანხის უკან დაბრუნება კატეგორიულად იკრძალება.

თავისი არსებობის მანძილზე კომპანიის დიზაინერები იყვნენ ლოლა პრუსაკი, ჟაკ დილეი, კატრინ დე კაროლი, ნიკოლ დე ვესიანი, ერიკ ბერჟე, ჟან-პოლ გოტიე, კრისტოფ ლემერი და სხვები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.hermes.com/