შინაარსზე გადასვლა

ჰენრი სტიმსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრი ლუის სტიმსონი
Henry Lewis Stimson

სტიმსონი 1931 წელს
აშშ-ის დროშა აშშ-ის 54-ე ომის მდივანი
მმართ. დასაწყისი: ივლისი 10, 1940
მმართ. დასასრული: სექტემბერი 21, 1945
პრეზიდენტი: ფრანკლინ დელანო რუზველტი
ჰარი ტრუმენი
წინამორბედი: ჰარი ვუდრინგი
მემკვიდრე: რობერტ პატერსონი
აშშ-ის დროშა აშშ-ის 46-ე სახელმწიფო მდივანი
მმართ. დასაწყისი: მარტი 28, 1929
მმართ. დასასრული: მარტი 4, 1933
პრეზიდენტი: ჰერბერტ ჰუვერი
წინამორბედი: ფრენკ კელოგი
მემკვიდრე: კორდელ ჰალი
აშშ-ის დროშა აშშ-ის ფილიპინების გენერალ-გუბერნატორი
მმართ. დასაწყისი: დეკემბერი 27, 1927
მმართ. დასასრული: თებერვალი 23, 1929
პრეზიდენტი: კალვინ კულიჯი
წინამორბედი: იუჯინ ალან გილმორი (მოვალეობის შემსრულებელი)
მემკვიდრე: იუჯინ ალან გილმორი (მოვალეობის შემსრულებელი)
აშშ-ის დროშა აშშ-ის 45-ე ომის მდივანი
მმართ. დასაწყისი: მაისი 22, 1911
მმართ. დასასრული: მარტი 4, 1913
პრეზიდენტი: უილიამ ჰოვარდ ტაფტი
წინამორბედი: ჯეიკობ დიკენსონი
მემკვიდრე: ილინდლეი მილერ გარისონი
სხვა წოდებები: აშშ-ის ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორი
პარტია: რესპუბლიკური პარტია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 სექტემბერი, 1867
დაბ. ადგილი: ნიუ-იორკი, ნიუ იორკი, აშშ
გარდ. თარიღი: 20 ოქტომბერი, 1950 (83 წლის)
გარდ. ადგილი: ჰანინგტონი, ნიუ იორკი, აშშ
მეუღლე: მაბელ უელინგტონ უაითი
მამა: ლუის სტიმსონი
დედა: ქენდის ტუბერ უილერი
ხელმოწერა:
სამხედრო კარიერა
ეროვნება: ამერიკელი
კუთვნილება: აშშ-ის არმია
მოღვაწეობა: 1917-1929
წოდება: ბრიგადის გენერალი
ნაწილი: 77-ე საველე საარტილერიო პოლკი[1]
ბრძოლები/ომები: პირველი მსოფლიო ომი

ჰენრი ლუის სტიმსონი (დ. 21 სექტემბერი, 1867 – გ. 20 ოქტომბერი, 1950) — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსი. კარიერის განმავლობაში იქცა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წამყვან ფიგურად, როგორც რესპუბლიკურ, ასევე დემოკრატიულ ადმინისტრაციებში მსახურობით. იგი მუშაობდა ომის მდივნის (1911-1913) თანამდებობაზე პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტის დროს, სახელმწიფო მდივნის (1929-1933) თანამდებობაზე პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის დროს და კვლავ ომის მდივნის (1940-1945) თანამდებობაზე პრეზიდენტების ფრანკლინ რუზველტისა და ჰარი ტრუმენის დროს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობდა.

ქირურგ ლუის ატერბერი სტიმსონისა და კენდის სტიმსონის ვაჟი, სტიმსონი, ჰარვარდის სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ უოლ-სტრიტის იურისტი გახდა. პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის დროს ის შეერთებული შტატების პროკურორად მუშაობდა და რამდენიმე ანტიმონოპოლიურ საქმეს აწარმოებდა. 1910 წელს ნიუ-იორკის გუბერნატორის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სტიმსონი ტაფტის პრეზიდნეტობისას ომის მდივნის თანამდებობას იკავებდა. მან განაგრძო შეერთებული შტატების არმიის რეორგანიზაცია, რომელიც მისი მენტორის, ელიუ რუთის ხელმძღვანელობით დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, სტიმსონი მზადყოფნის მოძრაობის წევრი გახდა. შეერთებული შტატების ომში ჩართვის შემდეგ, ის საფრანგეთში არტილერიის ოფიცრად მსახურობდა. 1927 წლიდან 1929 წლამდე პრეზიდენტ კალვინ კულიჯის დროს ფილიპინების გენერალ-გუბერნატორად მსახურობდა.

1929 წელს პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა სტიმსონი სახელმწიფო მდივნად დანიშნა. სტიმსონი ცდილობდა თავიდან აეცილებინა მსოფლიო საზღვაო რბოლა და ამით ხელი შეუწყო ლონდონის საზღვაო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს. მან გააპროტესტა იაპონიის შეჭრა მანჯურიაში, რამაც დაამკვიდრა სტიმსონის დოქტრინა ძალის გამოყენებით განხორციელებული საერთაშორისო ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების შესახებ.

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, სტიმსონი დათანხმდა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის შეთავაზებას და ომის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნებას. აშშ-ს ომში შესვლის შემდეგ, სტიმსონმა, არმიის შტაბის უფროსთან, ჯორჯ მარშალთან მჭიდრო თანამშრომლობით, 13 მილიონი ჯარისკაცისა და მფრინავის აღზრდა-წვრთნა იკისრა, ზედამხედველობდა ქვეყნის მშპ-ს მესამედის არმიასა და საჰაერო ძალებზე ხარჯვას, მონაწილეობას იღებდა სამხედრო სტრატეგიის შემუშავებაში და ხელმძღვანელობდა მანჰეტენის პროექტს პირველი ატომური ბომბების შესაქმნელად. მან მხარი დაუჭირა ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვას, მაგრამ დაარწმუნა ტრუმენი, ისტორიული ქალაქი კიოტო ატომური ბომბის სამიზნეების სიიდან ამოეღო. ომის დროს და მის შემდეგ, სტიმსონი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მორგენთაუს გეგმას, რომელიც გერმანიის დეინდუსტრიალიზაციას და რამდენიმე პატარა სახელმწიფოდ დაყოფას გეგმავდა. ის ასევე ემხრობოდა ნაცისტი ომის დამნაშავეების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების დაწყებას, რამაც ნიურნბერგის სასამართლო პროცესები გამოიწვია.

სტიმსონი თანამდებობიდან 1945 წლის სექტემბერში გადადგა და 1950 წელს გარდაიცვალა.

ადრეული ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ახალგაზრდა სტიმსონი კატა მიმისთან ერთად, პორტრეტი დორა უილერ კიტის მიერ
სტიმსონი, როგორც ახალგაზრდა იურისტი

სტიმსონი დაიბადა 1867 წელს მანჰეტენზე, ნიუ-იორკში, ცნობილი ქირურგის, ლუის ატერბერი სტიმსონისა და მისი მეუღლის კენდის თურბერ სტიმსონის ოჯახში. როდესაც ის ცხრა წლის იყო, დედამისი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა და ის პანსიონში გაგზავნეს.

განათლება მან მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ანდოვერში, ფილიპსის აკადემიაში მიიღო, სადაც რელიგიით დაინტერესდა და სკოლასთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა. მოგვიანებით, ანდერძით, სკოლას ვაშინგტონში მდებარე თავისი მამული ვუდლი (ამჟამად მარეტის სკოლა) გადასცა.[2] ის იყო თეოდორ რუზველტის „ბუნისა და კროკეტის კლუბის“ საპატიო, ჩრდილოეთ ამერიკის პირველი ველური ბუნების დაცვის ორგანიზაციის, უვადო წევრი.[3] 1905 წლიდან 1947 წლამდე ის ფილიპსის აკადემიის რწმუნებული იყო, ხოლო 1935 წლიდან 1945 წლამდე საბჭოს პრეზიდენტი.[4][5] შემდეგ ის იელის კოლეჯში სწავლობდა, სადაც აირჩიეს „ფი ბეტა კაპას“ წევრად. ის შეუერთდა „ქალა და ძვლებს“, საიდუმლო საზოგადოებას.[6] მან 1888 წელს დაამთავრა იელის კოლეჯი და ჰარვარდის სამართლის სკოლაში ჩააბარა, რომელიც 1890 წელს დაამთავრა. 1891 წელს ის უოლ სტრიტის პრესტიჟულ იურიდიულ ფირმა „რუთ ენდ კლარკის“ დასაქმდა, ხოლო 1893 წელს მისი პარტნიორი გახდა. ელიუ რუთი, მომავალი ომისა და სახელმწიფო მდივანი, სტიმსონისთვის დიდი გავლენის მქონე და მისაბაძი მაგალითი გახდა.[7]

სტიმსონმა ახლო ურთიერთობა დაამყარა ალფრედ ლი ლუმისთან, მის ბიძაშვილთან, რომელიც ოცი წლით უმცროსი იყო და მისთვის „გახდა მამა, რომელიც ლუმისს არასდროს ჰყოლია“. ხოლო ლუმისი გახდა ვაჟი, რომელიც სტიმსონს ვერ ეყოლებოდა, რადგან ის უნაყოფო იყო.[8]

1906 წელს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა სტიმსონი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორად დანიშნა, სადაც სტიმსონმა ანტიმონოპოლიური საქმეების წარმოებაში გამორჩეული წარმატება მოიპოვა. მოგვიანებით, 1937 წლიდან 1939 წლამდე, იგი ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო, სადაც პროკურორად მუშაობისადმი მიძღვნილი მედალი დღემდე მის პატივსაცემად გადიცემა.

სტიმსონი 1910 წელს ნიუ-იორკის გუბერნატორის პოსტზე რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელდა და არჩევნებში დამარცხდა.

ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დაარსებისთანავე შეუერთდა[9] და The New York Times-მა მას „ჯგუფის ტიპური წევრი“ უწოდა.[10]

1911 წელს პრეზიდენტმა უილიამ ჰოვარდ ტაფტმა სტიმსონი ომის მდივნად დანიშნა. სტიმსონმა განაგრძო ელიუ რუთის მიერ დაწყებული არმიის რეორგანიზაცია, რამაც გააუმჯობესა მისი ეფექტურობა პირველი მსოფლიო ომის დროს ფართომასშტაბიან გაფართოებამდე. 1913 წელს სტიმსონმა თანამდებობა დატოვა პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის ინაგურაციის შემდეგ.

პირველი მსოფლიო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიცე-პოლკოვნიკი ალფრედ უილიამ ბიორნსტადი, საფრანგეთში აშშ-ის არმიის შტაბის კოლეჯის ორგანიზატორი და დირექტორი, და ვიცე-პოლკოვნიკი ჰენრი სტიმსონი, რომელიც კოლეჯს ტოვებს, 1918 წლის ივლისი.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, სტიმსონი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძლიერი მხარდამჭერი იყო, თუმცა ასევე მხარს უჭერდა აშშ-ს ნეიტრალიტეტს. ის მხარს უჭედრა დიდი და ძლიერი არმიის მომზადებას და აქტიურად მონაწილეობდა კერძო დაფინანსებით დაარსებულ პლატსბურგის საწვრთნელ ბანაკში პოტენციური ოფიცრების მოსამზადებლად.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ 1917 წლის აპრილში აშშ-მ გერმანიის იმპერიას ომი გამოუცხადა, სტიმსონი იყო ერთ-ერთი იმ 18 კაციდან, რომლებიც ყოფილმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა 1917 წელს საფრანგეთში სამსახურისთვის მოხალისეთა ქვეითი დივიზიის შესაქმნელად შეარჩია. თუმცა, პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა უარი თქვა მოხალისეების გამოყენებაზე და დანაყოფი დაიშალა. შემდგომში სტიმსონი მსახურობდა აშშ-ის რეგულარულ არმიაში საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი და 1918 წლის აგვისტოში პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. მან სამხედრო სამსახური ორგანიზებულ სარეზერვო კორპუსში განაგრძო და 1922 წელს ბრიგადის გენერლის წოდებამდე დაწინაურდა.[11]

ნიკარაგუა და ფილიპინები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს პრეზიდენტმა კალვინ კულიჯმა სტიმსონი ნიკარაგუაში გაგზავნა ნიკარაგუის სამოქალაქო ომის დასრულების მოლაპარაკებების გასამართად. სტიმსონმა დაწერა, რომ ნიკარაგუელები „არ იყვნენ შესაფერისი დამოუკიდებლობის თანმდევი პასუხისმგებლობებისთვის და კიდევ უფრო ნაკლებად შესაფერისი სახალხო თვითმმართველობისთვის“.[12] იგი იმავე მიზეზით ეწინააღმდეგებოდა ფილიპინების დამოუკიდებლობას მას შემდეგ, რაც ფილიპინების გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა, თანამდებობა, რომელსაც ის 1927 წლიდან 1929 წლამდე იკავებდა.[13]

სახელმწიფო მდივანი (1929–1933)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტიმსონი 1929 წელს.

სტიმსონი კაბინეტში 1929 წელს დაბრუნდა, როდესაც პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშნა. ამ თანამდებობაზე 1933 წლამდე იმყოფებოდა. სტიმსონი ვაშინგტონში, ვუდლის სასახლეში ცხოვრობდა, სადაც 1946 წლამდე დარჩა.

სახელმწიფო მდივნად დანიშვნიდან მალევე, სტიმსონმა 1929 წელს დახურა შიფრის ბიურო (აშშ-ის კრიპტოანალიტიკური სამსახური, მოგვიანებით ცნობილი როგორც „შავი პალატა“). NSA-ს კრიპტოლოგიური ისტორიის ცენტრის მონაცემებით, სტიმსონმა, სავარაუდოდ, ბიურო საბიუჯეტო მიზეზების გამო დაშალა.[14] თუმცა, ის ასევე არაეთიკურად მიიჩნევდა დიპლომატიური კომუნიკაციების ჩახშობას და, როგორც ამბობენ, ამბობდა: „ბატონებi, ერთმანეთის ფოსტას არ კითხულობენ“.[15][16] მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, 1940 წელს, როგორც ჩანს, სტიმსონმა შეიცვალა აზრი, სულ მცირე, კოდის გაშიფვრის ეთიკის თვალსაზრისით.[17]

1930 და 1931 წლებში სტიმსონი იყო აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარე 1930 წლის ლონდონის საზღვაო კონფერენციაზე. მომდევნო წელს ის იყო აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარე ჟენევაში გამართულ მსოფლიო განიარაღების კონფერენციაზე. იმავე წელს შეერთებულმა შტატებმა გამოსცა „სტიმსონის დოქტრინა“ იაპონიის მანჯურიაში შეჭრის საპასუხოდ. მასში ნათქვამი იყო, რომ აშშ უარს ამბობდა ნებისმიერი სიტუაციის ან ხელშეკრულების აღიარებაზე, რომელიც ზღუდავდა აშშ-ის ხელშეკრულებით დადგენილ უფლებებს ან გამოწვეული იყო აგრესიით.

1931 წლის 5 ოქტომბერს ერთა ლიგამ მიიღო სტიმსონისგან მკაცრი ფორმულირებით გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის მოუწოდებდა მას, ჩინეთში აგრესიის წინააღმდეგ იაპონიაზე ზეწოლა მოეხდინა და ლიგას აცნობებდა, რომ აშშ მხარს დაუჭერდა ლიგის ქმედებებს.[18]

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰენრი სტიმსონი (მარჯვნივ) და ფრენკ კელოგი, სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოსვლისას (1929 წლის 25 ივლისი)

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1940 წლის ივლისში, რუზველტმა სტიმსონი ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დააბრუნა. სტიმსონის, კონსერვატორი რესპუბლიკელის, და ფრენკ ნოქსის საზღვაო ძალების მდივნად არჩევა პრეზიდენტის მიერ გააზრებული მცდელობა იყო, მოეპოვებინა ორპარტიული მხარდაჭერა იმისთვის, რაც აშშ-ს ომში თითქმის გარდაუვალ ჩართვად ითვლებოდა.

იაპონელების მიერ პერლ-ჰარბორზე თავდასხმამდე ჩვიდმეტი თვის განმავლობაში, სტიმსონი, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთან, ჯორჯ მარშალთან ერთად მუშაობდა (ერთმანეთის მიმდებარე ოფისებში, სადაც მათ შორის კარი განზრახ მუდმივად ღია იყო) და ხელმძღვანელობდა მოუმზადებელი ამერიკის ომისთვის მომზადებას. ერთად, სტიმსონს და მარშალს უნდა შეექმნათ არმია და არმიის საჰაერო კორპუსი, ორგანიზება გაეწიათ ჯარისკაცების საცხოვრებლითა და წვრთნით უზრუნველყოფისთვის და ზედამხედველობა გაეწიათ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხარდასაჭერად საჭირო სხვადასხვა მანქანების, იარაღისა და მასალების დიზაინზე, ტესტირებაზე, წარმოებასა და დისტრიბუციაზე.

პერლ-ჰარბორზე თავდასხმამდე ათი დღით ადრე, სტიმსონმა თავის დღიურში შემდეგი განცხადება შეიტანა: „[რუზველტმა] ახსენა ის შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს ჩვენზე თავდასხმა მოხდება, რადგან იაპონელები ცნობილები არიან გაფრთხილების გარეშე თავდასხმით და კითხვა იყო, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. კითხვა იყო, თუ როგორ უნდა მიგვეყვანა ისინი იმ პოზიციაში, რომ პირველი გასროლა მათ განეხორციელებინათ, ჩვენთვის დიდი საფრთხის გარეშე.“[19]

ევროპაში ომთან დაკავშირებით, სტიმსონი „პრობრიტანული“ იყო პერლ-ჰარბორამდეც კი. სტიმსონის აზრით, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტი, რომელიც ატლანტის ოკეანეში ნაცისტურ გერმანიას ებრძოდა, ამერიკას იცავდა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც აშშ-ს (ამ დროისთვის) „თავად არ უწევდა ბრძოლა“. სტიმსონის თქმით, ამერიკა „ბრიტანული საზღვაო ფლოტის ფარს უნდა დაყრდნობოდა“ და აშშ-ს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ბრიტანელების შეიარაღებისა და მომარაგებისთვის.[20]

ამ შეხედულების გამო, როდესაც სენატმა მისი თანამდებობაზე დამტკიცება გადაწყვიტა, ყველა ყველაზე ცნობილმა იზოლაციონისტმა სენატორმა, როგორებიც იყვნენ ჰენრიკ შიფსტედი და ერნესტ ლანდინი მინესოტიდან, ჯერალდ ნაი ჩრდილოეთ დაკოტადან, რობერტ მარიონ ლა ფოლეტი ვისკონსინიდან, დევიდ უოლში მასაჩუსეტსიდან და ბარტონ უილერი მონტანადან, მისი დამტკიცების წინააღმდეგ მისცეს ხმა იმ მოტივით, რომ ის „ზედმეტად პრობრიტანული“ იყო, მაშინ როდესაც ყველაზე „ანგლოფილი“ სენატორები, როგორებიც არიან ჯონ ბენკჰედი II და ჯ. ლისტერ ჰილი ალაბამადან, კენეტ მაკკელარი და ტომ სტიუარტი ტენესიდან, ჰარი შვარცი და ჯოზეფ ო’მაჰონი ვაიომინგიდან, ყველა მხარს უჭერდა სტიმსონს და მის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს (და მისცეს ხმა მის დამტკიცებას ომის მდივნის თანამდებობაზე).[20][21]

სტიმსონი და ფრენკ ნოქსი, ორივე „ენერგიული ინტერვენციისტი“, სენატმა ერთდროულად დაამტკიცა.[22] ორივე მხარს უჭერდა ამერიკის მეორე მსოფლიო ომში გაერთიანებული სამეფოს მხარეს ჩართვას, რამაც მათ იზოლაციონისტებისგან „ომის ქორების“ ტიტული მოუტანა. ნოქსს „სტიმსონზე უფრო ქორადაც კი “ მოიხსენიებდნენ.[22] სტიმსონი რუზველტმა აიყვანა ჰარი ჰაინს ვუდრინგის შესაცვლელად, ნოქსი კი აშკარად ჩარლზ ედისონის შესაცვლელად იმ მოტივით, რომ ედისონი და ვუდრინგი იზოლაციონისტები იყვნენ და არ ეთანხმებოდნენ დიდი ბრიტანეთისთვის ნაცისტების წინააღმდეგ ომში დახმარების ფილოსოფიას. სტიმსონმა იზოლაციონისტების შეხედულებები „უიმედოდ დამახინჯებულად“ მოიხსენია.[23]

მას შემდეგ, რაც რუზველტმა პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შესახებ აცნობა. ამის ნაცვლად, მან დაწერა: „ჩემი პირველი გრძნობა იყო შვება, რომ ყოყმანი დასრულდა და კრიზისი ისეთი გზით დადგა, რომელიც ჩვენს ხალხს გააერთიანებდა (...) რადგან მე ვფიქრობ, რომ ამ გაერთიანებულ ქვეყანას პრაქტიკულად არაფრის შიში არ აქვს, მაშინ როდესაც არაპატრიოტი ადამიანების მიერ აღძრული აპათია და ხედვები აქამდე ძალიან იმედგაცრუებას იწვევდა“.[24]

ომის დროს სტიმსონი ხელმძღვანელობდა სამხედრო ძალების დიდ გაფართოებას, მათ შორის 13 მილიონი ჯარისკაცისა და მფრინავის გაწვევასა და წვრთნას, ასევე ქვეყნის სამრეწველო პროდუქციის 30 პროცენტის შეძენასა და საბრძოლო ველებზე ტრანსპორტირებას.[25] ჯორჯ მარშალის გარდა, სტიმსონი მჭიდროდ თანამშრომლობდა თავის მთავარ თანაშემწეებთან, რობერტ პატერსონთან, რომელმაც სტიმსონი მდივნის თანამდებობაზე შეცვალა;[26] რობერტ ლოვეტთან, რომელიც საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა; ჰარვი ბანდისთან ; და ჯონ მაკკლოისთან, ომის მდივნის თანაშემწესთან.[27]

იაპონელი ამერიკელების ინტერნირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტიმსონი და პოლკოვნიკი უილიამ კაილი (მარჯვნივ) ბერლინში, გერმანიაში, გატოვის აეროპორტში ჩასვლისას პოტსდამის კონფერენციაზე დასასწრებად (1945 წლის 16 ივლისი)

თავდაპირველად სტიმსონი ეწინააღმდეგებოდა იაპონელი ამერიკელების დასავლეთ სანაპიროდან ინტერნირებას, თუმცა საბოლოოდ ის დათანხმდა გარიყვის მომხრე სამხედრო მრჩევლებს და რუზველტისგან მიიღო საბოლოო თანხმობა პატიმრობის პროგრამაზე. პერლ-ჰარბორის შემდეგ ადმინისტრაცია ორად გაიყო: იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები „ევაკუაციის“ წინააღმდეგი იყვნენ, ხოლო არმია და სამხედრო დეპარტამენტის ლიდერები დაუყოვნებლივ გადასახლებას მოითხოვდნენ. მასობრივი გამოსახლების იდეის წინააღმდეგი, სტიმსონმა 1942 წლის იანვრის დიდი ნაწილი სამხედრო მრჩევლებისა და დასავლეთ სანაპიროს პოლიტიკოსების ზარების მიღებაში გაატარა იაპონელი ამერიკელების მეხუთე კოლონის პოტენციური საფრთხის შესახებ. თებერვლისთვის ჯონ მაკკლოიმ და გარიყვის მომხრე ბანაკის სხვა წევრებმა მისი დაწმუნება შეძლეს.

მაკკლოი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა კარლ ბენდეტსენს, რათა გადასახლების სტრატეგიის შემუშავება დაეწყო. რუზველტმა სტიმსონს 17 თებერვალს მისცა საბოლოო თანხმობა დასავლეთ სანაპიროდან იაპონელი ამერიკელების გამოსახლების შესახებ, ხოლო ორი დღის შემდეგ გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება 9066, რომელიც იძლეოდა უფლებამოსილებას შეიქმნას სამხედრო ზონები, რომლებიც გამორიცხავდა გარკვეულ პირებს.[28]

როდესაც დასავლეთის თავდაცვის სარდლობამ დაიწყო სამოქალაქო პირების გაძევების ბრძანებების გავრცელება, ჰავაის ტერიტორიაზე მყოფ იაპონელ ამერიკელებთან დაკავშირებით ახალი დებატები წარმოიშვა. სტიმსონი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ცდილობდა კუნძულებიდან ყველა „მტრის იმიგრანტის“ გაძევებას.[28] (იაპონელ იმიგრანტებს კანონით ეკრძალებოდათ ნატურალიზაცია და ამიტომ კლასიფიცირდებოდნენ, როგორც მტრის იმიგრანტები, მათი საცხოვრებელი სტატუსის მიუხედავად.) თუმცა, იაპონელი ჰავაელები წარმოადგენდნენ ტერიტორიაზე ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს და კუნძულის სამუშაო ძალის დიდ ნაწილს. ვინაიდან მასობრივი გაძევება შეუძლებელი იყო როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, სტიმსონის წინადადება ჩავარდა.[29]

მიუხედავად იმისა, რომ სტიმსონი თვლიდა, რომ იაპონელი ამერიკელების ლოიალობის დადგენა „სრულიად შეუძლებელი“ იყო და საბოლოოდ დაპატიმრების პროგრამას დაუჭირა მხარი, ის მაინც არ იყო დარწმუნებული ამ პოლიტიკის კანონიერებაში: „მეორე თაობის იაპონელების ევაკუაცია შესაძლებელია მხოლოდ სრული ევაკუაციის ფარგლებში, [ევაკუირებულ] ტერიტორიებზე წვდომის მხოლოდ სანებართვო დოკუმენტების გაცემით; ან მათი განდევნით იმ მოტივით, რომ მათი რასობრივი მახასიათებლები ისეთია, რომ ჩვენ ვერ გავუგებთ ან ვენდობით მოქალაქე იაპონელებსაც კი. ეს უკანასკნელი ფაქტია, მაგრამ მეშინია, რომ ეს ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში უზარმაზარ ხვრელს შექმნის.“[30]

სტიმსონმა 1944 წლის მაისში ბანაკიდან იაპონელი ამერიკელების გათავისუფლების ბრძანება გასცა, თუმცა რუზველტის მომავალ საარჩევნო კამპანიაში სკანდალების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთ სანაპიროზე დაბრუნების ნებართვების გაცემა ნოემბრის არჩევნებამდე გადადო.[28]

1943 წლის 21 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მეშვიდე არმიის მეთაურმა, გენერალმა ჯორჯ პატონმა, სიცილიაში, სამედიცინო ევაკუაციის საავადმყოფოში ნერვული დაღლილობის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცს ხელი დაარტყა.[31] ინციდენტმა სკანდალი გამოიწვია და კონგრესის წევრებმა მოითხოვეს პატონის გათავისუფლება. გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი ეწინააღმდეგებოდა გენერალი პატონის ევროპული თეატრიდან გამოწვევის ნებისმიერ ნაბიჯს და პირად საუბარში განაცხადა: „პატონი შეუცვლელია საომარი ძალისხმევისთვის - ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი გარანტი“.[32] სტიმსონი და მაკკლოი დაეთანხმნენ; სტიმსონმა სენატს განუცხადა, რომ პატონს შეინარჩუნებდნენ მისი „აგრესიული, გამარჯვებული ლიდერობის საჭიროების გამო მწარე ბრძოლებში საბოლოო გამარჯვებამდე“.[33]

გენერალ-ლეიტენანტი ჯეიკობ დევერსი იტალიის საბრძოლო ფრონტზე სამხედრო მდივან ჰენრი სტიმსონს დანგრეული კასინოს ღირსშესანიშნაობებს უჩვენებს.

სტიმსონი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მორგენტაუს გეგმას, რომელიც გერმანიის დეინდუსტრიალიზაციას და რამდენიმე პატარა სახელმწიფოდ დაყოფას ისახავდა მიზნად.[34] გეგმა ასევე ითვალისწინებდა ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი ნებისმიერი პირის დეპორტაციას და ერთიან დაპატიმრებებს. თავდაპირველად, რუზველტი ემხრობოდა გეგმას, მაგრამ სტიმსონის წინააღმდეგობამ და საზოგადოების აღშფოთებამ, როდესაც გეგმამ გაჟონა, რუზველტი უკან დაიხია. ამგვარად, სტიმსონმა შეინარჩუნა გერმანიაში აშშ-ის საოკუპაციო ზონაზე სრული კონტროლი და, მიუხედავად გეგმის გავლენისა ადრეულ ოკუპაციაზე, ის არასოდეს გამხდარა ოფიციალური პოლიტიკა. გეგმისადმი თავისი წინააღმდეგობის ასახსნელად, სტიმსონმა რუზველტს დაჟინებით უთხრა, რომ 10 ევროპული ქვეყანა, მათ შორის სსრკ, დამოკიდებული იყო გერმანიის ვაჭრობასა და მის ნედლეულის წარმოებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ წარმოუდგენელია, რომ „ბუნების საჩუქარი“, რომელიც დასახლებული იყო „ენერგიის, სიძლიერისა და პროგრესიულობის“ მქონე ხალხებით, „მოჩვენება ტერიტორიად“ ან „მტვრის გროვად“ გადაიქცეს.

თუმცა, სტიმსონს ყველაზე მეტად ის ეშინოდა, რომ საარსებო დონეზე დაფუძნებული ეკონომიკა გერმანელების რისხვას მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართავდა და ამით „დაფარავდა ნაცისტების დანაშაულს და მათი დოქტრინებისა და ქმედებების სისასტიკეს“. სტიმსონმა მსგავსი არგუმენტები წამოაყენა ჰარი ტრუმენის მიმართ, როდესაც ის 1945 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტი გახდა.[35]

სტიმსონი, იურისტი, დაჟინებით სთხოვდა, როგორც რუზველტს, ასევე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, უინსტონ ჩერჩილს, წამყვანი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ სათანადო სასამართლო წარმოების ჩატარებას.[36] მან და ომის დეპარტამენტმა შეიმუშავეს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის პირველი წინადადებები, რომლებმაც მალევე მიიღეს ტრუმენის მხარდაჭერა. სტიმსონის გეგმამ საბოლოოდ გამოიწვია 1945-1946 წლების ნიურნბერგის სასამართლო პროცესები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს საერთაშორისო სამართლის განვითარებაზე.

სტიმსონი ტრუმენის კაბინეტის სხდომაზე ჩადის 1945 წლის აგვისტოში

ომის მდივნის რანგში სტიმსონმა ატომური ბომბის მთელი პროექტის პირდაპირი კონტროლი აიღო, მანჰეტენის პროექტის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ ლესლი გროუვსის უშუალო ზედამხედველობით. როგორც რუზველტმა, ასევე ტრუმენმა სტიმსონის რჩევა ბომბის ყველა ასპექტთან დაკავშირებით გაითვალისწინეს და სტიმსონი სამხედრო ოფიცრების რჩევებს არღვევდა, როდესაც ისინი მის შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდნენ.[37][38]

სტიმსონის მიერ ამ მხრივ თავისი ავტორიტეტის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია ეპიზოდი, რომელშიც სტიმსონმა შეცვალა იაპონიაზე პირველი (და საჭიროების შემთხვევაში მეორე) თავდასხმის პოტენციური სამიზნეების სია. თავდაპირველი სამიზნეების სიაში შედიოდა კიოტო, იაპონელი ხალხისთვის უდიდესი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ კიოტო შესაძლოა აკმაყოფილებდა სამხედრო სამიზნის კრიტერიუმებს, სტიმსონმა წინააღმდეგობა გაუწია და 1945 წლის 1 ივნისს დროებითი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: „...არსებობდა ერთი ქალაქი, რომლის დაბომბვაც ჩემი ნებართვის გარეშე არ უნდა მომხდარიყო და ეს იყო კიოტო“.[39]

სტიმსონის ამ გადაწყვეტილების მიზეზები პოპულარული მითებით არის გადაფარული. ერთ-ერთი გავრცელებული ისტორიის თანახმად, სტიმსონს არ სურდა კიოტოს დაბომბვა, რადგან მან თაფლობის თვე იქ გაატარა და, სავარაუდოდ, ქალაქის მიმართ ნოსტალგიური ან სენტიმენტალური დამოკიდებულება ჰქონდა (ეს მოტივი ერთ-ერთი არგუმენტია, რომელიც სტიმსონის პერსონაჟმა წამოაყენა 2023 წლის ფილმში „ოპენჰაიმერი“). ეს ანეკდოტი ამერიკელი დიპლომატისა და მეცნიერის, ედვინ ო. რაიშაუერის, ნაშრომიდან „ჩემი ცხოვრება იაპონიასა და ამერიკას შორის“ (1986)[30] მომდინარეობს. მოვლენების ამ ვერსიის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და არც სტიმსონის მიერ ასეთი მოტივის გამოხატვის რაიმე ჩანაწერი არსებობს. სტიმსონი 1926 წელს კიოტოში ცოტა ხნით იმყოფებოდა და 1929 წელსაც იქ ერთი ღამე გაატარა, მაგრამ ორივე ეს ვიზიტი მისი ქორწინებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა.[40][41]

პირად დღიურში სტიმსონმა ჩაწერა თავისი შეშფოთება იმის შესახებ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის განადგურებამ შეიძლება იაპონელ ხალხში ხანგრძლივი ბოროტგანწყობა გამოიწვიოს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება იაპონია საბჭოთა კავშირის მიმართ უფრო მეგობრული გახადოს. 1945 წლის ივლისში, ტრუმენის, ჩერჩილისა და სტალინს შორის პოტსდამის კონფერენციაზე დასწრებისას, რომელიც პირველი ატომური ბომბის ჩამოგდებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე გაიმართა, სტიმსონმა დაწერა:

ვიკიციტატა
„მე მას [ტრუმენს] ... გავაცანი ჩემი მიზეზები ერთ-ერთი მორჩეული სამიზნის განადგურებისთვის. მან კიდევ ერთხელ უდიდესი ხაზგასმით გაიმეორა თავისი თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით და განსაკუთრებით მტკიცედ დაეთანხმა ჩემს მოსაზრებას, რომ თუ განადგურება არ მოხდებოდა, ასეთი უსამართლო საქციელით გამოწვეულმა სიმწარემ შესაძლოა შეუძლებელი გახადოს ომისშემდგომი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იაპონელების ჩვენთან და არა რუსებთან შერიგება.[42]

მანჰეტენის პროექტს გენერალ-მაიორი გროუვსი (ინჟინრების კორპუსი) მართავდა რეზერვისტების შტაბით და ათასობით მეცნიერითა და ინჟინრით. გროუვსი ნომინალურად უშუალოდ გენერალ ჯორჯ მარშალს ექვემდებარებოდა, თუმცა რეალურად სტიმსონი იყო პასუხისმგებელი პირი. სტიმსონმა უზრუნველყო საჭირო თანხები და თანხმობა რუზველტისა და კონგრესისგან, მან ასევე უზრუნველყო, რომ მანჰეტენს უმაღლესი პრიორიტეტები ჰქონოდა და აკონტროლებდა ბომბის გამოყენების ყველა გეგმას. სტიმსონმა წარმატებით სცადა „პატარა ბიჭის“ (ჰიროშიმას ბომბის) ჩამოგდება მისი ხელმისაწვდომობიდან რამდენიმე საათში.[30]

საბოლოოდ სტიმსონმა დაასკვნა, რომ თუ აშშ იაპონიისთვის იმპერიული კონსტიტუციური მონარქიის შენარჩუნების გარანტიას მისცემდა, იაპონია შესაძლოა დანებებულიყო და ატომური ბომბების გამოყენება თავიდან აეცილებინა.[30] ისტორიკოსები კამათობენ იმაზე, აიძულებდა თუ არა გაგრძელებული ბლოკადის, დაუნდობელი დაბომბვისა და მანჯურიაში საბჭოთა კავშირის შეჭრის ზეგავლენა იაპონიის იმპერატორ ჰიროჰიტოს 1945 წლის ბოლოს ან 1946 წლის დასაწყისში დანებებას ატომური ბომბების გამოყენების გარეშე, მაგრამ მოკავშირეთა მხრიდან უზარმაზარი დანაკარგებით.[40][41]

მას შემდეგ, რაც ამერიკელი ჟურნალისტის, ჯონ ჰერსის ჰიროშიმას ატომური დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მედიაში სენსაციად იქცა, სტიმსონმა და სხვებმა გამოაქვეყნეს საკუთარი სტატია „ატომური ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება“. მასში ამტკიცებდნენ, რომ ატომურმა დაბომბვებმა იაპონელები საკუთარი თავისგან იხსნა, რომ ამის დემონსტრირება არაპრაქტიკული იქნებოდა და პოტენციური შეჭრის შედეგად ამერიკელების მსხვერპლი 1 მილიონს გადააჭარბებდა. სტიმსონმა ასევე თავი აარიდა ისეთ კითხვებს, როგორიცაა მსხვერპლთა ტანჯვა და ბომბების რადიოაქტიური თვისებები და თქვა, რომ მათ ჰქონდათ „რევოლუციური ხასიათი“ ან „უცნობი ბუნება“. მისი სტატია იყო ატომური დაბომბვების მიზეზების პირველი ოფიციალური აღწერა. პრეზიდენტმა ტრუმენმა შეაქო სტიმსონი, ხოლო მაკჯორჯ ბანდიმ, რომელიც სტიმსონთან ერთად მუშაობდა სტატიაზე, მოგვიანებით დაწერა: „ჩვენ ვიმსახურებთ რაიმე სახის მედალს“.[30]

1893 წლის ივლისში სტიმსონი დაქორწინდა მეიბლ ველინგტონ უაითზე, ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, როჯერ შერმანის შვილთაშვილზე. ზრდასრულ ასაკში ყბაყურას დაავადების გამო სტიმსონი უნაყოფო გახდა და მათ შვილები არ ჰყოლიათ.[43]

გვიანდელი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტიმსონმა ოფიციალურად პენსიაზე გასვლა 1945 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. შემდგომში მან მემუარები მაკჯორჯ ბანდის დახმარებით დაწერა. წიგნი „მშვიდობასა და ომში აქტიური სამსახურის შესახებ“ 1948 წელს გამოქვეყნდა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ისტორიკოსები ხშირად ციტირებენ მას. დღიური ამჟამად იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია; მისი ნაწილები მიკროფილმად არის გამოქვეყნებული.[44]

თანამდებობის დატოვების შემდეგ ორი თვის შემდეგ, 1945 წლის ნოემბერში, სტიმსონს გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც გამოჯანმრთელდა, თუმცა მეტყველების პრობლემა შეექმნა.[45] 1950 წლის ზაფხულში სტიმსონი დაეცა, ფეხი მოიტეხა და ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. 20 ოქტომბერს, 83 წლის დაბადების დღიდან ერთი თვის შემდეგ, იგი მეორე გულის შეტევით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.[46] სტიმსონი გარდაიცვალა თავის მამულში, ჰაიჰოლდში, ჰანტინგტონში, ნიუ-იორკში.[47] იგი დაკრძალულია მეზობელ ქალაქ ლორელ ჰოლოუში, წმინდა იოანეს ეკლესიის სასაფლაოზე.[48][49] ის იყო უილიამ ჰოვარდ ტაფტის კაბინეტის უკანასკნელი გადარჩენილი წევრი.

სტიმსონის საფლავი

თეოდორ ჰ. უაითმა აღნიშნა, რომ სტიმსონს თავისი ეპოქის ნებისმიერ სხვა ამერიკელ მოქალაქეზე მეტ პრეზიდენტს იცნობდა და ყველაზე მეტი პრეზიდნეტის ხელმძღვანელობის ქვეშ მსახურობდა. უაითის თქმით, სტიმსონს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისმა მეგობარმა ჰკითხა თუ მრავალი პრეზიდენტიდან, რომლებსაც ის იცნობდა, რომელი იყო „საუკეთესო“. რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ, სტიმსონმა აღნიშნა, რომ მისი პასუხი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რას ნიშნავდა „საუკეთესო“. მან თქვა, რომ თუ ეს ნიშნავდა ყველაზე ეფექტურ ადამიანს ამ თანამდებობის დაკავებაში, პასუხი იყო უილიამ ჰოვარდ ტაფტი. თუმცა, თუ კითხვა ნიშნავდა უდიდეს პრეზიდენტს, პასუხი იყო „რუზველტი“, მაგრამ სტიმსონს არ შეეძლო გადაეწყვიტა, სახელი იქნებოდა თეოდორი თუ ფრანკლინი. სტიმსონის თქმით, ორივეს „ესმოდა ძალაუფლების გამოყენება“, მაგრამ ასევე „იცოდა ძალაუფლებით ტკბობა“.[50]

  • მონტანას შტატის გლასიერის ეროვნულ პარკში მდებარე მთა სტიმსონს სახელი სტიმსონის პატივსაცემად ჰქვია, რომელიც 1890-იან წლებში ლაშქრობაში მონაწილეობდა და ჯორჯ ბერდ გრინელს ტერიტორიის შესწავლაში დაეხმარა, მოგვიანებით კი პარკის შექმნას დაუჭირა მხარი.
  • ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მდებარე კერძო კვლევითი ინსტიტუტი, ჰენრი სტიმსონის ცენტრი, საერთაშორისო ურთიერთობებში, მისი თქმით, სტიმსონის „პრაქტიკულ, მიუკერძოებელ მიდგომას“ უჭერს მხარს.[53]
  • ბენჯამინ ფრანკლინის კლასის ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავი USS Henry L. Stimson (SSBN-655) ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა.
  • სტიმსონის სახელი ჰქვია ჰენრი ლ. სტიმსონის საშუალო სკოლას ჰანტინგტონ სტეიშენში, ლონგ-აილენდში; საცხოვრებელ შენობას სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტის კამპუსში; ასევე საერთო საცხოვრებელს მის ალმა მატერში, ფილიპსის აკადემიაში.
  • ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც სტიმსონი 1937 წლიდან 1939 წლამდე იყო, ჰენრი სტიმსონის მედალს გასცემს. მედალი ყოველწლიურად გადაეცემა ნიუ-იორკის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში აშშ-ის გამორჩეულ თანაშემწე პროკურორებს.

პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტიმსონის როლი მეორე მსოფლიო ომისა და მისი შედეგების შესახებ თითქმის ათეულ ფილმსა და სატელევიზიო შოუში იქნა განსახიერებული, მათ შორის „მანჰეტენი“ (2014–2015), „ტრუმენი“ (1995), ტრუმენი პოტსდამში (1995), „მსუქანი კაცი და პატარა ბიჭი“ (1989), „პირველი დღე“ (1989), „ომი და ხსოვნა“ (1988), „რბოლა ბომბისთვის“ (1987), „ჩერჩილი და გენერლები“ (1981), „ოპენჰაიმერი“ (1980), „ოპენჰაიმერი“ (2023), „ტორა! ტორა! ტორა!“ (1970) და „დასაწყისი თუ დასასრული“ (1947).

ლოურენს უოტ-ევანსის ალტერნატიული ისტორიის მოკლე მოთხრობაში „სიმართლე, სამართლიანობა და ამერიკული გზა“, რომელიც შესულია მაიკ რეზნიკის 1992 წლის ალტერნატიული ისტორიის ანთოლოგიაში „ალტერნატიული პრეზიდენტები“, სტიმსონმა შეცვალა ჰუვერი 1936 წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე, დაამარცხა რუზველტი. მან კიდევ ერთხელ დაამარცხა რუზველტი 1940 წელს.

  • ალდრიჩი, ედვარდ ფარლი. „პარტნიორობა: ჯორჯ მარშალი, ჰენრი სტიმსონი და არაჩვეულებრივი თანამშრომლობა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მოიგო.“ (Stackpole Books, 2022)
  • ბარლოუ, აარონი, რედ. მანჰეტენის პროექტი და ატომური ბომბის ჩამოგდება: აუცილებელი საცნობარო სახელმძღვანელო (ABC-CLIO, 2019).
  • ბონეტი, ჯონი. „ჯეკილი და ჰაიდი: ჰენრი ლ. სტიმსონი, „მენტალიტი“ და იაპონიაზე ატომური ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება“. ომი ისტორიაში 1997 4(2): 174–212. ონლაინ რეჟიმში.
  • ჩუ, ესთერ ბრაინი. „სახელმწიფო მდივნის ჰენრი ლ. სტიმსონის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ“ (სადოქტორო დისერტაცია, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; ProQuest Dissertations Publishing, 1943. 10101268).
  • დალეკი, რობერტი. ფრანკლინ დ. რუზველტი და ამერიკის საგარეო პოლიტიკა, 1932–1945 (1979) ონლაინ რეჟიმში
  • ფერელი, რობერტ ჰ. ფრენკ ბ. კელოგი; ჰენრი ლ. სტიმსონი (1963); როგორც სახელმწიფო მდივანი ონლაინ რეჟიმში
  • გერბერი, ლარი გ. „სტიმსონი, ჰენრი ლუისი“; ამერიკის ეროვნული ბიოგრაფია ონლაინ, 2000 წლის თებერვალი.
  • გერბერი, ლარი გ . ლიბერალიზმის საზღვრები: ჯოზეფუს დენიელსი, ჰენრი სტიმსონი, ბერნარდ ბარუხი, დონალდ რიჩბერგი, ფელიქს ფრანკფურტერი და თანამედროვე ამერიკული პოლიტიკური ეკონომიკის განვითარება (1983). ონლაინ
  • გოლუბი, გრანტი. „ომის წარმოების სწორი და მართლმადიდებლური გზა: ჰენრი სტიმსონი, სამხედრო დეპარტამენტი და აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის დროს“. საერთაშორისო ისტორიის მიმოხილვა (2022): 1–21. ონლაინ.
  • ჰარპერი, ჯონ ლ. „ჰენრი სტიმსონი და ამერიკის ატომური იარაღისადმი მიჯაჭვულობის წარმოშობა“. SAIS Review 5.2 (1985): 17–28. ონლაინ .
  • ჰოჯსონი, გოდფრი. პოლკოვნიკი: ჰენრი სტიმსონის ცხოვრება და ომები, 1867–1950 (1990). პოპულარული ბიოგრაფია ონლაინ რეჟიმში .
  • ჯორდანი, ჯონათან ვ., ამერიკელი სამხედრო მეთაურები: როგორ მიიყვანა რუზველტის უმაღლესმა სარდლობამ ამერიკა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამდე (NAL/Caliber 2015).
  • მაჯერუსი, ჯო. „უპირობო კაპიტულაცია და ამერიკული არგუმენტები საკამათო პოლიტიკის მოდიფიკაციის წინააღმდეგ (1943–1945).“ სამხედრო ისტორიისა და ისტორიოგრაფიის საერთაშორისო ჟურნალი 40.2 (2020): 245–277.
  • მაჟერუსი, ჯო. "საბოლოო სტრატეგია: ჰენრი ლ. სტიმსონის ომის შემდგომი დიდი სტრატეგიული გეგმები." საერთაშორისო ისტორიის მიმოხილვა 41.4 (2019): 845–865.
  • მელოი, შონ ლ. ატომური ტრაგედია: ჰენრი ლ. სტიმსონი და იაპონიის წინააღმდეგ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება (2008) ონლაინ რეჟიმში
  • მორისონი, ელტინგ ე. არეულობა და ტრადიცია: ჰენრი ლ. სტიმსონის ცხოვრებისა და დროის შესწავლა (1960), სამეცნიერო ბიოგრაფია ონლაინ რეჟიმში
  • ნიუმენი, რობერტ პ. „ჰიროსიმა და ჰენრი სტიმსონის განადგურება“. New England Quarterly 71.1 (1998): 5–32. ონლაინ
  • ო’ბრაიენი, ფილიპს პეისონი. „შტაბების უფროსების გაერთიანებული საბჭო, ატომური ბომბი, ამერიკული სამხედრო გონება და მეორე მსოფლიო ომის დასასრული“. სტრატეგიული კვლევების ჟურნალი 42.7 (2019): 971–991. ონლაინ .
  • რაპაპორტი, არმინ. ჰენრი ლ. სტიმსონი და იაპონია, 1931–33 (1963) ონლაინ
  • რედმონდი, კენტ ს. „სახელმწიფო მოღვაწის განათლება: ჰენრი ლ. სტიმსონი, 1911–1928“ (სადოქტორო დისერტაცია, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი; ProQuest Dissertations Publishing, 1953. DP28692).
  • რობერტსონი, ჩარლზ ლენგერი. „ამერიკის სახელმწიფო მდივანი: ჰენრი ლ. სტიმსონისა და კორდელ ჰალის დროს თანამდებობის შესწავლა.“ (სადოქტორო დისერტაცია, პრინსტონის უნივერსიტეტი; ProQuest Dissertations Publishing, 1959. 6005044).
  • შმიცი, დევიდ ფ. ჰენრი ლ. სტიმსონი: პირველი ბრძენი კაცი (2000) ონლაინ
  • სმიტი, მაიკლ ჯონ ჯ. „ჰენრი ლ. სტიმსონი და ფილიპინები“ (სადოქტორო დისერტაცია, ინდიანას უნივერსიტეტი; ProQuest Dissertations Publishing, 1970. 7021551).
  • უოკერი, ჯ. სამუელი. სწრაფი და სრული განადგურება: ტრუმენი და ატომური ბომბების გამოყენება იაპონიის წინააღმდეგ (UNC Press Books, 2016). ონლაინ რეჟიმში .
  • კელი, ჯეისონ მ. „რატომ გადაარჩინა ჰენრი სტიმსონმა კიოტო ბომბისგან?: დაბნეულობა ომისშემდგომ ისტორიოგრაფიაში“. ჟურნალი „ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის ურთიერთობები “ 19.2 (2012): 183–203.
  • კორტი, მაიკლი. „ჰიროსიმას ისტორიოგრაფია: რევიზიონიზმის აღზევება და დაცემა“. New England Journal of History 64.1 (2007): 31–48. online
  • ნიუმენი, რობერტ პ. „ჰიროშიმა და ჰენრი სტიმსონის განადგურება“ The New England Quarterly, 71#1 (1998), გვ. 5–32 JSTOR-ში
  • სტიმსონი, ჰენრი და მაკჯორჯ ბანდი, მშვიდობიან და ომში აქტიური სამსახურის შესახებ. (1948) (მემუარები) ონლაინ რეჟიმში
  • ამერიკის შეერთებული შტატები. ომის დეპარტამენტი. შემოჭრის პრელუდია: ომის მდივნის, ჰენრი ლ. სტიმსონის ოფიციალურ ანგარიშებზე დაფუძნებული ანგარიში (1944) ონლაინ რეჟიმში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hodgson, Godfrey. The Colonel: The Life and Wars of Henry Stimson, 1867–1950 (New York: Knopf, 1990), p 84.
  2. „Stimson Estate Goes to Phillips Academy“. The Milwaukee Journal. 1938-05-15. p. 13. ციტირების თარიღი: 2014-02-06.[მკვდარი ბმული]
  3. Boone and Crockett Club Archives. ციტირების თარიღი: 2014-04-02
  4. (2001) Henry L. Stimson: The First Wise Man. Wilmington, Delaware: Scholarly Resources Inc., გვ. 4. ISBN 978-0842026314. 
  5. Phillips Academy - Notable Alumni: Short List. Phillips Academy. ციტირების თარიღი: 2014-02-06
  6. Sean L. Malloy (2008). Atomic Tragedy: Henry L. Stimson and the Decision to Use the Bomb Against Japan. Cornell University Press, გვ. 14–15. ISBN 978-0801446542. 
  7. see Malloy, Ch. 1, "The Education of Henry L. Stimson"
  8. Fine, Norman (2019). Blind Bombing: How Microwave Radar brought the Allies to D-Day and Victory in World War II. Nebraska: Potomac Books/University of Nebraska Press, გვ. 44. ISBN 978-1640-12279-6. 
  9. Grose, Peter. Continuing the Inquiry: The Council on Foreign Relations from 1921 to 1996. New York: Council on Foreign Relations Press, 1996. ISBN 0876091923 / ISBN 978-0876091920.
  10. Lukas, J. Anthony. "Council on Foreign Relations — Is it a Club? Seminar? Presidium? 'Invisible Government'?"New York Times, November 21, 1971, pp. SM34+. Archived from the original.
  11. Henry Lewis Stimson. U.S. Army Center of Military History. ციტირების თარიღი: 5 January 2017
  12. David F. Schmitz, Henry L. Stimson: the first wise man (2001) p 55.
  13. David F. Schmitz, Henry L. Stimson: the first wise man (2001) p 69.
  14. National Security Agency Central Security Service > About Us > Office of General Counsel > Cryptologic Heritage > Center for Cryptologic History > Pearl Harbor Review > The Black Chamber. ციტირების თარიღი: 2021-05-08
  15. Gentlemen Reading Each Others' Mail: A Brief History of Diplomatic Spying. The Atlantic Magazine (2013). ციტირების თარიღი: 2019-04-13
  16. Stimson, Henry L.; Bundy, McGeorge (1948). On Active Service in Peace and War. New York, New York, USA: Harper & Brothers, გვ. 188. 
  17. National Security Agency>Center for Cryptologic History>. ციტირების თარიღი: 2024-05-16
  18. Walters, Francis Paul. History of the League of Nations. 
  19. Richard N. Current, "How Stimson Meant to 'Maneuver' the Japanese," Mississippi Valley Historical Review Vol. 40, No. 1 (Jun., 1953), pp. 67–74 in JSTOR
  20. 1 2 The Colonel: The Life and Wars of Henry Stimson, 1867–1950 by Godfrey Hodgson
  21. Voteview | Plot Vote: 76th Congress > Senate > 223.
  22. 1 2 Those Angry Days: Roosevelt, Lindbergh, and America's Fight Over World War II by Lynne Olson, pg. 205
  23. Those Angry Days: Roosevelt, Lindbergh, and America's Fight Over World War II by Lynne Olson, pg. 205–206
  24. Kaiser, Charles (27 November 2022). „Uniting America review: how FDR and the GOP beat fascism home and away“. The Guardian. ციტირების თარიღი: 20 December 2022.
  25. Herman, Arthur. Freedom's Forge: How American Business Produced Victory in World War II, pp. 83–4, 90, 94, 112–15, 121, 125–6, 139, 141, Random House, New York, NY, 2012. ISBN 978-1-4000-6964-4.
  26. Keith Eiler, Mobilizing America: Robert P. Patterson and the War Effort (Cornell U.P. 1997)
  27. Walter Isaacson and Evan Thomas, The Wise Men: Six Friends and the World They Made (1986)
  28. 1 2 3 Niiya, Brian. Henry Stimson. Densho Encyclopedia. ციტირების თარიღი: 15 October 2014
  29. Scheiber, Jane L.; Scheiber, Harry N.. Martial Law in Hawaii. Densho Encyclopedia. ციტირების თარიღი: 15 October 2014
  30. 1 2 3 4 5 „Stimson Estate Goes to Phillips Academy“. The Milwaukee Journal. 1938-05-15. p. 13. ციტირების თარიღი: 2014-02-06.[მკვდარი ბმული]
  31. Atkinson, Rick, The Day of Battle: The War in Sicily and Italy 1943–1944, New York: Henry Holt & Co., ISBN 978-0-8050-8861-8 (2007), p. 147.
  32. Carlo D'Este, Patton: A Genius For War, New York: HarperCollins, ISBN 0-06-016455-7 (1995), p. 536
  33. D'Este, Patton: A Genius For War, p. 543
  34. Beschloss, Michael R. (2003-10-07). Morgenthau-Plan. Simon and Schuster. ISBN 9780743244541. 
  35. Arnold A. Offner, "Research on American-German Relations: A Critical View" in Joseph McVeigh and Frank Trommler, eds. America and the Germans: An Assessment of a Three-Hundred-Year History (University of Pennsylvania Press, 1990) v2 p. 176; see also Michael R. Beschloss, The Conquerors: Roosevelt, Truman and the Destruction of Hitler's Germany, 1941–1945 (2002)
  36. McHugh, Melissa S. (2011). „The Legacy of International Cooperation at the Nuremberg Trials“. Inquiries Journal/Student Pulse. 3 (10). ციტირების თარიღი: 30 July 2023.
  37. Sean Malloy, Atomic Tragedy: Henry L. Stimson and the Decision to Use the Bomb Against Japan The Manhattan Project, Department of Energy at mbe.doe.gov
  38. Henry Lewis Stimson. ციტირების თარიღი: 2011-06-20
  39. Private Diary entry of Henry L. Stimson, June 1, 1945, as archived by Doug Long at http://www.doug-long.com/stimson5.htm
  40. 1 2 Boone and Crockett Club Archives. ციტირების თარიღი: 2014-04-02
  41. 1 2 (2001) Henry L. Stimson: The First Wise Man. Wilmington, Delaware: Scholarly Resources Inc., გვ. 4. ISBN 978-0842026314. 
  42. Private Diary entry of Henry L. Stimson, July 24, 1945, as archived by the National Security Archive of George Washington University, at https://nsarchive.gwu.edu/document/28467-document-48-stimson-diary-entries-july-16-through-25-1945
  43. Conant, Jennet (2002). Tuxedo Park. Simon & Schuster, გვ. 24. ISBN 978-0-684-87287-2. 
  44. The Diaries of Henry Lewis Stimson in the Yale University Library. Microformguides.gale.com (1945-09-21). ციტირების თარიღი: 2014-07-20
  45. Universal Press Syndicate (Nov 13, 1945). „Stimson Recovering from Heart Attack“. Pittsburgh Press. ციტირების თარიღი: 2014-01-23.
  46. „Henry L. Stimson Dies at 83 In His Home on Long Island“. New York Times. October 21, 1950. ციტირების თარიღი: 2014-01-23.
  47. „Henry L. Stimson, 83, Dies on LI, Served Nation in Four Cabinets“. Newsday. October 21, 1950. p. 2.
  48. Memorial Cemetery, St. John's Church. ციტირების თარიღი: October 20, 2016
  49. St. John's Church Memorial Cemetery. ციტირების თარიღი: 13 October 2017
  50. White, Theodore H. (2009). The Making of the President 1960, Harper Perennial Political Classicss, New York: HarperCollins, გვ. 366. ISBN 978-0-06-190060-0. 
  51. Public Papers Harry S. Truman 1945–1953. ციტირების თარიღი: 13 October 2017
  52. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Distinguished Service Medal Recipients – Page 9 – The American Legion. ციტირების თარიღი: 13 October 2017
  53. About Stimson | The Stimson Center | Pragmatic Steps for Global Security. Stimson.org. ციტირების თარიღი: 2013-06-10
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ჩარლზ ევანს ჰიუზი
რესპუბლიკური პარტიის ნომინანტი ნიუ-იორკის გუბერნატორობისთვის
1910
შემდეგი:
ჯობ ჰედჯესი
წინამორბედი:
ჯეიკობ დიკენსონი
აშშ-ის ომის მდივანი
1911-1913
შემდეგი:
ილინდლეი მილერ გარისონი
წინამორბედი:
ილეონარდ ვუდი
ფილიპინების გენერალ-გუბერნატორი
1927-1929
შემდეგი:
იუჯინ ალან გილმორი
წინამორბედი:
ფრენკ კელოგი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
1929-1933
შემდეგი:
კორდელ ჰალი
წინამორბედი:
ჰარი ვუდრინგი
აშშ-ის ომის მდივანი
1940-1945
შემდეგი:
რობერტ პატერსონი