შინაარსზე გადასვლა

ჰელსინკის უნივერსიტეტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელსინკის უნივერსიტეტი
Helsingin yliopisto
დაფუძნდა 26 მარტი, 1640
დამფუძნებელი (-ები) კრისტინა (შვედეთი)
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი, ორგანიზაცია, კოლექცია და university[1]
რექტორი Sari Lindblom
სტუდენტი 31 312[2]
ქვეყანა ფინეთი[3]
კავშირები Utrecht Network, ORCID[4] [5] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[6] , arXiv[7] , ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგა, FinELib[8] , Coalition for Advancing Research Assessment[9] , უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია და Una Europa vzw
აფილაცია ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგა
Map
https://www.helsinki.fi/en[1] , https://www.helsinki.fi/fi და https://www.helsinki.fi/sv

ჰელსინკის უნივერსიტეტი (ფინ. Helsingin yliopisto; შვედ. Helsingfors universitet) —საჯარო უნივერსიტეტი ჰელსინკიში, ფინეთში. 1640 წელს უნივერსიტეტი შვედეთის იმპერიის ქვეშ დაარსდა ტურკუში სახელწოდებით „Regia Academia Aboensis“ და გადავიდა ჰელსინკიში 1828 წელს მეფე ალექსანდრე I-ის სპონსორობით. ჰელსინკის უნივერსიტეტი არის ფინეთის უძველესი და უდიდესი უნივერსიტეტი დისციპლინების ფართო სპექტრით. 2022 წელს, [10] დაახლოებით 31 000 სტუდენტი იყო ჩარიცხული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში, გადანაწილებული 11 ფაკულტეტსა და 11 კვლევით ინსტიტუტში.

2005 წლის 1 აგვისტოდან უნივერსიტეტი იცავს ევროპის მასშტაბით ბოლონიის პროცესის მიერ შემოთავაზებულ სტრუქტურას და სთავაზობს ბაკალავრის, მაგისტრის, ასპირანტისა და სადოქტორო ხარისხებს.[11] საგანმანათლებლო პროგრამებში ჩარიცხვა ჩვეულებრივ განისაზღვრება მისაღები გამოცდებით, ბაკალავრის ხარისხის შემთხვევაში, ხოლო, წინა ხარისხის შედეგებით, მაგისტრისა და შემდგომი ხარისხების შემთხვევაში.

უნივერსიტეტი ორენოვანია, სწავლება კანონის თანახმად ხორციელდება როგორც ფინურ, ისე შვედურ ენებზე. შვედური ფინეთის ოფიციალური ენაა, თუმცა ამ ენაზე მოსახლეობის მცირე ნაწილი საუბრობს, ამიტომაც ფინური ენა მნიშვნელოვნად დომინირებს უნივერსიტეტში. თითოეულ საფეხურზე ფართოდაა გავრცელებული ინგლისურ ენაზე სწავლება, რაც მას ფაქტობრივად მესამე სასწავლო ენად აქცევს.

ჰელსინკის უნივერსიტეტი საერთაშორისო საუნივერსიტეტო სხვადასხვა ქსელის წევრია, მაგალითად, როგორიცაა Europaeum, UNICA, [12] Utrecht Network და ამავდროულად, ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის დამფუძნებელი წევრია. უნივერსიტეტს ასევე მიღებული აქვს საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა გლობალური კეთილდღეობისთვის; მაგალითად, 2021 წლის სექტემბერში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნივერსიტეტს გამოუყო ოთხ მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება MYC გენებისა და მკერდის კიბოს გამომწვევი მიზეზების გამოკვლევისა და მკურნალობისთვის.[13]

ტურკუს სამეფო აკადემია 1640–1828

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის წინამორბედი, აბოს სასულიერო სკოლა, სავარაუდოდ, დაარსდა 1276 წელს და აღნიშნულ სკოლაში განათლებას მხოლოდ ბიჭები იღებდნენ, რათა მომავალში ეკლესიის მსახურები გამხდარიყვნენ . როდესაც 1640 წლის 26 მარტს ქალაქ ტურკუში (შვედ. Åbo) შვედეთის დედოფალ კრისტინას (1626–1689) მიერ უნივერსიტეტი დაარსდა, როგორც აბოს სამეფო აკადემია (ლათ. Regia Academia Aboensis), სკოლის აკადემიური ნაწილისა და უფროსკლასელებისგან ჩამოყალიბდა ახალი უნივერსიტეტის ბირთვი, ხოლო უმცროსი კლასებისთვის ენისა და გრამატიკის შემსწავლელმა სკოლამ განაგრძო ფუნქციონირება. აბოს სამეფო აკადემია იყო მესამე უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა შვედეთის იმპერიაში, უფსალის უნივერსიტეტისა და გუსტავიანას აკადემიის (ესტონეთი, ამჟამინდელი ტარტუს უნივერსიტეტის წინამორბედი) შემდეგ.

ალექსანდრეს სამეფო უნივერსიტეტი ფინეთში 1808–1917

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ისტორიის მეორე პერიოდი მოიცავს დროს, როდესაც ფინეთი წარმოადგენდა დიდ საჰერცოგოს. ფინეთს მართავდა რუსეთის იმპერია 1809-დან 1917 წლამდე. როდესაც 1809 წელს დიდი საჰერცოგო დაარსდა, დიდმა ჰერცოგმა ალექსანდრე I-მა უნივერსიტეტი გააფართოვა. 1811 წელს უნივერსიტეტის ხარჯები გაორმაგდა. შეიქმნა ექვსი ახალი პროფესორის თანამდებობა, 12 ასისტენტის პოზიცია, სამი უცხოური ენის ლექტორის პოზიცია და სამი პრაქტიკის ხელმძღვანელის პოზიცია. უნივერსიტეტი ტურკუში რამდენიმე სახელით მუშაობდა: „ტურკუს სამეფო აკადემია“, „ალექსანდრეს აკადემია ფინეთში“ და „ტურკუს სამეფო უნივერსიტეტი“. 1827 წელს ტურკუს დიდი ხანძრის შემდეგ, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მანიფესტის თანახმად უნივერსიტეტი თავისი საკუთრებით, პერსონალით, პროფესორებითა და სტუდენტებით გადავიდა ჰელსინკიში. დაწესებულებას გადაარქვეს სახელი და დაარქვეს „ალექსანდრეს სამეფო უნივერსიტეტი ფინეთში“ და მისი მუშაობის ძირითადი ამოცანა იყო დიდი საჰერცოგოს სახელმწიფო მოხელეების განათლება.

უნივერსიტეტი გახდა მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი, რომელიც შეისწავლიდა კაცობრიობის ისტორიასა და გარემოს სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით. 1828 წელს მიღებულმა ახალმა წესდებამ განსაზღვრა, რომ უნივერსიტეტის მისია იყო, ხელი შეეწყო მეცნიერებებისა და თავისუფალი ხელოვნების განვითარებისათვის ფინეთში, რათა ახალგაზრდობის განათლება მიმართულიყო იმპერატორისა და სამშობლოს სამსახურისკენ. უნივერსიტეტს სპეციალური სტატუსი ჰქონდა რუსული პერიოდის განმავლობაში და მის კანცლერად რუსეთის გვირგვინის მემკვიდრე მსახურობდა. ამან უნივერსიტეტი პირდაპირ იმპერატორის დაქვემდებარებაში გადაიყვანა, ვიდრე გენერალ-გუბერნატორის ან სენატის. სასწავლებელი მალე გახდა კულტურული, პოლიტიკური და სამართლებრივი ცხოვრების ცენტრი. დიდი ფიგურები, როგორიცაა იოჰან ვილჰელმ სნელმანი, იოჰან ლუდვიგ რუნებერგი, ელიას ლონროტი და ზაქრის ტოპელიუსი აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის საქმიანობაში.

მე-19 საუკუნეში კვლევის ფოკუსი მასალის შეგროვებიდან გადავიდა ექსპერიმენტული, ემპირიული და ანალიტიკური მეთოდების გამოყენებაზე. ამ უფრო სამეცნიერო მიდგომამ გამოიწვია სპეციალიზაცია და ახალი დისციპლინების შექმნა. პროფესორთა რაოდენობა ათჯერ გაიზარდა, ხოლო სტუდენტთა რიცხვი დაახლოებით 400-დან 3 000-მდე გაიზარდა. ამ დისციპლინების განვითარებასთან ერთად, ფინეთში დაფასდა განათლება, მომრავლდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ბევრი კურსდამთავრებული მოგვიანებით დასაქმდა ინდუსტრიასა და მთავრობაში.

ტურკუში ხანძრის შემდეგ მრავალი შენობა დაზიანდა და კოლექცია დაიკარგა. ჰელსინკის უნივერსიტეტმა სწრაფად აღადგინა თავისი ინფრასტრუქტურა. 1832 წელს დასრულდა მთავარი შენობა, რომელიც დგას ჰელსინკის ცენტრში, სენატის მოპირდაპირედ და აგებულია არქიტექტორ კარლ ლუდვიგ ენგელის მიერ. აშენდა სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებებიც: კლინიკური საავადმყოფო და მეანობის დაწესებულება (1832), ბოტანიკური ბაღი (1832), ასტრონომიული ობსერვატორია (1834) და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (1840).

უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ფინური იდენტობისა და კულტურის განვითარებაში. უნივერსიტეტის საზოგადოებამ შეისწავლა ფინეთის ბუნება, ლანდშაფტები და კლიმატი და ნულიდან აღადგინა თავისი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კოლექციები. ცნობილი მკვლევრები, როგორიცაა ალექსანდრე ფონ ნორდმანი და უილიამ ნილანდერი საერთაშორისოდ ცნობილი გახდნენ თავიანთი ნაშრომებით. უნივერსიტეტი იზიარებდა გერმანული ნეოჰუმანიზმის ხედვებს. ხოლო წესდება ხელს უწყობდა სიღრმისეულ შესწავლას და ორიგინალურ კვლევას. დროთა განმავლობაში დაწესებულება გარდაიქმნა თანამედროვე სამეცნიერო უნივერსიტეტად. სტუდენტთა მზარდმა რაოდენობამ და ქალების მიღებამ უმაღლეს განათლებაში მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილება გამოიწვია. ამ გაფართოებამ საფუძველი ჩაუყარა ფინეთში მომავალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსებას, მათ შორის აბო აკადემიისა და ტურკუს უნივერსიტეტის.[14]

ჰელსინკის უნივერსიტეტი 1919 წლიდან დღემდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე პერიოდი უნივერსიტეტის ისტორიაში დაიწყო სრულიად დამოუკიდებელი ფინეთის რესპუბლიკის შექმნით 1917 წელს და უნივერსიტეტის ჰელსინკის უნივერსიტეტად გადარქმევით. მას შემდეგ, რაც ფინეთმა გამოაცხადა თავისი სრული დამოუკიდებლობა 1917 წელს, უნივერსიტეტს გადამწყვეტი როლი მიენიჭა ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობაში და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კეთილდღეობის შექმნაზე ორიენტირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. აკადემიური საზოგადოების წევრები ხელს უწყობდნენ საერთაშორისო ურთიერთობებს და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას. გარდა ამისა, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეროვნულ პოლიტიკაში და თანასწორობისთვის ბრძოლაში.

ომებს შორის პერიოდში უნივერსიტეტი გახდა კონფლიქტის ადგილი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სურდათ ფინური ენის გამოყენების გაძლიერება უნივერსიტეტში შვედური ენის ხარჯზე და იმათ შორის, ვინც ეწინააღმდეგებოდა ასეთ ნაბიჯს.[15] გეოგრაფი ვაინო ტანერი იყო შვედური ენის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი დამცველი.[16] ფინეთის შვედურმა სახალხო პარტიამ დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეაგროვა 153 914 ხელმოწერა შვედური ენის დასაცავად, რომლებიც პარლამენტსა და მთავრობას გადაეცა 1934 წლის ოქტომბერში. [15] საერთაშორისო დონეზე აკადემიკოსებმა დანიიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან და ისლანდიიდან წერილები გაუგზავნეს ფინეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს თავიანთ ქვეყნებში და გააფრთხილეს ნორდიული ერთიანობის შესუსტების შესახებ, რაც გამოიწვევდა ჰელსინკის უნივერსიტეტში შვედური ენის როლის შემცირება.[15]

მე-20 საუკუნეში ჰელსინკის უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევებმა რამდენიმე სფეროში აღიარება მოიპოვა კონკურენტულ ევროპულ დონეზე. სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული გამოიხატა პროფესორებისთვის მინიჭებული საერთაშორისო აღიარებებით, როგორიცაა მათემატიკოს ლარს ალფორსის მიერ მიღებული ფილდზის მედალი (1936), ნობელის პრემია ქიმიაში, რომელიც მიენიჭა პროფესორ ა.ი. ვირტანენს (1945) და ნობელის პრემია მედიცინის დარგში, რომელიც პროფესორ რაგნარ გრანიტმა გაიზიარა (1967). 1944 წლის 27 თებერვალს საბჭოთა საჰაერო დარბევის დროს უნივერსიტეტი ძალიან დაზიანდა ბომბებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნივერსიტეტის კვლევა ფოკუსირებული იყო ფინეთის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და საზოგადოებისა და ბიზნესის სტრუქტურის მთავარი ცვლილებების მხარდაჭერაზე. მაგალითად, ეროვნული რეკონსტრუქციის პერიოდში უნივერსიტეტმა თავისი კვლევა შეასაბამა მთავრობის მიზნებთან საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტმა ასევე წვლილი შეიტანა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. ფინელმა მკვლევრებმა მიიღეს მონაწილეობა ერთ-ერთ პირველ დიდ სამეცნიერო პროექტში - ატომური ენერგიისა და ბირთვული ფიზიკის მშვიდობიან სამეცნიერო პროექტში, რომელიც 1955 წელს პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა დაიწყო. ამ პროექტმა ერთად შეკრიბა ექსპერტები ჰელსინკის უნივერსიტეტიდან, ტექნოლოგიის უნივერსიტეტიდან და სხვა ინსტიტუტებიდან და ასე დაედო საფუძველი ღირებული ინოვაციების შექმნას.

სამეცნიერო განვითარების პროგრესმა ჰელსინკის უნივერსიტეტში ბევრი ახალი დისციპლინა და ფაკულტეტი შექმნა. ამ პერიოდში უნივერსიტეტი მოიცავდა 11 ფაკულტეტს, 500 პროფესორს და თითქმის 40 000 სტუდენტს. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა „დაწესებულების პოზიციის გაძლიერება, როგორც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი მულტიდისციპლინური საკვლევი უნივერსიტეტის".[17]

ამჟამად უნივერსიტეტი დაყოფილია თერთმეტ ფაკულტეტად. ფაკულტეტები ქვემოთ ჩამოთვლილია უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური თანმიმდევრობით, რაც ასახავს როგორც უნივერსიტეტის ისტორიას, ისე დისციპლინების იერარქიას მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დაარსდა:

  • ღვთისმეტყველების ფაკულტეტი (დაარსდა 1640)
  • სამართლის ფაკულტეტი (დაარსდა 1640)
  • მედიცინის ფაკულტეტი (დაარსდა 1640)
  • ხელოვნების ფაკულტეტი (ფილოსოფიის ფაკულტეტი დაარსდა 1640 წელს და ორ ნაწილად გაიყო 1852 წელს, დამოუკიდებელი ხელოვნების სექცია დაემატა 1863 წელს, დამოუკიდებელი ფაკულტეტი 1992-ში)
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ფარმაციის ფაკულტეტი
  • ბიოლოგიური და გარემოსდაცვითი მეცნიერებების ფაკულტეტი (ფილოსოფიის ფაკულტეტი დაარსდა 1640 წელს, გამოიყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 2004 წელს)
  • განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დამოუკიდებელი სექცია დაარსდა 1974 წელს, დამოუკიდებელი ფაკულტეტი - 1992, რეორგანიზებული და გადარქმეული- 2004, რეორგანიზებული და გადარქმეული 2017 წელს)
  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დაარსდა 1945 წელს)
  • სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი (დაარსდა 1898 წელს, დამოუკიდებელი ფაკულტეტად გარდაიქმნა 1924 წელს)
  • ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი (დაარსდა როგორც დამოუკიდებელი კოლეჯი 1945-ში, შეუერთდა ჰელსინკის უნივერსიტეტს 1995 წელს)

უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია რამდენიმე დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სამეცნიერო ცენტრები და ბიბლიოთეკები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ფინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰელსინკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაა. ჰელსინკის კოლეგიუმი მოწინავე კვლევებისთვის კიდევ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია ჰელსინკის უნივერსიტეტში. ინსტიტუტი შექმნილია პრინსტონის, ნიუ ჯერზის მოწინავე კვლევებითი ინსტიტუტების სამუშაო პრინციპების მიხედვით. წინა დირექტორებს შორის არიან რაიმო ვაირინენი (2002–2004) და იუჰა სიჰვოლა (2004–2009).[18][19]

უნივერსიტეტის რეიტინგი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელსინკის უნივერსიტეტი მსოფლიოში 101-150-ე ადგილზეა შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგის მიხედვით.[20] ამავე წლის Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის [21] თანახმად ჰელსინკის უნივერსიტეტი მსოფლიოში 121-ე ადგილზეა. ხოლო 2024 წლის THE–QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის [22] სიაში ჰელსინკის უნივერსიტეტი 115-ე ადგილზეა.

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელსინკის უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამების ფართო არჩევანს, რომლებიც სრულად ინგლისურ ენაზე ისწავლება. [23] პროგრამების მოცულობაა 120 ECTS კრედიტი, ხოლო ხანგრძლივობა - 2 წელი. ზოგიერთი პროგრამა ორგანიზებულია ჰელსინკის უნივერსიტეტის მიერ, თუმცა სხვა ფინურ და უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ყველა პროგრამა შეესაბამება უმაღლესი განათლების რეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას და შესაბამისად, აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.

უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებია:

ჰელსინკის უნივერსიტეტი არქტიკის უნივერსიტეტის (კვლევითი უნივერსიტეტების გაერთიანება) აქტიური წევრია. UArctic არის საერთაშორისო საკოორდინაციო ქსელი, რომელიც დაფუძნებულია პოლარული არქტიკის რეგიონში და შედგება 200-ზე მეტი უნივერსიტეტისგან, კოლეჯისა და სხვა ორგანიზაციებისგან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არქტიკის რეგიონში განათლებისა და კვლევების ხელშეწყობით.[24]

უნივერსიტეტი მონაწილეობს UArctic-ის მობილობის პროგრამაში north2north. ამ პროგრამის მიზანია წევრი ინსტიტუტების სტუდენტებს საშუალება მისცეს, ისწავლონ ჩრდილოეთის სხვადასხვა ქალაქში.[25]

უნივერსიტეტი შედგება ოთხი ძირითადი კამპუსისგან. თავდაპირველად, მთელი უნივერსიტეტი მდებარეობდა ჰელსინკის ცენტრშივე, მაგრამ 1930-იანი წლებიდან უნივერსიტეტის სწრაფი ზრდის გამო შენობები შეიძინეს და ააშენეს სხვადასხვა უბანში.

ცენტრალური კამპუსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ცენტრალური კამპუსი აქტივობის ცენტრი იყო მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი XIX საუკუნის დასაწყისში ტურკუდან ჰელსინკში გადმოვიდა. კამპუსი ასახავს ქალაქის ამ ნაწილის არქიტექტურულ სტილს. ცენტრში განლაგებულ უნივერსიტეტის შენობებში მდებარეობს თეოლოგიის, იურიდიული, ხელოვნების, ბიჰევიორისტული მეცნიერებებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები, ასევე ადმინისტრაციული კაბინეტები. კამპუსის უმეტესი შენობების არქიტექტურა ისტორიული მნიშვნელობისაა, შეხვდებით შენობებს დაწყებული დომინანტური ნეოკლასიციზმით, იუგენდსტილის ჩათვლით, XX საუკუნის მოდერნიზმამდე.

ქალაქის ცენტრში მდებარე კამპუსი, რომელიც გადაჭიმულია ჰელსინკის ისტორიული ცენტრის, სენატის მოედნისა და კრუუნუნჰაკას საქალაქო რაიონის გარშემო, წარმოადგენს ჰელსინკის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ გულს და აქვს ფაკულტეტების უდიდესი კონცენტრაცია დედაქალაქში.

1827 წელს ტურკუს დიდი ხანძრის შემდეგ, იმპერატორ ნიკოლოზ I-მა უბრძანა ტურკუს სამეფო აკადემიის გადატანა ფინეთის დიდი საჰერცოგოს ახალ დედაქალაქში, ჰელსინკიში, სადაც მომდევნო წელს ფუნქციონირება დაიწყო საიმპერატორო (ალექსანდრეს) უნივერსიტეტმა. ჰელსინკი უნდა გამხდარიყო ფინეთის ფანჯარა მსოფლიოში; ევროპული ქალაქი, რომლისთვისაც უნივერსიტეტი განუყოფელ ნაწილად იქცეოდა. კარლ ლუდვიგ ენგელს, არქიტექტორს, მიეცა დავალება, დაეპროექტებინა იმპერიული სტილის მთავარი შენობა სენატის მოედანთან, საიმპერატორო სენატის პირისპირ. მთავარი ნაგებობის მშენებლობა 1832 წელს დასრულდა. ტურკუს ხანძრისგან მიღებული გაკვეთილების წყალობით, ბიბლიოთეკა სხვა შენობებისგან დამოუკიდებლად ააშენეს. ბიბლიოთეკა და კამპუსის რამდენიმე ფაკულტეტის შენობაც ენგელის პროექტით შეიქმნა. მთავარი შენობა, ისევე როგორც კამპუსის სხვა შენობები, მძიმედ დაზიანდა საბჭოთა დაბომბვების დროს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მაგრამ ომის შემდეგ აღადგინეს. [26]

გეგმა, რომელიც ეხებოდა უნივერსიტეტის კოლაბორაციასა და თანამშრომლობას და რომელიც 1980-იანი წლებიდან იღებს სათავეს, მიზნად ისახავდა დაწესებულებებს შორის უფრო მჭიდრო ერთობის მიღწევას. ქალაქის ცენტრის კამპუსი არ გამოირჩევა ურბანული გარემოთი დანარჩენი ნაწილისგან, არამედ ძველი საუნივერსიტეტო ტრადიციის შესაბამისად ქალაქის ნაწილია. უნივერსიტეტის ობიექტები დღემდე ფუნქციურ და თანმიმდევრულ მთლიანობას ქმნიან, რომელიც შედგება არა მხოლოდ ისტორიულად ღირებული შენობებისგან, არამედ 20 000 სტუდენტის, 3 000 მასწავლებლისა და სხვა პერსონალისგან.

კუმპულას კამპუსი, რომელიც მეცნიერებათა ფაკულტეტს აერთიანებს, ჰელსინკის ცენტრიდან ოთხი კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს, ტრამვაის მე-6 და მე-8 ხაზების მახლობლად. კამპუსი აერთიანებს ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და სტატისტიკის, კომპიუტერულ მეცნიერებათა და გეომეცნიერებათა და გეოგრაფიის დეპარტამენტებს.

უნივერსიტეტის დეპარტამენტები კუმპულაში პირველად 1978 წელს განთავსდა, როდესაც ჰელსინკის ქალაქმა ეს ტერიტორია უნივერსიტეტს იჯარით გადასცა. ერთი წლით ადრე ამ ტერიტორიის გენერალური გეგმისთვის ჩატარდა საპროექტო კონკურსი. 1980-იან წლებში ფიზიკის დეპარტამენტის ამაჩქარებელი ლაბორატორია კუმპულას კლდეში ამოიკვეთა, ხოლო 1987 წელს კუმპულას ბოტანიკური ბაღის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, 1990-იან წლებამდე ვერ დაიწყო საკუთრივ სამშენებლო სამუშაოები, რამაც ეს ტერიტორია მნიშვნელოვან კამპუსად გარდაქმნა.

ქემიკუმი შენობაა, რომელიც აერთიანებს ქიმიის დეპარტამენტს და VERIFIN-ს (ქიმიური იარაღის კონვენციის ვერიფიკაციის ფინური ინსტიტუტი) და ფიზიკუმი, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტებს ფიზიკის, გეოლოგიისა და გეოგრაფიისთვის, მდებარეობს კუმპულას კამპუსში, ფინელი ნობელის პრემიის ლაურეატის, ა. ი. ვირტანენის სახელობის მოედნის გარშემო. კუმპულას კამპუსის ბიბლიოთეკა ასევე ფიზიკუმშია განთავსებული. კუმპულას სპორტული ცენტრი დაგეგმილია როგორც უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების, ისე ჰელსინკის მოქალაქეებისთვის სარეკრეაციოდ გამოსაყენებლად. 2004 წელს დასრულებული ექზაქტუმი უზრუნველყოფს ობიექტებს სეისმოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკური დისციპინებისათვის, ასევე ადმინისტრაციული სერვისებისთვის.

კამპუსი მოიცავს ორ ძირითად ნაწილს: ბოტანიკურ ბაღს, რომელიც გარს აკრავს კუმპულას მამულის ძველ შენობებს და თანამედროვე ახალ შენობებს, რომლებიც რამდენიმე ასეული მეტრით ჩრდილოეთითაა განთავსებული მამულიდან. კამპუსი აერთიანებს თანამედროვე და ისტორიულ არქიტექტურულ ელემენტებს. კამპუსი გვთავაზობს სასწავლო და კვლევით ობიექტებს 6 000 სტუდენტისა და 1 000 მასწავლებლისთვის. ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტი ამ ტერიტორიაზე 2005 წელს გადავიდა. ეს შენობა დინამიკუმის სახელითაა ცნობილი.

მეილაჰტის კამპუსი, სადაც მედიცინის ფაკულტეტია განთავსებული, წარმოადგენს მეილაჰტის საავადმყოფოს რაიონის ნაწილს ქალაქის ცენტრის პირას. მეილაჰტი უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მეილაჰტის ტერიტორია გარდაიქმნა წამყვანი სამედიცინო კვლევების ცენტრად და დაერქვა „მედილაჰტი“. 1930-იან წლებში დაარსებულ ქალთა კლინიკას 1966 წელს დაემატა ფინეთის წამყვანი საავადმყოფო - ჰელსინკის უნივერსიტეტის ცენტრალური საავადმყოფო (HUCH). იმავე წელს დასრულდა ჰაარტმანინკატუს ქუჩაზე თეორიული საგნების დეპარტამენტების ობიექტების მშენებლობა. ახლა შენობის რეკონსტრუქცია და გაფართოება მიმდინარეობს.

კამპუსში ბოლო დასრულებული ობიექტები მოიცავს ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნულ ბიბლიოთეკას (ტერკო) და სამეცნიერო-სასწავლო ცენტრ ბიომედიკუმს, რომელიც აერთიანებს რამდენიმე კვლევით ინსტიტუტს, მათ შორის მოლეკულური მედიცინის ფინურ ინსტიტუტს (FIMM), ნეიროსამეცნიერო ცენტრს (NC) და მინერვას ფონდის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტს.

რუსკეასუოს ობიექტები, მათ შორის სტომატოლოგიის დეპარტამენტი, ორალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტი და სასამართლო მედიცინის დეპარტამენტი, ასევე ეკუთვნის მეილაჰტის კამპუსს. მეილაჰტისა და რუსკეასუოს ტერიტორიები ქმნიან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს შეხვედრის ადგილს სამედიცინო განათლებისთვის, საერთაშორისო მაღალი დონის კვლევებისა და თანამშრომლობისათვის. კამპუსი სამუშაო ადგილია 2 000 სტუდენტისა და 1 500 მასწავლებლისთვის.

მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო ობიექტების გაერთიანების მრავალწლიანი პროექტის წყალობით, მეილაჰტი ახლა მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნქციურ ერთიანობას წარმოადგენს. კამპუსის გარემო მიიჩნევა, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი ადგილი აკადემიური და კვლევითი საქმიანობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მეილაჰტის კამპუსი გადაჯაჭვულია მეილაჰტის დანარჩენ რაიონთან, მას გააჩნია მკაფიოდ გამოკვეთილი კამპუსის ტერიტორია თავისი საავადმყოფოს ტიპის შენობებით.

ვიიკის კამპუსი მდებარეობს ვიიკის რაიონის ნახევრად გარეუბნულ მწვანე სივრცეში, დაახლოებით 8 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქის ცენტრიდან. იგი აერთიანებს სოფლისა და სატყეო მეურნეობის, ბიომეცნიერებათა, ვეტერინარული მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტებს. ეს არის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია ბიომეცნიერებათა სფეროში, თუნდაც ევროპული სტანდარტებით. ხშირად მას ბიომეცნიერებათა კამპუსს ან „მწვანე კამპუსს" უწოდებენ.

ბიომეცნიერებების გარდა, კამპუსში განთავსებულია სასიცოცხლო მეცნიერებათა სხვადასხვა სფეროს მრავალფეროვანი მკვლევრები და სტუდენტები ისეთ დარგებში, როგორიცაა გარემოს მეცნიერება, ვეტერინარული მედიცინა, საკვების კვლევა და ეკონომიკა. მრავალი საერთაშორისო კვლევითი ჯგუფიც მუშაობს ვიიკის კამპუსზე. ვიიკის კამპუსი არის ოთხი ფაკულტეტის, სამი დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის (ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი (BI), ფინეთის ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტი (LUKE) და ფინეთის გარემოს ინსტიტუტი (SYKE)) და ვიიკის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა.

ის ასევე იზიდავს ბიზნესის მზარდ რაოდენობას ჰელსინკის ბიზნესისა და მეცნიერების პარკში. ფინეთის ნადირობის და მეთევზეობის კვლევითი ინსტიტუტი და საკვების უსაფრთხოების ფინური უწყება, ევირა, ასევე ვიიკში გადავიდნენ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები MTT Agrifood Research Finland-ის ვიიკში გადმოსაყვანად, ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის შესავსებად.

ვიიკის კამპუსი აერთიანებს 6,500-ზე მეტი სტუდენტისა და 1,600 მასწავლებლის მულტიდისციპლინურ სამეცნიერო საზოგადოებას, საცხოვრებელ რაიონს, რომელიც ხაზს უსვამს ეკოლოგიურ ღირებულებებს და ბუნებრივ გარემოს, მათ შორის სარეკრეაციო ზონებსა და ბუნების ნაკრძალებს, და ქმნის უნიკალურ მთლიანობას. კამპუსს ასევე აქვს ვიიკინლაჰტის დაცული ტერიტორია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ფრინველთმკვირვებელთა შორის.

ბიბლიოთეკები და მუზეუმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელსინკის უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელსინკის უნივერსიტეტის მუზეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 https://www.helsinki.fi/en
  2. ↑ https://www.helsinki.fi/en/university/the-university-of-helsinki-in-numbers
  3. ↑ https://www.lobbyfacts.eu/datacard/helsingin-yliopisto?rid=661042540157-54
  4. ↑ https://orcid.org/members/001G000001zUlVeIAK-university-of-helsinki
  5. ↑ https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  6. ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
  7. ↑ Our Members / Tier 4
  8. ↑ https://www.kiwi.fi/pages/viewpage.action?pageId=50169951
  9. ↑ https://web.archive.org/web/20231109092552/https://coara.eu/coalition/membership/
  10. ↑ Yliopisto numeroina | Helsingin yliopisto fi. ციტირების თარიღი: 2024-08-21
  11. ↑ Bologna Process at the University of Helsinki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016. ციტირების თარიღი: 29 November 2017
  12. ↑ UNICA = "Institutional Network of the Universities from the Capitals of Europe".
  13. ↑ Pentagonilta jättirahoitus Helsingin yliopiston johtamaan syöpätutkimushankkeeseen – Ilta-Sanomat (in Finnish)
  14. ↑ History | University of Helsinki en. ციტირების თარიღი: 2025-03-11
  15. 1 2 3 Sundman, Lasse. (24 April 2011) Universitetsadresserna sv. ციტირების თარიღი: 30 November 2017
  16. ↑ Lindberg, Johan. (5 August 2011) Tanner, Väinö sv. ციტირების თარიღი: 30 November 2017
  17. ↑ University of Helsinki. ციტირების თარიღი: 16 March 2015
  18. ↑ „Historioitsija ja filosofi Juha Sihvola on kuollut“. Helsingin Sanomat.
  19. ↑ „Juha Sihvola“. Helsingin Sanomat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-31.
  20. ↑ Academic Ranking of World Universities 2023
  21. ↑ World University Rankings 2016. ციტირების თარიღი: 16 March 2015
  22. ↑ QS World University Rankings® 2023/24. Top Universities (11 September 2024). ციტირების თარიღი: 26 February 2024
  23. ↑ Master's Programmes en (2016-11-15). ციტირების თარიღი: 2019-07-03
  24. ↑ UArctic - University of the Arctic en-US. ციტირების თარიღი: 2025-03-07
  25. ↑ UArctic - University of the Arctic - Where Can I Go. ციტირების თარიღი: 2025-03-07
  26. ↑ Kati Heinämies. Helsingin suurpommitukset ja yliopisto fi. Helsinki University Museum Arppeanum. ციტირების თარიღი: 9 April 2014