ჰელენ პრეჟანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ელენ პრეჟანი 2006 წელს.

ჰელენ პრეჟანი (ინგლ. Helen Prejean; დ. 21 აპრილი, 1939, ბატონ რუჟი, ლუიზიანა, აშშ) — ამერიკელი კათოლიკე მონაზონი, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად მუშაობდა როგორც სიკვდილმისჯილ პატიმრებთან, ასევე მკვლელობის მსხვერპლთა ოჯახებთან.

1957 წელს პრეჟანი წმინდა ჟოზეფ მედალის დების კათოლიკური ორდენის წევრი გახდა. დაამთავრა წმ. მარიამის სახელობის დომინიკელთა კოლეჯი ახალ ორლეანში ინგლისურისა და განათლების მიმართულებით 1962 წელს და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი რელიგიურ განათლებაში ოტავის სენ-პოლის უნივერსიტეტში 1973 წელს. მისი კარიერა რელიგიის მასწავლებლობით დაიწყო, თუმცა მალევე ჩაერთო ღარიბთა და უპოვართა დაცვის საკითხებში. 1981 წელს ნაცნობის თხოვნით პრეჟანმა დაიწყო მიმოწერა ლუიზიანელ სიკვდილმისჯილ კრიმინალთან, რომელსაც საბოლოოდ საპატიმროში ეწვია და მისი სულიერი მოძღვარი გახდა. ამ დროიდან პრეჟანი აქტიურად ჩაება მისიონერულ საქმიანობაში სიკვდილმისჯილებთან და დაიწყო კამპანია სიკვდილით დასჯის გაუქმების მოთხოვნით. თავისი მოღვაწეობის ეს პერიოდი პრეჟანმა აღწერა მის პირველ წიგნში „მიცვალებული მოდის: შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის ამბავი, მოთხრობილი თვითმხილველის მიერ“ (Dead Man Walking: An Eyewitness Account of the Death Penalty in the United States, 1994). წიგნში გადმოცემულია ავტორის სიკვდილმისჯილებთან, მათ ოჯახის წევრებთან, მკვლელობის მსხვერპლთა ახლობლებთან, საპატიმროების თანამშრომლებთან, ადვოკატებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ურთიერთობის გამოცდილება და შთაბეჭდილებები. თხზულება ნომინირებული იყო პულიცერის პრემიაზე, ხოლო „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ საუკეთესო ბესტ-სელერად დაასახელა. წიგნის მიხედვით 1995 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ტიმ რობინსმა გადაიღო ფილმი „მიცვალებული მოდის“, რომელშიც სუზან სარანდონი და შონ პენი მონაწილეობდნენ. ის საფუძვლად დაედო ასევე 2000 წლის ოპერას (მუსიკის ავტორი: ჯეიკ ჰეგი, ლიბრეტო: ტერენს მაკნელისა).[1]

პრეჟანის მეორე წიგნიც „უდანაშაულოთა სიკვდილი: მცდარი სასჯელის ამბავი, მოთხრობილი თვითმხილველის მიერ“ (The Death of Innocents: An Eyewitness Account of Wrongful Executions, 2005) ასევე სიკვდილმისჯილებთან მუშაობის ავტორისეულ გამოცდილებას ასახავს და ამასთანავე აკრიტიკებს სამართლის ამერიკულ სისტემას, რომელმაც დაუშვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილით დასჯა. 2019 წელს პრეჟანმა გამოაქვეყნა მემუარები „ცეცხლის მდინარე: ჩემი სულიერი მოგზაურობა“ (River of Fire: My Spiritual Journey). პრეჟანს მიღებული აქვს არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო. 1998 და 1999 წლებში ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე. 1993-1995 წლებში პრეჟანსი იყო სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის ეროვნული კოალიციის (National Coalition to Abolish the Death Penalty) თავმჯდომარე. ნიუ-ორლეანში აქვს საკუთარი ორგანიზაცია „მოძღვრობა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“ (Ministry Against the Death Penalty).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Sister Helen Prejean, Encyclopædia Britannica. 2019. ნანახია 20 თებერვალი, 2020.