ჰელენა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰელენა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი
Princess Helena at her wedding, 1882.png
სრული სახელი
ჰელენა ფრედერიკა ავგუსტა
წოდებები
ოლბანის ჰერცოგინია
დაიბადა 17 თებერვალი, 1861
ვალდეკი, გერმანია
გარდაიცვალა 1 სექტემბერი, 1922, (61 წლის)
ტიროლი, ავსტრია
საგვარეულო ვალდეკები
მეუღლე(ები) ლეოპოლდი, ოლბანის ჰერცოგი
(ქ. 1882 - გარდ. 1884)
შვილ(ებ)ი ჩარლზ ედუარდი, საქსენ-კობურგის და გოთას ჰერცოგი
მამა გეორგ ვიქტორი, ვალდეკ უნდ პირმონტის მთავარი
დედა ჰელენა ნასაუელი

ჰელენა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი (გერმ. Helene zu Waldeck und Pyrmont, ინგლ. Helena of Waldeck and Pyrmont; დ. 17 თებერვალი, 1861, ვალდეკი, გერმანია — გ. 1 სექტემბერი, 1922, ტიროლი, ავსტრია) — ვალდეკ უნდ პირმონტის მთავარ გეორგ ვიქტორის ასული. ნიდერლანდების დედოფალ ემას უმცროსი და და დედოფალ ვილჰელმინას დეიდა. ოლბანის ჰერცოგინია 1882-84 წლებში როგორც დედოფალ ვიქტორიას ვაჟის, ლეოპოლდის მეუღლე. შვედეთის მეფე კარლ XVI-ის დიდი ბებია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ჰელენა დაიბადა 1861 წლის 17 თებერვალს ვალდეკის სამთავროს დედაქალაქ აროლზენში. იგი იყო მთავარ გეორგ ვიქტორისა და მისი მეუღლის, ჰელენა ნასაუელის შუათანა ასული. მისი მრავალი დედმამიშვილიდან აღსანიშნავია: ვალდეკ-პირმონტის უკანასკნელი მთავარი ფრიდრიხი, ნიდერლანდების დედოფალი და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია ემა და ვიურტემბერგის კრონპრინცესა მარია.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ჰელენა 1882 წელს

გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის უფროს დებთან, ემასა და პაულინასთან ერთად ჰელენა განიხილებოდა ნიდერლანდების მეფე ვილემ III-ის მეორე ცოლის პოზიციაზე, თუმცა მეფემ საბოლოოდ ემაზე შეაჩერა არჩევანი. დის ასეთმა სარფიანმა ქორწინებამ ჰელენას გზა გაუხსნა ევროპის სხვა სამეფო ოჯახებისაკენ. სულ მალევე მისით დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია დაინტერესდა, რომელიც თავისი უმცროსი ვაჟის, პრინცი ლეოპოლდისათვის ეძებდა საცოლეს. მოლაპარაკებები სწრაფად დასრულდა და 1881 წლის ნოემბერში ჰელენა ლეოპოლდზე დაინიშნა.

1882 წლის 27 აპრილს უინძორის სასახლეში შედგა მათი ჯვრისწერა, რითაც იგი ოლბანის ჰერცოგინია გახდა. ქორწინების შემდეგ წყვილმა ბინა კლერმონის სასახლეში დაიდო. მათი ქორწინება ბედნიერი და ნაყოფიერი იყო, თუმცაღა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რამეთუ ლეოპოლდი ჰემოფილიით იყო დაავადებული. ამის გამო ექიმებმა იგი საფრანგეთში გაამგზავრეს, რადგან მათი აზრით ცხელი კლიმატი უნდა მოხდენოდა, თუმცა ლეოპოლდი იქ სასახლეში წაიქცა და სისხლდენის შედეგად 1884 წელს, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროს ჰელენა მეორე ბავშვზე იყო ორსულად.

ქვრივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლად დაქვრივებული ჰელენა

ჰელენას ქალიშვილის, ალისას მემუარებზე დაყრდნობით, იგი ძალიან ინტელიგენტი იყო, ასევე ჰქონდა პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა და საოჯახო საქმეების დიდი სიყვარული. დედოფალი ვიქტორია თავიდან წუხდა, რომ პრინცესა ჰელენა ტიპური გერმანელი იზოლირებული ქალი იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით თავის ქალიშვილთან, გერმანიის კრონპრინცესა ვიქტორიასთან მიწერილ წერილებში იგი სიხარულს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ ჰელენას მოსწონდა ხალხში გასვლა. სულ მალე დედოფალი მისდამი პატივისცემით განეწყო, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ უბრალო გერმანელი მთავრის ასულისათვის იგი „საოცრად განათლებული და ინტელექტუალი“ იყო. სანამ გაათხოვებდა მამამისმა ჰელენა ვალდეკის სკოლების მმართველად დანიშნა, რა დროსაც პრინცესამ რამდენიმე საგანმანათლებლო რეფორმაც გაატარა. ცნობილია, რომ მას განსაკუთრებულად უყვარდა ფილოსოფია და მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. ამის გამო, ხანმოკლე ქორწინების პერიოდში ლეოპოლდმა სიამაყით წარადგინა თავისი ცოლი ოქსფორდის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ ჰელენა ქმრის ოქსფორდელ მეგობრებთან მთელი ცხოვრება მეგობრობდა.

1894 წელს ჰელენა დეპტფორდის ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. თავდაპირველად ფონდი მიმართული იყო ქალებისა და გოგონების დასაქმებისაკენ ადგილობრივ ბიზნესში, სადაც მან მრავალი პროექტი განახორციელა ამ მათ დასახმარებლად. 1899 წელს მანვე დააარსა ოლბანის ინსტიტუტი. მოგვიანებით ინსტიტუტი გაფართოვდა და მიიერთა ოლბანის თეატრიც. ინსტიტუტი 1978 წელს დაანგრიეს ანტირასისტული, ანტინაცისტური და ანტიიმპერიალისტური გამოსვლების დროს. 1982 წელს უელსის პრინცესამ მხოლოდ ოლბანის თეატრის აღდგენა მოახერხა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

ჰელენა ასევე თანამშრომლობდა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და ცდილობდა ტრეფიკინგის აღკვეთას. პირველი მსოფლიო ომის დროს თავის მულთან, პრინცესა ბეატრისთან და ქმრის დისწულ მარია ლუიზასთან ერთად აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას, რათა სამეფოსათვის აეცილებინა მოსალოდნელი კრიზისი.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეოპოლდის გარდაცვალების შემდეგ იგი თავის შვილებთან ერთად განაგრძობდა ცხოვრებას კლერმონის სასახლეში. 1899 წელს მისი მაზლიშვილის გარდაცვალების შემდეგ ჰელენას თექვსმეტი წლის ვაჟი აირჩიეს გერმანიაში მდებარე საქსენ-კობურგის და გოთას მომავალ ჰერცოგად. ამის გამო მისი ვაჟი პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანულ არმიაში მსახურობდა, რის გამოც ბრიტანეთის პარლამენტმა 1917 წელს მას ბრიტანული წოდებები ჩამოართვა. მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი ცოლად პრინც ალექსანდერ ტეკელს გაჰყვა, ჰელენა დიდი ბრიტანეთის დედოფალ მარია ტეკელის მოყვარე გახდა.

პრინცესა ჰელენა გარდაიცვალა 1922 წლის 1 სექტემბერს ტიროლში, ავსტრიაში, 61 წლის ასაკში, თავის ვაჟთან ვიზიტისას. მისი გარდაცვალების მიზეზი მოულოდნელი გულის შეტევა გახდა. იგი დაკრძალეს იქვე, ტიროლში, იმავე წლის 8 სექტემბერს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალისა (1883-1981), ოლთონის გრაფინია. ცოლად გაჰყვა პრინც ალექსანდერ ტეკელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. ჩარლზ ედუარდი (1884-1954), საქსენ-კობურგისა და გოთას ჰერცოგი. ცოლად შეირთო ვიქტორია ადელჰაიდ შლეზვიგ-ჰოლშტაინელი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Harvester Wheatsheaf (1971). The Constitutional Year Book. Harvester Press. p. 28. ISBN 978-0-85527-070-4.
  • "Princess Helen, Duchess of Albany (1861-1922), Wife of Prince Leopold, Duke of Albany; daughter of Prince George Victor of Waldeck-Pyrmont". National Portrait Gallery, London.
  • Her bridesmaids were The Ladies Mary Campbell, Blanche Butler, Feodore Yorke, Florence Bootle-Wilbraham, Ermyntrude Russell, Alexandrina Vane-Tempest, Anne Lindsay and Florence Anson.
  • Princess Marie Louise (née Princess of Schleswig-Holstein-Sonderburg-Augustenberg), My Memories of Six Reigns (London: Evans Brothers, 1956)