ედვარდ ჰეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰეილი, ედვარდ)
ედვარდ ჰეილი
დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1822
ბოსტონი, მასაჩუსეტსი
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 1909
როქსბერი, მასაჩუსეტსი
ხელმოწერა

ედვარდ ევერეტ ჰეილი (ინგლ. Edward Everett Hale; დ. 3 აპრილი, 1822 — გ. 10 ივნისი, 1909) — ამერიკელი ავტორი, ისტორიკოსი და პასტორი, ამერიკის რევოლუციური ომის ჯაშუშის, ნათან ჰეილის შვილთაშვილი. ცნობილია მოთხრობით „უსამშობლო კაცი“, რომელიც ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოელთა მხარდასაჭერად დაიბეჭდა Atlantic Monthly-ში.

ჰეილი წერდა მოთხრობებს, ესეებს, მემუარებს. იყო გულისხმიერი და გონიერი კრიტიკოსი — პირველად გამოეხმაურა გულთბილად უოლტ უიტმენი-ს წიგნს „ბალახის ფოთლები“. ჰეილის მწერლური თვითმყოფადობა მკაფიოდ გამოვლინდა მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში „უსამშობლო კაცი“, რომელიც მან 1863 წლის ზაფხულში (სამოქალაქო ომის დროს) დაწერა და იმავე წლის ბოლოს ჟურნალ „ატლანტიკ მანსლის“ ფურცლებზე გამოაქვეყნა. რა არის სამშობლოს მოწყვეტილი კაცის ცხოვრება? რა ფასი აქვს თავისუფლებას სამშობლოს გარეშე? — ეს მწვავე და მარადიული თემაა მხატვრულად დამუშავებული ამ მოთხრობაში. „უსამშობლო კაცში“ აღწერილია ამერიკელი ოფიცრის ტრაგიკული ბედი, ბედი ფილიპ ნოლანისა, რომელმაც ახალგაზრდობაში წარმოთქვა საბედისწერო სიტყვები: „ეშმაკმა დასწყევლოს თქვენი შეერთებული შტატები!..“, ამის გამო უსამშობლოდ ყოფნა მიესაჯა და ამ სასჯელმა მრავალი წლის მერე ათქმევინა: „ადამიანთა მიღმა... ოფიცრებს მიღმა, მთავრობის მიღმა და მთელი ხალხის მიღმაც არის თვით სამშობლო, შენი სამშობლო და შენ მისი შვილი ხარ, ისევე როგორც შენი მშობელი დედისა და ისევე ეკუთვნი მას, როგორც დედას“.

ფილიპ ნოლანი მალევე იქცა ეროვნულ მითად. უოლტერ დემროშმა ამ მოთხრობის მიხედვით შექმნა ოპერა, რომელიც 1937 წელს ნიუ-იორკში, „მეტროპოლიტენ ოპერის“ სცენაზე დაიდგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „რა არის თავისუფლება?“ კრებული მესამე, თბილისი, 2015, გვ. 47.