ჰაცეგოპტერიქსი
| ჰაცეგოპტერიქსი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ჰაცეგოპტერიქსის რეკონსტრუქცია | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Hatzegopteryx Buffetaut et al., 2002 | |||||||||||||||
| ტიპური სახეობა | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
ჰაცეგოპტერიქსი (ლათ. Hatzegopteryx) — აჟდარქიდი პტეროზავრების გვარი, რომელიც აღმოჩენილია ზედა მაასტრიხტულ დანალექებში, კერძოდ, დენსუშ ჩიულას ფორმაციაში, რომელიც ტრანსილვანიის (რუმინეთი) ტერიტორიაზე მდებარეობს. ის ცნობილია მხოლოდ ტიპური სახეობით, Hatzegopteryx thambema,[1] რომელსაც სახელი პალეონტოლოგებმა ერიკ ბაფეტომ, დან გრიგორესკუმ და ზოლტან ჩიკიმ 2002 წელს დაარქვეს, ქალისა და მხრის ძვლის ნაწილებზე დაყრდნობით. მოგვიანებით, დამატებითი ნიმუშები, მათ შორის კისრის მალა, ამ გვარს მიაკუთვნეს, რაც სხვადასხვა ზომის ნიმუშებს მოიცავს. ყველაზე დიდი ნაშთები მიუთითებს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პტეროზავრი იყო, დაახლოებით 10-დან 12 მეტრამდე ფრთების შლილით.
გიგანტურ აჟდარქიდებს შორის, ჰაცეგოპტერიქსს ჰქონდა უჩვეულოდ ძალიან ფართო ქალა დიდი კუნთოვანი დანართებით, მოკლე, მძლავრი, ძლიერად დაკუნთული კისერი, რომლის სიგრძე 1.5 მეტრს აღწევდა.[2] ეს დაახლოებით ორჯერ მოკლე იყო სხვა აჟდარქიდების კისერთან შედარებით, რომლებსაც მსგავსი ფრთების შლილი ჰქონდათ. ჰაცეგოპტერიქსი ბინადრობდა ჰაცეგის კუნძულზე, რომელიც ცარცული პერიოდის სუბტროპიკებში, პრეისტორიულ ტეთისის ზღვაში მდებარეობდა. დიდი თეროპოდების არარსებობის პირობებში, ჰაცეგოპტერიქსი სავარაუდოდ ჰაცეგის კუნძულის მტაცებელთა ჯაჭვის სათავეში იყო, რომელიც სხვა აჟდარქიდებთან შედარებით პროპორციულად უფრო დიდ ნადავლს (მათ შორის ჯუჯა ტიტანოზავრები და იგუანოდონტები) ნადირობდა.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვარს სახელი 2002 წელს ფრანგმა პალეონტოლოგმა ერიკ ბაფეტომ და რუმინელმა პალეონტოლოგებმა დან გრიგორესკუმ და ზოლტან ჩიკიმ უწოდეს. მისი სახელი რუმინეთის ქალაქ ჰაცეგიდან მომდინარეობს, ხოლო ბერძნული სიტყვა pteryx (πτέρυξ) ნიშნავს „ფრთას“. ჰაცეგოპტერიქსის ძვლები აღმოჩენილია მეზოზოური კუნძულის, ჰაცეგის მიდამოებში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაცეგოპტერიქსის ნაშთები 2002 წელს, ზედა მაასტრიხტულ დენსუშ ჩიულას ფორმაციაში, დასავლეთ რუმინეთში აღმოაჩინეს.[3] ჰოლოტიპი FGGUB R 1083A შედგება ქალის უკანა ნაწილისა და მარცხენა მხრის ძვლის დაზიანებული პროქსიმალური ნაწილისგან. 38,5-სანტიმეტრიანი ბარძაყის ძვლის დიაფიზი, რომელიც ახლოს იპოვეს (FGGUB R1625), ასევე შესაძლოა ჰაცეგოპტერიქსს ეკუთვნოდეს.
ვარაუდობენ, რომ Hatzegopteryx thambema-ს ჰქონდა მტკიცე, უკან გაფართოებული ქალა და მასიური ყბები. ამ სახეობის მრავალი ნამარხი ძვალი ძლიერ წააგავს კეცალკოატლისას, მაგრამ ჰაცეგოპტერიქსს გაცილებით მძიმე ქალა და ყბების სხვაგვარი შეერთება ჰქონდა, რაც პტერანოდონის მსგავსი იყო. სხვა პტეროზავრებთან – ნიკტოზავრსა და ანანგუერასთან – შედარებისას, ერიკ ბაფეტოსა და მისი კოლეგების შეფასებით, თავის ქალის სიგრძე 3 მეტრს აღწევს, რაც კეცალკოატლისაზე მეტია. მათ ჰაცეგოპტერიქსის ზომა მხრის ძვლის 23,6 სმ სიგრძის ფრაგმენტის კეცალკოატლის მხრის ძვალთან შედარებით შეაფასეს, რომელიც ყველაზე დიდ ცნობილ პტეროზავრად ითვლება. კეცალკოატლის ნიმუშს TMM 41450-3 აქვს 54,4 სმ სიგრძის მხრის ძვალი. ჰაცეგოპტერიქსის მხრის ძვლის ფრაგმენტი მთლიანი ძვლის ნახევარზე ნაკლებია, ამიტომ ის, სავარაუდოდ, კეცალკოატლის ძვალზე ოდნავ გრძელი იყო. ამ უკანასკნელის ფრთების შლილი 1981 წელს 12–13 მეტრით შეფასდა, ადრინდელი შეფასება კი 15–20 მეტრი იყო. 2003 წლის შეფასებით, ფრთების შლილი — დაახლოებით 12 მეტრი, ხოლო ქალის სიგრძე — 2,5 მეტრზე მეტი.[4] 2010 წელს მარკ უიტონმა განაცხადა, რომ ჰაცეგოპტერიქსის მხრის ძვლის ზომებში აშკარა უპირატესობა გამოწვეულია მისი დეფორმაციით ქანში მოხვედრის შემდეგ, ასე რომ, სავარაუდოდ, მისი ფრთების შლილი არ აღემატებოდა კეცალკოატლის ფრთების შლილს, რომელიც ამჟამად 10–11 მეტრომდეა შეფასებული.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰაცეგოპტერიქსი“ ვიკისაწყობში.- ჰაცეგოპტერიქსი — Pteros.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hatzegopteryx(ინგლისური) ინფორმაცია საიტზე Paleobiology Database.ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2019.
- ↑ Naish, D.; Witton, M.P. (2017). „Neck biomechanics indicate that giant Transylvanian azhdarchid pterosaurs were short-necked arch predators“. PeerJ. 5. doi:10.7717/peerj.2908. PMC 5248582. PMID 28133577.
- ↑ Albert, Gáspár; Budai, Soma; Csiki-Sava, Zoltán; Makádi, László; Ţabără, Daniel; Árvai, Valentin; Bălc, Ramona; Bindiu-Haitonic, Raluca; Ducea, Mihai N.; Botfalvai, Gábor (1 June 2025). „Age and palaeoenvironmental constraints on the earliest dinosaur-bearing strata of the Densuș-Ciula Formation (Hațeg Basin, Romania): Evidence of their late Campanian-early Maastrichtian syntectonic deposition“. Cretaceous Research. 170: 106095. Bibcode:2025CrRes.17006095A. doi:10.1016/j.cretres.2025.106095. ISSN 0195-6671.
- ↑ Buffetaut E., Grigorescu D. and Csiki Z. (2003). Giant azhdarchid pterosaurs from the terminal Cretaceous of Transylvania (western Romania). Geological Society, London, Special Publications 217: 91—104.
- ↑ Witton M. P. and Habib M. B. (2010). On the Size and Flight Diversity of Giant Pterosaurs, the Use of Birds as Pterosaur Analogues and Comments on Pterosaur Flightlessness. PLoS ONE 5(11): e13982. doi:10.1371/journal.pone.0013982.